Give a Little Bit of Your Love in 2017


წლის ბოლომდე სულ რამდენიმე დღეღაა დარჩენილი, ამიტომ სუფთა სინდისით ვიწყებ წლის შემაჯამებელი და წინასაახალწლო პოსტის წერას.

საჩუქრების კეთებაზე ვგიჟდები, ასე ძალიან მგონი არაფერი მიყვარს. რამდენად გამომდის ეს მეორე საკითხია. იქიდან გამომდინარე რომ ყოველთვის ვცდილობ ადამიანებს ის საჩუქარი გავუკეთო, რაც მათ ყველაზე მეტად გაუხარდებათ, ლამის თვეებით ადრე ვიწყებ ფიქრს ვის რა ვუყიდო.

წელს, ჩემთვის თითქმის სრულიად უცნობი ადამიანისთვის მიწევს საჩუქრის ჩუქება, ამიტომ წარმოდგენა არ მაქვს რა გაუხარდება. შაბათ-კვირას ლამის ყველა მაღაზია მოვიარე შესაფერისი საჩუქრის ასარჩევად. უკვე დანებებას ვაპირებდი რომ “ბიბლუსში” ფამუქს და მის მუზეუმს გადავეყარე. როდესაც არ იცი კონკრეტულ ადამიანს რა გაუხარდება, ისეთი რამ უნდა აჩუქო რაც შენთვისაა განსაკუთრებული და საყვარელი. ცოტა უცნაურად კი ჟღერს მაგრამ ასეა. საჩუქარი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს იმის გამო რომ ის ვინც ამ საჩუქარს გჩუქნის, ასაბუთებს ამ საჩუქრის უნიკალურობას.

კარგი, დიდად რომ არ ჩავხლართოთ, ორჰან ფამუქის “ნივთების უმანკოება” ვიყიდე, თანაც 2, ისე მომეწონა ვერც ჩემ თავს ვუთხარი უარი ამ საჩუქარზე. წინგი უმანკოების მუზეუმის კატალოგივითაა, თითოეული ნივთის მნიშვნელობა და ისტორიაა აღწერილი. მოკლედ, ესაა წიგნი უმნიშვნელო ნივთებისა და უმნიშვნელო მოვლენების მნიშვნელობაზე. ჰოდა, ეს საჩუქარი ჩუქების შემდეგ თავის მხრივ ზუსტად ასეთი ნივთი გახდება, ნივთი რომელსაც საკუთარი უმნიშვნელო ისტორია ექნება.

2016 სწორედ უმნიშვნელო მოვლენებისა და უმნიშვნელო ნივთების მნიშვნელობების აღმოჩენის წელი იყო ჩემთვის.

აგვისტოს მიწურულს სწორედ ასეთი ნივთები ჩავალაგე ერთ პატარა ყუთში, ნივთები, რომლებიც ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, ნივთები რომლებსაც ერთმანეთთან არაფერი აქვთ საერთო, მაგრამ პატარა ისტორიებს ყვებიან, ისტორიებს რომლებიც ერთი დიდი ისტორიის ნაწილს წარმოადგენენ, იმ ისტორიის, რომლის დასაწყისიც უმნიშვნელო და არაფრით გამორჩეული მოვლენა იყო, საბოლოოდ კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ყუთი, რომელშიც მაგალითად სანახევროდ გამოცლილი Jack Daniel’s-ის ბოთლი დევს, რომელიც იმ დღეს დავლიე, როცა ცოტა მეტი გამბედაობა მჭირდებოდა თინიკო რომ ფინიკიდ მექცია. მოკლედ წელს მეც ნივთების უმანკოება აღმოვაჩინე.

გადავწყვიტე თითოეული ისტორიის დასასრულს ასეთი ყუთები გავაკეთო. ნივთები რომლებიც კონკრეტულ ისტორიას ყვებიან ყუთში უნდა ჩავალაგო და შევინახო, იმისთვის რომ შემდეგ, ოდესმე ამოვალაგო და თავიდან განვიცადო ისტორიები რომლებიც ამ ნივთებმა შეინახეს. ნივთების უმანკოება და ნივთების მეხსიერება იმით უნდა შევინარჩუნო, რომ ეს ნივთები სხვა ისტორიებით არ დავამძიმო, არ გავაუფერულო და უმანკოება არ წავართვა.

