“არ მოსაყოლი” ამბები


დასვენება ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ოღონდ ამისთვისაც შესაბამისი ნიჭის ქონაა საჭირო.

ახლა ისევ აგვისტოს დასვენებისთვის ვემზადები, ვემზადები და ვხვდები რომ ისე არაფრის მეშინია, როგორც დასვენების. ვიცი რომ ვალდებული ვარ დავისვენო და თავს “დასასვენებლად წასვლას” ვაიძულებ.

დღეს, ჩვენი ბოლო საუბრიდან ერთი წელი გავიდა, შარშან პირველად გამოვავლინე დასვენების ნიჭი, რომელიც გასული ერთი წლის განმავლობაში, სხვა ბევრ რამესთან ერთად გავანიავე. აღარ მახსოვს რაზე ვლაპარაკობდით ხოლმე, მაგრამ მახსოვს რომ ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ მოსაყოლი დამიგროვდა, სასაუბრო თემების პატარა ღრუბელი გაჩნდა და თვეების გასვლასთან ერთად გადიდდა.

ის რაღაცები, რასაც მხოლოდ ერთ, კონკრეტულ ადამიანს ვუყვებით ხოლმე, შესაბამისი ადამიანის გაქრობასთან ერთად, მნიშვნელობას კარგავს და “არ მოსაყოლი” ამბების კატეგორიაში ერთიანდება.

ბევრი “არ მოსაყოლი” ამბავი მაქვს და დასვენების წინა ეიფორიას ვაბრალებ მათი გამომზეურების სურვილს.

ახლა ისევ შევივლიდი “გუდვილში”, შევიძენდი ერთ ბოთლ როზეს, დავადგებოდი წყნეთის გზას და “არ მოსაყოლ” ამბებზე ვილაპარაკებდი იმასთან, ვისი გაუჩინარების შემდეგაც დაკარგეს ამ ამბებმა “მოსაყოლი ამბების” სტატუსი.

ისევ დაშიფრულად, რთულად და ახლართულად ვწერ, ისე რომ აზრი ვერც მე გამოვიტანო და ვერც სხვამ. არადა, ღიად წერას ყოველთვის უფრო სხვანაირი “მუღამი” აქვს, სხვანაირი როგორი? არ ვიცი, სხვანაირი და მორჩა.

ხშირად ისეთი რაღაცები გვავიწყდება, რასაც ვერაფრით წარმოვიდგენდით რომ დაგვავიწყდებოდა. ახლა, მომკალი და ვერ ვიხსენებ ბოლოს რომ მლანძღავდი რა ეპითეტებით შემამკე, არადა მახსოვს, შარშან, ბოლოს რომ გნახე, რამდენჯერმე შეგახსენე ეს საუბარი.

ზედმეტად “გამოსენტიმენტალურებულ” ტექსტს ვწერ, არადა, ახლა სენტიმენების განწყობა არ მაქვს, უბრალოდ მრგვალი თარიღია და გადავწყვიტე რაღაცების გახსენება.

ერთი წელი დიდი დროა და ბევრ რაღაცას უკარგავს მნიშვნელობას. ერთადერთი რასაც ვერ გავეცი პასუხი ისაა, წინასწარ რომ მცოდნოდა კონკრეტულ ადამიანს ვეღარასოდეს ვნახავდი და ვეღარასოდეს დაველაპარაკებოდი, რას ვეტყოდი და როგორ მოვიქცეოდი. ყოველ ჯერზე მაინც იმ დასკვნამდე მივდივარ რომ არც არაფერს შევცვლიდი, ყველაფერი იქნებოდა ისევ ისე, როგორც იყო. არადა, ვიცი რომ სულელური მიდგომაა.

შენ ისევ ერეტიკოსი ხარ, მე ისევ პროტესტანტი. ჰოდა, ვინაიდან მე არაფერი მაქვს მოსაყოლი, შენ მომიყევი ერეტიკოსები სიკვდილის შემდეგ სად ხვდებიან.

Advertisements

ფინიკო


ფინიკი და თინიკო გაიგივდნენ. სიმბოლურია რომ ეს აგვისტოში მოხდა, როცა ჩვენ შორის არსებული ზღვარი ისტორიულად ყოველთვის იშლება ხოლმე.

საკუთარ თავთან შეგუება ვისწავლე და ფინიკი აღარ მეუცხოვება, ან პირიქით ფინიკი შეეგუა თინიკოობას და გავ-ერთი-ანდით.

აგვისტო გარდატეხების თვეა, მართალია, წლევანდელი აგვისტო ყველა წარსულში მოტოვებული აგვისტოსგან განსხვავებულია, მაგრამ გარდატეხა მოხდა და უკან დაბრუნება უკვე შეუძლებელიცაა და ნაკლებ სასურველიც.

