30 – დაბრუნება


რაღაცნაირად მოშვებული ვარ, დასუსტებულიც. ავადმყოფობის და უმადობის გამო ზედმეტად დასუსტებული ვაცილებ აგვისტოს. კიდევ ერთი აგვისტო და კიდევ ერთი ზაფხული მთავრდება. არ მიყვარს დასასრულები, თან ისეთი რაღაცების დასრულება რაც მიყვარს, მაგრამ ახლა ამაზე დიდად არ ვდარდობ. ყველაფერი პასიურად მიედინება, რაღაცების პარალელურად, დიალოგების, სამსახურის, ტრანსპორტის, წყვეტილი ფიქრების პარალელურად. პარალელურად ვცხოვრობ და ყველაფერს მივედ-მოვედები.

ჯადოსნური პერიოდი დასრულდა, შემდეგი წლის ივლისამდე შესვენება გვაქვს მე და ფინიკის. ფინიკი ისევ თავისთვის იწყებს ცხოვრებას და თინიკო ისევ ხდება ის ვისაც ფინიკისთან საერთო არაფერი აქვს.

ერთი შეხედვით დიდად არაფერი მადარდებს, თუმცა სინამდვილეში ყველაფერზე ერთდროულად ვნერვიულობ და საბოლოოდ ისე გამოდის რომ მივლასლასებ, ცხოვრებას კუდში მივყვები და ვერაფრით ვეწევი. ზედმეტად ბევრი რამ ხდება იმისთვის რომ ყველაფრისთვის გამოვნახო დრო, ამიტომაცაა რომ ფიქრებიც წყვეტილი მაქვს, ხასიათიც, საქმეც და ცხოვრებაც. წყვეტილი ცხოვრებით ვცხოვრობ.

რეაბილიტაციისთვის დრო მჭირდება. ზაფხულის შემდგომი რეაბილიტაცია მჭირდება და ჩემს ცხოვრებაში პირველად ბათუმში უიკენდებზე წასვლა გამოსავალი არაა.

ზოგადად ხომ მიიჩნევა რომ 30 გარდატეხების ასაკია, მეც ხომ მჯეროდა ამის?! ჰოდა, მართლა ასე აღმოჩნდა, ცოტა შემოლაწუნება, ცოტა გამოფხიზლება. გამოფხილზებისთვის თუ ზედმეტი ძალით შემოულაწუნებ ადამიანს, უარესად გაითიშება, ჰოდა მგონი ეგ მჭირს და იქნებ რაიმე სხვა მეთოდით გამომაღვიძოთ?

ცხოვრებაში პირველად არ ვიცი სად მინდა ყოფნა, ადრე ყოველთვის ვიცოდი სად არ მინდოდა და სად მინდოდა, ახლა მხოლოდ ის ვიცი რომ იქ არ მინდა სადაც ვარ, მაგრამ სად მინდა წარმოდგენა არ მაქვს, იმიტომ რომ არსად ყოფნა არ მინდა.

გამოცარიელებული ვარ და ცხოვრებაში პირველად არ მაქვს დეჟა ვუს შეგრძნება. ადრე სულ იმაზე ვწუწუნებდი წრეებზე დავდივარ მეთქი, მხოლოდ პერსონაჟები იცვლება, სცენარი იგივეა მეთქი. ახლა პირველად არ მაქვს ეს განცდა. მართალია წრე შევკარი, მაგრამ სხვანაირი, სხვა რელსებზე, სხვა ბილიკით, სხვა ფინიშზე გავედი. ისე კი მართალი ხარ ფინიკი, წრე წრეა, რა მნიშვნელობა აქვს რომელი გზით შეკრავ ამ წრეს, ზოგად სიბრტყეზე ხომ მაინც იგივეა. იგივე ვარ, ცოტა უფრო მეტი ემოციური ტვირთით, ვიდრე აქამდე, ცოტა უფრო მძიმე ემოციებით, ცოტა უფრო ნაკლები სხეულის მასით. ესეც წრეა, გახსოვს ფინიკი, სხეულის მასა რატომ გვიმცირდება ხოლმე? იმიტომ რომ ემოციურად ვსუქდებით. ახლაც, გავსუქდით, თან მგონი ძალიან, აი ისე, სასწორზე დადგომის რომ გეშინია.

როგორც 25 წლის ფინიკიმ დაუწერა წერილი 30 წლის ფინიკის, მომინდა 30 წლის ფინიკის დაეწერა 35 წლის ფინიკისთვის. მგონი ვწერ, ოღონდ წერილს კი არა, უფრო დღიურს, რომელიც თავისთვის იქნება ჩემი ბლოგის დრაფტებში და თუ 5 წლის შემდეგ კიდევ მექნება ბლოგი და მემახსოვრება აქამდე მოსასვლელი გზა, აუცილებლად წავიკითხავ. თუ არადა ჭირსაც წაუღია 30 წლის ფინიკის ბოდვა, იმ ფინიკის რომელიც ბოლომდე არც ფინიკია და არც თინიკო, სადღაც გამოკიდებული არსებაა.

ახლა ერთადერთი რაც მართლა ძალიან მინდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენაა, რაც შეიძლება დიდ ხანს ყოფნა და საკუთარ სულში ხელების ფათური. ემოციური ბარგის გახსნა და გადმოლაგება, გადახარისხება და ახლიდან, უფრო აკურატულად ჩალაგება, არასაჭირო ნივთების სანაგვეზე მოსროლა.

ამ სიმღერამ ახალი დატვირთვა შეიძინა, ადრე მეგონა რომ D12.5-ს შეესაბამებოდა, ახლა ვხვდები რომ არც D12.5 და არც სხვა ვინმეა ამ სიმღერისთვის საჭირო, ახლა ზუსტად ასე ვარ – The nights that I twist on the rack, is the time that I feel most at home. რამდენიმე თვის წინ დავწერე პოსტი, რომელშიც ვთქვი ეს ბოლო პოსტია თეგით D12.5 მეთქი და მართლა ასე იყო, მაგრამ მაშინ რაღაცნაირი პრინციპულობა უფრო იყო ეს, ვიდრე სხვა რამ, ახლა კი ეს რაღაც კოდი (რომლის უკანაც ვიღაც უნდა იდგეს) იმდენად არაფერია, საერთოდ ფეხებზე მკიდია იქნება თუ არა ამ ან სხვა პოსტის თეგებში, იმიტომ რომ ამ სახელის უკან აღარაფერი დგას. აღარც ფინიკისთვის და აღარც თინიკოსთვის. ავადმყოფობა ზოგჯერ კურნავს სხვა ავადმყოფობას. ჰოდა, გილოცავ ახალი დაავადებით გამოჯანმრთელებას თინიკო.

როგორც ადრე, ახლაც გამოვივლებდი ფიქრებში სოდიან წყალს ანთების ჩასაქრობად.

რაზე და როგორ ფიქრია ახლა სწორი წარმოდგენა არ მაქვს. ბევრ არასწორ ფიქრს ვფიქრობ, ბევრ არასწორ დასკვნას ვაკეთებ, ბევრ მცდარ დარდს ვდარდობ და ბევრი უკუღმართი ემოცია მაქვს. ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს და ამიტომ მაქვს განცდა რომ ეს სხვა წრეა, ახალი წრე, რომელიც ადრე არასოდეს შემიკრავს. ჰო, ბევრი რამ დაემთხვა, მაგრამ დამთხვევების მიუხედავად ამ წრის შიგნით ბევრი ნაცნობი წრეა შეკრული. საკუთარ თავთან მიმართებაში გაკეთებული დასკვნები მეცნობა, არადა გადაგდებას ვაპირებდი უკვე.