ახლა ისევ 2016-ს დავუბრუნდეთ. ჰო, როგორც აქამდეც ვთქვი, 2016 ნამდვილად მაიმუნური წელი იყო, მაგრამ არ შემიძლია აქვე არ ვაღიარო, რომ ყველა ამ მაიმუნობამ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. 2017-ს სრულიად ახალი ადამიანი ხვდება, ადამიანი, რომელიც წინა წლებში ბლოგზე “ფინიკის” სახელს ამოფარებული იმალებოდა.

ბევრი ისეთი ნაბიჯი გადავდგი, რასაც არასოდეს გადავდგამდი, ბევრი ისეთი ემოცია განვიცადე, რომელიც არასოდეს განმიცდია. ჰოდა, ხომ იცით, ერთ ნაბიჯს რომ გადადგამ, მერე უკან დაბრუნება უფრო რთულია, ვიდრე წინ წასვლა, ჰოდა, მივდივართ წინ.

წელს სხვანაირი ახალი წელია, მე არ მაქვს თვითმფრინავის ბილეთი ბუდაპეშტის მიმართულებით. არც იმ განცდის დადგომას ველოდები, რომელიც მხოლოდ მაშინ დგება როცა გაფრენის ღამეს ტაქსი მოგაკითხავს, მანქანაში ჩაჯდები და აი, უცებ ყველაფერი უკან დარჩება. წელს სხვანაირი წელი იყო და ახალი წელიც სხვანაირი იქნება.

აკვიატებული მაქვს რომ 2007 წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო. აი, წარმოდგენა არ მაქვს ნამდვილად ასეა თუ არა, მაგრამ ასე მჯერა და მორჩა. ნუმეროლოგიის მიხედვით მე 7 ვარ, წინ კი 2017 წელია, ძალიან რთული 2016 წლის შემდეგ მოდის 7 და მე, სრულიად შეცვლილი ვხვდები წელს, როდესაც ბედნიერების 10 წლის თავი უნდა ვიზეიმო.

უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ყველა საახალწლო პოსტს კონკრეტული სიმღერის მოტივებზე ვწერ და ასე გამოვხატავ მოლოდინებს მომავალი წლის მიმართ. 2014 რომ დგებოდა my sweet lord-ს ვღიღინებდი, 2015-ს ground control-ითა და სასურველი ცვლილებების დადგომის უიმედობით ველოდებოდი, 2016-ს remember-ს ვმღეროდი და ისე გამოვიდა რომ ეს წელი, თავისი პატარა ისტორიებით, მართლა ყველაზე მნიშვნელოვან მოგონებად იქცევა მომდევნო წლების განმავლობაში.

რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი რომ წლევანდელი ახალი წლის სიმღერა Other lives – End of the year უნდა ყოფილიყო და უნდა მეთქვა this time of the year, won’t bring us tears, მაგრამ გადავიფიქრე, ეს სიმღერა უკვე იყო, იყო აგვისტოში, როდესაც 30 წლის დადგომა ჩემთვის სწორედაც რომ ახალი წლის მოსვლას ნიშნავდა. ახლა, სხვა რამ გვჭირდება, არ უნდა გავმეორდეთ, წინ მნიშვნელოვანი წელი გვაქვს და პოზიტიური, ენერგიული განწყობით უნდა შევხვდეთ.

ჰოდა, წარმოგიდგენთ 2016 წლის დეკემბრის სიმღერას, რომლითაც ველოდებით 2017 წელს. Supertramp 2016 წელს აღმოვაჩინე, რაც ძალიან დიდ აღმოჩენად იქცა ჩემთვის (ბევრი მიზეზის გამო), ამიტომ ლოგიკური იქნება რომ წლევანდელი დეკემბრის ჰიმნად სწორედ Supertramp-ის სიმღერა იქცეს.

Give a little bit of your love to me
I’ll give a little bit of my love to you
There’s so much that we need to share
Send a smile and show you care.

ძალიან ბევრ პოზიტივს, დადებით ემოციას, სიყვარულს და ბედნიერებას გისურვებთ 2017 წელს!

Advertisements

Departures და Arrivals


ერთმა ადამიანმა მითხრა თუ ბედნიერი სახეების ნახვა გინდა აეროპორტის Arrivals დარბაზში უნდა წახვიდეო. ის ადამიანებიც კი რომლებიც ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ Departures-ში უგონოდ დასევდიანებულები ელოდებოდნენ მათი ფრენის გამოცხადებას, დანიშნულების პუნქტის მიღწევისას, რაღაცნაირად ბედნიერი სახეებით გამოდიან Arrivals დარბაზში. ყველაზე რთული მაინც დამშვიდობების მომენტია და არა ის, რაც მას შემდეგ მოსდევს.