ყველაფერი კარგად იქნება! რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ახლა ჩემთვის, ფინიკისთვის ან შენთვის.

შარშანდელი აგვისტოს ემოციები მომენატრა და ფინიკის თინიკო დავარქვი.

11 აგვისტო აგერ ყურის ძირშია და კიდევ ერთი, 31-ე დაბადებისთვის ვემზადები, ვემზადები ფინიკისთან ერთად.

საკუთარ თავთან უცხოდ ყოფნას კარგი არაფერი მოაქვს, შეეგუეთ და შეიყვარეთ თქვენი პიროვნების ყველა გამოვლინება.

მართალია ერთხელ ვცხოვრობთ, მაგრამ მთავარია რომ ბევრნაირად და ყოველ წელს, 11 აგვისტოს კვირაში თავიდან ვიბადებით.

ხელს აწერს ფინიკო.

ჰონგ-კონგი


ჰონგ-კონგში სამუშაო დღე რამდენიმე საათის წინ მიიწურა და გვარიანადაც იწვიმა. შენ დიდხნიანი მოგზაურობის შემდეგ, იქ დაბრუნდი, სადაც პირველად ჩახვედი წასვლის შემდეგ. წვიმისგან გალუმპული, სავახშმოდ, ვიწრო კიბეს დაუყევი და ჩინური პელმენების ორთქლის დერეფანში აღმოჩნდი. ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღე და შუბლზე წვიმის, ორთქლისა და ოფლის წვეთები შეიმშრალე.

დიდი ხანია ჩემს თავზე ის წარმოსახვითი მწერები აღარ დაფრინავენ, რომლებიც მატყობინებენ ხოლმე სად ხარ. ე.ი. სადღაც ახალი სახლი გაქვს და ჩვეული სასაცილო მაისურების ნაცვლად, კრემისფერი პერანგები გაცვია.

ჰონგ-კონგში პელმენების რიგში რომ შევხვდებით მე ვეღარ გეტყვი “მაიკით გიცანი” მეთქი, გვერდს აგივლი და მაჯონგის სათამაშოდ წავალ.

giphy

ივლისი #30


თავში მოსული არც ერთი ფიქრი ფიქრად არ ვარგა. ვცდილობ მოვიფიქრო როგორ არ ვიფიქრო და ველოდები როდის ჩამეძინება. არ ფიქრზე ფიქრი იწვევს არ ფიქრის მიზეზებზე ფიქრს და მეფიქრება იმ ყველაფერზე რაზეც არ უნდა ვიფიქრო.

უვარგისი ფიქრები მაქვს.

ახლა ვიფიქრებდი იმაზე რაზეც ვფიქრობდი ზუსტად 1 წლის წინ ან იმაზე რაზე ფიქრსაც 10 წლის წინ ჩემს თავს ვუშლიდი.

ყველაფერი ამოტრიალდა და აგვისტო ზურგიდან ცხელ ჰაერს მიბერავს, მიბერავს და არ მსიამოვნებს.

უვარგისი ფიქრებისგან დაცლას ვცდილობ და უვარგის ემოციებს განვიცდი.

With Strangers


ფილმივით დაწყებული დილები, ნამდვილი ცხოვრებასავით საღამოები, მოგონილი საუნდთრეკები.. სამწუხაროა, რომ ჩემი ცხოვრების აღქმა მაყურებლის სავარძლიდან არ შემიძლია. ასე რომ იყოს, ხშირად გავიცინებდი მაშინ როცა მთავარი გმირი გაუგონარ ისტორიებში გაეხვეოდა, ვიტირებდი მაშინ როცა მთავარ გმირს ტირილის უფლება არ ექნებოდა, გადავახვევდი მომენტებზე, სადაც მთავარი გმირი ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა.

გიფიქრიათ მწუხარებაზე როგორც პრივილეგიაზე? ჰო, ყველაფერს და მათ შორის მწუხარებასაც დასაბუთება და უფლება სჭირდება. ახლა ვზივარ და ვფიქრობ ყველა იმ უუფლებო ადამიანზე, რომლებმაც მწუხარების ყველა სტადია ფარულად, კრიმინალურად, იატტაკქვეშ გაიარეს.. გაიარეს იმიტომ რომ არ ეკუთვნოდათ.

