გამარჯობა ამღვრეულო


-ისევ შევხვდით ერთმანეთს! – მინდა ვუთხრა და გაბუტულივით ავარიდო თვალი.

ვერაფერს ვეუბნები. ამღვრეულია და ღელავს. მერე რა რომ ამინდი გამოვიდა?! გუშინ წვიმდა, 2 დღის წინაც, მზის აღქმა ვერ მოასწრო ისე წამოვადექი თავზე. დამპატიჟა? მეტი დარდი არ ჰქონდა! დაუპატიჟებლად ჩამოვჩაქჩაქდი. ჰოდა, როგორც ჩამოვჩაქჩაქდი, ისე წავჩაქაჩაქდები!

-არადა ასახსნელი ბევრი გაქვს! – ოდნავ ნაწყენი ტონით ვეუბნები მე.

მეტი საქმე არ აქვს მიპასუხოს. თავისთვის ბუტბუტებს რაღაცებს და ისე იქცევა, თითქოს პირველად მხედავდეს.

პასუხად, მეც აუღელვებლად ვალაგებ ფეხებს აივნის მოაჯირზე და სიგარეტის ქაჩვისას ვფიქრობ მოსალოდნელ სიმთვრალეზე.

მოსალოდნელი რომ მიმდინარე ხდება ყველაფერს ფეხებზე ვიკიდებ.. არადა, ჯობდა დამეძინა.

ცუდი გოგო ხარ ფინიკო და ზედმეტად ცელქობ! არ ვარგა ეს და ასე არაფერი გამოვა! ეს ფეხებიც რამდენჯერ ახსენე წინა ორ აბზაცში? გვარიანად უნდა გაგტყიპოს კაცმა რა! მაგრამ რას ვიზამთ რომ პატრონი არ გყავს?

ჰაჰ, რას ვიზამთ? რას და ერთ კვირაში ისევ ჩამოვალთ და აგერ ნახავ თუ არ დაველაპარაკებით! თავხედი კია, მაგრამ ყურის აწევა არ გაგვიჭირდება.

მანამდე კი შეუძლია მოეხეთქოს ნაპირებს.

მაინც გეტყვი რომ ნაწყენი ვარ შენზე და არ მგონია მარტივად შევრიგდეთ!

fb_img_1475475227675
სიგარეტი, სასმელი და ფონად Supertramp Live to love you. 02.10.2016

დრაფტებისგან შეთითხნილი პოსტი – მანამდე და მერე


დღეს დრაფტებს დავუარე, გავაერთიანე და მოვიფრინე სანაგვეზე. გამოუქვეყნებელი პოსტები შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად – “მანამდე” და “მერე”.

მანამდე (01.08)

ღმერთი რომ ვიყო განკითხვის დღე იქნებოდა დედამიწაზე.

ილოცეთ ჩემს მიკრო სამყაროში მცხოვრებო მოფუთფუთე ელემენტებო, თუ ნორმალურ არსებობას არ ისწავლით 30 წლის რისხვა დაგატყდებათ თავს და მერე არ გავიგო ჩემს ზურგს უკან ჭორაობა, რომ ღმერთი ყოველ დღე სვამს, მოწევასაც აშკარად მოუმატა, ძილითაც აღარ იძინებს და ბოლო პერიოდში სულ გაუფუჭდა ხასიათი. ყველაფერი მესმის, ყველაფერი ვიცი, ყველგან ვარ.

მერე (20.09)

ბევრი მოდის, ცოტა რჩება. ძირითადად მიდიან ზაფხულში, როდის მოდიან არ მინახავს, დასაწყისამდე ჩასვლა ყოველთვის მეზარება ხოლმე, თან ახლა დასასრულები უფრო მაინტერესებს.

სხვების არქივებში გეძებ, შენი არსებობის სიხშირე მაინტერესებს, ცვეთა უნდა დაგარიცხო.

დახურულ არქივებში რა ხდება არც ვიცი და ვერც გავიგებ, ამიტომ დასკვნების გაკეთება მიჭირს და ისევ საკუთარ დაშვებებს ვენდობი.

გაცვეთილი ხარ, დახურულ არქივებში შენახული, ხშირი და იმაზე მეტი მეტასტაზი გაქვს, ვიდრე მე მინდა ვიცოდე.

ობსესია არაა ხომ სწორი ფორმა? აკვიატებაა? გუშინ ვეცნობოდი ნამდვილ ისტორიებს ადამიანებზე, რომლებმაც სხვა ადამიანები აიკვიატეს. ეს დარღვევაა? თუ ასეა, კიდევ ერთი დიაგნოზი მიამატეთ ჩემს სამედიცინო ისტორიას.

მანამდე (ზუსტი თარიღი უცნობია, ვინაიდან მობილურის local draft-ია)

იმედი მაქვს ამ tag-ით ბოლო პოსტს ვწერ. ყელშია უკვე და იმიტომ.

კომენტარი: სულ ესაა, ანუ პოსტი კი არა რაღაც გაელვება იყო. “ამ tag”-ში იგულისხმება D12.5 ანუ დაახლოებით მაისია. ამის მერე მართლა არარაობად იქცა.

მერე (16.09)

მოდი ვილაპარაკოთ. რომ გითხრა სალაპარაკო გვაქვს მეთქი, მოგატყუებ, სალაპარაკო არასოდეს არაფერი გვქონია, მაგრამ ხომ ვახერხებდით რაღაცას? ჰოდა, ახლა რატომ უნდა მოვიგონო რომ რაღაც მნიშვნელოვანი გვაქვს განსახილველი?! ისევ სისულელეზე, ისევ არაფერზე, მოკლედ ისევ ისე, როგორც ადრე.

შეცვლილი მეჩვენები, ეს ჩინეთის გავლენაა თუ იუპიტერის? დიდი ხანია შენგან წერილი არ მიმიღია, მომიყევი რა ხდება იუპიტერზე, ბოლოს და ბოლოს მზის სისტემა ხომ მზის სისტემაა და მაინც აქვეა, რა დრო უნდა გჭირდებოდეს მაქედან წერილის გამოსაგზავნად 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიების ეპოქაში? კარგი, მელაპარაკე და ხმას არ ამოვიღებ.

ახლა პოზიტივის დრო არაა, ღამეა ბოლოს და ბოლოს, თან ცუდი ამინდია და თან შემოდგომა, აი, მითხარი რა დროს პოზიტივია?!

მართალი ხარ, წარსულით ცხოვრებას ვერ შევეშვი, სულ ასე იყო, სულ ასე იქნება, ამიტომ მისხლტება აწმყო ხელიდან ასე სწრაფად და ასე უაზროდ. მაგრამ ახლა, ზუსტად ამ მომენტში ყველაფერი ფეხებზე მკიდია, აწმყოც და მომავალიც, ჰო, ყველაფერი ფეხებზე მკიდია წარსულის გარდა.

იცი რატომ?

ამავე დღეს მეორე დრაფტიცაა:

მობილურის დატენვასა და მუსიკის მოსმენას შორის არჩევანი მუსიკის მოსმენაზე შევაჩერე. ადრე ასე არ მოვიქცეოდი, სხვა გზას ვნახავდი, ბოლოს და ბოლოს ახალ დენის წყაროს მოვძებნიდი არც ერთი რომ დამეთმო, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, ახლა დიდად არაფერი მაღელვებს იმის გარდა რომ მუდმივად ჩართული იყოს მუსიკა და თან რაც შეიძლება მაღალ ხმაზე.

ღამეები არ მიყვარს, შესაძლოა არც ადრე მიყვარდა დიდად, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ახლა დანამდვილებით ვიცი რომ დაღამება არ მინდა.

მანამდე (ზუსტი თარიღი აქაც უცნობია, ვინაიდან მობილურის local draft-ია)

საკუთარი თავისთვის დადგენილი სტანდარტებისგან გასრესილ არარაობად და ძვლების ტვინგამოცლილ გროვად ქცეული ვყრივარ საწოლზე. კოფეინის გადაჭარბებული დოზა შხუილით მიედინება ძარღვებში და გული ყურებში მიცემს.

პ.ს. არადა “ძვლების ტვინგამოცლილ გროვად ქცეული ვყრივარ საწოლზე” “მერე” კატეგორიას უფრო მოუხდებოდა.

tumblr_lcjs8xoicl1qb6f1po1_500

ისევ ამოვა მზე


როცა საკუთარი მდგომარეობის გამოსახატად სიტყვებს ვერ ვპოულობთ, სიტყვები გვპოულობენ ჩვენ. ჰო, ეს ნამდვილად გავს მთისა და მუჰამედის ამბავს, მაგრამ ახლა არც მუჰამედი მაინტერესებს და არც მთა, არც ის მაინტერესებს ვინ ვისთან მივიდა და ვინ გადადგა პირველი ნაბიჯი.

ახლა არ ვიცი რას ველოდები, ახლა არ ვიცი რა მიხარია.

ერთი შეხედვით ხომ მარტივი სათქმელია, არადა, გუშინ მთელი დღე ვფიქრობდი როგორ უნდა მეთქვა, ვერაფერი მოვიფიქრე, მანამ სანამ შემთხვევით ტაქსიში არ მომესმა. ზოგჯერ, ჩვენ შესახებ, ჩვენზე უკეთ სხვები საუბრობენ.

როგორ ძალიანაც არ უნდა გვინდოდეს ყველა ჩვენი განცდა იყოს უნიკალური, განსხვავებული და მხოლოდ ჩვენი, ასე არასოდეს მოხდება. საბოლოო ჯამში ერთმანეთისგან დიდად არ განვსხვავდებით და ეს ალბათ ცუდი არაა, ცუდი არაა იმიტომ რომ გაზიარების შესაძლებლობას იძლევა, იმიტომ რომ პროგნოზის საშუალებას გვაძლევს, იმიტომ რომ ზოგჯერ მაინც შეგვიძლია სხვისი სიტყვებით ვილაპარაკოთ.

როგორ ძალიანაც არ უნდა გვინდოდეს დავიჯეროთ რომ ჩვენთან ყველაფერი განსხვავებულად იქნება, რომ ჩვენ სხვა დასასრულამდე მივალთ, ჩვენ სხვანაირად გადავიტანთ, სხვანაირად გაგვიხარდება ან სხვანაირად აღარ გაგვიხარდება. ფინიში, ფინიშია.

ყველაზე უცნაურია განცდა, როცა ვერ იგებ რას ან რაღას ელოდები და არ იცი რა გიხარია ან რა უნდა გიხაროდეს.

ისევ ამოვა მზე.

ზოგჯერ ცუდია როცა მზის ამოსვლის გარდაუვალობას იაზრებ.

დღეს ყველაფერი კარგად იქნება.

ყველაზე მეტად მეყალბებოდა ხოლმე ეს ფრაზა, ახლა აღარ, ბევრი რამ შეიცვალა. იცი რატომ აღარ მეყალბება? იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ყველაფერი კარგად იქნება და რაღაცნაირად, სადღაც, გაუაზრებლად არ მინდა. სწორედ ამიტომ მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფრის მჯერა რაც არ მინდა.

ჰო, აი საბოლოოდ აღმოვაჩინეთ რა გვჭირს ფინიკი, ყველაფრის გვჯერა რისიც გვეშინია, რაც არ გვინდა. ჰოდა, სანამ ასე ვიქნებით “ყველაფერი კარგად იქნება” და “ისევ ამოვა მზე”. ამ ზამთარსაც გადავიტანთ ფინიკი.

საინტერესოა, პოსტი, რომლის სათაურიც უკიდურესად პოზიტიური და ოპტიმისტურია, ყველაზე პესიმისტური გამომივიდა.

მიყვარს ასე შემთხვევით აღმოჩენილი სიმღერები.

You Win & I Lose


განგსტერის ქვრივივით გამოვეწყვე დილიდან.

არ მიყვარს წაგებულის პოზიციაში ყოფნა. სასაცილო ისაა, ახლა წარმოდგენა არ მაქვს ვისთან წავაგე, რას ვერ გავუმკლავდი, სად ჩავფლავდი.

ჰო, კარგი, ვაღიარებ, მხოლოდ ერთხელ და ერთ საკითხში კი არ დავმარცხდი, აი, საერთოდ ყველაფერში წყალწაღებული აღმოვჩნდი. ჰოდა, ჰა, გაიხარე You win, I lose.

რა ვქნა ახლა ფეხებზე რომ მკიდია?! რა? რა და ყველაფერი, აი, დუნიაზე ყველაფერი ფეხებზე მკიდია. ისიც მკიდია, რომ You get the best, I get the rest, ისიც რომ You pass the test, I’m just a mess და შენ წარმოიდგინე ისიც რომ You got it made, I’m in the shade.

ეგრე გამოვიდა, I’m me and you’re you და აქ არაფრის შეცვლა არ შეიძლება. ჰოდა, რახან ვერაფერს ვცვლი, ჭირსაც წაუღია ყველაფერი. აი, ეგეთ გადასარევ ხასიათზე ვარ. დაილოცონ ანტიდეპრესანტების გამომგონებლები.

არადა, დღეს სულ სხვანაირ ხასიათზე ყოფნა მინდოდა, სულ სხვა რამე უნდა დამეწერა, სხვა რაღაცები მეფიქრა, სხვა ემოციები მქონოდა… ამაშიც კი უნიათო აღმოვჩნდი, გამოვგანსგტერისქვრივდი და უაზრო გამომეტყველებით მივჩერებივარ ეკრანს.

ისე, რა მაგის პასუხია და I can’t wait for the day when:

I win, You lose
You beg and I choose
You’re in the shade, I’m on parade

ყველაფერი კარგად იქნება, ჰო, ყველაფერი კარგად იქნება, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს ეს.

1 თვე და 1 წელი (366 დღე ანუ 1 დღით მეტი სხვა წლებთან შედარებით). გავერთიანდით, დავმრგვალდით, წრე შევკარით და დავხურეთ.

tumblr_m0d487lel11qzwaddo1_500
Someday, not far from now!