I Know It’s Over


ამაზე ადრეც უნდა დამეწერა, თუმცა ადრე რომ დამეწერა, იმას ვერ დავწერდი რასაც ახლა დავწერ.

The Smiths-ა და Morrissey-ს სიმღერებსა და ხმაზე, რომ დიდი ხანია ვგიჟდები, მგონი ეს ისედაც ცნობილია, ან ცნობილი უნდა იყოს.

დიდი ხანია ზეპირად ვიცი რამდენიმე სიმღერა, ტექსტიც კარგად გამჯდარი მაქვს ტვინში, ჰოდა, ვერაფრით წარმოვიდგენდი თუ ერთ-ერთი მოსმენისას, ერთ-ერთ კარგად გადაღეჭილ სიმღერას ახლიდან აღმოვაჩენდი.

არადა, როგორ შეიძლებოდა ეს ვერ აღმომეჩინა, არ მცოდნოდა, არ დამეკავშირებინა, როდესაც ყოველი სიტყვაც კი ძალიან ნაცნობი და გასაგებია, თან უკვე დიდი ხანია.

Oh mother, I can feel the soil falling over my head – ეს იყო ადრე, ახლა უკვე ჩავლილია და თუ მიწა მეყრება, სულ სხვა და ნაკლებად რომანტიული მიზეზით.

And as I climb into an empty bed – ზუსტადაც რომ climb, ორ სართულიანი საწოლის მეორე სართულზე რომ გძინავს, დაწოლის პროცესს, სწორედაც რომ საწოლზე აძრომა გამოხატავს საუკეთესოდ.

Oh well, enough said – არადა ჯერ არც არაფერი თქმულა.

I know it’s over still I cling

I don’t know where else I can go, mother – ტიტრები ამოსვლას რომ არ ჩქარობს, მაგრამ ზუსტად რომ იცი ფილმი დამთავრდა, ამას გავს. დასასრულია, ყველამ იცის რომ დასასრულია, შენც იცი, მაგრამ ტიტრების ამოსვლის შემდეგ შენ სად უნდა წახვიდე, ეგ არ იცი და ამიტომ აჭერ „სტოპ“-ს.

Oh mother, I can feel the soil falling over my head

See, the sea wants to take me

The knife wants to slit me

Do you think you can help me? – სინამდვილეში ამ დროს არც არავის დახმარება, არც არავისთან ლაპარაკი და არც არავის თანაგრძნობა გჭირდება.

Sad veiled bride, please be happy

Handsome groom, give her room – ოდნავი გადანაცვლება კი იქნება საჭირო ჩემს შემთხვევაში, მაგრამ ამას ხომ არ აქვს ახლა მნიშვნელობა, მთავარი სხვა რამაა, გაერკვე მართლა გინდა თუ არა რომ Sad veiled bride იყოს ბედნიერი, groom კი მართლა Handsome და ამ ბედნიერების მიზეზი.

Loud, loutish lover, treat her kindly

Although she needs you more than she loves you – ჰოდა, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა რომ მართლა გინდა Sad veiled bride იყოს ბედნიერი, ვინაიდან სხვანაირად იმაზე უარესად იგრძნობ თავს ვიდრე ახლა გრძნობ, მაგრამ მაინც ვერ ეშვები საკუთარ თავზე ფიქრს, Although she needs you more than she loves you, ახლა guess who she really loves?

And I know it’s over

Still I cling

I don’t know where else I can go

It’s over, it’s over, it’s over – დავუბრუნდეთ დასასრულს, ყოველი სისუსტის შემოტევისას, საკუთარ თავს აუცილებლად უნდა გავუმეოროთ რომ ეს დასარულია და რამდენ ხანსაც არ უნდა გვქონდეს კადრი „სტოპ“-ზე დაყენებული, ტიტრები უკვე წამოსულიცაა და დასრულებულიც. ერთი ეგაა, შენ სად უნდა წახვიდე, რაზე უნდა გადაერთო, რა უნდა დაიწყო რომ დასასრული ჩანაცვლდეს კაცმა არ იცის.

I know it’s over

And it never really began – აქ ჩემი და The Smiths-ის სიახლოვემ აბსოლუტურ პიკს მიაღწია. სრულდება ის, რაც სინამდვილეში არც კი დაწყებულა.

But in my heart it was so real – პრობლემაც ეს არის, წარმოსახვა იწყებს, ემოციებზე გადადის და მერე გულით გჯერა რომ ყველაფერი რაც მოხდა, მართლა მოხდა.

And you even spoke to me and said – ამას ვამბობდი ზუსტად.

“If you’re so funny

Then why are you on your own tonight?“ – აკი ვამბობდი, სინამდვილეში არაფერი მომხდარა მეთქი. ესეც წარმოსახვის ნაწილია, ჯერ სხვანაირი დიალოგები გქონდათ, ახლა კი როდესაც ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი დასრულდა, დიალოგი საკუთარ თავთან გაბმულს უფრო გავს. ჰოდა, სულაც რომ არ ვარ funny, მაგიტომაც.