I bet you’re wondering how I knew
That this would come to an end

Norwegian Wood


ბათუმი – თბილისის მატარებელეზე ასვლისას ყოველთვის ახალი საუნდთრეკი და ახალი წიგნი მაქვს მომზადებული. ზუსტად, ბათუმი – თბილისის და არა თბილისი – ბათუმის, უკანა გზა ყოველთვის განსხვავებულია, დაბრუნებები ზოგადად მნიშვნელოვნად განსხვავდება წასვლებისგან. დაბრუნება ყოველთვის უფრო მეტ ემოციას იწვევს ვიდრე წასვლა, რაოდენ სევდიანადაც არ უნდა ჟღერდეს. დაბრუნება ყოველთვის რაღაცას მოითხოვს, მუსიკას, წიგნს, განწყობას.

წიგნი თბილისიდან არასოდეს მიმაქვს, ტრადიციაა რომ ბათუმში “წიგნები ბათუმში” უნდა შევიარო და იქ ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე წამოვედო რომელიმე წიგნს, რომელსაც უკანა გზაზე წავიკითხავ. მუსიკაც თავისთავად ჩნდება, ვიღაც გამიზიარებს, ტასქის მძღოლს ექნება ჩართული, სასტუმროს გვერდზე ოთახიდან გამოვა ან წიგნის საუნდთრეკი აღმოჩნდება. ყველა წასვლას დაბრუნების მომენტში თავის ისტორია აქვს და იმისთვის რომ მოგონებები მუდმივად ცინცხლად შევინახო, მათ ახალ ნაყიდ წიგნთან და ახალ სიმღერასთან ვაკავშირებ. ყველა ასეთ უიკენდს ანაც ყველა ასეთ შვებულებას თავის ისტორია და მუსიკალური გაფორმება აქვს, ეს ისტორიები კი ჩემი წიგნების თაროზე და ჩემს ფლეილისთში ინახება.

ჩამოსვლის შემდეგ, თუ გზაში ვერ დავასრულე კითხვა, მომდევნო დღეს აუცილებლად ვამთავრებ, რის შემდეგაც აღარც იმ მუსიკას ვუსმენ, რომელსაც მგზავრობისა და კითხვისას ვუსმენდი და აღარც იმ წიგნს ვუბრუნდები (როგორ ძალიანაც არ უნდა მინდოდეს გადაკითხვა). ვინახავ, იმ დროისთვის როცა ყველაფრის გახსენება მომინდება, ვიცავ ემოციებს და მოგონებებს გახუნებისა და დაკარგვისგან.

ჰოდა ერთ დღესაც შეიძლება მეც სწორედ ისე დამემართოს, როგორც ჰარუკი მურაკამის მთავარ გმირს დაემართა თვითმფრინავში: Once the plane was on the ground, soft music began to flow from the ceiling speakers: a sweet orchestral cover version of the Beatles’ “Norwegian Wood”. The melody never failed to send a shudder through me, but this time it hit me harder than ever. მეც ასე დამარტყამს რომელიმე სიმღერა, დამაწვება და ცოტა ხანს ადგომას ვეღარ შევძლებ.

ეს სიმღერა ნორვეგიულ ტყეზე არაა, არც მასში მოსეირნე წყვილებზე და არც დაუსრულებელ სიყვარულის ისტორიებზე, იაფფასიან მასალაზეა, ყალბ ხეზე, რომლითაც იაფფასიან ავეჯს ამზადებდნენ და მოიხსენიებდნენ ნორვეგიული ხის სახელით, რომელიც სიმღერის ბოლოს გადასარევად იწვის შურისძიების ნიშნად. სათაური გენიალურია, სიმღერაც. არ შემიძლია საფუძვლიანად არ შევისწავლო სიმღერები, რომლებსაც ვიკვიატებ და ჩემი მოგონებების შენახვას ვანდობ, ჰოდა, არც Norwegian Wood-ია გამონაკლისი. ყველაფერი პირველი სტროფით დაიწყო: “I once had a girl or should I say she once had me”, შემდეგ კი მიყვა. მიყვარს სიმღერები, რომლებიც ისტორიებს ყვებიან.

14 მაისი, ბათუმი თბილისის მატარებელი.

I once had a girl
Or should I say she once had me
She showed me her room
Isn’t it good Norwegian wood?

She asked me to stay
And she told me to sit anywhere
So I looked around
And I noticed there wasn’t a chair

I sat on a rug biding my time
Drinking her wine
We talked until two and then she said
“It’s time for bed”

She told me she worked
In the morning and started to laugh
I told her I didn’t
And crawled off to sleep in the bath

And when I awoke I was alone
This bird had flown
So I lit a fire
Isn’t it good Norwegian wood?

hl_dds_00375798

This is not a Love Story


გაზზე დადგმული ჩაიდანი ისევ უსტვენს ადუღების ნიშნად… ყავის დალევის დროა. მე ისევ მეძინება, ისე მეძინება რომ მაცივრის კარს ვადებ თავს და ვიძინებ. ისევ გაზაფხულია, აღდგომა, ისევ არეული ვარ… ანუ აჭრილი.

