“არ მოსაყოლი” ამბები


დასვენება ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ოღონდ ამისთვისაც შესაბამისი ნიჭის ქონაა საჭირო.

ახლა ისევ აგვისტოს დასვენებისთვის ვემზადები, ვემზადები და ვხვდები რომ ისე არაფრის მეშინია, როგორც დასვენების. ვიცი რომ ვალდებული ვარ დავისვენო და თავს “დასასვენებლად წასვლას” ვაიძულებ.

დღეს, ჩვენი ბოლო საუბრიდან ერთი წელი გავიდა, შარშან პირველად გამოვავლინე დასვენების ნიჭი, რომელიც გასული ერთი წლის განმავლობაში, სხვა ბევრ რამესთან ერთად გავანიავე. აღარ მახსოვს რაზე ვლაპარაკობდით ხოლმე, მაგრამ მახსოვს რომ ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ მოსაყოლი დამიგროვდა, სასაუბრო თემების პატარა ღრუბელი გაჩნდა და თვეების გასვლასთან ერთად გადიდდა.

ის რაღაცები, რასაც მხოლოდ ერთ, კონკრეტულ ადამიანს ვუყვებით ხოლმე, შესაბამისი ადამიანის გაქრობასთან ერთად, მნიშვნელობას კარგავს და “არ მოსაყოლი” ამბების კატეგორიაში ერთიანდება.

ბევრი “არ მოსაყოლი” ამბავი მაქვს და დასვენების წინა ეიფორიას ვაბრალებ მათი გამომზეურების სურვილს.

ახლა ისევ შევივლიდი “გუდვილში”, შევიძენდი ერთ ბოთლ როზეს, დავადგებოდი წყნეთის გზას და “არ მოსაყოლ” ამბებზე ვილაპარაკებდი იმასთან, ვისი გაუჩინარების შემდეგაც დაკარგეს ამ ამბებმა “მოსაყოლი ამბების” სტატუსი.

ისევ დაშიფრულად, რთულად და ახლართულად ვწერ, ისე რომ აზრი ვერც მე გამოვიტანო და ვერც სხვამ. არადა, ღიად წერას ყოველთვის უფრო სხვანაირი “მუღამი” აქვს, სხვანაირი როგორი? არ ვიცი, სხვანაირი და მორჩა.

ხშირად ისეთი რაღაცები გვავიწყდება, რასაც ვერაფრით წარმოვიდგენდით რომ დაგვავიწყდებოდა. ახლა, მომკალი და ვერ ვიხსენებ ბოლოს რომ მლანძღავდი რა ეპითეტებით შემამკე, არადა მახსოვს, შარშან, ბოლოს რომ გნახე, რამდენჯერმე შეგახსენე ეს საუბარი.

ზედმეტად “გამოსენტიმენტალურებულ” ტექსტს ვწერ, არადა, ახლა სენტიმენების განწყობა არ მაქვს, უბრალოდ მრგვალი თარიღია და გადავწყვიტე რაღაცების გახსენება.

ერთი წელი დიდი დროა და ბევრ რაღაცას უკარგავს მნიშვნელობას. ერთადერთი რასაც ვერ გავეცი პასუხი ისაა, წინასწარ რომ მცოდნოდა კონკრეტულ ადამიანს ვეღარასოდეს ვნახავდი და ვეღარასოდეს დაველაპარაკებოდი, რას ვეტყოდი და როგორ მოვიქცეოდი. ყოველ ჯერზე მაინც იმ დასკვნამდე მივდივარ რომ არც არაფერს შევცვლიდი, ყველაფერი იქნებოდა ისევ ისე, როგორც იყო. არადა, ვიცი რომ სულელური მიდგომაა.

შენ ისევ ერეტიკოსი ხარ, მე ისევ პროტესტანტი. ჰოდა, ვინაიდან მე არაფერი მაქვს მოსაყოლი, შენ მომიყევი ერეტიკოსები სიკვდილის შემდეგ სად ხვდებიან.