ყველაზე დეპრესიული მომენტები “დამშვიდობებასთანაა” (ადამიანებთან, ადგილებთან, სიტუაციასთან) დაკავშირებული. ამ სიაშია ნაძვის ხის დაშლა, ჩემოდნის ჩალაგება და Departures დარბაზისკენ გეზის აღება. როდესაც წასვლა ახლოვდება ყველაზე მეტად მინდა ხოლმე რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგეს აფრენის მომენტი, დროზე გავეცალო მათ ან იმ სიტუაციას, რომლებთანაც დამშვიდობება ყველასთვის კარგად ნაცნობ ბურთს მაყლაპინებს და მიჩხერს ყელში. ეს “პლასტერის” ერთიანად აძრობას გავს, რაც უფრო დიდ ხანს და ნელა იძრობ, მით უფრო გტკივა.

Arrivals-ში გამოსვლისას ყველაფერი უკვე უკანაა დარჩენილი და რაღაც ახალი იწყება. გინდა, არ გინდა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, უკვე დაიწყო და შესაბამისად შენც ფეხის აწყობის გარდა არაფერი დაგრჩენია.

დღეს ეს სიმღერა იმაზე თემატური აღმოჩნდა, ვიდრე გუშინ წარმოვიდგენდი როცა ამ პოსტის დაწერა გადავწყვიტე.

დღეს დამშვიდობებების დღეა, როცა “პლასტერის” ერთიანად ახევა არ გამოდის.

Ground Control to Major Tom (Ten, Nine, Eight, Seven, Six)
Commencing countdown, engines on (Five, Four, Three)
Check ignition and may God’s love be with you (Two, One, Liftoff)

P.S. Safe flight David and may God’s love be with you.

Remember


მესამე წელია სიმღერებზე აწყობილი განწყობით ველოდები ახალ წელს.

წელს აღმოვაჩინე რომ ყველა საშობაო/საახალწლო ფილმზე (სერიალის სერიაზე) მეტირება. ჰო, უკიდურეს კომედიებზეც კი.

წლის ეს დრო ყველაზე „ადამიანურია“ ჩემთვის (თუმცა ზუსტად არ ვიცი რას ვგულისხმობ „ადამიანურში“).

ამიტომ მიყვარს, ყველა თავისი იმედგაცრუებით და ყველა თავისი მოლოდინით.

ეს ის დროა როცა გადამეტებული „ადამიანურობა“ „გვეპატიება“.

2014 წელი რომ დგებოდა ვწერდი:

–იქნებ ამ წელს მაინც შეიცვალოს რამე. Hare Krishna!

–იქნებ ამ წელს მაინც ვიყო ბედნიერი. Hare Rama!

– My sweet Lord! My sweet, sweet Lord!

2014 წლის მიწურულს, 2015-ს რომ ველოდებოდი:

-Ground Control to Major Tom.

-ცვლილებებისთვის მზად არ ვარ.

-Ground Control to Major Tom.

-მგონი არც არასოდეს ვიქნები.

-Take your protein pills. put your helmet on. – ეს სხვისთვისაა. მე არ მოვფრინავ.

არც გავფრენილვარ, 1 წელი გავიდა და უკვე ბევრი ვერტმფრენი გაფრინდა უჩემოდ.

ან არა, გავფრინდი, გადაწყვეტილებას ყოველთვის ვიღებ, ერთ ვერტმფრენს თუ არ ვახტები, სხვა მიმართულებით მიმავალს მაინც ყოველთვის მივყვები ხოლმე.

წელს ჩემს ცხოვრებას მუსიკალურად აფორმებდნენ:

  1. Chinatown – Meet me, in the evening, for a kiss, in Taksim square – სულ დამავიწყდა რომ წელს დიდი ხნის ოცნება ავისრულე და სტამბულში დაკოჭლებამდე ვიბოდიალე;

  2. The Smiths – I Know It’s Over – წერტილიც დავსვი, ბუდაპეშტში, ერთ ღამეს, როცა არ მეძინებოდა;

  3. Other Lives – The Sun Will Freeze – იქნებ ამ ჯერზე მაინც მქონდეს რამე მოსაყოლი. – მეთქი. ეს იმ ოპერიდანაა ვერტმფრენზე შეხტომის რომ მჯერა ხოლმე;

  4. Other Lives – Take Us Alive – ახლა, ისეთ სტადიაზე ვარ, ნებისმიერ გადაწყვეტილებას (რასაც ადრე არავითარ შემთხვევაში არ მივიღებდი) მივიღებ და ნებისმიერ გამოწვევას დავთანხმდები. – მეთქი. ჰოდა, ვინმემ დაიჯერა?!