ყველა დასასრული დასაწყისია, თუმცა ყველა დასაწყისი კარგი ისევე არაა, როგორც ყველა დასასრული ცუდი.

ეს არ არის ახალი ცხოვრება თინიკო, ეს უფრო დაბრუნებას გავს, დაბრუნებას იქ სადაც ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ დაბრუნება ხომ მაინც დაბრუნებაა.

გამარჯობა ფინიკი, წინ კიდევ ბევრი რამ გვაქვს, ოღონდ ჯერ გავარკვიოთ და გავიყოთ ვის რისი გადატანა მოგვიწევს.

30 წლის თინიკო.

Advertisements

It’s The End Of The Year


ჰო, ჩემთვის წლის დასასრული ამ დროს უფროა ვიდრე დეკემბერში, კი, წელი ზუსტად ახლა მთავრდება!

დღეს, 2016 წლის 7 აგვისტოს, საკუთარი თავისთვის მიწერილი წერილი გავხსენი, რომელიც ზუსტად 5 წლის წინ დავწერე 30 წლის ფინიკისთვის (ან რაღა ფინიკისთვის, ახლა მაინც მოვიხსენიებ ჩემს თავს სახელით – თინიკოსთვის) როგორც ეს წერილი დავწერე 11 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე, ასევე გავხსენი და იცი რატომ? იმიტომ რომ ახლა საშინლად არ მეძინება, ახლა ძალიან არეული ვარ და ჩემი ამ დღეების საუნდთრეკი მიმღერის:

It’s the end of the year
But it’s not too late

დიახ, it’s not too late! მერე რა რომ ახლა საშინლად ავჩუყდი და მეტირება, დიდი ხანია ასეთ მშვიდ განწყობაზე არ მიტირია და ვინ იცის იქნებ მომიხდეს კიდეც.

ჰოდა, ჩემო თითქმის 25 წლის თინიკო, დიდი ვერაფერი ამბები მაქვს. ჰო, კარგი, პირველ პუნქტში, რომელიც მიზნად დამისახე პლიუსი მაქვს, მართალია ცოტა სახეცვლილი ფორმით, მაგრამ მაინც შევასრულე და რომ მწერ თუ შეასრულე ვამაყობ შენითო, დადექი და იამაყე!

მეორე პუნქტზე მგონი აჯობებს საერთოდ გავჩუმდე, ყველაფერი ისევ იქაა გაყინული სადაც 2011 წელს იყო და მოდი ამის შეცვლის ვადა გავზარდოთ და შანსი 35 წლის თინიკოს მივცეთ ახალ წერილში. არა, თან როგორ გიწერია? აი, იცი როგორ? დარწმუნებული რომ იყავი 30 წლის ფინიკის (ისევ ვერ ვეძახი საკუთარ თავს ნამდვილ სახელს) წერილის კითხვისას ამაზე გულიანად გაეცინებაო. შენ წარმოიდგინე საერთოდ არ მეცინება თინიკო!

არ ვიცი რა ჭირად ჩათვალე წერილში ჩვენი მაშინდელი წონის მოხსენიება საჭიროდ, მაგრამ მინდა მოგახსენო რომ ამ “სიბერეშიც” ზუსტად მაგდენივეს ვიწონით, ასე რომ კიდევ ერთი პლიუსი ჩვენს ანგარიშზე.

მაშინ D12.5-ს რომელიც წელს საბოლოოდ ამოიძირკვა ჩემი ცხოვრებიდან, თურმე მოტო მოტოს ვეძახდი. ჰოდა, გილოცავ თინიკო, აკვიატებების სანაგვეზე მოსროლის უნარი მაინც აღმოგვაჩნდა!

აუცილებლად ვაკოცებ ჩვენს 6 წლის სანშაინს, ნუ სულ 1 საათის წინ ვაკოცე, მაგრამ ხვალაც ვაკოცებ.

ჰაჰაჰა, ციტატა – “ბლოგს წერ კიდევ? არ მითხრა აღარო, არადა როგორ ძალიან მიყვარს.” ნუ, მინდა გითხრა ძირითადად ვბოდავ და თუ შენი 2011 წლის პოსტებს გადავხედავთ, არც შენ იყავი სხვა რამით დაკავებული.

5 წელი ძალიან დიდი დროაო რომ მწერ, მინდა მოგახსენო რომ არც ისეთი, ასაკთან ერთად დროის შეგრძნება იცვლება, თუ 25 წლის თინიკოსთვის 20 წლის თინიკო საუკუნის წინანდელი იყო, ჩემთვის 25 წლის თინიკო ასეთი არ არის.

ჰო, კაი ისევ ვბოდავ.

ეს 29 წლის თინიკოს ბოლო პოსტია, 30 წლამე აღარაფერს დავწერ, იმიტომ რომ It’s the end of the year, but it’s not too late!

30 წლის ფინიკის კი ყველაზე მაგარი მუსიკალური გაფორმება აქვს.

It’s the end of the year
It’s the end of the year
But it’s not too late
To start again

თინიკო, This time of year, won’t bring us tears!!

ამ სიმღერასავით, highs & Lows მაქვს ახლა.

ზედმეტი ემოციებისგან აზრებს ვერ ვალაგებ.

ყველაფერი კარგად იქნება!

საკვირაო პოსტი


საკუთარ თავთან გატარებულ დროს არაფერი შეედრება. უკუღმა ათვლა დაიწყო, 5, 4, 3, 2, 1.. სტარტზე ვარ, ოღონდ ფინიში არ მეჩქარება, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ სტარტსა და ფინიშს შორის არსებული დრო და მანძილია. ნეგატივი დამიგროვდა, ისეთი სიგარეტის კვამლთან ერთად რომ ვერ გაფანტავ. ნიორი ვიყიდე, ძმარში ჩავალაგე და ხვალიდან ყოველ დილით, სამსახურში წასვლამდე ჩავმარხავ ხოლმე ნეგატივით გავარდისფრებულ ნიორს ეზოში.

დღეს, 5 წლის წინ საკუთარი თავისთვის მიწერილი წერილის გახსნის სურვილი გამიჩნდა, მაგრამ გადავწყვიტე რომ 11 აგვისტომდე არ გავხსნი, ბოლოს და ბოლოს წერილი ჩემთვის კი არა, 30 წლის ფინიკისთვის დავწერე, რომელიც ჯერ არ არსებობს, მე კი ჯერ კიდევ მაქვს დრო, ის ისეთად ვაქციო 25 წლის ფინიკის რომ მოეწონებოდა (მიუხედავად იმისა რომ თითქმის დარწმუნებული ვარ ბოდვის მერი არაფერი დაუწერია).

ჰო, ფინიკო ბოდვა ვერ მოვიშალეთ. მაგრამ განვიკურნეთ, იმ დაავადებისგან რომელიც 5 წლის წინ გვქონდა და ეს აუცილებლად გაუხარდება 25 წლის ფინიკის.

მგონი დროა 35 წლის ფინიკოსთვისაც დავწერო ასეთი წერილი და ეს ტრადიციად ვაქციო, მანამ სანამ ჯერ კიდევ იარსებებს ადრესატი რომელიც გახსნის და წაიკითხავს.

მშვიდი აგვისტოა, ქარიშხლის წინა პერიოდს გავს.

დავდექით სტარტზე.

გამარჯობა ფინიკო


ნამდვილი ანგელოზი ვარ.

დღეს? არა, რატომ მხოლოდ დღეს, ზოგადად, მაგრამ შესაძლოა დღეს უფრო.

ისევ რაღაცები უნდა ვიბოდიალო, თუმცა ამ პერიოდში მეპატიება, იმიტომ რომ მიმდინარე პერიოდში ყველაფერი მეპატიება.

