Play ▻


ვერ ვიტან როდესაც სხვებზე ვარ დამოკიდებული, აი, ყველაზე მეტად ეს მდგომარეობა მეზიზღება. საკუთარი თავისგან ყველაფრის იდეალურად შესრულებას და გადაწყვეტას მოვითხოვ, აბსოლუტურად ყველა საკითხში პერფექციონისტი ვარ და ყველაზე მეტი მოთხოვნა სწორედ რომ საკუთარი თავის წინაშე მაქვს დაწესებული. საშინლად ვღიზიანდები როდესაც თავს მოდუნების საშუალებას ვაძლევ, როდესაც ჩემივე მოფიქრებული წესების დარღვევის ვიწყებ, მინდა საკუთარი ფეხით მივიდე კუთხეში და დავდგე.

დღეს დილით გამოვაცხადე რომ რაც კი რამე კარგი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ივლისი-აგვისტოს პერიოდში მოხდა. აი, სრულიად გაუცნობიერებლად გავაკეთე ეს დასკვნა და შემდეგ დავფიქრდი რომ არც თუ ისე უსაფუძვლოდ. მიუხედავად იმისა რომ როგორც წესი, ამ დროს ყველაზე რთული პერიოდი მაქვს ხოლმე და ყველაზე მეტი საკითხი გადასაწყვეტი, ყველაფერი კარგი მაინც ამ დროს ხდება.

ჰოდა, თუ რამე გამოვა, გამოვა ახლა, უახლოესი 1,5 თვის განმავლობაში, ან კიდევ 1 წელი გადავა “მოლოდინის რეჟიმზე”. როცა ჩემი ცხოვრება გადადის მოლოდინის რეჟიმზე, მე, როგორც წესი ყოველდღიური რუტინით ვარ დაკავებული და არაფერს ველოდები და როცა ცხოვრება ისევ “ფლეის” ღილაკს აწვება, მე გადავდივარ იმ რეჟიმზე, რომელზეც მთელი 10 თვის განმავლობაში უნდა ვყოფილიყავი.

კონტროლზე შეშლილი მანიაკი ვარ.

ადამიანურ ენაზე რომ ავხსნათ, ესაა პერიოდი როდესაც საკუთარი თავისგან ვიღებ შვებულებას და ველოდები ცვლილებებს, რომლებსაც მიმდინარე პერიოდში ნაკლებად აღქვიქვამ და ძირითადად მაშინ ვაფასებ, როცა უკვე წარსულშია დარჩენილი.

მოკლედ, მხოლოდ კონტროლზე შეშლილი კი არ ვარ, აწმყოს აღქმა მაქვს დაქვეითებული.

ჰოდა, მგონი დღეს გადავიდა ჩემი ცხოვრება “ფლეის” რეჟიმზე, რაც ავტომატურად ნიშნავს რომ ჩემი თავისგან შვებულება ავიღე.

ფინიკი, კეთილი იყოს შენი დაბრუნება სამყაროში, სადაც წესები არ არსებობს.

მეშვიდე წელია, ამ პერიოდის დაწყებას, Lorene Scafaria-ს ამ სიმღერით ვაფორმებ.

მოძებნე ივლისი


ახალი ამაში არაფერია. საზოგადოდ ცნობილია (ან მე მგონია ასე), რომ ეს პერიოდი (კერძოდ კი ივლისის ბოლო პერიოდი და აგვისტოს დასაწყისი) ჩემთვის აბსოლუტურად განსხვავებული და მოლოდინებით აღსავსეა ხოლმე. არ განვეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც ამბობენ რომ არ უყვართ საკუთარი დაბადების დღე, თუმცა არც იმათ განვეკუთვნები, ვისთვისაც ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია, მე უბრალოდ მიყვარს ჩემს დაბადების დღემდე დარჩენილი დღეები.

ამ პერიოდში როგორც წესი ყოველთვის რაღაცას ველოდები, ზუსტად არასოდეს ვიცი რას, მაგრამ აგვისტოს მოახლოებისას ვიწყებ მოლოდინის რეჟიმში ცხოვრებას.