  5. Nancy Sinatra – These Boots Are Made for Walkin’ – ძვირფასო, “დამპალო ნაბიჭვარო”, this is sad on so many levels. – მეთქი. დასამატებელი არაფერი მაქვს;

  6. Lera Lynn – My Least Favorite Life – მე, როგორც დაავადება ანუ საერთაშორისო კლასიფიკაციით T11.8 – ზემო კიდურის სხვა დაუზუსტებელი ტრავმა, დაუზუსტებელ დონეზე გადავეკიდე სულ სხვა თავში მოხსენიებულ დიაგნოზს კოდით D12.5, ანუ სიგმოიდური კოლინჯის კეთილთვისებიან სიმსივნე-ს. – ეს იმდენი ხნის წინ დაიწყო, არ მგონია ოდესმე დასრულდეს;

  7. The Doors – The Way To The Next Whiskey Bar – ჰოდა, ვინაიდან დღეს ნაყინზე არავინ წამიყვანს, show me the way to the next whiskey bar. – უკომენტაროდ;

  8. Сергей Никитин – Со Мною Вот Что Происходит – დიდი დოზით ყოფილა D12.5 წელს;

  9. The Beatles – I’ll Be Back – განსაკუთრებული სასოწარკვეთისას მოსასმენი ფერადი სიმღერა;

  10. Özlem Bulut – Marco’nun Rakısı – უკან სტამბულში.

წლევანდელი დეკემბერი უფრო იმაზეა რაც იყო, ვიდრე იმაზე რაც იქნება.

Remember is a place from long ago

Remember, filled with everything you know

Remember, when you’re sad and feeling down

Remember, turn around.

Remember life is just a memory – ჩვენ ვართ ის რაც გვახსოვს, ჩვენი ცხოვრება მოგონებებისგან შედგება, დეკემბერი კი საუკეთესო დროა ყველაფრის ერთბაშად გასახსენებლად.

Remember close your eyes and you can see

Remember, think of all that life can be – ის რაც შეიძლება იყოს, შეიძლება იყოს 2016-ში. ახლა არც ვერტმფრენს ველოდები და არც ცვლილებები მაშინებს. არც გადამეტებული მოლოდინები მაქვს და არც ჩამოყრილი ყურები, ყველაფერი კარგად იქნება, მანამ სანამ ყველაფერი კარგადაა.

იქნება თუ არა 2016 გამორჩეული? რა თქმა უნდა იქნება, რომელი წელი არ იყო გამორჩეული?!

ფუსფუსის, შეჯამების, იმედების, გეგმების, ზრუნვის და ადამიანობის გამოხატვის პერიოდი გვიდგას და გამოვიყენოთ.

წლის ყველაზე საოცარი პერიოდია, როცა სითბოს გამოხატვა გვეპატიება.

giphy

Ground Control


ადრე ზუსტად ვიცოდი რომელი სეზონი მიყვარდა და რატომ. ახლა ზუსტად ვიცი რომელი სეზონი არ მიყვარს და რატომ. საერთოდ, მგონია რომ არ შეიძლება გიყვარდეს ერთი კონკრეტული სეზონი და არ გიყვარდეს მეორე. რა თქმა უნდა ზოგადი დამოკიდებულების დონეზე შეიძლება შევთანხმდეთ რომ გვიყვარს სითბო და არ გვიყვარს სიცივე, მაგრამ ყველაფერი მაინც მომენტებამდე დადის, იმ მომენტებამდე რომლებსაც კონკრეტულ სეზონზე ველოდებით. მიუხედავად იმისა რომ ალბათ შუალედურ/გარდამავალ სეზონებს ერთი შეხედვით არაფერი ჯობია, მაინც არ მგონია რომ შეიძლება რომელიმე მათგანი გიყვარდეს ან ვერ იტანდე, შუალედურს (თუნდაც ამ სიტყვიდან გამომდინარე) უფრო ისეთი დამოკიდებულებები შეესაბამება როგორცაა “მომწონს” ან “არ მომწონს”. სიყვარულით კი ან ზამთარი უნდა გიყვარდეს და ან ზაფხული.

ვიცი, ვიცი ვაჭარბებ და ასეც რომ არ იყოს, ამაზე სასაუბროდ ნამდვილად არ დავბრუნებივარ აქაურობას.

