T90


რაღაც არსებობს! აი, ასეთი გაცვეთილი ფრაზით უნდა დავიწყო ამ პოსტის წერა, იმიტომ რომ რაღაც მართლა არსებობს.

თუ ადამიანები, მათი სახელობის დაავადებებს წარმოადგენენ, მაშინ ჩემი მიდგომა საკითხისადმი შეიძლება შეფასდეს შემდეგნაირად – ორი დაავადება, რომელიც ერთად გაიზარდა, მახასიათებლებით უნდა გავდეს ერთმანეთს.

სამედიცინო თვალსაზრისით, ჩემი ინტერესის ობიექტის თანმხლებ დაავადებასა და ჩემ შორის უფრო მეტი საერთო უნდა იყოს, ვიდრე უშუალოდ ჩემი ინტერესის ობიექტსა და მის თანმხლებ დაავადებას შორის. რთულია ხომ?! იმ დაშვებით, რომ მე წარმოდგენილი ვარ როგორც ტრავმა, ჩემი ინტერესის ობიექტი როგორც სიმსივნე, ხოლო მისი თანმხლები დაავადება როგორც ამოვარდნილობა, უფრო ლოგიკურია რომ ჩემსა და ამოვარდნილობას შორის უფრო მეტი საერთოა, ვიდრე ამოვარდნილობასა და სიმსივნეს შორის, თუმცა აქ ასე არ არის (გამარჯობა!).

წარმოიდგინეთ ექიმი, რომელიც ერთ კონკრეტულ პაციენტს სწავლობს მხოლოდ იმისთვის, რომ უფრო მეტი შეიტყოს ვიღაც მეორეზე, რომელიც მართალია მისი პაციენტი არ არის, თუმცა იგივე დაავადება აქვს.

კიდევ ერთი “მეცნიერება” შევმატე იმ მეცნიერებათა რიცხვს, რომლებიც თქვენი სხვადასხვა მონაცემის გამოყენებით (დაბადების თარიღი, სახელი, რიცხვი და ა.შ.) თქვენი პერსონის დახასიათებას ახდენენ. თავიდან თუ მხოლოდ საკუთარი თავით შემოვიფარგლე, ნელ-ნელა გავზარდე იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებზეც დასკვნებს ამ მეთოდით ვაკეთებ. მაშ ასე, მოძებნეთ თქვენი სახელობის დაავადება დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD10) კოდების მიხედვით და გაიგეთ ვინ ხართ თქვენ.

ჰოდა, მე ანუ დაუზუსტებელი ტრავმა (კოდური დასახელებით T11.8), სახსრის ამოვარდინილობის გავლით ვსწავლობ კეთილთვისებიან სიმსივნეს. “სახსრის ამოვარდნილობა” (კოდური დასახელებით M24.3) წესით ძალიან უნდა გავდეს “სიმსივნეს” (კოდური დასახელებით D12.5), რაოდენ დიდი სხვაობაც არ უნდა იყოს მათ შორის სამედიცინო თვალსაზრისით.

რამდენადაც არ მაინტერესებს “სახსრის ამოვარდნილობა”, იმდენად მაინტერესებს “სიმსივნე”, ჰოდა ვინაიდან სიმსივნის თანმხლებ დაავადებას წარმოადგენს “სახსრის ამოვარდნილობა”, მასზე დაკვრივებით ვსწავლობ სიმსივნის თვისებებს.

წარმოიდგინეთ როგორ უნდა გაგიმართლოთ, რომ თქვენთვის საინტერესო სიმსივნის თანმხლები ამოვარდნილობა, საკუთარი ნებით გატარდეს რენტგენის სხივების ქვეშ. ჰოდა, რაღაც არსებობს.

სიმსივნეს რომ კითხოთ, გიპასუხებთ რომ მე თავი “ქვემო კიდურის სხვა დაუზუსტებელი ტრავმა” მხოლოდ იმიტომ მგონია, რომ სავარაუდოდ თავის ფრიად დაზუსტებული ტრავმა მაქვს მიღებული. ჰოდა, ასეთ შემთხვევაში არ შეედავოთ რომ ეგ T90-ა (ანუ თავის ტრავმების შედეგები) და ლოგიკაში არ ჯდება.

ან არა, უთხარით რომ T90 თავი აბია.

No I don’t want back to those days
No I don’t want my heart in craze ablaze
I don’t want to love you that lot
I’m trying to erase your thought

Advertisements

Remember


მესამე წელია სიმღერებზე აწყობილი განწყობით ველოდები ახალ წელს.

წელს აღმოვაჩინე რომ ყველა საშობაო/საახალწლო ფილმზე (სერიალის სერიაზე) მეტირება. ჰო, უკიდურეს კომედიებზეც კი.