წელს კი გასამმაგებულად ვგრძნობ ამ მოლოდინს. სადღაც მიწერია კიდეც, რომ რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი და აკვიატებული სიმღერის (when I turn 28 – Lorene Scafaria) გამო, ასევე ამოვიჩემე და ავიკვიატე 28 წელი. სულ რამდენიმე დღეღა (ორ კვირაზე ოდნავ მეტი) რჩება ჩემს 29-ე დაბადების დღემდე და ჩემი აკვიატებული ცვლილებების, მოლოდინების 28 წელი ჩაივლის, ჩაივლის და თან სტანდარტულად.

ჩემს ცხოვრებაში სასწაულები როგორც წესი ზუსტად ამ პერიოდში ხდება ხოლმე, არ ვიცი ეს ჩემი ზოგადი განწყობის ბრალია, თუ უბრალოდ სამყარო ამ პერიოდში ჩემს მიმართ განსაკუთრებით გულმოწყალე ხდება, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა რომ თუ რაიმე უნდა შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს 11-მდე, მერე ახალი ფაზა დაიწყება, მომავალი წლის ივლისამდე დამტოვებს შფოთვა და მოლოდინის შეგრძნება, რომელიც მაიძულებს ვიყო აჟიტირებული და ამის გამო საშინლად იმედგაცრუებული 11 აგვისტოს.

მაისის სირთულიდან გამომდინარე ბევრი რამ გადავაფასე, როგორც ამბობენ ხოლმე კარგად მივხვდი რა არის რეალურად ღირებული და რა არ ღირს წამებად, თუმცა როგორც წესი ღირებულებათა ასეთი გადაწყობა დიდ ხანს არასოდეს გრძელდება ხოლმე და მოვლენათა სიმწვავის განელებასთან ერთად, აღდგენას იწყებს ძველი “წესრიგი“. ჩემ შემთხვევაში კი ყველაფერი ცოტა სხვაგვარად მოხდა, თუ გარკვეულ მოვლენასთან ერთად ცხოვრებაში ახალ ტრადიციას ჩაუყრი საფუძველს, ამ მოვლენის სიმწვავის განელება ვერ შეუქმნის საფრთხეს ღირებულებათა ახალ წყობას და იმდენ ხანს გაგყვება, რამდენ ხანსაც ეს ტრადიცია გაძლებს.

რამდენჯერ ყოფილხართ ტრენინგზე, სემინარზე, რამდენჯერ წაგიკითხავთ წიგნი ან მოგისმენიათ გამოსვლა, რომლის მთავარ იდეასაც თქვენი მოტივირება წარმოადგენს?! დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრჯერ, იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ამას საკმაოდ დიდი პირველადი ეფექტი ქონდა, თუმცა შემდგომ მაინც ჩაიარა და ყველაფერი ძველებურ კალაპოტს დაუბრუნდა, იმ კალაპოტს სადაც მოსმენილი “სიბრძნეებს“ ადგილი არ არის. დიახ, ასე ვერაფერს ვსწავლობთ ან ზედმეტად რომ არ განვაზოგადო, ვიტყვი რომ მე ასე ვერაფერს ვსწავლობ და ვერც ვერასოდეს ვისწავლი, სანამ ცხოვრებაში თავად არ მივალ იმ ჭეშმარიტებამდე, რომელსაც მიმეორებდნენ ასეთ შეხვედრებზე, ტრენინგებსა თუ სემინარებზე. ვიღაცის გამოცდილებით ვერასოდეს ვსწავლობ, მთავარია ის რასაც ამდენ ხანს მიმეორებდნენ ჩემს პირად აღმოჩენად ვაქციო და საკუთარი “საავტორო უფლებებით დავიცვა”.

