22.09.15.16.17


დღეს 22 სექტემბერია, 2017-ის? 2017-ს არა, 2015 წლის 22 სექტემბერია.

დღეს პირველად ვილაპარაკეთ, ველოსოპედებზე და ეკლერებზე, ეკლერებზე უფრო მეტი, მაგრამ ველოსიპედებზეც, ცოტა ბათუმზეც, ეს რა თქმა უნდა ჩემი ინიციატივით. ბათუმი რომ ყველგან არ ჩავაკვეხო ხომ არ შემიძლია. დიახ, ბათუმი და აგვისტო!

მერე პინოჩეტიზე, ჩილეზე, მიკ ჯაგერზე, ინკვიზიციაზე, პირად ჰოროსკოპზე, ტაროზე, მუსიკაზე (აბა როგორ?!), ჩემს გეგმაზე გალუთერანების შესახებ, ღვინოზე, ლუდზე, კატებზე, ისევ ველოსიპედზე, ჩემს ასაკზე, 30-ზე და ბუღალტერიაზე (ასეთზეც და ისეთზეც), ავსტრიაზე და უნგრეთზე, ბაჭიებზე და ბატებზე, ვისკიზე და პესიმიზმზე, ფეხბურთზე და გერმანიაზე, ტაქსისტებზე და ტატუებზე, მაგიაზე და კუდიანებზე..

მოკლედ რაზე არ ვილაპარაკეთ.

დღეს 22 სექტემბერია, 2017-ის? 2017-ს არა, 2016 წლის 22 სექტემბერია, თვეზე მეტია აღარ გვილაპარაკია. არც ბათუმზე და არც აგვისტოზე, არც ველოსიპედზე და არც მუსიკაზე, არც ლუდზე და არც ლუთერანობაზე, არც ჩემი კლასელების შეკრებაზე და არც იმაზე რომელ სკოლაში ვსწავლობდი. დღეს 2016 წლის 22 სექტემბერია, მე ველოსიპედებზე და ეკლერებზე ვფიქრობ. თითებზე ვითვლი რამდენი დღე გავიდა.

დღეს 22 სექტემბერია, 2017 წლის 22 სექტემბერი, წელიწადზე მეტია აღარ გვილაპარაკია და ნუ, ვეღარც ვილაპარაკებთ.

როცა ძვირფასი, შენთვის ძალიან ახლობელი ადამიანები კვდებიან, ყველა თემა რომელზეც საუბრობდით, ერთი, დახურული, ტაბუ დადებული ამბის ნაწილი ხდება, იმ ადამიანის ექსკლუზივი, რომელთანაც ამ თემებზე ვეღარასოდეს ილაპარაკებ. ილუქება წარწერებიან ყუთში იმ ნივთებთან, სუნებთან და ტანსაცმელთან ერთად, რომლებიც თქვენი ისტორიის ნაწილი იყო.

Advertisements

დრაფტებისგან შეთითხნილი პოსტი – მანამდე და მერე


დღეს დრაფტებს დავუარე, გავაერთიანე და მოვიფრინე სანაგვეზე. გამოუქვეყნებელი პოსტები შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად – “მანამდე” და “მერე”.

მანამდე (01.08)

ღმერთი რომ ვიყო განკითხვის დღე იქნებოდა დედამიწაზე.

ილოცეთ ჩემს მიკრო სამყაროში მცხოვრებო მოფუთფუთე ელემენტებო, თუ ნორმალურ არსებობას არ ისწავლით 30 წლის რისხვა დაგატყდებათ თავს და მერე არ გავიგო ჩემს ზურგს უკან ჭორაობა, რომ ღმერთი ყოველ დღე სვამს, მოწევასაც აშკარად მოუმატა, ძილითაც აღარ იძინებს და ბოლო პერიოდში სულ გაუფუჭდა ხასიათი. ყველაფერი მესმის, ყველაფერი ვიცი, ყველგან ვარ.

მერე (20.09)

ბევრი მოდის, ცოტა რჩება. ძირითადად მიდიან ზაფხულში, როდის მოდიან არ მინახავს, დასაწყისამდე ჩასვლა ყოველთვის მეზარება ხოლმე, თან ახლა დასასრულები უფრო მაინტერესებს.

სხვების არქივებში გეძებ, შენი არსებობის სიხშირე მაინტერესებს, ცვეთა უნდა დაგარიცხო.

დახურულ არქივებში რა ხდება არც ვიცი და ვერც გავიგებ, ამიტომ დასკვნების გაკეთება მიჭირს და ისევ საკუთარ დაშვებებს ვენდობი.

გაცვეთილი ხარ, დახურულ არქივებში შენახული, ხშირი და იმაზე მეტი მეტასტაზი გაქვს, ვიდრე მე მინდა ვიცოდე.

