შავი ხვრელები და სუპერ ნოვები, ჩილე და ატაკამას უდაბნო


3-იანი და 7-იანი გაიგივდნენ. 3 არ მიყვარდა, 7-ზე სურვილებს ვიფიქრებდი ხოლმე.

სუვრილების ჩაფიქრების ყოველთვის მეშინოდა, საშიშია სურვილებთან თამაში და მათი ჩაფიქრება, სასწორზე დადება, ჯობია შეინახო და უბრალოდ ნახო გამოვა თუ არა.

ცუდია როცა სიზმრები მესიზმრება, კარგია როცა მგონია რომ ეს რაღაცას ნიშნავს. რაც ავად გავხდი მას შემდეგ დავიწყე სიზმრების დამახსოვრება. დიდი ხანია უკვე ავად ვარ და გული მწყდება რომ ყველა ავადმყოფობა ოდესმე მთავრდება, რა მნიშვნელობა აქვს რა შედეგით, ხომ მთავრდება?!

ვარსკვლავებივით დავრჩებით სიკვდილის შემდეგ სუპერნოვად ან შავ ხვრელად.

ჩილეში უნდა წავიდე. წამომყევი ჩილეში. ატაკამას უდაბნოში გავისეირნოთ, Other Lives – Desert-ს ჩავრთავ, ყურსასმენები გავინაწილოთ, გამეორებაზე დავაყენებ რომ უსასრულოდ ვუსმინოთ. მზის ამოსვლას ვუყუროთ.

Desert
reclaims the land,
and we return full in colour.
Dark Sea
don’t bother me,
when water turns into land.

რაზე ვილაპარაკოთ ჩილეში? რაზე და მშვილდოსნებზე და ასტროლოგიაზე, გვარის გადაკეთებაზე, იმაზე რომ კარგია ჩილე და არც ისეთი მიუღწეველი როგორიც მანძილიდან გამომდინარე ჩანს.

Oh our end
has come at last,
and we return full in colour.

Advertisements

How Can This Be?


მგონი წუხელ ძილის წინ ამეკვიატა ეს სიმღერა. ნუ, უფრო ფრაზა How Can This Be? რომელსაც ტვინში ყველაფრის პარალელურად, მათ შორის ძილის პარალელურად ვღიღინებდი. წარმოდგენა არ მაქვს საიდან გამახსენდა, არა, კი ძალიან ხშირად ვუსმენდი ხოლმე Other Lives-ის სხვა სიმღერებთან ერთად, მაგრამ დიდი ხანია აღარ მომისმენია.

დილითაც რომ ვერ მოვიშორე გონებიდან, შევეცადე გამეხსენებინა რომელი სიმღერა იყო, ისიც კი ვერ გავიხსენე ვინ მღეროდა. ძალიან უცნაურია, თუმცა ჩემი ცხოვრება რატომღაც სულ ძალიან უცნაურია. ალბათ თქვენიც, მაგრამ ახლა ჩემსაზე ვსაუბრობ და ამიტომ არ ვამახვილებ ყურადღებას იმაზე რომ არც ამ “უცნაურობით” გამოვირჩევი დიდად.

ხშირად ვამბობ ხოლმე სერიალის პერსონაჟი ვარ მეთქი, ძალიან მდორედ და უინტერესოდ მიმდინარე სიუჟეტით, მოსაწყენი მთავარი გმირით, თუმცა ბევრი ძალიან კომიკური სიტუაციით.

ჰო, რაღაც დაუმთავრებელი, ურეიტინგო სერიალის მთავარი გმირი ვარ, თუმცა ეს ახლა აქ არაფერ შუაშია. ერთადერთი, რისიც მჯერა ისაა რომ მუსიკალური გაფორმება ყოველთვის ძალიან კარგი მაქვს. ეს ხომ ჩემი წარმოსახვითი ცხოვრების Background Music-აა.

ჰოდა, მერე გამახსენდა ვინ მღეროდა და მოვძებნე ჩემს “ფლეილისთში” და დავაყენე დაუსრულებელ გამეორებაზე, დღეს მეტი არაფრის მოსმენა არ მინდა. მესამე დღეა, ყოველ დილით ერთ სიმღერას ვიჩემებ და მთელი დღე დაუსრულებლად ვუსმენ.

How Can This Be?

არ ვიცი.

