30 – დაბრუნება


რაღაცნაირად მოშვებული ვარ, დასუსტებულიც. ავადმყოფობის და უმადობის გამო ზედმეტად დასუსტებული ვაცილებ აგვისტოს. კიდევ ერთი აგვისტო და კიდევ ერთი ზაფხული მთავრდება. არ მიყვარს დასასრულები, თან ისეთი რაღაცების დასრულება რაც მიყვარს, მაგრამ ახლა ამაზე დიდად არ ვდარდობ. ყველაფერი პასიურად მიედინება, რაღაცების პარალელურად, დიალოგების, სამსახურის, ტრანსპორტის, წყვეტილი ფიქრების პარალელურად. პარალელურად ვცხოვრობ და ყველაფერს მივედ-მოვედები.

ჯადოსნური პერიოდი დასრულდა, შემდეგი წლის ივლისამდე შესვენება გვაქვს მე და ფინიკის. ფინიკი ისევ თავისთვის იწყებს ცხოვრებას და თინიკო ისევ ხდება ის ვისაც ფინიკისთან საერთო არაფერი აქვს.

ერთი შეხედვით დიდად არაფერი მადარდებს, თუმცა სინამდვილეში ყველაფერზე ერთდროულად ვნერვიულობ და საბოლოოდ ისე გამოდის რომ მივლასლასებ, ცხოვრებას კუდში მივყვები და ვერაფრით ვეწევი. ზედმეტად ბევრი რამ ხდება იმისთვის რომ ყველაფრისთვის გამოვნახო დრო, ამიტომაცაა რომ ფიქრებიც წყვეტილი მაქვს, ხასიათიც, საქმეც და ცხოვრებაც. წყვეტილი ცხოვრებით ვცხოვრობ.

რეაბილიტაციისთვის დრო მჭირდება. ზაფხულის შემდგომი რეაბილიტაცია მჭირდება და ჩემს ცხოვრებაში პირველად ბათუმში უიკენდებზე წასვლა გამოსავალი არაა.

ზოგადად ხომ მიიჩნევა რომ 30 გარდატეხების ასაკია, მეც ხომ მჯეროდა ამის?! ჰოდა, მართლა ასე აღმოჩნდა, ცოტა შემოლაწუნება, ცოტა გამოფხიზლება. გამოფხილზებისთვის თუ ზედმეტი ძალით შემოულაწუნებ ადამიანს, უარესად გაითიშება, ჰოდა მგონი ეგ მჭირს და იქნებ რაიმე სხვა მეთოდით გამომაღვიძოთ?

ცხოვრებაში პირველად არ ვიცი სად მინდა ყოფნა, ადრე ყოველთვის ვიცოდი სად არ მინდოდა და სად მინდოდა, ახლა მხოლოდ ის ვიცი რომ იქ არ მინდა სადაც ვარ, მაგრამ სად მინდა წარმოდგენა არ მაქვს, იმიტომ რომ არსად ყოფნა არ მინდა.

გამოცარიელებული ვარ და ცხოვრებაში პირველად არ მაქვს დეჟა ვუს შეგრძნება. ადრე სულ იმაზე ვწუწუნებდი წრეებზე დავდივარ მეთქი, მხოლოდ პერსონაჟები იცვლება, სცენარი იგივეა მეთქი. ახლა პირველად არ მაქვს ეს განცდა. მართალია წრე შევკარი, მაგრამ სხვანაირი, სხვა რელსებზე, სხვა ბილიკით, სხვა ფინიშზე გავედი. ისე კი მართალი ხარ ფინიკი, წრე წრეა, რა მნიშვნელობა აქვს რომელი გზით შეკრავ ამ წრეს, ზოგად სიბრტყეზე ხომ მაინც იგივეა. იგივე ვარ, ცოტა უფრო მეტი ემოციური ტვირთით, ვიდრე აქამდე, ცოტა უფრო მძიმე ემოციებით, ცოტა უფრო ნაკლები სხეულის მასით. ესეც წრეა, გახსოვს ფინიკი, სხეულის მასა რატომ გვიმცირდება ხოლმე? იმიტომ რომ ემოციურად ვსუქდებით. ახლაც, გავსუქდით, თან მგონი ძალიან, აი ისე, სასწორზე დადგომის რომ გეშინია.

