11-ები


დღეს ზაფხულის ბოლო დღეა. აგვისტომდე 11 თვე დარჩა. 11 იღბალთან და ბედნიერებასთან ასოცირდება, 11:11-ზე სურვილებსაც ვიფიქრებ ხოლმე. ყველა დასასრული დასაწყისია, დასაწყისი კი სიახლეს ნიშნავს, სიახლე კარგია. ყველაფერი დალაგდა!

მოკლედ, ახლა ნამდვილ ახალ წელზე უფრო ნამდვილი ახალი წელია!

ველოდებით 00:00 საათს, ვხუჭავთ თვალებს და ვიფიქრებთ სურვილს!

არ ვიცი გიფიქრიათ თუ არა, მაგრამ სურვილების ჩაფიქრება, სურვილების ასრულებაზე მაგარი რამეა. ყველაზე სასიამოვნო პროცესი ასრულების მოლოდინია. მოლოდინებით ვცხოვრობთ და მოლოდინები ასწორებს.

ძვირფასო აგვისტო, 11 თვეში შევხვდებით, შევხვდებით ახალი სურვილების ასრულების მოლოდინით და შესაძლოა იმ ახალი ტატუთი, იუპიტერელებს რომ მოსწონთ.

Advertisements

გამარჯობა შემოდგომავ!


დღეს ზაფხულის ბოლო დღეა. ამ დროს როგორც წესი ახალ ცხოვრებას ვიწყებ ხოლმე, ახლაც ასეა, რაღაც ახალი უნდა დაიწყოს, ოღონდ ზუსტად არ ვიცი რა.

ყოველი სექტემბრის მოსვლასთან ერთად რაღაც იცვლება, შემოდგომის მიწურულს კი ეს სიახლე ჩვეულ რუტინად იქცევა ხოლმე. არ მინდა შემოდგომა, გაუაზრებლად, დაუსაბუთებლად, შეგრძნების დონეზე არ მინდა შემოდგომა, ისე რომ არც ზაფხულთან განშორება მწყვეტს დიდად გულს. წელს ყველაზე მეტად მჭირდება დრო ზაფხულსა და შემოდგომას შორის, რაღაც გარდამავალი პერიოდი, მოსაცდელი ზონა საიდანაც საბოლოო დანიშნულების პუნქტში უნდა მოვხვდე.. ნუ, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ახლა ეს ჩემთვის.

1 სექტემბერს განსხვავებული ფინიკი დაიწყებს ახალ ეტაპს, სულ სხვანაირი, არეულ-დარეული, ქაოტური, არასტაბილური და 30 წლის ასაკში, თინეიჯერობაში დაბრუნების გაუაზრებელი სურვილით დაავადებული ფინიკი. არ მინდოდა ასეთი ყოფილიყო, ამიტომაცაა რომ არ მინდა შემოდგომა, ის შემოდგომა რომელიც სხვანაირს უნდა დამეწყო.

ყველა სისულელის მჯერა ახლა, აი იმ სისულელეების რომლებისაც მხოლოდ სულელებს სჯერათ და არა თუ მჯერა, არამედ ტვინშიც დაუსრულებლად ვატრიალებ.

ჩვენ თავად ვაძლევთ მაგიურ დატვირთვას იმ სისულელეებს, რომლებისაც გვჯერა.

გამარჯობა შემოდგომავ! როგორც ყოველთვის, ვერც წელს მოვემზადე შენთან შესახვედრად. ისევ მოგვიწევს ზურგი შევაქციოთ ერთმანეთს და გაბუტულებივით ავარიდოთ ხოლმე თვალი დილაობით. დროებით აგვისტოვ, 11 თვეში ალბათ ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ახალი იმედებით და მოლოდინებით, რომლებიც არასოდეს გამართლდება.

P.S. ეს სიმღერა ყველაზე მეტად პატრიცია კაასის შესრულებით მომწონს.

autumn-thoughts-hello-autumn-tumblr-pinterest-bblogger1