სიმღერიდან მხოლოდ ეს ფრაზა მახსოვდა, ამიტომ ეგრევე, სანამ ჩავრთავდი, ტექსტი მოვძებნე. აქამდეც მითქვამს სამყარო უცნაურ შეტყობინებებს გვიგზავნის და მთავარია გაშიფვრა ვისწავლოთ მეთქი. მე სამყარო ძირითადად სიმღერებით მელაპარაკება. ჰო, კარგი, ალბათ თქვენც. ვიცი რომ არც მზე ვარ და არც სამყაროს ცენტრი, ვიცი და არც პრეტენზია მაქვს.

Into the night
We sleep to survive

ძილი ერთადერთია რაც გვშველის, ის ძილი რომელშიც სამყარო სიმღერებს “გვილინკავს” და გვაიძულებს ვიღიღინოთ სიზმრების პარალელურად.

შეტყობინება მიღებულია, სამყაროს ალბათ “seen” უკვე დაეწერა.

How can this be?
Our lives will change
It’s all we ever knew
And at the end of our days
We sit and wait
For things to return
ველოდები ახალ შეტყობინებას, მანამდე კი ვუსმენ ძველს.

It’s The End Of The Year


ჰო, ჩემთვის წლის დასასრული ამ დროს უფროა ვიდრე დეკემბერში, კი, წელი ზუსტად ახლა მთავრდება!

დღეს, 2016 წლის 7 აგვისტოს, საკუთარი თავისთვის მიწერილი წერილი გავხსენი, რომელიც ზუსტად 5 წლის წინ დავწერე 30 წლის ფინიკისთვის (ან რაღა ფინიკისთვის, ახლა მაინც მოვიხსენიებ ჩემს თავს სახელით – თინიკოსთვის) როგორც ეს წერილი დავწერე 11 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე, ასევე გავხსენი და იცი რატომ? იმიტომ რომ ახლა საშინლად არ მეძინება, ახლა ძალიან არეული ვარ და ჩემი ამ დღეების საუნდთრეკი მიმღერის:

It’s the end of the year
But it’s not too late

დიახ, it’s not too late! მერე რა რომ ახლა საშინლად ავჩუყდი და მეტირება, დიდი ხანია ასეთ მშვიდ განწყობაზე არ მიტირია და ვინ იცის იქნებ მომიხდეს კიდეც.

ჰოდა, ჩემო თითქმის 25 წლის თინიკო, დიდი ვერაფერი ამბები მაქვს. ჰო, კარგი, პირველ პუნქტში, რომელიც მიზნად დამისახე პლიუსი მაქვს, მართალია ცოტა სახეცვლილი ფორმით, მაგრამ მაინც შევასრულე და რომ მწერ თუ შეასრულე ვამაყობ შენითო, დადექი და იამაყე!

მეორე პუნქტზე მგონი აჯობებს საერთოდ გავჩუმდე, ყველაფერი ისევ იქაა გაყინული სადაც 2011 წელს იყო და მოდი ამის შეცვლის ვადა გავზარდოთ და შანსი 35 წლის თინიკოს მივცეთ ახალ წერილში. არა, თან როგორ გიწერია? აი, იცი როგორ? დარწმუნებული რომ იყავი 30 წლის ფინიკის (ისევ ვერ ვეძახი საკუთარ თავს ნამდვილ სახელს) წერილის კითხვისას ამაზე გულიანად გაეცინებაო. შენ წარმოიდგინე საერთოდ არ მეცინება თინიკო!

არ ვიცი რა ჭირად ჩათვალე წერილში ჩვენი მაშინდელი წონის მოხსენიება საჭიროდ, მაგრამ მინდა მოგახსენო რომ ამ “სიბერეშიც” ზუსტად მაგდენივეს ვიწონით, ასე რომ კიდევ ერთი პლიუსი ჩვენს ანგარიშზე.

მაშინ D12.5-ს რომელიც წელს საბოლოოდ ამოიძირკვა ჩემი ცხოვრებიდან, თურმე მოტო მოტოს ვეძახდი. ჰოდა, გილოცავ თინიკო, აკვიატებების სანაგვეზე მოსროლის უნარი მაინც აღმოგვაჩნდა!

აუცილებლად ვაკოცებ ჩვენს 6 წლის სანშაინს, ნუ სულ 1 საათის წინ ვაკოცე, მაგრამ ხვალაც ვაკოცებ.