წლის ეს დრო ყველაზე „ადამიანურია“ ჩემთვის (თუმცა ზუსტად არ ვიცი რას ვგულისხმობ „ადამიანურში“).

ამიტომ მიყვარს, ყველა თავისი იმედგაცრუებით და ყველა თავისი მოლოდინით.

ეს ის დროა როცა გადამეტებული „ადამიანურობა“ „გვეპატიება“.

2014 წელი რომ დგებოდა ვწერდი:

–იქნებ ამ წელს მაინც შეიცვალოს რამე. Hare Krishna!

–იქნებ ამ წელს მაინც ვიყო ბედნიერი. Hare Rama!

– My sweet Lord! My sweet, sweet Lord!

2014 წლის მიწურულს, 2015-ს რომ ველოდებოდი:

-Ground Control to Major Tom.

-ცვლილებებისთვის მზად არ ვარ.

-Ground Control to Major Tom.

-მგონი არც არასოდეს ვიქნები.

-Take your protein pills. put your helmet on. – ეს სხვისთვისაა. მე არ მოვფრინავ.

არც გავფრენილვარ, 1 წელი გავიდა და უკვე ბევრი ვერტმფრენი გაფრინდა უჩემოდ.

ან არა, გავფრინდი, გადაწყვეტილებას ყოველთვის ვიღებ, ერთ ვერტმფრენს თუ არ ვახტები, სხვა მიმართულებით მიმავალს მაინც ყოველთვის მივყვები ხოლმე.

წელს ჩემს ცხოვრებას მუსიკალურად აფორმებდნენ:

  1. Chinatown – Meet me, in the evening, for a kiss, in Taksim square – სულ დამავიწყდა რომ წელს დიდი ხნის ოცნება ავისრულე და სტამბულში დაკოჭლებამდე ვიბოდიალე;

  2. The Smiths – I Know It’s Over – წერტილიც დავსვი, ბუდაპეშტში, ერთ ღამეს, როცა არ მეძინებოდა;

  3. Other Lives – The Sun Will Freeze – იქნებ ამ ჯერზე მაინც მქონდეს რამე მოსაყოლი. – მეთქი. ეს იმ ოპერიდანაა ვერტმფრენზე შეხტომის რომ მჯერა ხოლმე;

  4. Other Lives – Take Us Alive – ახლა, ისეთ სტადიაზე ვარ, ნებისმიერ გადაწყვეტილებას (რასაც ადრე არავითარ შემთხვევაში არ მივიღებდი) მივიღებ და ნებისმიერ გამოწვევას დავთანხმდები. – მეთქი. ჰოდა, ვინმემ დაიჯერა?!

  5. Nancy Sinatra – These Boots Are Made for Walkin’ – ძვირფასო, “დამპალო ნაბიჭვარო”, this is sad on so many levels. – მეთქი. დასამატებელი არაფერი მაქვს;

  6. Lera Lynn – My Least Favorite Life – მე, როგორც დაავადება ანუ საერთაშორისო კლასიფიკაციით T11.8 – ზემო კიდურის სხვა დაუზუსტებელი ტრავმა, დაუზუსტებელ დონეზე გადავეკიდე სულ სხვა თავში მოხსენიებულ დიაგნოზს კოდით D12.5, ანუ სიგმოიდური კოლინჯის კეთილთვისებიან სიმსივნე-ს. – ეს იმდენი ხნის წინ დაიწყო, არ მგონია ოდესმე დასრულდეს;

  7. The Doors – The Way To The Next Whiskey Bar – ჰოდა, ვინაიდან დღეს ნაყინზე არავინ წამიყვანს, show me the way to the next whiskey bar. – უკომენტაროდ;

  8. Сергей Никитин – Со Мною Вот Что Происходит – დიდი დოზით ყოფილა D12.5 წელს;

  9. The Beatles – I’ll Be Back – განსაკუთრებული სასოწარკვეთისას მოსასმენი ფერადი სიმღერა;

  10. Özlem Bulut – Marco’nun Rakısı – უკან სტამბულში.

წლევანდელი დეკემბერი უფრო იმაზეა რაც იყო, ვიდრე იმაზე რაც იქნება.

Remember is a place from long ago

Remember, filled with everything you know

Remember, when you’re sad and feeling down

Remember, turn around.

Remember life is just a memory – ჩვენ ვართ ის რაც გვახსოვს, ჩვენი ცხოვრება მოგონებებისგან შედგება, დეკემბერი კი საუკეთესო დროა ყველაფრის ერთბაშად გასახსენებლად.

Remember close your eyes and you can see

Remember, think of all that life can be – ის რაც შეიძლება იყოს, შეიძლება იყოს 2016-ში. ახლა არც ვერტმფრენს ველოდები და არც ცვლილებები მაშინებს. არც გადამეტებული მოლოდინები მაქვს და არც ჩამოყრილი ყურები, ყველაფერი კარგად იქნება, მანამ სანამ ყველაფერი კარგადაა.

