Remember


მესამე წელია სიმღერებზე აწყობილი განწყობით ველოდები ახალ წელს.

წელს აღმოვაჩინე რომ ყველა საშობაო/საახალწლო ფილმზე (სერიალის სერიაზე) მეტირება. ჰო, უკიდურეს კომედიებზეც კი.

წლის ეს დრო ყველაზე „ადამიანურია“ ჩემთვის (თუმცა ზუსტად არ ვიცი რას ვგულისხმობ „ადამიანურში“).

ამიტომ მიყვარს, ყველა თავისი იმედგაცრუებით და ყველა თავისი მოლოდინით.

ეს ის დროა როცა გადამეტებული „ადამიანურობა“ „გვეპატიება“.

2014 წელი რომ დგებოდა ვწერდი:

–იქნებ ამ წელს მაინც შეიცვალოს რამე. Hare Krishna!

–იქნებ ამ წელს მაინც ვიყო ბედნიერი. Hare Rama!

– My sweet Lord! My sweet, sweet Lord!

2014 წლის მიწურულს, 2015-ს რომ ველოდებოდი:

-Ground Control to Major Tom.

-ცვლილებებისთვის მზად არ ვარ.

-Ground Control to Major Tom.

-მგონი არც არასოდეს ვიქნები.

-Take your protein pills. put your helmet on. – ეს სხვისთვისაა. მე არ მოვფრინავ.

არც გავფრენილვარ, 1 წელი გავიდა და უკვე ბევრი ვერტმფრენი გაფრინდა უჩემოდ.

ან არა, გავფრინდი, გადაწყვეტილებას ყოველთვის ვიღებ, ერთ ვერტმფრენს თუ არ ვახტები, სხვა მიმართულებით მიმავალს მაინც ყოველთვის მივყვები ხოლმე.

წელს ჩემს ცხოვრებას მუსიკალურად აფორმებდნენ:

  1. Chinatown – Meet me, in the evening, for a kiss, in Taksim square – სულ დამავიწყდა რომ წელს დიდი ხნის ოცნება ავისრულე და სტამბულში დაკოჭლებამდე ვიბოდიალე;

  2. The Smiths – I Know It’s Over – წერტილიც დავსვი, ბუდაპეშტში, ერთ ღამეს, როცა არ მეძინებოდა;

  3. Other Lives – The Sun Will Freeze – იქნებ ამ ჯერზე მაინც მქონდეს რამე მოსაყოლი. – მეთქი. ეს იმ ოპერიდანაა ვერტმფრენზე შეხტომის რომ მჯერა ხოლმე;

  4. Other Lives – Take Us Alive – ახლა, ისეთ სტადიაზე ვარ, ნებისმიერ გადაწყვეტილებას (რასაც ადრე არავითარ შემთხვევაში არ მივიღებდი) მივიღებ და ნებისმიერ გამოწვევას დავთანხმდები. – მეთქი. ჰოდა, ვინმემ დაიჯერა?!

  5. Nancy Sinatra – These Boots Are Made for Walkin’ – ძვირფასო, “დამპალო ნაბიჭვარო”, this is sad on so many levels. – მეთქი. დასამატებელი არაფერი მაქვს;

  6. Lera Lynn – My Least Favorite Life – მე, როგორც დაავადება ანუ საერთაშორისო კლასიფიკაციით T11.8 – ზემო კიდურის სხვა დაუზუსტებელი ტრავმა, დაუზუსტებელ დონეზე გადავეკიდე სულ სხვა თავში მოხსენიებულ დიაგნოზს კოდით D12.5, ანუ სიგმოიდური კოლინჯის კეთილთვისებიან სიმსივნე-ს. – ეს იმდენი ხნის წინ დაიწყო, არ მგონია ოდესმე დასრულდეს;

  7. The Doors – The Way To The Next Whiskey Bar – ჰოდა, ვინაიდან დღეს ნაყინზე არავინ წამიყვანს, show me the way to the next whiskey bar. – უკომენტაროდ;

  8. Сергей Никитин – Со Мною Вот Что Происходит – დიდი დოზით ყოფილა D12.5 წელს;

  9. The Beatles – I’ll Be Back – განსაკუთრებული სასოწარკვეთისას მოსასმენი ფერადი სიმღერა;

  10. Özlem Bulut – Marco’nun Rakısı – უკან სტამბულში.

წლევანდელი დეკემბერი უფრო იმაზეა რაც იყო, ვიდრე იმაზე რაც იქნება.

Remember is a place from long ago

Remember, filled with everything you know

Remember, when you’re sad and feeling down

Remember, turn around.

Remember life is just a memory – ჩვენ ვართ ის რაც გვახსოვს, ჩვენი ცხოვრება მოგონებებისგან შედგება, დეკემბერი კი საუკეთესო დროა ყველაფრის ერთბაშად გასახსენებლად.

Remember close your eyes and you can see

Remember, think of all that life can be – ის რაც შეიძლება იყოს, შეიძლება იყოს 2016-ში. ახლა არც ვერტმფრენს ველოდები და არც ცვლილებები მაშინებს. არც გადამეტებული მოლოდინები მაქვს და არც ჩამოყრილი ყურები, ყველაფერი კარგად იქნება, მანამ სანამ ყველაფერი კარგადაა.

იქნება თუ არა 2016 გამორჩეული? რა თქმა უნდა იქნება, რომელი წელი არ იყო გამორჩეული?!

ფუსფუსის, შეჯამების, იმედების, გეგმების, ზრუნვის და ადამიანობის გამოხატვის პერიოდი გვიდგას და გამოვიყენოთ.