ჰაჰაჰა, ციტატა – “ბლოგს წერ კიდევ? არ მითხრა აღარო, არადა როგორ ძალიან მიყვარს.” ნუ, მინდა გითხრა ძირითადად ვბოდავ და თუ შენი 2011 წლის პოსტებს გადავხედავთ, არც შენ იყავი სხვა რამით დაკავებული.

5 წელი ძალიან დიდი დროაო რომ მწერ, მინდა მოგახსენო რომ არც ისეთი, ასაკთან ერთად დროის შეგრძნება იცვლება, თუ 25 წლის თინიკოსთვის 20 წლის თინიკო საუკუნის წინანდელი იყო, ჩემთვის 25 წლის თინიკო ასეთი არ არის.

ჰო, კაი ისევ ვბოდავ.

ეს 29 წლის თინიკოს ბოლო პოსტია, 30 წლამე აღარაფერს დავწერ, იმიტომ რომ It’s the end of the year, but it’s not too late!

30 წლის ფინიკის კი ყველაზე მაგარი მუსიკალური გაფორმება აქვს.

It’s the end of the year
It’s the end of the year
But it’s not too late
To start again

თინიკო, This time of year, won’t bring us tears!!

ამ სიმღერასავით, highs & Lows მაქვს ახლა.

ზედმეტი ემოციებისგან აზრებს ვერ ვალაგებ.

ყველაფერი კარგად იქნება!

გეგმა “სანამ 30 წლის გავხდები” – ნაწილი I


საქმე არც ბედნიერებაშია და არც სხვა რამეში, რეალურად საქმე არაფერშია, ეს ყველაფერი ჩემი მორიგი აკვიატებაა და მეტი არაფერი. ცუდია ეს თუ კარგი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც საკუთარ თავს რაღაც ვადას უწესებ გარკვეული „დავალებების“ შესასრულებლად, ისეთი განცდა ჩნდება რომ ყველაფერი ამ ვადაში უნდა ჩაატიო, ყველაფერი რისი გაკეთებაც გინდოდა და გამბედაობა არ გყოფნიდა, იმიტომ რომ შემოსაზღვრული ვადები, რაღაც „ჯადოსნურ“ ატმოსფეროს ქმნის. იცი რას გავს? რომ გგონია ვადის ამოწურვის შემდეგ არაფერი იქნება და თითქოს, თვალის გასწორება მიღებული გადაწყვეტილებებისა თუ განხორციელებული ქმედებების შედეგისთვის არ მოგიწევს. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდე სად გადის ზღვარი და რომელი ქმედების შედეგი იქნება დესტრუქციული, ვინაიდან ამ პერიოდის ჯადოსნური დატვირთვა დასრულება კი არა დასაწყისია. ჰო, ანუ ყველაფერი რასაც გადაწყვეტ და აღასრულებ, რაღაცას ჩაუყრის საფუძველს, რაღაც ახალს, შესაბამისად, მიუხედავად კონკრეტული მომენტებით მიღებული წარმოსახვითი სიამოვნებისა, მთავარი მაინც ალბათ შედეგი იქნება, ჰოდა, მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო.

მეორე სირთულეს მაშინ აწყდები, როცა იაზრებ რომ ეშმაკმა უწყის რატომ, მაგრამ გადაწყვიტე რომ ყველაფერი, ყველა გადაწყვეტილება თუ ქმედება საქვეყნოდ გამოგეფინა (მერე რა თუ ეს „საქვეყნოდ გამოფენა“ შესაძლოა სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელ ადამიანს გულისხმობდეს). შენც ხომ იცი რომ სინამდვილეში არავითარი ზღვარი ფინიკისა და თინიკოს შორის არ არსებობს და როგორ მონდომებითაც არ უნდა აკიდო ყველა სამომავლო ქმედებაზე პასუხისმგებლობა ამ მოგონილ არსებას, შედეგებს მაინც შენ იწვნევ.

ჩვენს შორის რომელიღაცამ (ფინიკიმ ან თინიკომ) ყურები (თუ ხელები) ჩამოყარა, ისევ Other Lives ჩართო და დეპრესიულ უმოქმედობაში გადაეშვა. მოტყუებით უდარდელობას მიეცა და „მიმიფურთხებია“ პოზაში მიაწვა სკამის საზურგეს.