ობსესია არაა ხომ სწორი ფორმა? აკვიატებაა? გუშინ ვეცნობოდი ნამდვილ ისტორიებს ადამიანებზე, რომლებმაც სხვა ადამიანები აიკვიატეს. ეს დარღვევაა? თუ ასეა, კიდევ ერთი დიაგნოზი მიამატეთ ჩემს სამედიცინო ისტორიას.

მანამდე (ზუსტი თარიღი უცნობია, ვინაიდან მობილურის local draft-ია)

იმედი მაქვს ამ tag-ით ბოლო პოსტს ვწერ. ყელშია უკვე და იმიტომ.

კომენტარი: სულ ესაა, ანუ პოსტი კი არა რაღაც გაელვება იყო. “ამ tag”-ში იგულისხმება D12.5 ანუ დაახლოებით მაისია. ამის მერე მართლა არარაობად იქცა.

მერე (16.09)

მოდი ვილაპარაკოთ. რომ გითხრა სალაპარაკო გვაქვს მეთქი, მოგატყუებ, სალაპარაკო არასოდეს არაფერი გვქონია, მაგრამ ხომ ვახერხებდით რაღაცას? ჰოდა, ახლა რატომ უნდა მოვიგონო რომ რაღაც მნიშვნელოვანი გვაქვს განსახილველი?! ისევ სისულელეზე, ისევ არაფერზე, მოკლედ ისევ ისე, როგორც ადრე.

შეცვლილი მეჩვენები, ეს ჩინეთის გავლენაა თუ იუპიტერის? დიდი ხანია შენგან წერილი არ მიმიღია, მომიყევი რა ხდება იუპიტერზე, ბოლოს და ბოლოს მზის სისტემა ხომ მზის სისტემაა და მაინც აქვეა, რა დრო უნდა გჭირდებოდეს მაქედან წერილის გამოსაგზავნად 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიების ეპოქაში? კარგი, მელაპარაკე და ხმას არ ამოვიღებ.

ახლა პოზიტივის დრო არაა, ღამეა ბოლოს და ბოლოს, თან ცუდი ამინდია და თან შემოდგომა, აი, მითხარი რა დროს პოზიტივია?!

მართალი ხარ, წარსულით ცხოვრებას ვერ შევეშვი, სულ ასე იყო, სულ ასე იქნება, ამიტომ მისხლტება აწმყო ხელიდან ასე სწრაფად და ასე უაზროდ. მაგრამ ახლა, ზუსტად ამ მომენტში ყველაფერი ფეხებზე მკიდია, აწმყოც და მომავალიც, ჰო, ყველაფერი ფეხებზე მკიდია წარსულის გარდა.

იცი რატომ?

ამავე დღეს მეორე დრაფტიცაა:

მობილურის დატენვასა და მუსიკის მოსმენას შორის არჩევანი მუსიკის მოსმენაზე შევაჩერე. ადრე ასე არ მოვიქცეოდი, სხვა გზას ვნახავდი, ბოლოს და ბოლოს ახალ დენის წყაროს მოვძებნიდი არც ერთი რომ დამეთმო, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, ახლა დიდად არაფერი მაღელვებს იმის გარდა რომ მუდმივად ჩართული იყოს მუსიკა და თან რაც შეიძლება მაღალ ხმაზე.

ღამეები არ მიყვარს, შესაძლოა არც ადრე მიყვარდა დიდად, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ახლა დანამდვილებით ვიცი რომ დაღამება არ მინდა.

მანამდე (ზუსტი თარიღი აქაც უცნობია, ვინაიდან მობილურის local draft-ია)

საკუთარი თავისთვის დადგენილი სტანდარტებისგან გასრესილ არარაობად და ძვლების ტვინგამოცლილ გროვად ქცეული ვყრივარ საწოლზე. კოფეინის გადაჭარბებული დოზა შხუილით მიედინება ძარღვებში და გული ყურებში მიცემს.

პ.ს. არადა “ძვლების ტვინგამოცლილ გროვად ქცეული ვყრივარ საწოლზე” “მერე” კატეგორიას უფრო მოუხდებოდა.

tumblr_lcjs8xoicl1qb6f1po1_500

Man of Broken Promises


ეს სიმღერა ვეგასზეა. ჩვენი დიალოგი არა.

– სახეტიალოდ უნდა დაგპატიჟო.

– ვეგასში?

– ჰაჰ, არა, ვეგასში არა, არც ჩინეთში და არც ჩილეში, თბილისში, ბათუმში, რაჭაში, რა ვიცი, სადმე, აქვე..

– მაშინ სიმღერა რა შუაშია?