ადრე სადღაც წავიკითხე – ათეისტის ცხოვრებაში ყველაზე რთული მომენტი მაშინ დგება, როდესაც მადლიერებას გრძნობს და არ იცის მადლობა ვის გადაუხადოსო. მაშინ უბრალოდ ფრაზად მომეწონა, ოღონდ არა იმიტომ რომ ან ათეისტების წინააღმდეგ მაქვს რაიმე ან სარწმუნოების თემებით ვარ ძალიან დაინტერესებული (თავადაც ვერ გამირკვევია რისი მწამს და საერთოდ რამის მწამს თუ არა), უბრალოდ მომეწონა. მაშინ აზრს ვერ ჩავწვდი, ახლა ვხვდები რომ სულ სხვა რამეზეა აქ საუბარი, თეიზმი, ათეიზმი, რელიგია, სარწმუნოება არაფერ შუაშია, საქმე მადლიერების საჭიროებას ეხება.

არ არსებობს იმაზე დიდი კმაყოფილება, როგორიც მადლობის გადახდაა, ვისაც არ უნდა უხდიდე მადლობას, ამას არ აქვს მნიშვნელობა (თუნდაც საკუთარი თავისთვის გინდოდეს მადლობის თქმა), მთავარი სულ სხვა რამეა, როდესაც მადლობის გადახდას იწყებ, ის რისთვისაც მადლობას იხდი გაცილებით მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი ხდება, სულ სხვანაირ აზრს იძენს და რაღაცნაირად გაბედნიერებს.

ვერ ვიტან და ვინც მე – თინიკოს ან ფინიკის – ანუ ჩემს აქაურ “მეს” (ან ორივეს ერთად), გვიცნობს კარგად იცის, რომ ვერასოდეს ვიტანდი მაღალფარდოვან საუბარს ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებებზე, ბედნიერებასა და ღირებულებებზე, პირიქით როგორც წესი ასეთ მონოლოგებს “ჭეშმარიტ ღმერთზე საუბრად“ ვნათლავ ხოლმე, ჰოდა, ამიტომ ტყუილად ნურავინ იფიქრებს რომ ახლა მე ვაპირებ ამ როლის მორგებას. სულაც არა, ამას მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ საკუთარ ნაწერებში სამომავლოდ ივლისის მოძებნისას (რაც დღეს გავაკეთე) ამ აღმოჩენას გადავაწყდე და თუ დამავიწყდება, თავიდან დავნერგო ჩემს ცხოვრებაში.

მაისის შემდეგ მადლობებით დავიწყე ცხოვრება. იმდენი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში, რის გამოც მადლობა უნდა ვთქვა, რომ წარმოდგენაც არასოდეს შემეძლო. ჰოდა, მას შემდეგ რაც მე, უკიდურესად “დეპრესიულმა“, “პესიმისტმა“ და ნეგატივზე ორიენტირებულმა ადამიანმა მადლობების გადახდა დავიწყე, ყველაფერი თავისით შეიცვალა.

მე არ ვარ ადამიანი, რომელსაც ეზიზღება დილით ადგომა, არც ის ადამიანი ვარ რომელსაც ეზიზღება სამსახურში მოსვლა (და არა იმიტომ რომ ეს ყოველთვის ასე იყო ან იმიტომ რომ საოცნებო სამსახურს მივაგენი), არც ის ვარ ვისაც ეზიზღება უფროსი და ის ყველაზე დიდი სისხლისმსმელი ტირანი გონია, არც სხვების უფროსობით მინდა საკუთარი ეგოს დაკმაყოფილება, ბევრი რომ არ გავაგრძელო, აღმოჩნდა რომ ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის იმდენი მადლობა მაქვს სათქმელი, რომ შეუძლებელია ისინი მეზიზღებოდნენ. ძალიან პატარა მოვლენებიც კი მადლობის თქმის შემდეგ დიდდება და იმაზე დიდ დატვირთვას იძენს, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა. თუ აქამდე მეგონა რომ მადლობა მესამე ადამიანისთვის, მისი კმაყოფილების მისაღწევად უნდა მეთქვა, ახლა მგონია რომ ამას საკუთარი თავისთვის ვაკეთებ და ყოველი მადლობის შემდეგ ცხოვრება ცოტა უფრო მეტად მარტივი მეჩვენება.

კვირაში ერთხელ აუცილებლად მივდივარ იმასთან, ვისთანაც ყველა დაგროვილ მადლობას ვამბობ და იქიდან მთელი კვირის სამყოფი ენერეგიით დამუხტული ვბრუნდები.