როდესაც საკუთარ გადაწყვეტილებებს საჯარო სივრცეში აქვეყნებ, პასუხისმგებლობა მათ შესრულებაზე გიათმაგდება, რაც მათი შესრულების ერთგვარ გარანტს წარმოადგენს, ეს იმიტომ ხდება რომ შენნაირებისთვის საჯაროდ დადებული პირობების შესრულებაზე მნიშვნელოვანი არაფერია (საკუთარი თავი რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ გააცურე, ამას გადაიტან). „გაგიკვირდებათ“ და ამ განცხადებაში ასტროლოგები უცნაურს ვერაფერს დაინახავდნენ და ერთხმად მოყვებოდნენ იმის მტკიცებას, ნამდვილად ასეა, აგვისტოში დაბადებულები აი, ეგეთები არიანო.

ახლა წარმოიდგინეთ რაოდენ რთულია შემოსაზღვრული ვადით გაჩენილი ჯადოსნურობის გამო გაჩენილი გიჟური იდეების გადარჩევა, როდესაც ის ვინც, შენს წარმოსახვაში ძალიან გგავს და აჟიტირებული დახტუნავს ყველა ამ იდეის გაჟღერებაზე, უნდა მოთოკო და აუხსნა რომ რაღაცების დაგეგმვას აზრი არ აქვს, ვინაიდან განხორციელება მაინც არ უწერია, შენ, ანუ იმას, ვისაც ამ გადარეულივით მოხტუნავე არსებასთან საერთო თითქმის არაფერი გაქვს და თუ მას მუხრუჭები არ უჭერს, შენ გადასარევად აკონტროლებ სად არ ღირს გიჟივით მიაწვე გაზს. მეორეს მხრივ, თუ ყველაფერს დაბლოკავ და ისევ იმ ჩარჩოებში მოაქცევ, რომელ ჩარჩოებშიც აქამდეც გადასარევად ცხოვრობდით, ყველაფერი „გამოჩვეულებრივდება“ და აზრს დაკარგავს. ჰოდა, სადაა ზღვარი?!

ჰო, ეს ყველაფერი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. კონტროლზე შეშლილი არსებისგან, ეს სულაც არაა გასაკვირი.

რა მინდა? ერთი შეხედვით წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ესეც იმ ჩემი იდიოტური დამოკიდებულების ბრალია, რომელიც მკარნახობს რომ ზოგჯერ სურვილები არ უნდა გავამჟღავნო (მათ შორის არც ჩემ თავთან), საკუთარი თავის რომ არ შემრცხვეს.

ასეთი განწყობით არაფერი გამოვა. საკუთარი თავი უნდა „დავარესტარტო“. ისევ ვადების შემჭიდროვებით გაჩენილ მაგიურ ატმოსფეროს დავუბრუნდე და საკუთარ თავს ის ვალდებულებები დავუწესო, რომელიც ერთი შეხედვით შესასრულებლად წარმოუდგენელი გონია, თუმცა მეორეს მხრივ აიძულებს გიჟივით იხტუნავოს ერთ ადგილზე.

წარმოდგენაც კი არავის შეუძლია, რამხელა ბრძოლასთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული. ჩამოვწერო გეგმა? კი ჩამოვწერდი მაგრამ ხომ არ აჯობებს X თარიღამდე (ანუ 30-ე დაბადების დღემდე) ყოველი დღე მოულოდნელობებით დავტვირთო და ისეთი რამეები ვაკეთო, რასაც იმ დღეს ჩავთვლი სასურველად და 30 წლამდე მოსასწრებად? არა, მეც ხომ კარგად მესმის, რომ ეს თავშივე კრახისთვისაა განწირული, ასეთ შემთხვევაში არაფრის გამკეთებელი მე არ ვარ და ყველაფერი ისე ჩაივლის, არც კი დაიწყება. ახლა მეორე ვარიანტი განვიხილოთ – წინასწარ გავწერო გეგმა, რის გაკეთებას ვაპირებ – ეს ნიშნავს რომ ისეთ რაღაცებში უნდა „გამოვუტყდე“ საკუთარ თავს, ისეთი რაღაცები უნდა ვაღიარო საჯარო სივრცეში, რომ ამის წარმოდგენაზე სხეულის ყველა კუნთი მეჭიმება.