ყველა ადამიანს აქვს გამორჩეულად საყვარელი პერიოდი, სულ სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ყველას აქვს, ჰოდა, ახლა ჩემი მზიანი ზაფხული დაიწყო, მერე რა რომ ზაფხულის 2 თვე უკვე გასულია, ჩემთვის ახლა დაიწყო მზიანი პერიოდი, რომელსაც ველოდები ხოლმე.

25 წლის რომ ვხდებოდი, 30 წლის თინიკოსთვის წერილი დავწერე, დავლუქე და დავივიწყე, ვიფიქრე რომ 5 წელი უსაშველოდ დიდი დრო იქნებოდა.

5 წელი დიდი დროა, თუმცა არ ვიცი ზუსტად რა მოხდა და რა შეიცვალა ამ პერიოდში. ერთი ეგაა, რატომღაც მგონია რომ ის მოლოდინები რომლებიც მქონდა 30 წლის მე-სთან ბოლომდე ვერ გამართლდა და არ მინდა წერილში ისეთ პუქნტებს გადავეყარო, რომლებისთვისაც ხელი არ მიხლია და ისევ ისეა მიგდებული.

ფრაგმენტულად მახსოვს რაზე ვაკეთებდი აქცენტებს, ამიტომ ვფიქრობ ნაყოფიერად გამოვიყენო დარჩენილი დღეები და ისეთი რამეები შევცვალო, რაც 5 წლის მანძილზე ვერ შევცვალე.

სასაცილოა ხომ 17 დღეში იმის შეცვლა, რაც თითქმის 5 წლის მანძილზე არ შეცვლილა? სასაცილოა, მაგრამ ეს ის პერიოდია როდესაც თავს ვაძლევ უფლებას სასაცილო იყოს და თან სულაც არ ეხამუშებოდეს ეს.

ცვლილებების დროა. ან იქნებ დღეს ვარ ასეთ ხასიათზე? ასეთზე როგორზე? აი ისეთზე, როცა ვამბობ რომ ნამდვილი ანგელოზი ვარ.

წავიდეთ წრეზე? ოღონდ ახლა არ ამახსნევინო რომელ წრეზე, იმ წრეზე არა რომ გეზიზღება, იმ წრეზე თავს გადამეტებული მოლოდინების ქონის უფლებას რომ აძლევ და იმედგაცრუებებეის რომ არ გეშინია.

დღეს არაფრის მეშინია.

ნამდვილი ანგელოზი ხარ და იმიტომ? – არა, აი ასე, უბრალოდ, არაფრის მეშინია. ეს ნამდვილი ანგელოზი ვარ, იმ ოპერიდანაა სადაც ვიღაცებს “დამპალ ნაბიჭვრებად” მოვიხსენიებ. ანუ თავი პერსონაჟი მგონია და საკუთარ თავს სულაც არ ვაიგივებ ფინიკისთან, რომელიც რატომღაც ბოლო პერიოდში უარს აცხადებს საკუთარი, თინიკოსგან განცალკევებული ცხოვრებით ცხოვრებაზე.

კიდევ ერთი აღმოჩენა, თუ წლის ნებისმიერ დროს მჯერა, რომ ფინიკისა და თინიკოს საერთო არაფერი აქვთ, ამ დროს ყოველთვის ერთი ცხოვრებით ვცხოვრობთ, ოღონდ მე გადავდივარ ფინიკის რელსებზე და არა პირიქით, რაც არის კიდეც ამ პერიოდის მაგიურობის მთელი აზრი.

Hello-August

11 აგვისტო


ავდგები, გამოვაღებ ფანჯარას, ცოტა ხანს ვუყურებ ჰორიზონტს, სიგარეტს მოვუკიდებ, ვიფიქრებ არაფერზე და შემდეგ წასასვლელად დავიწყებ მზადებას. ქუჩაში გასულს მზე თვალს მომჭრის და ვიფიქრებ მიმდინარე დღის აუტანლობაზე. ხალხის თვალიერებით გართულს დამავიწყდება ყველაფერი რაც არ მაძლევს მოსვენებას. შემაწუხებს მოსალოდნელი დადებითი ემოციების აუტანლობა და ვიოცნებებ დღეზე როდესაც ყველაფერი წარსულის მაღალ თაროებზე აღმოჩნდება ”უახლესი ისტორიის” განყოფილებაში. მომენატრება დღე, წამი, როდესაც კოჭამდე წყალში ვიდექი, ვუყურებდი როგორ მეცლებოდა ფეხქვეშ სილა, მაშინ ყველაზე მძაფრად ვიგრძენი აწმყო.
გავიხსენებ როგორ ველოდი ამ დღეს და გავიმეორებ, რომ მოლოდინი არასოდეს ემთხვევა რეალობას. ისევ ისეთი ურჩი ვიქნები, როგორც ყოველთვის და დავგმობ ყველა დაკისრებულ მოვალეობას, ვიფიქრებ რომ ყველაფრის სანაგვეზე მოსროლა ნიშნავს თავისუფლებას, შემდეგ კი საკუთარ თავს ირონიულად შევახსენებ, რომ დღეს მაინც არ მაქვს მისი მოტყუების უფლება.
ჩემი კახპად წოდებული მუზა წაისისინებს, რომ მას გულს ურევს ყველაფერი რაც ბედნიერების ნიშანს ატარებს, მეტყვის, რომ თუ არ მოვიშლი ამ დადებითი ემოციებით ცხოვრების მცდელობის მავნე ჩვევას ისე გაუჩინარდება, რომ მის კვალს ვერასოდეს მივაგნებ, მე ვუპასუხებ, რომ შეუძლია ახლავე წავიდეს, სინამდვილეში კი შემაშინებს აზრი – მის გარეშე ფიქრი არაფერზე, ისეთი ცარიელი იქნება, რომ ის საკუთარი სახელის გამართლებას დაიწყებს. ის მე წამიკითხავს და ამაზრზენი ღიმილით მაგრძნობინებს, რომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა, მე შევწყვეტ პროტესტს, თუმცა წავიჩურჩულებ ”ზოგჯერ მჭირდება მისი ნაცრსიფერი კლანჭებიდან თავის დაღწევა.”
შემაწუხებს ატმის, კოფეინისა და ნიკოტინის ერთმანეთში არეული გემო, პირველივე შემხვედრ სახლში ვიქირავებ ოთახს და საბანში გავეხვევი. ტელეფონი აწკრიალდება, დიდ ხანს ვიფიქრებ ვუპასუხო თუ არა, ბოლოს იძულებით ვიტყვი დაზეპირებულ ”გისმენთ”-ს და შემდეგ, ისე, რომ ერთ სიტყვასაც ვერ გავიგებ, დაზეპირებულ ”გმადლობთ”-ს ვაჩუქებ თანამოსაუბრეს და დავემშვიდობები.
გაღვიძებულს შემაწუხებს ფიქრი ადამიანებზე, რომლებიც მეძებენ, სარკესთან დავდგები ნახევრად გახდილი და დიდ ხანს ვუყურებ საკუთარ სილუეტს, ბოლოს როდესაც დავრწმუნდები, რომ შევიცვალე ჩავიცვამ ყველაზე არაფრით გამორჩეულ ტანსაცმელს და საწოლთან ჩამოვჯდები.
შემაშინებს საღამოს მოახლოვება.
დიდ ხანს ვიჯდები ფიქრებში გართული, შემდეგ წინა დღით შერჩეულ კაბას ჩავიცვამ, სარკეს თვალს ავარიდებ და წავალ იქ სადაც სანიმუშოდ ვითამაშებ მორგებულ როლს.
სახლიდან გასულს თავში გამიელვებს იმედიანად ნათქვამი ”რაღაც მოხდება.” ჩემი კახპა კი უჩვეულოდ თბილი ხმით მეტყვის ”გილოცავ”, რამდენიმე წამით გაჩუმდება და დააყოლებს ”დღეს შენ გაქვს უჩემოდ ცხოვრების უფლება”. მე მას მოღალატეს ვუწოდებ, თუმცა მივხვდები, რომ ის მართალია.
ქუჩაში შემხვედრ ნაცნობს გამარჯობის ნაცვლად ვეტყვი, რომ ”დღეს 11 აგვისტოა”, ის დაბნეული გამიღიმებს და მეტყვის ”დიახ”, დამშვიდობებას ვერ მოასწრებს ისე გავცდები და საკუთარ თავს გავუმეორებ ”დღეს 11 აგვისტოა”.
აღარ შემაწუხებს ფიქრი შეუსრულებელ მოვალეობებზე, პირველივე მაღაზიაში ვიყიდი სასმელს და ოთახში დავბრუნდები. მაშინ კი როდესაც სისხლი გამალებით დაიწყებს ძარღვებში დუღილს, ავდგები და წავალ იქ სადაც ვიცი, რომ მელოდებიან.

