Love Rollercoaster


ისეთი დილაა, მძაფრსიუჟეტიანი ფილმის პირველი სცენა მგონია, აი, სანამ ფილმი დაიწყება და სათაური დაიწერება, სანამ გავიგებთ რომ Universal Pictures წარმოგვიდგენს… ასეთი დილა იმიტომ კი არაა რომ რაღაც ხდება, არა, იმიტომ რომ რაღაც უნდა მოხდეს, აი ჰაერში იგრძნობა რომ რაღაც უნდა მოხდეს.

მე ტაქსიში ვზივარ, მზიანი ამინდია, საშინელ საცობში ვართ გაჩხერილი, ტაქსის მძღოლი ხმას არ იღებს, ალაგ-ალაგ სიგნალების ხმა ისმის, დანარჩენი ხმები დახშულია, სათვალე არ მიკეთია და კადრი ბუნდოვანია, გვერდზე მანქანაში საჭესთან ვიღაც ბიჭი ზის, კარგ ხასიათზეა, ხმამაღლა იცინის და ლაპარაკობს, თან აქეთ-იქით იყურება, ამასობაში მოტოციკლი დიდი სიჩქარით და ბღუილით არღვევს საცობს და წინ მიიწევს, შორიდან პოლიციის სირენების ხმა ისმის, ცოტა წინ მივიწევთ, თეთრი ავტომობილის მძღოლი ისევ ღლიცინებს, ტაქსი სხვა ხაზში გადადის და კატაფალკას უდგება უკან, ისევ მივიზლაზნებით…

ეს უნდა წარმოიდგინო! მოკლედ, რაღაც უნდა მოხდეს, ფილმი უნდა დაიწყოს, როგორი ფილმი იცი? Final Destination-ის მაგვარი ან იქნებ რომელიმე კარგი კომედია?! რა ვიცი.

სამსახურში ვაგვიანებ, პარალელურად იმაზე ვფიქრობ რომ კვირა იწურება და საკუთარ თავთან დადებული შეთანხმების მიხედვით მოსაფიქრებელი მაქვს ამ კვირაში რა უნდა გავაკეთო ცხოვრებაში პირველად (გადაწყვეტილია, რომ ყოველი მომდევნო კვირის განმავლობაში რაღაც ახალი უნდა ვცადო, ყოველთვის უნდა მქონდეს კითხვაზე პასუხი when was the last time you did something for the first time? როდის და this week!).

***

დღე იწურება, მე ისევ ტაქსიში ვზივარ, ისევ არაფერი მომიფიქრებია, ისევ ხარხარის ხმა შემოდის, ამჯერად ქალის, სათვალე ისევ არ მიკეთია, სასაფლაოებთან გავდივართ და დილა მახსენდება. ჯერ ისევ არ ვიცი რას წარმოგვიდგენს Finiki Pictures, მაგრამ კომპიუტერზე პაროლი შევცვალე და რაც სანაგვეზე იყო მოსასროლი, კომპიუტერის პაროლების ისტორიულ არქივში გადავუძახე.

რაღაც უნდა მოხდეს.. რაღაც კარგი და არავითარი final destination!

Advertisements

These Boots Were Made For Walking


მომკალი და წარმოდგენა არ მაქვს საიდან ამომიტივტივდა თავში ფრაზა „დამპალო ნაბიჭვარო“, ალბათ რომელიღაც ქართულად გახმოვანებულ ფილმში მოვისმინე, ჰოდა, ახლა სრულიად დაუსაბუთებლად მომინდა ამ პოსტში ამ ფრაზის გამოყენება, რომელიც რეალურად არც არაფერს გამოხატავს, უბრალოდ უხდება (ყოველგვარი შინაარსის გარეშე).

დღეს ასეთი დღე მაქვს, მთელი დღეა მეფიქრება ყველაფერზე, აი აბსოლუტურად ყველაფერზე და დასკვნების სახით ფილმებში მოსმენილ ან სადღაც წაკითხულ ფრაზებს ვაჟღერებ.

საიდან გამიჩნდა იდეა, დღეს, ამდენი წლის შემდეგ გამხსენებოდი, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ დიდ ხნიანი ფიქრის შემდეგ მიღებული დასკვნა შემიძლია გაგიზიარო – “this is sad on so many levels”.

ბოლო პერიოდში, ჩემი ცხოვრება სულ გამოვაფილმე და მეც გამოვპერსონაჟდი. ალბათ ხვდები რომ გამო-თი დაწყებული კარგს არაფერს ნიშნავს.

ბევრი ფიქრის შემდეგ რამდენიმე ნაკლი მაინც გიპოვნე, პირველი, რომელიც არ შემიძლია არ აღვნიშნო, შენი საერთოდ გამაოგნებელი მუსიკალური გემოვნებაა (ვერ ვიტყვი რომ უცნაური „მიქსებით“ მე არ გამოვირჩევი (თურქული სიმღერებიდან დაწყებული, Astral Projection-ით დამთავრებული (ამათ შორის რა არის ზუსტად არ ვიცი) ყველაფერია ჩემს „ფლეილისთში“), მაგრამ შენ მაინც სულ სხვა დონეზე გყავს ეს ყველაფერი აყვანილი და ერთი ფავორიტი მიმდინარეობა მაინც გამოირჩევა, რომელიც ჩემთან „თურქული სიმღერებიდან დაწყებული, Astral Projection-ით დამთავრებული“-ში რაც შედის, იმაშიც კი არ ხვდება.

პრინციპში ეს და სხვა „ნაკლები“ ადრეც მქონდა აღმოჩენილი, აქედან გამომდინარე „ნაპატიებიც“ და „ჩამოწერილიც“ მაქვს.

ამიტომ მაინც ვიტყვი რომ გამოფილმებული ცხოვრებითა და გამოპერსონაჟებულობისგან გაცხელებული თავით შენ რომ გამახსენდი, ეს ჩემს დიდ გამოხელებისჩამოყრილობაზე მიუთითებს.

რასაც არ უნდა ნიშნავდეს წინა წინადადება.

არსად მიწერია და აქ მაინც დავწერ, რომ ფინიკი პირველად შენთან დავირქვი და მერე ისე მოვირგე, რომ შემრჩა ამდენი წლის განმავლობაში.

ჰოდა, ძვირფასო, “დამპალო ნაბიჭვარო”, this is sad on so many levels.

You keep saying you’ve got something for me.
something you call love, but confess.
You’ve been messin’ where you shouldn’t have been a messin’
and now someone else is gettin’ all your best.

These boots are made for walking, and that’s just what they’ll do
one of these days these boots are gonna walk all over you.