წლის ყველაზე საოცარი პერიოდია, როცა სითბოს გამოხატვა გვეპატიება.

giphy

Advertisements

Hare Krishna!


-Hare Krishna! კიდევ ერთ ღერს მოვწევ.

-Hare Rama! ერთიც და მორჩა.

-My sweet Lord! ახლა ნამდვილად ჩავაქრობ.

დერეფანში ხალხის ნაკადის საპირისპირო მხარეს ვდგები, მუსიკას მაგრად ვიმაგრებ ყურებში, 30–მდე ვითვლი და პირში ჩაგუბებულ კვამლს ვუშვებ წამლის სუნით გაჟღენთილ ჰაერში. კრემისფერ, კუთხეებში ჭუჭყშეპარულ იატაკს ვუყურებ  და ამ ფონზე ჩემი წითელი ფეხსაცმელი სასაცილოდ მეჩვენება.

1 სართულით ქვემოთ.

ისევ დერეფანი, მუსიკა და კვამლისგან დამწვარი, წითლად შეღებილ ტუჩებში გამოკეტილი ენა.

-Hare Krishna! ჯობდა კიდევ ერთი ღერი მომეწია.

-Hare Rama! ერთით მეტი, ერთით ნაკლები.

-My sweet Lord! ვაგვიანებ.

თუ ნახევრად დაგლეჯილ ფურცელზე გაკეთებულ ნაჯღაბნს დავუჯერებთ, კიდევ 1 სართულით ქვემოთ, „რადიოლოგიის განყოფილებაში მოსული პაციენტები ჩადით მიწის ქვეშ.“

-Hare Krishna! მგონი მანდ ყველა ჩავალთ.

-Hare Rama! ახლა თუ გამეცინა, მერე ვეღარაფერი გამაჩერებს.

-My sweet Lord! მგონი აქ უნდა შევიდე.

ისევ დამავიწყდა! უნდა გავიხადო თუ არ უნდა გავიხადო?! მომკალი და არ მახსოვს. არადა ახლა საკუთარი სისულელეების თავი არ მაქვს, ისიც მეყოფა ვიღაც ჭკვიანმა მიწის ქვეშ რომ გამისტუმრა მხოლოდ იმიტომ რომ რენტგენი მაქვს დანიშნული.

ვიკითხავ. ვის არ მოსვლია?! ყოველ დღე კი არ დავდივარ აქ, გადაუდებელი აუცილებლობა რომ არ ყოფილიყო კიდევ რამდენ წელს არ მოვიდოდი კაცმა არ იცის.

–სიგარეტს ეწევი? – აჰა, ეგრევე შენობითი ფორმით და ეგრევე ასეთი „ჩამჭრელი“ კითხვა. ხომ ღირსია ვუთხრა არა მეთქი.

–დიახ.

–ნწუ… – თავის უაზრო ქნევა.

-Hare Krishna! თქვენ ღვიძლი უნდა ნახოთ.

-Hare Rama! მოკეტე და ილოცე.

-My sweet Lord! მგონი მართლა რაღაც დაინახა.

–მოდი კვამლი განახო. – აჰა, ისევ შენობითი ფორმა. მოიცა, რა დროს შენობითი ფორმაა, მგონი გაგიჟდა, შენი ჭირიმე, ეს თუ მანდ ახლა კვამლს ხედავს, ან ჩემი საქმე ვერაა კარგად და ან მაგისი.

ნუ თავხედობ! მიდი და შეხედე.

სასწრაფოდ მოსაფიქრებელია შეცხადების შესაფერისი ფორმა.

–უი!..

ახლა საპასუხოდ მიქიცინებს თავს და უკმაყოფილო სახით მიყურებს. მგონი უნდა შემრცხვეს!

-Hare Krishna! ცუდად ვიქცევი.

-Hare Rama! ბევრს ვეწევი.

-My sweet Lord! კიდევ უფრო მეტს ვსვამ.

–რა დღეში გაქვს ფილტვები!

ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ, ამ „რა დღეში“–ში კონკრეტულ დიაგნოზს გულისხმობთ თუ უბრალოდ ვიზუალით ვერ მოიხიბლეთ?!

რახან აღარაფერს ამბობს, ე.ი. ვიზუალმა დიდი ვერაფერი სასიამოვნო ეფექტი მოახდინა.

როგორც იქნა დასრულდა.

ახლა აკურატულად დახატული ისარი მანიშნებს რომ გასასვლელი ზემოთაა.

ამას ქვია მკვდრეთით აღდგომა.

დერეფანს იმავე მიმართულებით მივუყვები რა მიმართულებითაც სხვები, აღარც ჩემი წითელი ფეხსაცმელი მგონია უადგილო და ენაც დიდად აღარ მეწვის.

ისევ მუსიკა. ახლა ვედრების ნაცვლად, ფიქრებს მადლობის ტონში ვაყოლებ.

-Hare Krishna! მგონი ამჯერად გადავრჩი.

-Hare Rama! მწეველი არასოდეს უნდა გაუშვა გულმკერდის რენტგენზე.

-My sweet Lord! ერთ ღერსაც მოვწევ და წავალ.

ბინძურ საფერფლესთან ვდგები და ვუკიდებ, ასე გემრიელად არასოდეს მომიწევია.

ფიქრები უკვე სხვა მიმართულებით გამირბიან.

–იქნებ ამ წელს მაინც შეიცვალოს რამე. Hare Krishna!

–იქნებ ამ წელს მაინც ვიყო ბედნიერი. Hare Rama!

– My sweet Lord! My sweet, sweet Lord!

images