დღე IV-ს მაგივრად


ვიცი, ვერ იტან როდესაც რაღაცას გიწესებ, ვცდილობ ჩემი პრინციპები მოგარგო, ჭკუას გარიგებ, გასწავლი ანაც ზოგჯერ გიბრძანებ. მე ეს ვიცი და ამის მიუხედავად მაინც ვაკეთებ ამას.

არასოდეს მიყვარდა საკუთარ თავზე საუბარი, ყოველთვის გავურბოდი ამას, ხშირად თავსაც ვიკატუნებდი ვითომ არაფერი მესმოდა ან მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოვიფარგლებოდი და ვწითლდებოდი, ოღონდ ვწითლდებოდი წარმოსახვით, შეგრძნების დონეზე, სინამდვილეში ღია ვარდისფერიც კი არასოდეს დამკრავდა.

ბევრი არაფერი შეცვლილა, რამდენი წელი გავიდა და ფუნდამენტური ცვლილებები არაფერში შემიტანია, ყველაფერი ძველებურად, მაგრამ ეს როდი გამორიცხავს იმას, რომ მე გავიზარდე, გავიზარდე და ახლებურადაც ვუყურებ ყველაფერს, უფრო მეტი ვიცი ვიდრე ვიცოდი, თუმცა პრინციპები, ოჰ ეს პრინციპები, მათი შეცვლა, მათზე გადაბიჯება ვერ მოვახერხე.
 ***
რა გვინდა ადამიანებს, რას ვეტრფით, რას ვიკანონებთ?! იმას, რაც უკეთესია ჩვენთვის, რაც უზადო კმაყოფილებას მოგვიტანს თუ იმას, რაც შეგვბოჭავს და გვაგრძნობინებს, რომ ხელ-ფეხზე ბორკილები გვადევს.
რა თქმა უნდა შენ ახლა მეტყვი, რომ ნებაყოფლობითი ტყვეობა არ შეიძლება გინდოდეს, და თუ გინდა ეს უკვე გადახრაზე მიუთითებს. მე კი როგორც უმეტესად ხდება ხოლმე არ დაგეთანხმები.
გვიყვარს ადამიანებს გისოსები, რაღაცნაირად გვიზიდავს მათი შეგრძნება, ის ჟრუანტელი, რომელიც მათი კანზე შეხებისას გვივლის, გვიყვარს და თან უარვყოფთ ამას.

 ***

მე ერთი საფეხურით მაღლა ვარ, უფრო მეტი ვიცი და უფრო მეტს ვხვდები, თუმცა ამას არაფერში ვიყენებ, ხშირად აღმოჩენას ვაკეთებ და შემდეგ ძირეულ ცვლილებებზე კი არ ვფიქრობ, არა, შეგუებას ვიწყებ.
მეზიზღება ცვლილებები, ან მაშინებს, თუმცა ის რაც მაშინებს უმეტესად ისაა რაც მეზიზღება, ამიტომ ორივე განცხადება ჭეშმარიტებასთან სრულ შესაბამისობაში მოდის.

 ***

გუშინ დაბრუნდა, არავინ გაუფრთხილებია, უბრალოდ დაბრუნდა, არც ის უკითხავს აქამდე რას ვაკეთებდი, არც ჩემი ჩანაწერების წაკითხვით შეუწუხებია თავი, უბრალოდ შემოაღო კარები. ვერაფრით ვასწავლე, რომ ჯერ უნდა დააკაკუნოს, შემდეგ კი მკითხოს ველოდი თუ არა.
მე მას კიდევ ერთი წერილი დავუტოვე, ვიცი, რომ დაღამებამდე არ წაიკითხავს, რატომღაც ყოველთვის ღამის საათებში მკითხულობს, მე კი ვიცი, რომ მხოლოდ დილით ვიხილავ მის პასუხს და გული მომეკუმშება იმის გაცნობიერებისას, რომ მოვბეზრდი.
ასე ვიცი ხოლმე, პირველი შეხვედრისას აღტაცებას ვიწვევ, როგორც წესი თვალები უბრწყინავთ ხოლმე და აშკარად ვხვდები, რომ აღფრთოვანებულები არიან. სახლში მისული კი თავით ვეჯახები რეალობას, ვაცნობიერებ რა, რომ პირველივე შეხვედრაზე ზედმეტად მაღალი მოთხოვნა დავუწესე საკუთარ თავს, მოთხოვნა, რომელსაც ვერ დავაკმაყოფილებ, პირველივე შეხვედრაზე ყველაფერი გავეცი, მწვერვალზე ავედი, ყველა დავჩრდილე, ყველა და პირველ რიგში საკუთარი თავი. შემდეგ იწყება დაბლა დაშვება და თავად ვნახულობ, როგორ უქრებათ თვალები, როგორ მსაყვედურობენ გაუბრალოებას.
ყოველთვის ამის მეშინოდა, საკუთარი თავის ჩრდილში აღმოჩენა მაშინებდა ყველაზე მეტად, ხოლო ის რაც მაშინებს, როგორც წესი ჩემ წყევლად იქცევა ხოლმე.

