Arrivals


ცაში ღრუბლები ატომური აფეთქების იმიტირებას ახდენენ, მე გვერდზე მჯდომს ვუტრიალდები, მხარზე ხელს ვადებ და ვეუბნები: “ნახე, სოკო ამოსულა.”

აფრენისას მაგრად შეგვაჯანჯღარებს და ვარშავაში, წვიმის შემდეგ, სოკოებივით ამოსულ ყველა ფიქრს გამოგვიფერთხავს თავიდან. მოსახარშად შემოდგმულ ფიქრებში ვერცხლის კოვზს ჩავაგდებ, გაშავებას დაველოდები და თუ აღმოჩნდა რომ შხამიანი შემყვა, მთელ პარტიას სანაგვეზე მოვისვრი. სახლში ისევ სახსრების ჭრაჭუნით მივალ, მშობლიურ ლოგინში შევწვები და თითქმის გათენებულ ოთხშაბათზე ფიქრით დამეძინება.

როგორც ამბობენ ყველაზე მეტი ბედნიერი სახის ერთდროულად ნახვა მხოლოდ აეროპორტის arrivals დარბაზშია შესაძლებელი.

ცუდ ხასიათზე ყოფნისას უცხო ადამიანებს უნდა დავხვდე ხოლმე ბუშტებით.

აფრენამდე დარჩა 3 საათი
Advertisements

Departures და Arrivals


ერთმა ადამიანმა მითხრა თუ ბედნიერი სახეების ნახვა გინდა აეროპორტის Arrivals დარბაზში უნდა წახვიდეო. ის ადამიანებიც კი რომლებიც ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ Departures-ში უგონოდ დასევდიანებულები ელოდებოდნენ მათი ფრენის გამოცხადებას, დანიშნულების პუნქტის მიღწევისას, რაღაცნაირად ბედნიერი სახეებით გამოდიან Arrivals დარბაზში. ყველაზე რთული მაინც დამშვიდობების მომენტია და არა ის, რაც მას შემდეგ მოსდევს.

ყველაზე დეპრესიული მომენტები “დამშვიდობებასთანაა” (ადამიანებთან, ადგილებთან, სიტუაციასთან) დაკავშირებული. ამ სიაშია ნაძვის ხის დაშლა, ჩემოდნის ჩალაგება და Departures დარბაზისკენ გეზის აღება. როდესაც წასვლა ახლოვდება ყველაზე მეტად მინდა ხოლმე რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგეს აფრენის მომენტი, დროზე გავეცალო მათ ან იმ სიტუაციას, რომლებთანაც დამშვიდობება ყველასთვის კარგად ნაცნობ ბურთს მაყლაპინებს და მიჩხერს ყელში. ეს “პლასტერის” ერთიანად აძრობას გავს, რაც უფრო დიდ ხანს და ნელა იძრობ, მით უფრო გტკივა.

Arrivals-ში გამოსვლისას ყველაფერი უკვე უკანაა დარჩენილი და რაღაც ახალი იწყება. გინდა, არ გინდა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, უკვე დაიწყო და შესაბამისად შენც ფეხის აწყობის გარდა არაფერი დაგრჩენია.

დღეს ეს სიმღერა იმაზე თემატური აღმოჩნდა, ვიდრე გუშინ წარმოვიდგენდი როცა ამ პოსტის დაწერა გადავწყვიტე.

დღეს დამშვიდობებების დღეა, როცა “პლასტერის” ერთიანად ახევა არ გამოდის.

Ground Control to Major Tom (Ten, Nine, Eight, Seven, Six)
Commencing countdown, engines on (Five, Four, Three)
Check ignition and may God’s love be with you (Two, One, Liftoff)

P.S. Safe flight David and may God’s love be with you.