– ბევრ კითხვას სვამ, არაა ეს კარგი. სიმღერა შენზეა, იქამდე უნდა გასმენინო სანამ მსუბუქ გულის რევას არ იგრძნობ. ჰო, და შენი ხმა არ გავიგო! იმ მდგომარეობაში არ ხარ ახლა რამე გააპროტესტო, ყველაფერი ისე იქნება როგორც მე მინდა, როგორც მე ვიტყვი. დიახ, “Anything I want, anything desire!”

– სადაა Land Of Broken Promises?

– ვეგასში.

– ვერაფერი გავიგე!

– რა არის გაუგებარი? არ მაინტერესებს Land, როცა Man of Broken Promises მიდგას გვერდით და სახეტიალოდ ვეპატიჟები.

– …

I soon became the servant
A blissful blank canvas mind
Something was shining on me – promises
“Anything you want, anything you desire”

– თითები ააყოლე მუსიკას. ჰო, ჰო, ეგრე… ხედავ ღიმილი დაიმსახურე? არადა არაფერს იმსახურებ. გახსოვს რამდენ სისულელეს დაგპირდი? შენ? შენ რამდენ სისულელეს დამპირდი? ეგ გახსოვს? ჰოდა, წამო, გავისეირნოთ. მორჩი ახლა სისულელეებს, ამ ხეტიალის შემდეგ შეგიძლია აღარ უპასუხო ჩემს ზარებს, გამარჯობა არ მითხრა, უარყო რომ მიცნობ.. რა ვიცი, რაც გინდა ის ქენი, მაგრამ ახლა ამ მუსიკის თანხლებით უნდა გავისეირნოთ.

– …

– დამშვიდობების დროა. ნამდვილი დამშვიდობების დრო. უნდა დავემშვიდობოთ ერთმანეთს, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის ნაცნობი სახის გამოჩენამ დამაბრუნა 1 წლით უკან, იმ დროში, სანამ მე დაგპირდებოდი რამეს, სანამ შენ დამპირდებოდი რამეს, სანამ თეგებში გაჩნდებოდი, სანამ რამე იქნებოდა..

– პოლიტიკა ზუსტად ის თემაა, რომელიც ჩვენი დამშვიდობების დროს უნდა წამოგეწია. ძალიან სენტიმენტალური ხარ, გული ამიჩუყდა..

– პოლიტიკა არაფერ შუაშია, ახლა ახსნა რომ დავიწყო დიდ ხანს ვერ გავჩერდები. ადრე გეუბნებოდი, ყველაფერი, აი, ყველაფერი რასაც პარანოიის შემოტევის დროს ვიგონებ, ცხადდება მეთქი. ბადალი არ მყავს. არ ვიცი ამას როგორ ვახერხებ, მაგრამ საოცარი სიზუსტით შემიძლია გითხრა რა როგორ დამთავრდება, ვინ რას გააკეთებს.. შენ რომ Man of Broken Promises იქნებოდი, ეგეც ვიცოდი, მაგრამ დაჯერება არ მინდოდა. ჰო, თავის მოტყუებასა და ილუზიების შექმნაში არ მყავს კიდევ ბადალი.. ეგ არ მითქვამს.

– Anything you want, anything you desire!

– ჰო, Anything I want, anything I desire… ახლა, ფილმი რომ იყოს ყველაფერი ამ ფრაზაზე დამთავრდებოდა. კამერა დაგვშორდებოდა, ხალხში ავირეოდით გადაბმული ყურსასმენებით, სიმღერის ხმა მოიმატებდა, ნელ-ნელა მთლიანად გადაფარავდა სხვა ხმებს და დარჩებოდა მხოლოდ ჩემი ნათქვამი “Anything I want, anything I desire”. ფილმში არ ვართ, მაგაშიც არ გაგვიმართლა. აქ არ მთავრდება, აქ არაფერი მთავრდება, არ დაწყებული ამბები არ შეიძლება მთავრდებოდეს.

Turn the bad blood into good
Bring the laughter, bring the love

გამარჯობა ზერო! მომენატრე! კი, კი ფინიკისაც მოენატრე.

ფინიკი, რატომ ვეძახდით თავს ზეროს გახსოვს? ჰო, ბევრი მიზეზი იყო, მაგრამ ზეროც ხომ “წრეა”, ნუ თითქმის, ჰოდა, ამაზე არასოდეს გვიფიქრია. წრეების შეკვრის ბოლოს, პოსტებზე ხელს ისევ ზეროს სახელით ვაწერთ ხოლმე, ეს აღარ გვახსოვდა ან არ ვიცოდით. ახლა ვიცით.

ხელს აწერს განახლებული ზერო. ზერო Made in China, რა სიმბოლურია!

არა, არა, ჯობია სხვანაირად დავიწეროთ Made by the Man of Broken Promises.

კეთლი იყოს შენი მობრძანება ჩემს თეგებში, გისურვებ არასოდეს გაიზარდო. ჰო, მუდმივ ახალგაზრდობას გისურვებ.