დღე III – გულახდილობა


მაგიდაზე ფეხები შემოეწყო და სიგარეტის ქაჩვით გართული, უემოციო სახით უყურებდა ფანჯარას. ცოტა ხანს ასე იჯდა, შემდეგ კი გეზი აბაზანისკენ აიღო, სარკესთან შეჩერდა და დაჟინებით დაიწყო საკუთარი სილუეტის თვალიერება. ”როგორ მომბეზრდა” – ჩაილაპარაკა.
”შენც მომბეზრდი” – გაუსწორა თვალი სარკეს – ”ჰო, მომბერდი, რამდენჯერაც არ უნდა მოვიდე სარკესთან იმდენჯერ შენ მეჩხირები თვალში, შემდეგ კი ვიწყებ ჯიუტად იმაზე ფიქრს თუ ვინ ვარ მე, მხოლოდ ის ვისაც ახლა ვხედავ, თუ ამაზე გაცილებით მეტი. გუშინ მეზობელს მივესალმე, ჰო აქამდე არავის ვესალმებოდი, გუშინ კი რატომღაც თავი მოვალედ ჩავთვალე,  ისიც მომესალმა, კი გაუკვირდა, მაგრამ სხვა რა გზა ქონდა, სახლში ამოსული მივხვდი, რომ სისულელე ჩავიდინე, აბა რაში მჭირდება ახლა მეზობლების თბილი სალამი?! მიპასუხე რაში?! იმაში, რომ აწი მომიწიოს თვალის არიდებაზე ფიქრი და ჩემი ისედაც ”მარტივი” ცხოვრება კიდევ უფრო ”მარტივი” გავხადო?! რომელია ჩვენ შორის ის იდიოტი, რომელმაც გადაწყვიტა გამარჯობა ეთქვა, მე თუ შენ?” – თითი სარკისკენ გაიშვირა – ”არ გინდა, ახლა ეს დაბნეული მზერა და იმაზე მითითება, რომ მე და შენ ერთნი ვართ, ნუ მასულელებ! თუ ერთ-ერთ ჩვენგანს, ანუ ამ შემთხვევაში მე, გვიჩნდება კითხვა იმის თაობაზე ვართ თუ არა ნამდვილად ერთნი, ეს უკვე მიუთითებს აღნიშნული თეორიის აბსოლუტურ ჭეშმარიტებად აღიარების სიმცდარეზე.
ვერაფერი გაიგე ხომ? აი, მე კი გავიგე.”
სარკეს მოშორდა, იქვე იატაკზე ჩამოჯდა და ზურგით კედელს მიეყრდნო ”გულახდილობა” გაიფიქრა და სახლიდან გასასვლელად დაიწყო მზადება.
დერეფანში ისევ საკუთარ სილუეტს შეეჩეხა, გაუღიმა და გაიმეორა ”გულახდილობა”. ის ის იყო უკვე უნდა გასულიყო სახლიდან, რომ შემობრუნდა, სარკესთან მივიდა და ღიმილით თქვა ”არ დაგავიწყდეს!”
***
სამსახურთან ნაცნობ სახეს მოკრა თვალი, მხედველობა დაძაბა და გულში გაიფიქრა ”სათვალე, რომელს დაგვრჩა სახლში, მე თუ შენ?!” თავი ძლივს შეიკავა, რომ ისტერიული სიცილი არ აეტეხა, მიუახლოვდა, საფირმო ღიმილი აჩუქა და თქვა ”გამარჯობა”, პასუხად, უკვე გაცვეთილი ”როგორ ხარ?” მიიღო, ”გულახდილობა” გაუმეორა თავს და დაფიქრდა ”კარგად მეთქი, რომ ვუპასუხო აშკარა ტყუილს ვიტყვი, ცუდად? არა ცუდად რატომ ვარ?! არ ვარ ცუდად. ისე, რა – ასეთი უფხო პასუხი არასოდეს მსმენია, ან ეს ”ისე რა” საერთოდ რას ნიშნავს?! ”ვარ რა” – არა, რა ვარ რა…” ნაცნობმა საათს დახედა, შემდეგ დაბნეული მზერა ესროლა, იფიქრა ალბათ ვერ გაიგოო და უთხრა: ”გავიქეცი ახლა, სამსახურში ვაგვიანებ. გამიხარდა შენი ნახვა”. გაიღიმა – ”გამიხარდაო შენი ნახვა, მე გამიხარდა? არა სიხარულს ამას ნამდვილად არ დავარქმევდი. აბა მეწყინა? რატომ უნდა მწყენოდა?! ”ფეხებზე მკიდია” ვნახავდი თუ არა?! არა არც მთლად ასეა, ალბათ ვამჯობინებდი, რომ არ მენახა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მეწყინა…” ფიქრიდან რომ გამოერკვა, მიხვდა, რომ მარტო იდგა, უაზროდ გაჩერებულიყო ქუჩაში ”ალბათ დამემშვიდობა და მე ვერ გავიგე” – გაიფიქრა და საათს დახედა.
***
”გულახდილობა აშკარად მერევა სიმართლეში. არადა ეს ორი სხვადასხვა ცნებაა, სავსებით სხვადასხვა. სიმართლე შეიძლება იყოს ის, რომ ჩემ მეზობელს თმა ფრანგული პუდელივით აქვს, ჩემი გულახდილი პასუხი კი: ”მომწონს თქვენი ახალი ვარცხნილობა, ფრანგულ პუდელს მაგონებს, ჰოდა, ძალიან მომწონს, საყვარელია, გიხდებათ.” ან რა არის სიმართლე?! თუ სიმართლე იყო ის, რომ ჩემ მეზობელს თმა ფრანგული პუდელივით აქვს, ჩემი გულახდილი პასუხი კი თავის მხრივ მოიცავდა ამას, უბრალოდ დამატების სახით განმარტავდა, რომ ეს ცუდი არ არის, რაც პრინციპში შეიძლება მხოლოდ ჩემი აზრი არ არის და ზოგადად ადამიანები, რომლებიც მის ზურგს უკან ამბობენ, რომ თმა ფრანგული პუდელივით აქვს, გულისხმობენ იმასაც, რომ მათ ეს მოსწონთ, ე.ი. ჩემი გულახდილობა უდრის სიმართლესაც. ან ეს მაგალითი არაფრად ვარგა ვინაიდან გემოვნების საკითხებში სიმართლე – აბსოლუტური ჭეშმარიტების სახით არ არსებობს. ახლა, სიმართლე და ჭეშმარიტება ავურიე, სიმართლე არსებობს ჩემი, შენი, სხვისი… ჭეშმარიტება საყოველთაოა. შესაბამისად გულახდილობა და სიმართლე (ოღონდ ჩემი პირადი) ერთი და იგივეა.”
***
”ჩვეულებრივ დღეებში ამ კითხვაზე რა პასუხს გავცემდი? რას ვეტყოდი? და დღეს რა უნდა ვუთხრა? უნდა ვუთხრა ის რისი თქმაც მინდა, თუ ის რაც სიმართლეა, ვინაიდან ის რისი თქმაც მინდა არ არის სიმართლე, ხოლო ის რაც სიმართლეა, ჩემი მსჯელობის მიხედვით უნდა იყოს გულახდილობა. და რა პასუხი უნდა გავცე?! თუ ვეტყვი იმას რაც მინდა მე ვიქნები მე. ანუ არ ვითამაშებ, თუმცა ამ შემთხვევაში ამ პაუსხს გულახდილს ვერ ვუწოდებ, თუ გულახდილი ვიქნები, მაშინ ვითამაშებ, სიყალბე და გულახდილობა კი ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია”.
***
”დავიღალე – ეს ერთადერთია რაც ნამდვილად ვიცი, რომ აკმაყოფილებს სიმართლის, გულახდილობის, საკუთარ თავად ყოფნისა და ჭეშმარიტების კრიტერიუმებს.”