ჰოდა, ახლაც, როგორც შარშან (შარშანდელი ივლისის ჩანაწერი გადავიკითხე და ვნახე მიწერია “ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაცას ველოდები, რაც არასოდეს მოხდება“ მეთქი) ისევ მოლოდინის რეჟიმში ვარ გადასული, ისევ აღარ მშივდება (ეს როგორც წესი ბედნიერ ხანასთან ასოცირდება ჩემთვის), დილაობით ისევ მაღვიძარაზე ადრე ვიღვიძებ და ისევ ნორმაზე ბევრად სწრაფად მიცემს გული. თუმცა არსებობს ერთი დიდი განსხვავება, წელს, ყველა სხვა წლისგან განსხვავებით, თუ ამ 29 წლამდე დარჩენილ დღეებში ბევრი არაფერი მოხდება, მაინც ვიტყვი რომ 28 ჩემი ამოჩემების შესაბამისად განსხვავებული იყო, დიახ, 28 იყო მადლობის აღმოჩენის ასაკი.

არ ვიცი ვინმეს ახსოვს თუ არა, თუმცა 25 წლის რომ ვხდებოდი, ზუსტად ამ პერიოდში, ჩამოვაყალიბე სია, იმ საქმეების სია, რომლების მოსწრებაც 25 წლამდე მინდოდა, ერთ-ერთი მათგანი კი იყო, რომ საკუთარი თავისთვის უნდა მიმეცა “აღიარებითი ჩვენება“, სადაც დავწერდი სრულ სიმართლეს, იმ სიმართლეს რომელსაც საკუთარ თავსაც ვუმალავდი. ჰოდა რამდენიმე დღის წინ, 4 წლის შემდეგ პირველად, გადავიკითხე ეს ჩვენება, სადაც მხოლოდ ის ეწერა რისი მეშინია. აღმოჩნდა, რომ ის რისი ვერ მოსწრების, ვერ გაკეთებისაც მეშინოდა და წარმოუდგენლად მიმაჩნდა, მოვასწარი, გავაკეთე, მივაღწიე და დავასრულე კიდეც. შემიძლია ლამის მთლიანი შიშების სია გადავხაზო. ჰოდა, თუ აქამდე რატომღაც მეგონა რომ ამ 4 წელიწადში არაფერი შეცვლილა და ისევ ისეთი უტვინო სუბიექტად დავრჩი, რომელსაც აგვისტოს მოახლოებისას აუხსნელად უჩქარდება გული, ძალიან შევმცდარვარ, იმიტომ რომ ამ გულის აჩქარებებს შორის პერიოდში მაინც მიცხოვრია და თან არც თუ ისე ურიგოდ. ასეთი ჩანაწერები აუცილებლად უნდა გავაკეთო ხოლმე, რომ მივხვდე საკუთარი თავისთვისაც რამდენი მადლობა მაქვს სათქმელი.

ბედნიერი 28 მალე 29-ში გადავა და მე ამ პერიოდში ისევ ტაქიკარდია მექნება.

ბედნიერ ზაფხულის დღეებს გისურვებთ.

tumblr_mq018w7rtb1rhxheyo1_500

28 და სხვა სისულელეები


ეს სიმღერა სულ სხვა რამეზეა.

მაშინაც სხვა რამეზე იყო როცა პირველად მოვისმინე და ახლაც, ეს მაშინაც ვიცოდი და ახლა ხომ ვიცი და ვიცი.

აკვიატებები რომ ხშირად მაქვს ეს ადრეც მითქვამს, ერთ-ერთი მორიგი აკვიატება კი ჩემი მოახლოვებული 25-ე დაბადების დღე იყო. ათასი რამ წავიკითხე იმაზე რა იცვლებოდა ცხოვრებაში (სხვების ცხოვრებაში) 25 წლის შემდეგ, სიაც შევადგინე რა უნდა მომესწრო სანამ 25 წლის გავხდებოდი, დღიურის წერაც კი განვაახლე (ო, ღმერთო ჩემო) და ამ დღეების საუნდთრეკის ძიებას შევუდექი.