“And if you’re so clever

Then why are you on your own tonight?” – ახლა უკვე მეორე მახასიათებელს მივადექით, ამ კითხვასაც იმიტომ ვსვამთ, რომ ეს ჩვენი მოგონილი I’m so clever, funny-ვით bullshit-ია.

„If you’re so very entertaining

Then why are you on your own tonight?“ – არადა როცა ვსაუბრობდით, მაშინ მართლა ასე მეგონა. სინამდვილეში უმეტესად მუნჯი ვარ და ერთადერთი ვისი გართობაც შემიძლია, ჩემს წარმოსახვაში არსებული ისტორიის გმირები არიან. ჰო, სადღაც, წარმოსახვით რეალობაში ძალიან entertaining ვარ.

„If you’re so very good looking

Why do you sleep alone tonight?“ – რა აღარ მოვატყუე ჩემს თავს, ახლა კითხვით ფორმაში მიბრუნებს ყველა მონაჩმახს.

I know because tonight is just like any other night – თქვენ გგონიათ ყველა ამ კითხვას თქვენ უნდა უპასუხოთ ამ წარმოსახვითი დიალოგის ფორმატში? არავითარ შემთხვევაში, ის მეორეც მშვენივრად გაგცემთ პასუხს, და საკონტროლო გასროლაც ექნება because tonight is just like any other night!

That’s why you’re on your own tonight – ზუსტადაც!

With your triumphs and your charms – კომპენსირების მცდელობა, სინამდვილეში ცხოვრება ისეა მოწყობილი, ბევრი რამე ერთმანეთს საერთოდ არ აკომპენსირებს.

While they are in each other’s arms – ნუ ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს.

It’s so easy to laugh

It’s so easy to hate – წარმოუდგენლად მარტივია.

It takes strength to be gentle and kind – ხედავთ სად დავბრუნდით?! იქ სადაც ვამბობდით Sad veiled bride, please be happy-ო.

It’s over, over, over – სანამ ტვინში საბოლოოდ არ შეუშვებ, მანამდე უნდა იმეორო.

Love is natural and real

But not for you, my love

Not tonight my love

Love is natural and real

But not for such as you and I, my love – აი აქ, ისევ რაღაც მონაჩმახს ვებღაუჭებით, იმ მონაჩმახს, რომლის მიხედვითაც ჩვენ funny, clever, entertaining და good looking ვართ, რომ she needs him, more than she loves him, რომ გარემოებების ბრალია ეს ყველაფერი.

Oh Mother, I can feel the soil falling over my head – უკან მიწაზე.

შემდეგ თავიდან.

Advertisements

დამსვენებელივით


დღეს ტურისტულ ჯგუფს ელოდებიან, წინასწარ მაფრთხილებენ რომ ჩემ სმიყუდროვეს რამდენიმე საათით მოეღება ბოლო, თვალს უკვე ნაცნობი ქალბატონისკენ ვაპარებ და მისგან მხარდაჭერას ველი, მინდა ვაგრძნობინო რომ მისი იმაზე უკეთ მესმის ვიდრე წარმოუდგენია, იმის თქმაც მინდა რომ ღამით ორივეს მშვიდად დაგვეძინება და მიუხედავად ჩვენი მარტოობისა დაცულობის შეგრძნების ილუზია მაინც გვექნება.

გახარებული ჩანს, ე.წ. „ტურისტული ჯგუფის“ დაცვის ბიჭებთან ერთად უყურებს ტელევიზორის და უარით მისტუმრებს როდესაც სავახშმოდ ჩემ მაგიდასთან ვპატიჟებ.

„ტურისტული ჯგუფი“ კი დელეგაციად იქცა, არ ვიცი აქაურ ლექსიკონებში ან ტურისტულ ჯგუფს ანაც დელეგაციას როგორ განმარტავენ, თუმცა თუ დაცვის რაოდენობას არ ჩავთვლით თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ საუბარი ერთ კონკრეტულ ადამიანზეა, რომელმაც „მისტერ იქსად“ დარჩენა არჩია. ალბათ ამიტომ ჩამოუჯდა ჩემი ხანშიშესული ვარიანტი დაცვის ბიჭებს ტელევიზორთან, ცნობისმოყვარეობა ალბათ მასაც ისევე ახრჩობს როგორც მე, თუმცა დიალოგის სურვილს პოლიციის ფორმაში გამოწყობილ მამაკაცებს აშკარად ვერ ვამჩნევ და ვიცი რომ მისი მცდელობა წინასწარაა განწირული კრახისთვის.