ცოტა მარტივით რომ დავიწყოთ?

მაშ ასე, 11 აგვისტომდე ანუ მანამ, სანამ 30 წლის გავხდები უნდა მოვასწრო/გავაკეთო:

  1. მარტო წავიდე ბათუმში – ამის გაკეთება ყოველთვის, ყოველთვის მინდოდა, ჰოდა, მგონი წინ არაფერი უდგას, ავდგები ერთ შაბათ-კვირას, დავჯდები მატარებელზე და ვნახოთ რა იქნება;
  2. ვისწავლო ველოსიპედზე ჯდომა – არ ვიცი ვის მივმართავ დასახმარებლად, მაგრამ უკვე იმდენი წელია მინდა, სანამ ჩემი ასაკი 3-იანით დაიწყება, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო;
  3. ვისწავლო მანქანის მართვა – ამისთვის ვიცი ვისაც უნდა მივმართო, ვის და პროფესიონალ მასწავლებელს;
  4. 24 საათით გამოვრთო ტელეფონი და არ შევამოწმო არც ელ.ფოსტა, არც სოც. ქსელების ანგარიშები – ვნახოთ თუ დაიქცევა ქვეყანა. რომელიმე არასამუშაო დღეს ავიღებ ამისთვის;
  5. ყვავილები გავუგზავნო ვინმეს – ყოველთვის მინდოდა ამის გაკეთება (მსურველები გამომეხმაურეთ);
  6. ვიყიდო მუსიკალური ყუთი, რომელშიც იცეკვებს (იტრიალებს) ბალერინა – მგონი მთელი ცხოვრებაა ეს მინდა, რატომღაც ოცნებების ასრულებასთან ასოცირდება.

ეს დასაწყისისთვის, ნელ-ნელა გავზრდი ამ სიას და თითოეული პუნქტის განხორციელებასთან დაკავშირებით დავწერ პოსტებს.

30-before-30 (1).jpg

“კუკურუზნიკი”


გაშლილ მდელოზე, ისეთზე უსაზღვრო რომ გგონია, მოკლე „შორტით“, თეთრი ნაჯღაბნიანი „მაიკითა“ და კარგად დაგლეჯილი, მტვრიანი კედებით რომ გარბიხარ, აუჩქარებლად, აუღელვებლად, სიამოვნებისთვის. ბალახი, რომ წელამდე გწვდება, ორივე ხელი გაშლილი რომ გაქვს, გასაფრენ პოზაში რომ ხარ და სირბილისას ბალახის წვეტიან თავებს რომ უსვამ  ხელის გულებს.

ზაფხულის ცხელი დღის 6 საათი რომაა, არსაიდან ამოვარდნილი ქარი რომ უბერავს, ცაზე შავი ღრუბლები რომ იკრიბება და წუთი წუთზე რომ უნდა იგრუხუნოს.

შენ მაინც არსად რომ გეჩქარება.

მდელოს მიმდებარედ, სადღაც არც თუ ისე შორ მანძილზე სახლი რომ გეგულება, სადაც საჭმელს დაგახვედრებენ.

სირბილით გულამომჯდარი რომ მიხვალ ახალგაწვიმებულზე და ტანსაცმელზეც წვიმის ერთი-ორი მსხვილი წვეთი გექნება.

შესასვლელში ფეხებს სწრაფად და ისეთი ძალით რომ გაიწმენდ მტვრის კორიანტელს დააყენებ. დაღლილობისგან სახეზე გაჩენილ ოფლს ტალახიანი ხელით რომ მოიწმენდ და მეორე კარიდან ეზოში რომ გავარდები ხელების დასაბანად.

სამზარეულოში ყველა ქვაბს რომ დაერევი, იმის გასარკვევად რა დაგახვედრეს და მაგიდისკენ რომ მიგითითებენ, ჩამოჯდები და ფეხების ჰაერში ქანაობას დაიწყებ. სანამ ჭამას დაიწყებ გაბზარული, გამჭვირვალე ჭიქიდან მურაბიან წყალს რომ დალევ.

წვიმის გადაღებას რომ დაელოდები, მერე შენი, უკვე დაგლეჯილი კედებით რომ იხტუნავო გუბეებში და თუ მოასწრებ, იქნებ დაბნელებამდე კიდევ ერთხელ გადაუფრინო “კუკურუზნიკივით” მდელოს, იქნებ კიდევ ერთხელ დაერიო ხელის გულებით მდელოზე ამოსულ ბალახებს.