ისეთი ადამიანების ცხოვრებაში როგორიც მე ვარ ყველა ისტორიას გააჩნია თავისი სიმღერა, მათ შორის იმ ისტორიებსაც რომლებიც არასოდეს მომხდარა. ჰოდა, დღეს იმ ისტორიის დასრულების დღეა, რომელიც არასოდეს დაწყებულა, არასოდეს დაწყებულა მაგრამ თავისი სიმღერა ქონდა, ის სიმღერა ახლა სიმბოლურად რომ მაქვს ჩართული.

ერთი წლის წინ ვწერდი:

–იქნებ ამ წელს მაინც შეიცვალოს რამე. Hare Krishna!

–იქნებ ამ წელს მაინც ვიყო ბედნიერი. Hare Rama!

– My sweet Lord! My sweet, sweet Lord!

ახლა ვფიქრობ:

-Ground Control to Major Tom.

-ცვლილებებისთვის მზად არ ვარ.

-Ground Control to Major Tom.

-მგონი არც არასოდეს ვიქნები.

-Take your protein pills. put your helmet on. – ეს სხვისთვისაა. მე არ მოვფრინავ.

აი ხომ არსებობს მომენტები როდესაც გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გაქვს მისაღები, გადაწყვეტილება რომელიც ყველაფერს შეცვლის და სულ სხვა რელსებზე გადაგიყვანს, მომენტები რომლებსაც თამამად შეიძლება ეწოდოს გარდამტეხი, ის მომენტები რომლებიც უფერული, ოთახში გამომწყვდეული, უინტერესო ადამიანისგან იმად გაქცევს, რაც შენი ღრმა რწმენით აუცილებლად უნდა ყოფილიყავი?! არსებობს, არსებობს და რამდენ ასეთ მომენტში გავუშვი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ხელიდან არავინ იცის. ჰო, მე მთლიანად ვიმართები შიშით. სულ სხვადასხვა რამის მეშინია, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთი, მსუქანი, გრანდიოზული მიზეზი იმისა თუ რატომ ვარ ფინიკი მხოლოდ კლავიატურაზე, არის შიში.

ჰოდა, ზუსტად ამით აიხსნება წრეები, რომლებსაც ასე ძალიან ვერ ვიტან. ზუსტად ამიტომ ვამტკიცებ რომ ჩემი ცხოვრება ერთ მოჯადოებულ წრეზე სიარულის მეტი არაფერია. ასეა, საჭირო მომენტში ვერასოდეს ვიღებ “ვერტმფრენზე შეხტომის” გადაწყვეტილებას, მე ის ვარ ვინც ლუდის კათხით ხელში, ისე უშვებს არსაიდან გამოჩენილ შანსს ხელიდან, რომ ჯერ კიდევ აქვს ამ შანსის გამოყენების დრო, აქვს და მაინც ახალს ელოდება.

სწორედ ამიტომ “Ground Control to Major Tom” – მე არ მოვფრინავ.

Commencing countdown, engines on. – ეს countdown მე არაფერში მჭირდება.

Check ignition – ვინმე სხვამ შეამოწმოს, ვისაც ენაღვლება.

and may God’s love be with you – გმადლობთ, აუცილებლად გადავცემ იმას ვინც გაფრენას გადაწყვეტს.

Ten, Nine, Eight, Seven, Six, Five, Four, Three, Two, One – თუ შეიძლება დაუჩქარეთ რა, ძალიან გაიწელა ეს ათი წამი დროში.

Liftoff. – როგორც იქნა!

თქვენ თუ არ შეცვლით რამეს, ახალი წელი ვერაფერს შეცვლის. თქვენ თუ არ მიიღებთ გადაწყვეტილებას, ყველაფერი თავისით გადაწყდება, თქვენ თუ ვერ ჩამოყალიბდებით საბოლოო ჯამში უნდა დაუსვათ თუ არა წერტილი “ნელის”, ის თავად მოვა და თქვენს მიერ დაწყებულ ისტორიაზე თვითონ დასვამს წერტილს, თან ისეთ წერტილს დასაწერიც რომ აღარაფერი გექნებათ.

მერე აღმოაჩენთ რომ მუსიკოსი და მისნაირი მოგონილი პერსონაჟები, მხოლოდ იმისთვის გჭირდებოდათ რომ გადაწყვეტილება არ მიგეღოთ, იმისთვის გჭირდებოდათ რომ რაც შეიძლება დიდ ხანს გაგეწელათ დროში წერტილის დასმის პროცესი. ბოლოს ნელი თავად შეახტება ვერტმფრენს და თქვენ იჯდებით ლუდის კათხით ხელში.

Ground Control to Major Tom

Commencing countdown,

engines on

Check ignition

and may God’s love be with you ნელი!