იქნება თუ არა 2016 გამორჩეული? რა თქმა უნდა იქნება, რომელი წელი არ იყო გამორჩეული?!

ფუსფუსის, შეჯამების, იმედების, გეგმების, ზრუნვის და ადამიანობის გამოხატვის პერიოდი გვიდგას და გამოვიყენოთ.

წლის ყველაზე საოცარი პერიოდია, როცა სითბოს გამოხატვა გვეპატიება.

giphy

My Least Favorite Life


ასე მგონია თავდაყირა ჩამომკიდეს და მთელი სისხლი თავში მაწვება.

გიფიქრიათ რას ნიშნავს ფრაზა „გული მომეწურა“? მე მიფიქრია, მნიშვნელობას ვერასოდეს ვხვდებოდი, თუმცა ახლა ვხვდები, ზუსტად იმას ნიშნავს რასაც ამბობს, ანუ გულის მოწურვას.

ბავშვობაში ძალიან მეშინოდა ძველებური საწურების, აი ორი რგოლი რომ იყო და შიგნით რომ ატარებდნენ სარეცხს, საშინლად მეშინოდა და ახლაც შიშით ვიხსენებ ხოლმე,  ჰოდა, ის ფრაზა, წინა აბზაცში რომ ვახსენე, გულის (ყოველგვარი გადატანითი მნიშვნელობის გარეშე) ამ საწურში გატარებას ნიშნავს.

This is my least favorite life

The one where you fly and I don’t

დილით ყველაფრის დაყრის და გაქცევის სურვილით გავიღვიძე. დამერწმუნეთ, ამაზე უკეთესი განწყობა ფინიკის ცხოვრებაში არ არსებობს, მაგრამ ეს მანამ იყო, სანამ ბებიაჩემის ძველებურ საწურს შემოვათრევდი ოთახში და გულს ჭრაჭუნით გავატარებდი შიგნით.

This is my least favorite you

Who floats far above earth and stone

ზედმეტი ჩაკირკიტება და სიტუაციის ფლობის ჟინი ყოველთვის ასე მთავრდება ხოლმე where you fly and I don’t.

ეს თანდაყოლილია და დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციით წესით Q კოდი უნდა ქონდეს მინიჭებული. Q-ს ჩემს ცხოვრებაში დატვირთვა არ აქვს, ე.ი. სამყარომაც ფეხებზე დამიკიდა და დაშიფრულ შეტყობინებებს აღარ მიგზავნის.

ჰოდა, რახან ასეა, სამყაროს ფუნქციას თავად შევითავსებ და შეტყობინებასაც თავად გამოგიგზავნი.

მე, როგორც დაავადება ანუ საერთაშორისო კლასიფიკაციით T11.8 – ზემო კიდურის სხვა დაუზუსტებელი ტრავმა, დაუზუსტებელ დონეზე გადავეკიდე სულ სხვა თავში მოხსენიებულ დიაგნოზს კოდით D12.5, ანუ სიგმოიდური კოლინჯის კეთილთვისებიან სიმსივნე-ს.

სიმბოლურია, სიმსივნე ხარ, მაგრამ კეთილთვისებიანი, ასე ზუსტად აღწერდეს ადამიანს მისი სახელობის დიაგნოზი, პირველად მესმის.

The whisper of two broken wings

Maybe they’re yours, maybe they’re mine.

სიმსივნე, სიმსივნეა, ჰოდა, უნდა ამოიკვეთოს.

This is my least favorite life

The one where I am out of my mind

შენ ამოკვეთის შემდეგ დაგთესავენ და მერე მოგისვრიან სანაგვეზე, ჩემგან კი პატარა ჰემატომაც აღარ დარჩება.

This is my least favorite life

The one where you are just out of reach

The one where I stay and you fly.

underwater4-550x411

T11.8


თანდაყოლილი გაუბედაობით ვარ ავად და უკვე წლებია აღარ მიჩქარდება პულსი.

არადა ზუსტად ახლა, ამ მომენტში, შემიძლია ისე გავცოცხლდე, ისე ამიჩქარდეს პულსი, რომ რეანიმაციაში ამოვყო თავი.

სამწუხაროა რომ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციით მე როგორც ავადმყოფობას ჩემი პატარა კოდი არ მაქვს (ჩემი ვერსია T11.8 იქნებოდა).

პ.ს. დაავადაებათა საერთაშორისო კლასიფიკაციით კოდი T11.8 გულისხმობს  – ზემო კიდურის სხვა დაუზუსტებელი ტრავმა, დაუზუსტებელ დონეზე.

ხომ ვამბობდი დაუზუსტებელი, გაურკვეველი, ჩამოუყალიბებელი და საერთოდ „სხვა“-ში გასაერთიანებელი ადამიანი ვარ მეთქი.