დაღამებულზე თანავარსკვლავედების ძებნას რომ დაიწყებ – „ეს დიდი დათვია“, „ეს პატარა“, „თუ პირიქით?“.

ბაყაყების ხმა რომ შემოგესმება და დარწმუნებით იტყვი „ხვალ იწვიმებს“.

აი მაგ თავისუფლებას არაფერი შეედრება. აი, ეგ თავისუფლება მინდა.

***

ეს სიმღერა ჩართე, თვალები დახუჭე და წამრმოიდგინე, რომ გაწვიმებამდე რამდენიმე წუთით ადრე (ჰაერში უკვე წვიმის სუნი რომაა), ხელებგაშლილი, „თვითმფრინავის პოზაში“, გარბიხარ უსაზღვრო მდელოზე და ხელის გულებით, წელამდე ბალახს ეთამაშები.

Carelessly Wasting Our Days


არეულად ვფიქრობ.

კარგი გარდა იმისა რომ იშვიათია, ვადაც პატარა აქვს.

ყველაფრის გაფუჭების შანსი ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე იმის რომ ცუდი „გაკარგდეს“. ზოგი ცუდი, არასოდეს „გაკარგდება“, არც ვადა გაუვა, ყურებშიც გაბმულ წუილად დარჩება.

იმაზე არეულად ვწერ ვიდრე ვფიქრობ.

When you were young there’s a lightness around you, the world turns

But when you take back all the things that you’ve earned you find nothing at all

არის მომენტები, როდესაც ერთადერთ შემთხვევაში შეგიძილია რამის გაკეთება – თუ ღმერთი ხარ. ვინაიდან ღმერთი არ ხარ, შენგან დიდი ვერაფერი ხეირია.

ასეთ დროს საკუთარი თავი მეზიზღება.

თავი დამნაშავედ გიგრძვნიათ იმის გამო რომ თქვენი ცხოვრება გრძელდება და არა თუ გრძელდება, არამედ იმაზე გაცილებით უკეთესადაც ვიდრე სხვების?!

არასოდეს გიფიქრიათ რა დონის ნაძირალა ხართ, როდესაც ცხოვრება სხვების ცხოვრებით მოგაფეთებთ სახეში რა არის სინამდვილეში მნიშვნელოვანი და ამ დროს ინებებთ კეთილს და აღნიშნავთ რომ დიახ, სინამდვილეში თქვენი წვრილმანი ხარა-ხურა ფეხსაცმლის მტვერიც არ არის?! ნაძირალა იმიტომ რომ საკუთარ კარგზე იწყებთ ფიქრს, სხვების ცუდით. როდესაც შედარებითობით ასკვნით რომ ბედნიერი ხართ?! ან მინიმუმ უნდა იყოთ?!

Carelessly wasting our days

Inquires of what is the way

With no reply

ვამლაშებ.

როდესაც რაღაცის გამოხატვა მინდა, ვლენჩდები და თევზის თვალებით ვიყურები.

ყველაზე მეტად მეზიზღება ფორმალობები. მეზიზღება რომ ფორმალობები ორ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუაციას, განსხვავებულ დამოკიდებულებას, ემოციას ერთ ჩარჩოში აქცევენ. როცა თავადაც ვერ გაგირკვევია როდის იხდი ვალს და როდის არა.

Where did it go now

All that you thought was worth a fight

It’s all but become just

A passing thought in spite

არის რაღაცები რაც სურათებად იბეჭდება შენს მეხსიერებაში და ვერასოდეს წაშლი, უმწეოების დამპალ შეგრძნებასთან ერთად ჩაგიჯდება უჯრედებში.

პულსი


დღეს ერთმანეთთან დაუკავშირებელი მოვლენები ამარტივებენ ერთმანეთს. ერთი ასპექტის სირთულე ამარტივებს მეორეს, მეორე ასპეტქით გამოწვეული ადრენალინი უმნიშვნელოს ხდის პირველს. საბოლოო ჯამში ამ ორ საკითხს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს და გადაკვეთის ერთადერთ წერტილს წარმოვადგენ მე. მე როგორც დამაკავშირებელი რგოლი წინასწარ ვიღებ რისკიან გადაწყვეტილებას, რომელზე ნერვიულობაც არ ტოვებს დროსა და ენერგიას სხვა უფრო დამთრგუნველად სანერვიულო საკითხზე სანერვიულოდ (ჰო, გარდა იმისა რომ საკუთარ თავში ვარ აბლანდული, ტავტოლოგიასაც არ ვერიდები).