დღე II – წერილი საკუთარ თავს


მინდა მოგეპარო, თვალები აგიხვიო, გითხრა, რომ ცოტა ხანს სიბნელეში მოგიწევს ყოფნა, დაგსვა სავარძელზე, რომელზეც უკანასკნელი 5 წელი გაატარე და წინ დაგიჯდე, თავი ხელზე ჩამოვდო და ცოტა ხნით დავტკბე შენი გაოცებული სახით, დაბნეული მიხვრა-მოხვრით, ნერვიული ფეხის მოძრაობით, ხელების ფშვნეტით. ცოტა ხანს ასე ვიჯდეთ სიჩუმეში, მე შენ გიყურო, გამეღიმოს, მივხვდე, რომ ეგოისტი ვარ, იმიტომ რომ მიყვარხარ, შემდეგ თავადვე გავაბათილო ეს აზრი და ვთქვა, რომ შენ, რომ არ მიყვარდე ვერავის შეყვარებას შევძლებდი.
მოუთმენლობა, რომ შეგეპარება, აგიხსნა რატომ გავაკეთე ეს, შენ უნდობლად გაგეღიმოს, მითხრა, რომ გავგიჟდი, მე კი გიპასუხო, რომ ეს არ არის ახალი ამბავი და ერთად გავიცინოთ. რამდენიმე წუთით კედლების თვალიერებით გავერთო და მივხვდე, როგორ მეპარება სევდა, ეჭვი, იმის ეჭვი, რომ მართლა გავგიჟდი, შენ მიხვდე და მითხრა, რომ გვეყოფა, მე კი გიპასუხო, რომ ჯერ ადრეა, გულში კი ვიფიქრო, რომ მართლაც საკმარისია, შენ წაიკითხო ჩემი ფიქრი და დასამშვიდებლად მითხრა, რომ ყველაფერი გამოგვივა, მე გამეღიმოს და გიპასუხო, რომ ჩვენ არ ვიცვლებით, შენ თავი გვერდზე გადახარო იმის ნიშნად, რომ არც არის საჭირო რამის შეცვლა, მე შენ წაგიკითხო და გითხრა, რომ მატყუებ, შენ თავი დამიქნიო, ორივემ ინსტიქტურად ფანჯარას გავხედოთ, მე გამეცინოს და გითხრა, რომ შენ მაინც ვერ შეძლებ რამის დანახვას, მიპასუხო, რომ ხედი შენთვის იმდენად ნაცნობია არაფრის დანახვა გჭირდება, ყველაფერი ისედაც გეშლება თვალწინ, მე სიმშვიდე შემეპაროს და მტკიცედ განვაცხადო, რომ ყველაფერი გამოგვივა, ისევე მარტივად, როგორც შენ ხედავ ახვეული თვალებით ხედს შენი ფანჯრიდან, შენ გაჩუმდე, სიტყვებზე იფიქრო, მე მივხვდე, რომ გიჭირს პასუხის გაცემა და გთხოვო, რომ ამინდზე არ დაიწყო საუბარი, შენ გაიმეორო, რომ გიჟი ვარ, მე გავიმეორო რომ ეს არც 5 წუთის წინ წარმოადგენდა და არც ახლა წარმოადგენს სიახლეს. გული დაგვწყდეს, რომ ვმეორდებით. შენ მომიბრუნდე და მკითხო დავაფიქსირე თუ არა, რომ ყველა დროის განსაზღვრისთვის 5 გამოვიყენეთ, მე გიპასუხო, რომ ზუსტად ამაზე ვფიქრობდი, შენ სიცილით მაგრძნობინო ”როგორ გაგიკვირდა”.
მე ფეხზე წამოვდგე და მზადებას შევუდგე, შენ მკითხო სად მივდივარ, მე კი გიპასუხო, რომ უშენოდ არსად დავდივარ, ცოტა ხანს ვიდგე და ფეხით წარმოსახვითი წრეები ვხაზო, შემდეგ კი ვთვქვა, რომ დროა, გკითხო რას ხედავ, მიპასუხო რომ არაფერს, გულნატკენმა გთხოვო, რომ კარგად დაძაბო გონება, შენ გაღიზიანებულმა მიპასუხო, რომ მოგბეზრდა ეს სისულელე და ასადგომად მოემზადო, მე შენ წინ მუხლებზე დავდგე და ხელი დაგიკავო, გთხოვო, რომ არ მოიხსნა სახვევი, შენ ქვედა ტუჩი მოიკვნიტო ნერვების დასამშვიდებლად და ისევ ფანჯარას გახედო. მე საწოლს მივეყუდო და თვალები დავხუჭო, კიდევ 5 წუთი გავიდეს და შენ მითხრა: ”სავარძელში ვზივარ, თვალებზე სახვევს ვიკეთებ, მაგრამ მარტო ვარ, საკუთარი ხელით ვკრავ კვანძს და მაოცებს თმის უჩვეულო სიგრძე. საკუთარ თავს ვუმეორებ, რომ გავგიჟდი, მეღიმება და სუნთქვას ვიკრავ იმისთვის, რომ გავიგო, რას მიპასუხებ, შენ ისევ დუმხარ, ”არ მოსულა” ვფიქრობ. მოუსვენრობა მეპარება, მგონია, რომ ვიღაც შემოვა ოთახში და იფიქრებს, რომ ნამდვილად დავკარგე საღად აზროვნების უნარი, ასეთ ნერვიულობაში გადის რამდენიმე (და არა 5) წუთი. სახვევს ვიხსნი, მივდივარ თაროსთან, დღიურს ვიღებ და იქიდან კონვერტი ვარდება, მეღიმება და მიხარია, რომ ვერაფრით ვიხსენებ რა წერია შიგნით, ჩემ გაკრულ ხელს ვცნობ და მახსენდება კალამი, რომლითაც კონვერტზე გავაკეთე წარწერა, ჩემი სახელი წერია და თარიღი, დღევანდელი თარიღი, ნერვიულად ვიღებ წერილს კონვერტიდან და ვიწყებ კითხვას, მომენტებში გული მწყდება, რომ იმედი გაგიცრუვე, მომენტებში კი სიხარული მიპყრობს, იმიტომ რომ შევდექით… ნელ-ნელა ჩემ წინ შენი სილუეტი უფრო და უფრო გასარჩევი ხდება, ისევ ასეთი სახით მიყურებ, გეღიმება… წერილის კითხვას ვამთავრებ… შენ მიდიხარ, უკვალოდ, ვიცი, რომ აღარ დაბრუნდები, ახლა მე ვჯდები შენ ადგილას და თვალს ვუხვევ, ის ნერვიულად იფშვნეტს ხელებს, ფეხს სავარძლის კიდეს ურტყამს და მოუთმენლობა ეტყობა, ძველებური უნდობლობა, ცოტა ხანში მეუბნება, რომ გავგიჟდი, მე ვპასუხობ, რომ ეს არ არის ახალი ამბავი და ორივეს გვეცინება. მე მალევე ვხვდები, რომ ეჭვები მიპყრობს, ის მამშვიდებს, ცოტა ხანს ვუყურებთ ფანჯარას და ვეუბნები, რომ ყველაფერი გამოგვივა, 5 წუთს ვზივართ ჩუმად და ის იწყებს…”

მინდა, რომ მოგისმინო, თვალები დაბლა დავხარო და გაგრძნობინო, რომ გული დამწყდა, იმის გამო, რომ ისევ იმ სავარძელში ვზივართ, გული დამწყდა იმის გამო, რომ ფანჯრიდან იგივე ხედი იშლება, გული დამწყდა იმის გამო, რომ დღიური უცვლელად დევს იმავე თაროზე…

შემდეგ ვერ გავბედო იმის კითხვა ყველა ”ადგილზეა თუ არა”…
გითხრა, რომ ასე აღარასოდეს მოიქცე, ვინაიდან ყველაფერი განსხვავებული ცხოვრებაში ერთხელ უნდა გავაკეთოთ, გვერდზე მოგიჯდე, მოგხსნა სახვევი, გამოგიწოდო კალამი და გითხრა, რომ დროა ჩვენზე 5 წლით უფროს ”მეს” წერილი მივწეროთ. შენ გამიღიმო და მიპასუხო, რომ ზოგჯერ არაჩვეულებრივი იდეები მოგვდის, მე გამეცინოს და გითხრა, რომ მეძინება და სწრაფად უნდა დავასრულოთ წერა. სხვადასხვა მიმართულებით გავიხედოთ, შემდეგ მომიბრუნდე და მითხრა, რომ ეს მხოლოდ წარმოსახვა იყო, მე გიპასუხო, რომ ვიცი, შენ განაგრძო: ”არავინ იცის რა იქნება 5 წელიწადში”… მე ჩავილაპარაკო ”საერთოდ თუ იქნება რამე”… შენ დუმილით მიპასუხო, მე კი ვიფიქრო, რომ დუმილი თანხმობის ნიშანია.

გუშინ 10 დღიანი გეგმის შესაბამისად წერილი მივწერე საკუთარ თავს.

