La Vie En Rose


ვსვამ საუკუნის წინანდელ, უკვე დაძმარებულ, ფერშეცვლილ ღვინოს და ველოდები როდის დამიწყნარდება პულსი, რომ შემდეგ სხვა მიზეზით ამიჩქარდეს.

ალკოჰოლი (თუნდაც ძმრად ქცეული ღვინო) ორმაგ ეფექტს ატარებს, ჯერ დალევის მიზეზის გამო არსებულ სიმპტომატიკას კურნავს, შემდეგ იგივე სიმპტომებს აბრუნებს და მიზეზს ცვლის.

ედიტ პიაფის შავ-თეთრი მუსიკა უხდება სიტუაციას, თან როცა La Vie En Rose-ს მღერის.

პარიზი მომენატრა.

დაბადება (ადამის არა)


ჩემთვის და ფინიკისთვის მაისი მნიშვნელოვანი თვეა, ფინიკისთვის იმიტომ რომ დაბადების დღე აქვს, თინიკოსთვის კი ამასთან ერთად ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს.

ფინიკი 6 წლისაა, ნუ აქაური ფინიკია 6 წლის, ისე კი პირველად 9 წლის წინ გა(მო)ჩნდა, თუმცა მისი პირველი დაბადების გახსენება დიდად არ მიყვარს, ისეთ რაღაცებს მახსენებს, რითიც არც თინიკო ამაყობს და არც ფინიკი.

მიყვარს ფინიკიზე განყენებულად საუბარი, ამ დროს მართლა მგონია რომ საერთო თითქმის არაფერი გვაქვს და სანამ თინიკო, თინიკოა, ფინიკი თავისთვის აგრძელებს ცხოვრებას, სადღაც პარალელურ განზომილებაში.

ეს სახელი ისეთი ჩემი გახდა რომ პირვანდელი დატვირთვა დაკარგა და უფრო საზოგადოდ იქცა, ისეთი აღარაა როგორიც მაშინ იყო, როდესაც 1 კონკრეტული პიროვნებისთვის შექმნა. ახლა, ამ პიროვნების გახსენება არც მე მინდა და არც ფინიკის, ვინდაინ ფინიკი მართალია ისევ მოგონილია, მაგრამ ერთი ადამიანის ექსკლუზივს აღარ წარმოადგენს.

შეიძლება ითქვას რომ 2007-სა და 2010 წლებს შორის ფინიკი საერთოდ არ არსებობდა და შემდეგ ისე გაცოცხლდა რომ ვისთვისაც თავდაპირველად შეიქმნა, მას არაფერი გაუგია, რაც კარგია, ვინაიდან სანამ ფინიკის ჯერ კიდევ ქონდა ამ ადამიანზე ბოდვის სურვილი, ამ სურვილს ისე იკმაყოფილებდა, ადრესატი ვერაფერს იგებდა. შემდეგ კი ერთი ადრესატი შეცვალა მეორემ, მესამემ და ასე გადაიქცა ფინიკი დამოუკიდებელ განშტოებად.

ფინიკის და მას, ვის ექსკლუზივსაც ფინიკი წარმოადგენდა, ერთ დროს აქვთ დაბადების დღე, თუმცა ეს სრულიად გაუაზრებლად და დაუგეგმავად მოხდა, ამიტომ როდესაც ერთს ვულოცავ, მინდება მეორესაც მივულოცო, მაგრამ ვინაიდან მეორეს ჩემთან არაფერი აქვს საერთო, ფინიკიმ მიულოცოს თუ ასე ჩათვლის საჭიროდ, მე მაგ ტერიტორიაზე არაფერი მესაქმება.

ძალიან მაგარი შეგრძნებაა პასუხისმგებლობის მთლიანად მოხსნა და მოგონილ, ციფრულ სივრცეში მცხოვრებ არსებაზე გადაბარება. ყველაფერი რაც ფინიკის 2010 წლის ხელახალ დაბადებამდე მოხდა, ყველაფერი რისი გახსენებაც არ მიყვარს, ფინიკის საკუთრება გახდა, ხოლო ფინიკიმ საკუთარ თავს უკვე ყველაფერი „აპატია“ და ყველა მოვლენა თუ პერსონა ისე ჩამოწერა, მათ აღარც მე ვიხსენებ და აღარც ფინიკი (ჰო, დღეს გამონაკლისია).