ერთმანეთში ახლართული ემოციები, ერთგვარ ქიმიურ ნაერთს ქმნიან და საბოლოოდ გამოყოფენ ენდორფინების ისეთ დოზას, რომელიც მაიძულებს არ ვინერვიულო არც ერთზე.

ტკივილის გადატანის შესახებ ხომ ისედაც ყველამ იცით, ჰოდა, ამ მიდგომის ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს ეს შემთხვევით აღმოჩენილი მეთოდი. როდესაც რაღაც ძალიან გერთულებათ და ამ საკითხზე ძალიან ნერვიულობთ, ხელოვნურად უნდა შექმნათ მეორე, პირველთან არაფრით დაკავშირებული გარემოება, რომელიც სასიამოვნო აჟიტირებას გამოიწვევს და გამომუშავებული ადრენალინით გაგაკეთებინებთ პირველს.

თუ ცხოვრება სხვა გზას არ გიტოვებთ და გაგდებთ კომფორტის ზონიდან ისე რომ ეს საშინლად გთრგუნავთ, ამ ზონაში დაბრუნების ნაცვლად, კიდევ უფრო მეტი ნაბიჯით უნდა დაშორდეთ მას.

ახლა, ისეთ სტადიაზე ვარ, ნებისმიერ გადაწყვეტილებას (რასაც ადრე არავითარ შემთხვევაში არ მივიღებდი) მივიღებ და ნებისმიერ გამოწვევას დავთანხმდები.

მეორე დღეა, ჩემს ცხოვრებას მუსიკალურად other lives აფორმებს. ყველა ის დღე და მომენტი ღირს ცხოვრებად, რომელსაც მუსიკალური გაფორმება სჭირდება. თუ მთელი დღის განმავლობაში მუსიკა ისე გაქვთ ჩართული, რომ ვერც კი აფიქსირებთ რა უკრავს და რატომ, მომენტი და მიმდინარე პერიოდი არაფრით გამორჩეულია, როგორც კი ხელოვნურად გადახვალთ სიმღერაზე, რომელმაც კონკრეტულ მომენტში უნდა გააფორმოს თქვენი ცხოვრების კადრი, ე.ი. რაღაც ხდება. აი წარმოიდგინეთ, მომენტი რომლის დასაწყისშიც ყველა გარე ხმა იხშობა, ისმის მხოლოდ თქვენი გულისცემა, ძლიერდება და ნელ-ნელა იწყება მუსიკა.

არც ერთი დღე ისე არ უნდა გავიდეს, რომ მისი მთლიანად ამოჭრა მომიწიოს მონტაჟისას.

ცხოვრება იმ მომენტებად ღირს, რომლებიც ფილმისთვის გადარჩეულ კადრებში მოხვდებოდნენ.

The Sun Will Freeze


როცა გარეთ ბნელა და 2 საათის წინ მიღებული ანტიდეპრესანტი აქტიურ მოქმედებას იწყებს, არასოდეს ვარ დარწმუნებული რომ არ ვბოდავ.

Repeat-ზე დაყენებული სიმღერაც, რომელიც ერთხელ უკვე მოვიბეზრე ზუსტად ამ დაუსრულებელი replay-ს გამო, კიდევ უფრო მიმძაფრებს შეგრძნებას იმის თაობაზე, რომ ახლა, ამ მომენტში მთლად ადეკვატური არ უნდა ვიყო.

თუმცა მოცემულ მომენტში ამას არ აქვს მნიშვნელობა, როგორც წესი საკუთარი თავი ყველაზე მეტად სწორედ ასეთი ბოდვის დროს მაინტერესებს.

არც არავის მოკითხვის სურვილი, არც დაუოკებელი ლაპარაკის ჟინი, არც ენაზე მომდგარი სიტყვების კბილებს შორის მოქცევის მცდელობით გამოწვეული დაღლილობა მჭირს. არაფერი, საერთოდ არაფერი მაწუხებს. მატარებლით ჩაქჩაქის შემდგომი დაღლილობაც პირველივე ღერმა სიგარეტმა გაანეიტრალა და ახლა ისეთივე გაურვეველი ვარ, როგორიც ის სიმღერა რომელიც თავიდან უნდა მოვიბეზრო.