დღე I – აღიარებითი ჩვენება


საღამო ჯოჯოხეთურად ცხელი იყო, თავი სახლთან ახლო მდებარე კაფეს შევაფარე და საკუთარი მჭევრმეტყველების გამიკვირდა, მთელი საღამოს განმავლობაში არ გავჩუმებულვარ, თუმცა საუბრის დროს თვალებში ყურება ვერაფრით ვისწავლე, უბრალოდ არ შემიძლია თანამოსაუბრეს თვალი გავუსწორო. ამაზე შენიშვნა არა ერთხელ მიმიღია, მეუბნებიან, რომ ეს მატყუარა ადამიანების თვისებაა, თუმცა გუშინ ერთი ტყუილიც კი არ მითქვამს, თვალებში შეხედვა კი ვერაფრით შევძელი.
არც ღამემ მოიტანა ნანატრი სიგრილე, სავარძელში დაღლილი მივესვენე და საკუთარ თავს შევახსენე, რომ დღეს 10 დღიანი გეგმის პირველი დღე იყო და მიუხედავად ძილის სურვილისა უნდა დამეწერა აღიარებითი ჩვენება.
დიდ ხანს გაუნძრევლად ვიჯექი და უმეტყველო თვალებით შევცქეროდი კედელს, ვფიქრობდი სიცხეზე რომელიც სუნთქვის საშუალებასაც კი არ მაძლევდა, გარედან შემომავალ ხმებზე, იმაზე, თუ როგორ ვერ ვიტან ვალდებულებებს, რომ საკმარისია საკუთარ თავს რაღაც დავუწესო მაშინვე გაქცევის, გაქრობის, პროტესტის სურვილი მიჩნდება.
დღიური გადავშალე, რომელიც ჩემი ცხოვრების უკანასკნელ 6 წელს იტევდა, უფრო კონკრეტულად კი უკანასკნელი 6 წლის რამდენიმე დღეს, 2005 წელი ვრცელი იყო (პირველი ჩანაწერი ზუსტად საკუთარ დაბადების დღეზე მქონდა გაკეთებული, ეს იმიტომ, რომ დღიური დაბადების დღეზე მაჩუქეს), 2006 წელს ჩანაწერები შედარებით შემცირდა, შემდეგ დადგა 2007 წლის ზაფხული – ჩანაწერების რაოდენობა გაიზარდა, 2008 წელი, ომზე ერთი სიტყვაც კი არ მიწერია, 2009 წელი მხოლოდ რამდენიმე დღეს ითვლის, 2010 წელს 2 კინკილა დღე აღმოჩნდა აღნიშვნის ღირსი, 2011 წელი ცარიელია. გადავწყვიტე, რომ ეს ე.წ. ”აღიარებითი ჩვენება” დღიურის ფურცლებზე დამეწერა. ჯერ თარიღი მივაწერე, შემდეგ ის ის იყო მოვლენების აღწერა უნდა დამეწყო, რომ საკუთარ თავს შევახსენე – ეს არ არის დღიურის ჩანაწერი – ჰოდა ისევ ფიქრი დავიწყე.
ვერაფრით შევძელი გამეგო რაში დამჭირდა საკუთარი თავისგან სიმართლის გამოძალვა, თუმცა ვინაიდან უკან დასახევი გზა მოჭრილი მქონდა, შევუდექი წერას. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად გამიჭირდა სიმართლის თქმა (თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ კალამი ორჯერ გამოვცვალე, იქიდან გამომდინარე, რომ მელანი არ მეყო).
თავიდან შეფარვით დავიწყე უმნიშვნელო ფაქტების აღიარება, შემდეგ კი ნელ-ნელა ფარდა ყველაზე დაფარულსაც ავხადე. რას ვგრძნობდი ამ დროს? ბევრს არაფერს, იმას, რომ მეძინებოდა და დროზე უნდა დამესრულებინა წერა და კიდევ იმას, რომ უაზროდ მსიამოვნებდა საკუთარ სულში ხელების ფათური.

მაშ ასე, რა გამოვლინდა აღიარებითი ჩვენების შედეგად:

  • ყველაფერი დამალული, რაზეც საკუთარ თავთანაც არ ვსაუბრობ იწყება სიტყვებით ”მეშინია” ან ”მაშინებს” – დასკვნა ყველაზე მეტად ვმალავ საკუთარ შიშებს.
  • ისეთი პრიმიტიული ოცნებები მაქვს, რომ გული გაგისკდება ადამიანს, მაგ. აღმოჩნდა, რომ ბედნიერებისთვის ერთი ტელეფონის ზარიც შეიძლება მეყოს.
  • წესებით ვცხოვრობ, სხვების დადგენილი წესებით, საკუთარ თავს მუდმივად ვეუბნები რა შეიძლება და რა არ. შემდეგ ვნანობ, იმიტომ, რომ ვხვდები მთელ ცხოვრებას თამაშში ვატარებ და ვერაფრით ვახერხებ ვიყო ის ვინც ვარ ან ვიყო ის ვინც მინდა, რომ ვიყო.
  • მაწუხებს კითხვები ”იქნებ” ”სხვანაირად, რომ გამეკეთებინა” ”შესაძლოა”…
  • არ მჯერა საკუთარი თავის, ყველაზე ნათელ ფაქტებსაც კი ეჭვის თვალით ვუყურებ, მგონია, რომ მეჩვენება, ვაზვიადებ, ყველაფერ კარგს კითხვის ნიშანს ვუსვამ.
  • ნარკოტიკული დამოკიდებულება მიჩნდება ადამიანების მიმართ, წლები გადის და ბოლომდე ”ჯანმრთელი” მაინც არ ვარ, ისე ვერიდები მათ ნახვას, როგორც ყოფილი ნარკომანი დოზას.
  • ვხვდები, რომ ადამიანებს ჩემ წარმოსახვაში სულ სხვანაირად ვხედავ, ვაიდეალებ… ვხვდები და მიუხედავად ამისა, მათ ”იდეალის” სტატუსს ვერაფრით ვართმევ. ჩემი შექმნილი ადამიანები მიყვარდება.
  • მაღელვებს რას იტყვიან სხვები, დიახ, ამას არასოდეს ვაღიარებდი, თუმცა მაღელვებს და ეს ფაქტია, ვერსად გავექცევი.
  • ვხვდები, რომ ერთ ადგილზე გავიყინე, სადღაც ჩავრჩი, ოცნებებზე, მიზნებზე უარი ვთქვი, მოჩვენებითია ყველა მცდელობა მათ მისაღწევად, სინამდვილეში შუა გზაზე ვარ ჩამომჯდარი და წუმპეში ვისვრი კენჭებს.
დღეს საკუთარი თავისთვის წერილი მაქვს დასაწერი, წერილი, რომელსაც მხოლოდ 5 წლის შემდეგ გავხსნი, ვნახოთ რას მისწერს თითქმის 25 წლის მე, 30 წლის მე-ს და მას კითხვისას გაეღიმება თუ არა.

