7 თვე


როცა რაღაც რეალურ რეალობაში არ გამოდის, გამოვა წარმოსახვითში. ან არ გამოვა, მაგრამ ვინაიდან წარმოსახვითია, ილუზიას შეიქმნი რომ გამოდის და ამ რეალობაში არსებულ შენ თავს მიეკედლები.

ვიღაცების გაზიარებულ წარმოსახვით რეალობებში დავეხეტები და თავი მათი ამბების გმირი მგონია, ან რატომ გმირი? დამკვირვებელი, პრინციპში როგორც ყოველთვის.

ორშაბათიც მივახრჩვეთ, არადა, დილიდან მგონია რომ სამშაბათია, გეგონება რამე იცვლებოდეს ამით.

წუხელ მთელი ღამე მეგონა რომ დამწვარი ხის სუნი იდგა ჩემს ოთახში, იმ დონემდე მივედი, ვიფიქრე სახლი იწვოდა. მერე, ჩავთვალე ვინაიდან თმა 2 დღის წინ შევიღებე, ე.ი. საღებავის სუნი მცემს მეთქი და ნამდვილი მანიაკივით დავიწყე თმების ყნოსვა. საღებავის სუნს, დამწვარი ხის სუნთან საერთო არაფერი აქვს.

დამწვარი ხის სუნი, სინამდვილეში ზამთრის სუნია, ე.ი. გაზაფხულის მოსვლასთან მაქვს პრობლემა, ისევე როგორც ორშაბათთან, რომელიც სამშაბათი მგონია.

ვბოდავ.. “კონსტრუქციული ელემენტები”.. რა დროს კონსტრუქციული ელემენტებია, სამშაბათი, ფუ, სამშაბათი რა იყო და ორშაბათი გავიდა.

არ მიყვარს როცა ფინიკისთან გავლებულ ზღვარს ვშლი და ფინიკის თინიკოსთან ვაიგივებ. ფინიკის და თინიკოს საერთო რომ არაფერი აქვთ, ამაზე დიდი ხნის წინ შევთანხმდით და ფინიკიმ თავისთვის დაიტოვოს ყველა ისტორია, რომელთანაც თინიკოს არავითარი კავშირი არ აქვს.

სადაც მთავარ გმირს ფინიკი წარმოადგენს, იმის ქვეშ ხელი თინიკომ არ უნდა მოაწეროს და დავიშალეთ რა!

ანტიდეპრესანტის აბს ვათამაშებ ხელში და თავი ეგზორცისტი მგონია, აი, წუთი წუთზე ცუდი განწყობის განდევნის რიტუალი რომ უნდა დაიწყოს.

თუ ანტიდეპრესანტის მიღების შემდეგ ეგრევე გეძინება, რა გამოდის? ნეგატივის განდევნის შემდეგ შენგან არაფერი რჩება?

არაფერიც არ გამოდის, ქიმიური შემადგენლობის შედეგია და თუ ბოდვას იმ ადამიანებთან ერთად გაეშვები, რომლებიც მხოლოდ ფინიკის ცხოვრების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ, ფინიკიც მოისვენებს და შენც.

ჰო, საზეიმოდ უნდა დავდო პირობა იმის თაობაზე რომ თინიკოს და ფინიკის ცხოვრებების გადაკვეთას არ დავუშვებ, მერე გიჟივით რომ არ ველაპარაკო ჭერში ფინიკის ძველ ნაცნობებს, მის ახალ ნაცნობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით.

Advertisements

Goodnight Moon


არსებობენ ადამიანები რომლების შეცოდებაც მჭირდება. ეს არანაირად არაა დაკავშირებული იმასთან, ეს ადამიანები რეალურად, ობიექტურ სიბრტყეზე იწვევენ თუ არა ასეთ განცდას (ხშირად პირიქითაა ხოლმე).

წუხელ არეულმა დავიძინე. ეს ნაწილობრივ შეიძლება იმის ბრალიც იყოს, რომ უსაზღვროდ დაღლილი და მზისგან დამწვარი დავბრუნდი უკვე გადაჩვეულ სივრცეში. მთელი დღე მწველი მზის გულზე ჯდომასაც თავის როლი უნდა ეთამაშა, თუმცა გარემოებათა ერთობლიობაა ხოლმე სწორედ ის, რაც საბოლოო ჯამში ქმნის კონკრეტულ შედეგს. მოცემულ შემთხვევაში კი უძილო ღამეს.

ღამე რთული იყო, არეული ვფიქრობდი და დამწვრობისგან გავარვარებულ სახეზე ცივ საფენებს ვიდებდი. პარალელურ რეჟიმში კი მეფიქრებოდა „ძვირფასო D12.5, ეს რა მოგსვლია?!“ (როგორ ყალბად ჟღერს ეს „ძვირფასო“).

ჰოდა, რა მოგსვლია?

არაფერ პოზიტიურს აღარ ასხივებ, შენგან რეალურად არაფერი დარჩა. რაღაც ახალ მასად იქეცი, რომელიც ისეთი უფერულია, დაინახავ და მაშინვე დაგავიწყდება.

საერთოდაც უკვე ეჭვი მეპარება იმაში რომ მართლა არსებობდი ისეთი ფორმით, როგორი ფორმითაც მე „გიცნობდი“ და მახსოვხარ. შეიძლება მე მჭირდა რაღაც და შენთან ყველაფერი ძველებურადაა. როგორც ცნობილია, ზოგადად არ მიჭირს ხოლმე რაღაცების და ვიღაცების გამოგონება და შემდეგ მათთვის, რეალურის დარქმევა. ჰოდა, თუ ეს ყველაფერი, ანუ ადრინდელი შენ, ჩემი მოგონილი იყო და გუშინ რეალობა დავინახე, ე.ი. მე მოგკალი, იმ ფორმით, რა ფორმითაც აქამდე ცოცხლობდი და შენს ნამდვილ სახესთან გაგათანაბრე. აქაურ ენაზე რომ ვთქვათ, D12.5-ს ქვეშ არსებული hyperlink, რომელზეც შენი მოგონილი სურათი მქონდა მიბმული, რეალურით ჩავანაცვლე და დამთავრდა.

ყველაფერს აქვს ლოგიკური დასასრული და ეს D12.5-ს დასასრულია, ვინაიდან მის უკან, უკვე ძალიან რეალური და არაფრით გამორჩეული ადამიანი დგას, აქაურობისთვის სრულიად შეუფერებელი, ის ვისაც არ ვიცნობ, გამარჯობასაც არ ვეტყვი და საერთოდ ვინაა ამის თქმაც კი გამიჭირდება.

ერთ დღეს, რამდენიმე საათიანი დაშორებით მოკვდით შენ და ნელი. ძალიან არ მინდოდა, აქ სადმე ნელი მომეხსენიებინა, მაგრამ ვინაიდან განუყოფელი და ერთი მთლიანი მოვლენის ნაწილად იქეცით გუშინ, სხვაგვარად არ გამოვა. წესით ჩემი კოჭლი მაცნე უნდა გამოჩენილიყო მანამდე, წინასწარ რომ შევმზადებულიყავი, მაგრამ იმდენი ხანია აღარსად მინახავს, არც კი ვიცი ცოცხალია თუ არა.

ერთი ასეთი მკვდარი უკვე გვყავს აქ, კოდური დასახელებით ორემათე. ასეა თუ ისე ყველაფერი მთავრდება, მათ შორის მანიაკებისთვისაც.

პ.ს. ეს პირველი პოსტია სადაც თეგებში ერთდროულად არიან D12.5, ნელი, კოჭლი და ორემათე. ყველაფერი ხდება.

I Close My Eyes


ჩემი საწოლის თავზე ჩამოკიდებული ჩემივე პორტრეტივით ვარ – ერთ გვერდზე გადახრილი და გასასწორებელი.

დღეს ისეთი დღეა, სახლში რომ მივალ უკუღმა ჩამოვკიდებ.

tumblr_lvlclcYpB81qbk8wgo1_500