იაფფასიან ღვინოს შევეჩვიე, ყლუპებად ვსვამ, ჩაყლაპვამდე ვაგემოვნებ და შემდეგ მადიანად ვილოკავ ტუჩს მასზე შერჩენილი სიმჟავით დასატკბობად. უცხო ადამიანი იტყოდა რომ მეც ამ ღვინოსავით მჟავე და იაფფასიანი ვარ, მე კი მგონია რომ აქ ყოფნით მიღებული სიტკბოს გასანეიტრალებლად ვეძალები უჩვეულოდ მჟავე ღვინოს და არათუ იაფფასიანი არ ვარ, არამედ საერთოდ არ ვიყიდები.

უკვე მომეძალა აქ ყოფნისთვის გამოყოფილი საათების გაწელვის სურვილი, ცრემლის გუბესავით მეჩხირება ყელში ბურთი იმის წარმოდგენისას რომ სულ ცოტაც და უკუღმა ათვლას დავიწყებ, შემდეგ კი დადგება მომენტი როდესაც ვიტყვი „სამი, ორი, ერთი… გავედით.“

„ბატონი იქსი“ ტყეში სასეირნოდაც კი ორი მანქანით მიდის, ერთში თავად ზის და ამაყად იჭყიტება დაბურული მინებიდან, მეორეში კი მისი 6 კაცისგან შემდგარი დაცვაა განლაგებული, მძღოლი ავტომობილის მართვისას ისე ჭუტავს თვალებს იფიქრებ ნამდვილად განძი გადააქვს და ეშინია მოულოდნელად ხიფათს არ გადაეყაროსო. ჩვენ კი ვერაფრით გავიგეთ ვინაა უკვე განძად ქცეული იაფფასიანი კოდური სახელის მქონე „ბატონი იქსი“.

ან კი ვის რაში აინტერესებს მისი ვინაობა, მიმიფურთხებია რომ ეს ზედმეტად ცხიმიანი შემწვარი კარტოფილიც მხოლოდ იმიტომ შეიტანეს მენიუში რომ ამ საიდუმლოებით მოცულმა პიროვნებამ დასდოთ პატივი და ესტუმრათ. ისეთი სიხარულით მოვითხოვე ორი პორცია მომიტანეთ მეთქი მაშინვე უნდა მივმხვდარიყავი რომ უეჭველად მომწამლავდა და საბოლოოდ ღვინის სმაზეც კი მათქმევინებდა უარს,

არადა ვინმემ რომ იცოდეს რის ფასად დამიჯდა ეს შვიდ ლარიანი ღვინო. დასახლებული პუნქტიდან 7 კილომეტრში ვიმყოფები, დაღამებისას ლამის სირბილით ჩავიარე მთელი ტყე იმისთვის რომ მაღაზიამდე მიმეღწია და კიდევ ერთხელ მეგრძნო უკვე ვნებიანად შეყვარებული სიმჟავე ჩემ გამომშრალ ტუჩებზე. მოხუც ტაქსის მძღოლსაც ვაიძულე ღამით ჩაქჩაქით ამოევლო უღრანი ტყე და მთელი გზა საკუთარი თავი ელანძღა იმის გამო რომ ბენზინი კი წამოიღო (დიდი წინდახედული ვინმე იყო), მაგრამ ძაბრის ჩაგდება ამოუვარდა თავიდან. ლამის მთელი გზა ლოცვაში გავატარე სანამ ნაცნობ შენობას მოვკარი თვალი, მანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ კი იმის მაგივრად რომ შვებით ამომესუნთქა და კედლების კოცნა დამეწყო იმაზე დავიწყე ნერვიულობა დაბლა როგორღა ჩავა მეთქი. არადა ახველებდა, აქ კი ხველა განაჩენია.

სანამ ღვინის საყიდლად ვიკაწრავდი ფეხებს ქალბატონმაც დატოვა სასტუმრო და „ტურისტულ ჯგუფად“ (ასევე დელეგაციად ცნობილმა) „ბატონმა იქსმაც“. სასტუმროს მმართველმა კი რომელიც სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს ტყეში ატარებს სასტუმროს ცენტრალური შესასვლელის გასაღების დატოვება შემოგვთავაზა და ჩემი მეგობრისგან ცივი უარის მიღების შემდეგ მშვიდობიანი ღამე გვისურვა ცარიელ სასტუმროში.

მმართველს, უფრო სწორად კი მენეჯერს (როგორც მას აქ მოიხსენიებენ) კაბინეტში ძველებური სეიფი უდგას, ისეთი როგორიც ბებიაჩემს ედგა სამსახურში, თუმცა ბებიაჩემისგან განსხვავებით ის შიგნით არც კანფეტებსა და ტკბილეულს ინახავს და არც ჩემ ნახატებს.

ღამდება, ღვინო მაქვს, სასტუმრო კი მისი ყველა კუთხე-კუნჭულით ჩემ განკარგულებაშია.

სიმღერის ტექსტის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა კი ისევ მიძვრება გაზარმაცებულ ტვინში და ღიღინებს „This night has opened my eyes, and I will never sleep again.”

tumblr_l8g6wedPW81qaq41go1_500