Desert

reclaims the land,

and we return full in colour.

Dark Sea

don’t bother me,

when water turns into land.

ხელახალ წრეზე წავედი, დასასრული მშვენივრად მომეხსენება, მაგრამ ვცდილობ უკვე კარგად გადაღეჭილ სცენარში მცირედი ცვლილებები შევიტანო. ეს იმას გავს, ფილმს მეათედ რომ უყურებ და განსხვავებული დასასრულის იმედი გაქვს. დასასრული იგივე იქნება, დიალოგებიც, ქმედებაც, კიდევ ერთ წრეს შევკრავ და ისევ იმ სტარტზე დავდგები, სადაც ბოლო რამდენიმე წელი ვიდექი ახალი წრის მოლოდინში.

Oh our end

has come at last,

and we return full in colour.

Oh I see

I see the fires ahead,

but in my mind

it’s turning cold.

ერთადერთი რაც არ გაცვდა და ალბათ აღარც არასდროს გაცვდება, ამ პატარა წრეების მოხაზვის დროს არსებული ემოციებია, ყოველ ჯერზე თითოეული მათგანი ისეთი ცინცხალია, მგონია რომ აქამდე არასოდეს განმიცდია.

იქნებ ამ ჯერზე მაინც მქონდეს რამე მოსაყოლი.

ასეთ დროს წესად მაქვს სადმე გაქცევა, ყოველთვის სადღაც გავრბივარ, რატომღაც მგონია რომ თუ მოვლენების განვითარებისგან შორს ვიქნები, ემოციები უფრო ძლიერი იქნება. სადაც მე არ ვარ, იქ არაფერი ხდება. ფინიკის ცხოვრება მიმდინარეობს იქ სადაც ფინიკია, რეალურ ცხოვრებაში კამერა ყოველთვის ჩვენ დაგვყვება და სხვების ცხოვრების კადრები, მხოლოდ სხვების ფილმში ჩანს.

The Sun

will freeze

and our fate don’t bother me.

ახლა სანამ დაძინებას გადავწყვეტ, მეც ჩვეულებრივი მოკვდავებივით გავაბამ დიალოგს საკუთარ თავთან, ისე რომ ყველაფერი რეალური და ხელშესახები მეგონება.

The rise

of the sea

does not concern me when

all of your city lights

turn you brightest day

into sleepless night.

ისე ვიქცევი თითქოს დრო მქონდეს. ისე ვაბამ წარმოსახვით დიალოგებს, თითქოს სამყარო მართლა სტოპზე მეყენოს. საკუთარი თავისთვის დრო მხოლოდ მაშინ მაქვს, როდესაც სხვებს სძინავთ. რა იქნება ერთ დღეს, ყველა ჩემს ფილმში წარმოდგენილ მეორეხარისხოვან როლის შემსრულებელს ერთდროულად გაუფუჭდეს მაღვიძარა და ყველამ ერთად გამოიძინოს.

ყველაზე მეტად მაშინ მიყვარს ადამიანებთან კონტაქტი, როდესაც რაღაც მაქვს მოსაყოლი, როდესაც პარალელურად რაღაც მიმდინარეობს. ასეთ დროს ყველაზე მეტად მიყვარს სხვების მოსმენა, ჰო, ზუსტად მოსმენა და არა ლაპარაკი.

ახალ წრეზე პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგი და სანამ კარგად ნაცნობ მოსახვევში შევიდოდე, უკვე მგონია რომ ადამიანებთან კონტაქტის დრო დადგა, ჩემი ახალი წრე დაიწყო და მიუხედავად იმისა მოვლენებმა უკვე აკრიფეს თუ არა სიჩქარე, წინასწარ მაინც ვიცი რომ მოსაყოლი აუცილებლად მექნება, ანუ ისევ ის გავხდები, ვინც ალკოჰოლით ხელში მოგადგებათ სახლში, მოგადგებათ მხოლოდ იმიტომ რომ მოგისმინოთ.

ყველაფერი გამარტივდა.

The Sun

will freeze,

and our fate don’t bother me.

But it’s not me,
No it’s not me.