25 წლამდე დარჩენილი დღეები


არ მიყვარს არაფერი ბანალური, გაცვეთილი, გახუნებული, გამოყენებული, ჩვეულებრივი, ამოწურული….. მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა და ზოგჯერ ის რაც ძალიან ბანალურია და ფართო გამოყენება აქვს მიმზიდველიც ხდება ხოლმე.
რამდენიმე დღე რჩება… ერთ კვირაზე მეტი… დრო მაქვს.
ახლა, როდესაც ამის წერას ვიწყებ არც ერთი იდეა არ მაქვს.
მოკლედ!
სანამ 25 წლის გავხდები (არ ვიცი რატომ მაგრამ ამ მეოთხედ საუკუნეს ძალიან ველოდები, ჰოდა ეს ბოლო რამდენიმე დღე ”გამორჩეული” უნდა გავხადო):
არის ამაში რაღაც მაგიური, ახლა საათი ჩემ უსაყვარლეს დროს 11:11-ს ანახებს, ჰოდა ვგონებ, რომ ყველაფერი იდეალურად იქნება.
  • გულახდილობის 1 დღე – მთელი ერთი დღის განმავლობაში ვიქნები გულახდილი, არ ვითამაშებ, ვიქნები ის ვინც ვარ, ვიტყვი იმას რისი თქმაც მინდა (რა თქმა უნდა ტაქტისა და ზრდილობის ფარგლებში). მაშ ასე ამ ”ოცნებას” 3 აგვისტოს ავისრულებ!
  • დავლევ გაუფილტრავ ლუდს – დიახ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გაუფილტრავი ლუდი არასოდეს დამილევია, მიუხედავად ჩემი ლუდის მიმართ დაუცხრომელი სიყვარულისა. ამას ძალიან ბანალური, სულელური ახსნა აქვს, როგორც ვიცი მაინც და მაინც კარგი არ არის სისხლძარღვებისთვის, ხოლო ვინაიდან ჩაჭედილი მაქვს თავში, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემა ჩემი ”აქილევსის ქუსლია”, ვფიქრობდი, რომ არ ღირდა ამ ”რისკზე” წასვლა, ჰოდა ახლა სანამ 25 წლის გავხდები ”წავალ ამ რისკზე!” – 9 აგვისტო.
  • თაიგული საკუთარ თავს – არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველთვის მინდოდა საკუთარი თავისთვის მეჩუქებინა დიდი თაიგული ღია ბარათთან ერთად. რაღაც განსაკუთრებულს ვხედავ ამაში, უნებურად მეღიმება ამას რომ წარმოვიდგენ, ჰოდა სანამ 25 წლის გავხდები,  10 აგვისტოს საკუთარ თავს დიდ თაიგულს ვუყიდი და ვაჩუქებ ღია ბარათს (ტექსტზე ვიფიქრებ).
  • Godfather Trilogy – დიახ არ მაქვს ნანახი. ეს იმის ბრალია, რომ ძირითადად უარს ვამბობ ხოლმე აღიარებული და ყბად აღებული ფილმების ნახვაზე, არ ვიცი ეს რატომ მემართება, თუმცა ეს სხვა თემაა, ჰოდა სანამ 25 წლის გავხდები ვუყურებ თავიდან ბოლომდე. 7 აგვისტო.
  • Yes Man რეალურ ცხოვრებაში – დიახ, თითქმის ყველაფერზე ზრდილობიან უარს ვამბობ ხოლმე. ჰოდა უნდა ჩავატარო ექსპერიმენტი, ვნახოთ სადამდე მიმიყვანს 1 დღე მხოლოდ ”თანხმობის” თქმა. ჰოდა 6 აგვისტოს (არა სამუშაო დღეა და იმიტომ) დილიდან ღამის 00:00 საათამდე ყველაფერზე ვიტყვი კი-ს, ანუ ყველა შემოთავაზებას მივიღებ (შესაძლოა ძალიან თამამი განაცხადია, თუმცა ვნახოთ, არსებობს რამდენიმე გამონაკლისი რა თქმა უნდა მაგ. კრიმინალურ აქტში მონაწილეობა 🙂 . – თუ ცოცხალი და საღი დავრჩი აუცილებლად დავწერ შედეგებს.
  • წერილი – დავწერ ვრცელ წერილს 25 წლის გახდომასთან დაკავშირებით. იმაზე თუ სად ვარ ახლა, რა მომწონს და რას ვერ ვიტან, მიხარია თუ მწყინს ის, რომ 25 წლის ვხდები, ან იქნებ საერთოდ არ მანაღვლებს ეს. რის მიღწევას ვცდილობ, რა მინდა რომ მოვასწრო, რომ აღარ მინდა ჩამოვრჩე ცხოვრებას, მინდა ვიყო უფრო აქტიური, მქონდეს მიზნები და გეგმა, ვიცოდე რა მანიჭებს სიამოვნებას და რას ვაკეთებ მოვალეობის მოხდის მიზნით. სად მინდა, რომ ვიყო 30 წლის ასაკში და რას ვაკეთებდე, ვინ ვიყო, როგორი ცხოვრება მქონდეს, რა იყოს მნიშვნელოვანი. დავწერ წერილს, დავლუქავ და მხოლოდ 30-ე დაბადების დღეზე გავხსნი (თუ რა თქმა უნდა მივატან იქამდე, არასოდეს იცი რა მოხდება თუნდაც ხვალ). 2 აგვისტო.
  • წავალ კინოში მარტო – ეს იდეა არა ერთხელ მომსვლია, თუმცა განხორციელებას ვერ დავაყენე საშველი, ჰოდა სანამ 25 წლის გავხდები ერთხელ წავალ კინოში მარტო, რამე მარტივ ფილმს შევარჩევ, ვიყიდი ”პოპ კორნს” და ვუყურებ. 4 აგვისტო.
  • დავიწყებ წიგნის წერას – სასაცილოა, მეც მეცინება, თუმცა წერა ამ ქვეყანაზე ყველაფერს მირჩევნია, ასე ძალიან არაფერი მიყვარს და ასეთ სიამოვნებას არასოდეს ვღებულობ. ჰოდა დავჯდები და დიდი ხნის დაგეგმილი წიგნის წერას შევუდგები, რა მნიშვნელობა აქვს ოდესმე ნახავს თუ არა ჩემი ნაწერი დღის სინათლეს ან ივარგებს თუ არა რამედ, მთავარია, რომ საკუთარ თავს სასიამოვნო საქმეს ვაჩუქებ. 5 აგვისტო.
  • დავწერ აღიარებით ჩვენებას – ყოველგვარი ტყუილის, მიკიბულ-მოკიბული საუბრების გარეშე, დამალვისა და ”ცენზურის”, საკუთარი პრინციპებისა და კანონების გვერდის ავლით დავწერ აღიარებით ჩვენებას, ვიტყვი იმას რასაც საკუთარ თავსაც ხშირად ვუმალავ, ვისაუბრებ ყველაფერზე რაზეც არ ვსაუბრობ, შემდეგ წავიკითხავ და გადავაბიჯებ ყველაფერ ”მოუნელებელს”. 1 აგვისტო.
  • და ბოლოს 8 აგვისტო გამორჩეული რიცხვი ჩემ ცხოვრებაში – ამ თარიღს წინასწარ არ განვსაზღვრავ, მისი მომხიბვლელობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოულოდნელობებით არის ხოლმე სავსე, ჰოდა დილით თვალს, რომ გავახელ რისი გაკეთებაც მომინდება იმას გავაკეთებ, საკუთარ თავს უარს არაფერზე ვეტყვი.
P.S.
  • თითო პოსტი ყოველ დღე – დარჩენილი დღეების განმავლობაში ყოველ დღე დავწერ პოსტს, ისე, რომ არ დავფიქრდები რამდენად საინტერესო იქნება ის მკითხველისთვის, არ ვინერვიულებ თითოეულ შეცდომაზე, არ ავწონ-დავწონი თითოეულ სიტყვას, დავწერ იმას რისი დაწერაც ნამდვილად მომინდება და მერე რა თუ მკითხველისთვის უინტერესო ვიქნები.
  • პოზიტივი – დარჩენილი დღეების განმავლობაში ვიქნები პოზიტიური, არავითარ შემთხვევაში არავისთან შევალ კონფლიქტში, როგორ უხეშადაც არ უნდა მომექცნენ ნერვებს არ მოვიშლი, არ ვუპასუხებ იგივე განწყობით, ვიქნები მშვიდი, დადებითი, მოვუფრთხილდები საკუთარ თავს. ცხოვრებაში პირველად მხოლოდ დადებით ემოციებს ვაჩუქებ საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფთ.