22.09.15.16.17


დღეს 22 სექტემბერია, 2017-ის? 2017-ს არა, 2015 წლის 22 სექტემბერია.

დღეს პირველად ვილაპარაკეთ, ველოსოპედებზე და ეკლერებზე, ეკლერებზე უფრო მეტი, მაგრამ ველოსიპედებზეც, ცოტა ბათუმზეც, ეს რა თქმა უნდა ჩემი ინიციატივით. ბათუმი რომ ყველგან არ ჩავაკვეხო ხომ არ შემიძლია. დიახ, ბათუმი და აგვისტო!

მერე პინოჩეტიზე, ჩილეზე, მიკ ჯაგერზე, ინკვიზიციაზე, პირად ჰოროსკოპზე, ტაროზე, მუსიკაზე (აბა როგორ?!), ჩემს გეგმაზე გალუთერანების შესახებ, ღვინოზე, ლუდზე, კატებზე, ისევ ველოსიპედზე, ჩემს ასაკზე, 30-ზე და ბუღალტერიაზე (ასეთზეც და ისეთზეც), ავსტრიაზე და უნგრეთზე, ბაჭიებზე და ბატებზე, ვისკიზე და პესიმიზმზე, ფეხბურთზე და გერმანიაზე, ტაქსისტებზე და ტატუებზე, მაგიაზე და კუდიანებზე..

მოკლედ რაზე არ ვილაპარაკეთ.

დღეს 22 სექტემბერია, 2017-ის? 2017-ს არა, 2016 წლის 22 სექტემბერია, თვეზე მეტია აღარ გვილაპარაკია. არც ბათუმზე და არც აგვისტოზე, არც ველოსიპედზე და არც მუსიკაზე, არც ლუდზე და არც ლუთერანობაზე, არც ჩემი კლასელების შეკრებაზე და არც იმაზე რომელ სკოლაში ვსწავლობდი. დღეს 2016 წლის 22 სექტემბერია, მე ველოსიპედებზე და ეკლერებზე ვფიქრობ. თითებზე ვითვლი რამდენი დღე გავიდა.

დღეს 22 სექტემბერია, 2017 წლის 22 სექტემბერი, წელიწადზე მეტია აღარ გვილაპარაკია და ნუ, ვეღარც ვილაპარაკებთ.

როცა ძვირფასი, შენთვის ძალიან ახლობელი ადამიანები კვდებიან, ყველა თემა რომელზეც საუბრობდით, ერთი, დახურული, ტაბუ დადებული ამბის ნაწილი ხდება, იმ ადამიანის ექსკლუზივი, რომელთანაც ამ თემებზე ვეღარასოდეს ილაპარაკებ. ილუქება წარწერებიან ყუთში იმ ნივთებთან, სუნებთან და ტანსაცმელთან ერთად, რომლებიც თქვენი ისტორიის ნაწილი იყო.

გამარჯობა ამღვრეულო


-ისევ შევხვდით ერთმანეთს! – მინდა ვუთხრა და გაბუტულივით ავარიდო თვალი.

ვერაფერს ვეუბნები. ამღვრეულია და ღელავს. მერე რა რომ ამინდი გამოვიდა?! გუშინ წვიმდა, 2 დღის წინაც, მზის აღქმა ვერ მოასწრო ისე წამოვადექი თავზე. დამპატიჟა? მეტი დარდი არ ჰქონდა! დაუპატიჟებლად ჩამოვჩაქჩაქდი. ჰოდა, როგორც ჩამოვჩაქჩაქდი, ისე წავჩაქაჩაქდები!

-არადა ასახსნელი ბევრი გაქვს! – ოდნავ ნაწყენი ტონით ვეუბნები მე.

მეტი საქმე არ აქვს მიპასუხოს. თავისთვის ბუტბუტებს რაღაცებს და ისე იქცევა, თითქოს პირველად მხედავდეს.

პასუხად, მეც აუღელვებლად ვალაგებ ფეხებს აივნის მოაჯირზე და სიგარეტის ქაჩვისას ვფიქრობ მოსალოდნელ სიმთვრალეზე.

მოსალოდნელი რომ მიმდინარე ხდება ყველაფერს ფეხებზე ვიკიდებ.. არადა, ჯობდა დამეძინა.

ცუდი გოგო ხარ ფინიკო და ზედმეტად ცელქობ! არ ვარგა ეს და ასე არაფერი გამოვა! ეს ფეხებიც რამდენჯერ ახსენე წინა ორ აბზაცში? გვარიანად უნდა გაგტყიპოს კაცმა რა! მაგრამ რას ვიზამთ რომ პატრონი არ გყავს?

ჰაჰ, რას ვიზამთ? რას და ერთ კვირაში ისევ ჩამოვალთ და აგერ ნახავ თუ არ დაველაპარაკებით! თავხედი კია, მაგრამ ყურის აწევა არ გაგვიჭირდება.

მანამდე კი შეუძლია მოეხეთქოს ნაპირებს.

მაინც გეტყვი რომ ნაწყენი ვარ შენზე და არ მგონია მარტივად შევრიგდეთ!

fb_img_1475475227675
სიგარეტი, სასმელი და ფონად Supertramp Live to love you. 02.10.2016

ისევ ამოვა მზე


როცა საკუთარი მდგომარეობის გამოსახატად სიტყვებს ვერ ვპოულობთ, სიტყვები გვპოულობენ ჩვენ. ჰო, ეს ნამდვილად გავს მთისა და მუჰამედის ამბავს, მაგრამ ახლა არც მუჰამედი მაინტერესებს და არც მთა, არც ის მაინტერესებს ვინ ვისთან მივიდა და ვინ გადადგა პირველი ნაბიჯი.

ახლა არ ვიცი რას ველოდები, ახლა არ ვიცი რა მიხარია.

ერთი შეხედვით ხომ მარტივი სათქმელია, არადა, გუშინ მთელი დღე ვფიქრობდი როგორ უნდა მეთქვა, ვერაფერი მოვიფიქრე, მანამ სანამ შემთხვევით ტაქსიში არ მომესმა. ზოგჯერ, ჩვენ შესახებ, ჩვენზე უკეთ სხვები საუბრობენ.

როგორ ძალიანაც არ უნდა გვინდოდეს ყველა ჩვენი განცდა იყოს უნიკალური, განსხვავებული და მხოლოდ ჩვენი, ასე არასოდეს მოხდება. საბოლოო ჯამში ერთმანეთისგან დიდად არ განვსხვავდებით და ეს ალბათ ცუდი არაა, ცუდი არაა იმიტომ რომ გაზიარების შესაძლებლობას იძლევა, იმიტომ რომ პროგნოზის საშუალებას გვაძლევს, იმიტომ რომ ზოგჯერ მაინც შეგვიძლია სხვისი სიტყვებით ვილაპარაკოთ.

როგორ ძალიანაც არ უნდა გვინდოდეს დავიჯეროთ რომ ჩვენთან ყველაფერი განსხვავებულად იქნება, რომ ჩვენ სხვა დასასრულამდე მივალთ, ჩვენ სხვანაირად გადავიტანთ, სხვანაირად გაგვიხარდება ან სხვანაირად აღარ გაგვიხარდება. ფინიში, ფინიშია.

ყველაზე უცნაურია განცდა, როცა ვერ იგებ რას ან რაღას ელოდები და არ იცი რა გიხარია ან რა უნდა გიხაროდეს.

ისევ ამოვა მზე.

ზოგჯერ ცუდია როცა მზის ამოსვლის გარდაუვალობას იაზრებ.

დღეს ყველაფერი კარგად იქნება.

ყველაზე მეტად მეყალბებოდა ხოლმე ეს ფრაზა, ახლა აღარ, ბევრი რამ შეიცვალა. იცი რატომ აღარ მეყალბება? იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ყველაფერი კარგად იქნება და რაღაცნაირად, სადღაც, გაუაზრებლად არ მინდა. სწორედ ამიტომ მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფრის მჯერა რაც არ მინდა.

ჰო, აი საბოლოოდ აღმოვაჩინეთ რა გვჭირს ფინიკი, ყველაფრის გვჯერა რისიც გვეშინია, რაც არ გვინდა. ჰოდა, სანამ ასე ვიქნებით “ყველაფერი კარგად იქნება” და “ისევ ამოვა მზე”. ამ ზამთარსაც გადავიტანთ ფინიკი.

საინტერესოა, პოსტი, რომლის სათაურიც უკიდურესად პოზიტიური და ოპტიმისტურია, ყველაზე პესიმისტური გამომივიდა.

მიყვარს ასე შემთხვევით აღმოჩენილი სიმღერები.

You Win & I Lose


განგსტერის ქვრივივით გამოვეწყვე დილიდან.

არ მიყვარს წაგებულის პოზიციაში ყოფნა. სასაცილო ისაა, ახლა წარმოდგენა არ მაქვს ვისთან წავაგე, რას ვერ გავუმკლავდი, სად ჩავფლავდი.

ჰო, კარგი, ვაღიარებ, მხოლოდ ერთხელ და ერთ საკითხში კი არ დავმარცხდი, აი, საერთოდ ყველაფერში წყალწაღებული აღმოვჩნდი. ჰოდა, ჰა, გაიხარე You win, I lose.

რა ვქნა ახლა ფეხებზე რომ მკიდია?! რა? რა და ყველაფერი, აი, დუნიაზე ყველაფერი ფეხებზე მკიდია. ისიც მკიდია, რომ You get the best, I get the rest, ისიც რომ You pass the test, I’m just a mess და შენ წარმოიდგინე ისიც რომ You got it made, I’m in the shade.

ეგრე გამოვიდა, I’m me and you’re you და აქ არაფრის შეცვლა არ შეიძლება. ჰოდა, რახან ვერაფერს ვცვლი, ჭირსაც წაუღია ყველაფერი. აი, ეგეთ გადასარევ ხასიათზე ვარ. დაილოცონ ანტიდეპრესანტების გამომგონებლები.

არადა, დღეს სულ სხვანაირ ხასიათზე ყოფნა მინდოდა, სულ სხვა რამე უნდა დამეწერა, სხვა რაღაცები მეფიქრა, სხვა ემოციები მქონოდა… ამაშიც კი უნიათო აღმოვჩნდი, გამოვგანსგტერისქვრივდი და უაზრო გამომეტყველებით მივჩერებივარ ეკრანს.

ისე, რა მაგის პასუხია და I can’t wait for the day when:

I win, You lose
You beg and I choose
You’re in the shade, I’m on parade

ყველაფერი კარგად იქნება, ჰო, ყველაფერი კარგად იქნება, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს ეს.

1 თვე და 1 წელი (366 დღე ანუ 1 დღით მეტი სხვა წლებთან შედარებით). გავერთიანდით, დავმრგვალდით, წრე შევკარით და დავხურეთ.

tumblr_m0d487lel11qzwaddo1_500
Someday, not far from now!