რატომღაც იმ პერიოდში ამოჩემებული მქონდა Lorene Scafaria, ჩემი აღმოჩენა იყო და ორმაგად მიყვარდა (საზიარო სიყვარულს ვერ ვიტან), დაუსრულებლად ვატრიალებდი “we can’t be friends”-ს და ვეძებდი მუსიკას 25-ზე. უცნაურია, მაგრამ პირველი რაც ფრიად ჭკვიანმა google-მა შემომთავაზა სწორედ Lorene Scafaria-ს სიმღერა იყო, ოღონდ 25-ზე კი არა, „28“-ზე. აი, მაშინ ვთქვი რომ 28 წლის სანამ გავხდებოდი, რამდენიმე დღით ადრე თავიდან ამოვქექავდი ამ სიმღერას და აუცილებლად მოვუსმენდი (უახლოეს 3 წელიწადში Lorene Scafaria რომ მომბეზრდებოდა გადაბმული მოსმენისგან ეს ისედაც ცხადი იყო). რაღაცნაირად გულიც კი მწყდებოდა რომ 3 წელი უნდა მომეცადა სანამ ამ სიმღერას ოფიციალურად ჩემად ვცნობდი, მოუთმენლობა დამემართა იმის გამო რომ „მაგიური დატვირთვა“ მივეცი და სულმოუთქმელად დავიწყე 28-ის ლოდინი.

მჯერა, ჰო, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს მჯერა ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი მოვლენების და მგონია რომ ყველაფერში აუცილებლად დევს აზრი. ამიტომ მჯეროდა, რომ ჩემი, Lorene Scafaria-ს და 28-ს შეხვედრა შემთხვევითი არ იქნებოდა და ამიტომ გადავწყვიტე რომ 28 ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ცვლილებების ასაკი, ყველაზე მაგარი პერიოდი იქნებოდა.

ახალს არაფერს ვიტყვი, თუ განვაცხადებ რომ 3 წელი ერთი შეხედვით ძალიან სწრაფად გავიდა და საკუთარ თავთან შეთანხმებისამებრ რამდენიმე დღით ადრე ამოვქექე ეს სიმღერა.

2 თვეზე ოდნავ ნაკლებია რაც ჩემი ჯადოსნური 28 დაიწყო…

 ***

წარმოდგენა არ მაქვს რაზეა ეს პოსტი, რას ვწერ და რატომ ვწერ, უბრალოდ დღეს ყველაზე მეტად მჯერა სამყაროსგან გამოგზავნილი პატარა მინიშნებების.

 ***

ერთი უაზრო თამაშია ისეთ ბანალურ თემაზე, როგორიცაა „ვინ იყავი წინა ცხოვრებაში“, ზუსტად რას ამბობს წესები არ ვიცი, თუმცა დაახლოებით მახსოვს რომ უნდა აიღო შენი დაბადების ზუსტი თარიღი და google-ში ჩაწერო died (დაბადების თარიღი), ჰოდა პირველი ვისაც განახებს ეგ არის შენი წინა ინკარნაცია.

ხომ სისულელეა? სისულელეა.

ვიცი რომ სისულელეა? ვიცი!

ჰოდა, ერთით მეტი სისულელე ჩაწერეთ ჩემ ანგარიშზე.

ჩემი ბოლო გატაცების, ნელის ისტორია რომ დავასრულე “მუსკოსის” გამოჩენისას, ესეც ხომ აღვნიშნე ცოტა ხნის წინ?!

დიახ, ოფიციალურად გადავერთე მუსიკოსზე, ჰოდა, აბა მე რისი ფინიკი ვიქნებოდი, რომ არ მენახა ვინ იყო მუსიკოსი წინა ცხოვრებაში (არ ვწითლდები მაინც ამ სისულელეს რომ ვაღიარებ?!), საინტერესო ის კი არ არის ვინ აღმოჩნდა, უფრო ის რომ „მისი წინა ცხოვრება“ დაიბადა „ნელის“ დაბადების დღეს და გარდაიცვალა ზუსტად „მუსიკოსის“ დაბადების დღეზე.

მოუსმინეთ ხოლმე სამყაროს, გაერთობით.