როგორც 25 წლის ფინიკიმ დაუწერა წერილი 30 წლის ფინიკის, მომინდა 30 წლის ფინიკის დაეწერა 35 წლის ფინიკისთვის. მგონი ვწერ, ოღონდ წერილს კი არა, უფრო დღიურს, რომელიც თავისთვის იქნება ჩემი ბლოგის დრაფტებში და თუ 5 წლის შემდეგ კიდევ მექნება ბლოგი და მემახსოვრება აქამდე მოსასვლელი გზა, აუცილებლად წავიკითხავ. თუ არადა ჭირსაც წაუღია 30 წლის ფინიკის ბოდვა, იმ ფინიკის რომელიც ბოლომდე არც ფინიკია და არც თინიკო, სადღაც გამოკიდებული არსებაა.

ახლა ერთადერთი რაც მართლა ძალიან მინდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენაა, რაც შეიძლება დიდ ხანს ყოფნა და საკუთარ სულში ხელების ფათური. ემოციური ბარგის გახსნა და გადმოლაგება, გადახარისხება და ახლიდან, უფრო აკურატულად ჩალაგება, არასაჭირო ნივთების სანაგვეზე მოსროლა.

ამ სიმღერამ ახალი დატვირთვა შეიძინა, ადრე მეგონა რომ D12.5-ს შეესაბამებოდა, ახლა ვხვდები რომ არც D12.5 და არც სხვა ვინმეა ამ სიმღერისთვის საჭირო, ახლა ზუსტად ასე ვარ – The nights that I twist on the rack, is the time that I feel most at home. რამდენიმე თვის წინ დავწერე პოსტი, რომელშიც ვთქვი ეს ბოლო პოსტია თეგით D12.5 მეთქი და მართლა ასე იყო, მაგრამ მაშინ რაღაცნაირი პრინციპულობა უფრო იყო ეს, ვიდრე სხვა რამ, ახლა კი ეს რაღაც კოდი (რომლის უკანაც ვიღაც უნდა იდგეს) იმდენად არაფერია, საერთოდ ფეხებზე მკიდია იქნება თუ არა ამ ან სხვა პოსტის თეგებში, იმიტომ რომ ამ სახელის უკან აღარაფერი დგას. აღარც ფინიკისთვის და აღარც თინიკოსთვის. ავადმყოფობა ზოგჯერ კურნავს სხვა ავადმყოფობას. ჰოდა, გილოცავ ახალი დაავადებით გამოჯანმრთელებას თინიკო.

როგორც ადრე, ახლაც გამოვივლებდი ფიქრებში სოდიან წყალს ანთების ჩასაქრობად.

რაზე და როგორ ფიქრია ახლა სწორი წარმოდგენა არ მაქვს. ბევრ არასწორ ფიქრს ვფიქრობ, ბევრ არასწორ დასკვნას ვაკეთებ, ბევრ მცდარ დარდს ვდარდობ და ბევრი უკუღმართი ემოცია მაქვს. ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს და ამიტომ მაქვს განცდა რომ ეს სხვა წრეა, ახალი წრე, რომელიც ადრე არასოდეს შემიკრავს. ჰო, ბევრი რამ დაემთხვა, მაგრამ დამთხვევების მიუხედავად ამ წრის შიგნით ბევრი ნაცნობი წრეა შეკრული. საკუთარ თავთან მიმართებაში გაკეთებული დასკვნები მეცნობა, არადა გადაგდებას ვაპირებდი უკვე.