– სახეტიალოდ უნდა დაგპატიჟო. ყურსასმენები მოამზადე!

ჩილე და ჩინეთი იუპიტერზე


ახლა როცა დივანზე წოლისას წარმოსახვითი მწერები დამტრიალებენ თავზე, შენ ჩინეთში ხარ.

ასეა, როცა ჩილე არ გამოდის, გამოდის ჩინეთი. ჩინეთში არავინ გყავს, არც მე ვიცნობ მანდ ვინმეს. ალბათ გაუკვირდათ შენი ჩასვლა, უვიზოდ და დაუპატიჟებლად ჩაადგებოდი შენი ამბავი რომ ვიცი.

საინტერესო მუსიკა ექნებათ, ისეთი არა, მე რომ მიგზავნის ხოლმე სამყარო დილაობით. ჰო, მასეთ წყობებს საინტერესო და იდეოლოგიიდან გამომდინარე დატვირთული მუსიკა აქვთ ხოლმე.

ახლა ალბათ ყურსასმენებით დაბოდიალობ ჩინეთის რომელიღაც ქალაქის ქუჩებში და გეუცნაურება რომ არავინ გიცნობს. კარგია ხომ? შენი სახელიც რომ არავინ იცის. ჰო, კარგი უნდა იყოს, არც მოგონილი მწერების გაბმული წუილი შეგაწუხებს სიმღერებს შორის. მწერებს ისინი იგონებენ ვინც ჯერ ვერც ჩინეთში წავიდა და ვერც ჩილეში.

როცა წავალ გეტყვი “შენ ერთ მხარეს, მე მეორე მხარეს.” ადრე ვწერდი მუმბაი უფრო შორსაა ვიდრე ბარსელონა მეთქი, როცა მუმბაის ბილეთებზე ფიქრისას, ბარსელონას ბილეთებს ვეძებდი. ახლა გეტყვი, რომ ჩილე უფრო შორსაა ვიდრე ჩინეთი და ჭირსაც წაუღია ბარსელონა, ვიღაცების მუმბაისთან ერთად.

ჩილეში რომ წავალ წერილს ესპანურად მოგწერ, შენ ჩინურად მიპასუხე, რომ გკითხო “აჰ, თქვენ ჩინურიც იცით ბატონო?“. გეგონება ვიცოდე კიდევ რა ენებზე წერ და საუბრობ. ჰო, არაფერი ვიცი, ისიც კი ვერ გამიგია ახლა თავზე რომ გადამიფრინა ის მწერიც მოგონილი იყო თუ ნამდვილი. ჯანდაბას! როცა ფრენები იაფი იქნება იუპიტერზე შევხვდეთ. ახლა არ მკითხო რატომ იუპიტერზეო, მზეზე ცხელა და იმიტომ!

შავი ხვრელები და სუპერ ნოვები, ჩილე და ატაკამას უდაბნო


3-იანი და 7-იანი გაიგივდნენ. 3 არ მიყვარდა, 7-ზე სურვილებს ვიფიქრებდი ხოლმე.

სუვრილების ჩაფიქრების ყოველთვის მეშინოდა, საშიშია სურვილებთან თამაში და მათი ჩაფიქრება, სასწორზე დადება, ჯობია შეინახო და უბრალოდ ნახო გამოვა თუ არა.

ცუდია როცა სიზმრები მესიზმრება, კარგია როცა მგონია რომ ეს რაღაცას ნიშნავს. რაც ავად გავხდი მას შემდეგ დავიწყე სიზმრების დამახსოვრება. დიდი ხანია უკვე ავად ვარ და გული მწყდება რომ ყველა ავადმყოფობა ოდესმე მთავრდება, რა მნიშვნელობა აქვს რა შედეგით, ხომ მთავრდება?!

ვარსკვლავებივით დავრჩებით სიკვდილის შემდეგ სუპერნოვად ან შავ ხვრელად.

ჩილეში უნდა წავიდე. წამომყევი ჩილეში. ატაკამას უდაბნოში გავისეირნოთ, Other Lives – Desert-ს ჩავრთავ, ყურსასმენები გავინაწილოთ, გამეორებაზე დავაყენებ რომ უსასრულოდ ვუსმინოთ. მზის ამოსვლას ვუყუროთ.

Desert
reclaims the land,
and we return full in colour.
Dark Sea
don’t bother me,
when water turns into land.

რაზე ვილაპარაკოთ ჩილეში? რაზე და მშვილდოსნებზე და ასტროლოგიაზე, გვარის გადაკეთებაზე, იმაზე რომ კარგია ჩილე და არც ისეთი მიუღწეველი როგორიც მანძილიდან გამომდინარე ჩანს.

Oh our end
has come at last,
and we return full in colour.