ყველა დასასრული დასაწყისია, თუმცა ყველა დასაწყისი კარგი ისევე არაა, როგორც ყველა დასასრული ცუდი.

ეს არ არის ახალი ცხოვრება თინიკო, ეს უფრო დაბრუნებას გავს, დაბრუნებას იქ სადაც ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ დაბრუნება ხომ მაინც დაბრუნებაა.

გამარჯობა ფინიკი, წინ კიდევ ბევრი რამ გვაქვს, ოღონდ ჯერ გავარკვიოთ და გავიყოთ ვის რისი გადატანა მოგვიწევს.

30 წლის თინიკო.

Advertisements

My Least Favorite Life


ასე მგონია თავდაყირა ჩამომკიდეს და მთელი სისხლი თავში მაწვება.

გიფიქრიათ რას ნიშნავს ფრაზა „გული მომეწურა“? მე მიფიქრია, მნიშვნელობას ვერასოდეს ვხვდებოდი, თუმცა ახლა ვხვდები, ზუსტად იმას ნიშნავს რასაც ამბობს, ანუ გულის მოწურვას.

ბავშვობაში ძალიან მეშინოდა ძველებური საწურების, აი ორი რგოლი რომ იყო და შიგნით რომ ატარებდნენ სარეცხს, საშინლად მეშინოდა და ახლაც შიშით ვიხსენებ ხოლმე,  ჰოდა, ის ფრაზა, წინა აბზაცში რომ ვახსენე, გულის (ყოველგვარი გადატანითი მნიშვნელობის გარეშე) ამ საწურში გატარებას ნიშნავს.

This is my least favorite life

The one where you fly and I don’t

დილით ყველაფრის დაყრის და გაქცევის სურვილით გავიღვიძე. დამერწმუნეთ, ამაზე უკეთესი განწყობა ფინიკის ცხოვრებაში არ არსებობს, მაგრამ ეს მანამ იყო, სანამ ბებიაჩემის ძველებურ საწურს შემოვათრევდი ოთახში და გულს ჭრაჭუნით გავატარებდი შიგნით.

This is my least favorite you

Who floats far above earth and stone

ზედმეტი ჩაკირკიტება და სიტუაციის ფლობის ჟინი ყოველთვის ასე მთავრდება ხოლმე where you fly and I don’t.

ეს თანდაყოლილია და დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციით წესით Q კოდი უნდა ქონდეს მინიჭებული. Q-ს ჩემს ცხოვრებაში დატვირთვა არ აქვს, ე.ი. სამყარომაც ფეხებზე დამიკიდა და დაშიფრულ შეტყობინებებს აღარ მიგზავნის.

ჰოდა, რახან ასეა, სამყაროს ფუნქციას თავად შევითავსებ და შეტყობინებასაც თავად გამოგიგზავნი.

მე, როგორც დაავადება ანუ საერთაშორისო კლასიფიკაციით T11.8 – ზემო კიდურის სხვა დაუზუსტებელი ტრავმა, დაუზუსტებელ დონეზე გადავეკიდე სულ სხვა თავში მოხსენიებულ დიაგნოზს კოდით D12.5, ანუ სიგმოიდური კოლინჯის კეთილთვისებიან სიმსივნე-ს.

სიმბოლურია, სიმსივნე ხარ, მაგრამ კეთილთვისებიანი, ასე ზუსტად აღწერდეს ადამიანს მისი სახელობის დიაგნოზი, პირველად მესმის.

The whisper of two broken wings

Maybe they’re yours, maybe they’re mine.

სიმსივნე, სიმსივნეა, ჰოდა, უნდა ამოიკვეთოს.

This is my least favorite life

The one where I am out of my mind

შენ ამოკვეთის შემდეგ დაგთესავენ და მერე მოგისვრიან სანაგვეზე, ჩემგან კი პატარა ჰემატომაც აღარ დარჩება.

This is my least favorite life

The one where you are just out of reach

The one where I stay and you fly.

underwater4-550x411