რა მნიშვნელობა აქვს?! ბევრი რამ “ისევაა”.. რაღაცების გარდა. 1 წლის წინ ის გადაწყვეტილება მივიღე, რომლის შედეგსაც დღემდე ვიმკი. ამასაც არ აქვს მნიშვნელობა. არც იმას, რომ ჩაიდანი გვერდულად დგას და შავდება, გასწორების თავი მაინც არ მაქვს.

მაისიც მალე მოვა. არაფერი ისე არ იქნება, როგორც შარშან იყო! რას ვიზამთ ფინიკო, ყველაფერი იცვლება, ეს ნორმაა.

მომენატრე. ისევ აღდგომაა. მომენატრე. ცუდია!

ისევ რაღაცებს უნდა დავპირდე ჩემ თავს.

ცოტაც და ისევ მოვა აგვისტო.

08f43f35-fa6e-4f47-b25a-6514a9d210b5

Kiss Me Hard Before You Go


წარსულში მომხდარი მოვლენები სრულიად ახალ დატვირთვას იძენენ მაშინ, როცა იმ წარსულის მომავალი უკვე დამდგარი და ჩავლილია.

ყველაფერი ის რაც არ აიხსნება კონკრეტულ მომენტში, აიხსნება მაშინ როცა ეს კონკრეტული მომენტი წარსულში რჩება.

ამ სიმღერას ბოლოს 19 აგვისტოს მოვუსმინე, როცა ვერაფრით ავხსენი რატომ განვიცდიდი summertime sadness-ს. ავიკვიატე kiss me hard before you go მეთქი, ისე, რომ არც მიფიქრია ვინმე თუ აპირებდა სადმე წასვლას.

ყველა მომენტი ძვირფასია და ყველა მომენტს აქვს მნიშვნელობა.

ფინიკისა და სამყაროს უხილავი კავშირი აქვთ ერთმანეთთან და ძირითადად სიმღერებით კონტაქტობენ.

19 აგვისტოს შეტყობინება მიღებულია.

Kiss me hard before you go.

Comment Ça Va


ყველაფერი გადის.

იკარგება საათებში, დღეებში, კვირებში, თვეებში. მოკლედ ცვდება. ემოციები ასლების ასლებად იქცევიან.

სამყაროც დუმს, ის სამყარო, ერთ დროს დაშიფრულ შეტყობინებებს რომ მიგზავნიდა ახალ-ახალი სიმღერების სახით.

ისევ გამოვყოველდღიურდი (აქ თუ სხვა სიტყვას წაიკითხავთ, დიდად ნუ შეიცხადებთ და ნუ შეწუხდებით, ეგრეც შეიძლება) და მხოლოდ ის ემოციები დარჩა ცოცხალი, რომლებიც იმ ნივთების და ადგილების გახსენებისას ჩნდება, ყუთში რომ ჩავალაგე და აღარ შევხებივარ, რომ დავაკონსერვე და მეტჯერ აღარ წავსულვარ.

უსულო საგნები უფრო ერთგულად ინახავენ ემოციებს, ვიდრე ადამიანები.

ზოგჯერ იმდენად მინდა მეათასედი სიცხადით მაინც გავიხსენო ის რაც იყო და აღარ არის, რომ ყუთის გახსნა მინდება.

მენანება! ჯერ კიდევ შემრჩა რაღაცები, ყუთი მაშინ უნდა გავხსნა, როცა სრულ სიცარიელეს ვიგრძნობ.

დიდი ხანია აღარ გვისაუბრია, დიდი ხანია აღარაფერი გითქვამს და არაფერი გიკითხავს.

დღეს ახალი შეტყობინება მივიღე, ისე როგორც ადრე, მაშინ, ყუთი რამდენიმე დღის დალუქული რომ მქონდა.

ჰოდა, როგორი კითხვაც დამისვი, პასუხიც ეგეთი იქნება.

-როგორ მიდის საქმეები?

-რა ვიცი, მიდის.. ისე რა.. კარგად.. იმაზე უკეთესად ვიდრე წარმომედგინა, ჰო, იმაზე ბევრად უკეთესად. გამარჯობა.

კითხვაზე როგორ მიდის საქმეები, აწი ყოველთვის ერთნაირი პასუხი მექნება – მიდის, მიდის, მიდის. დრო არ გაჩერებულა.

იმედია შენც კარგად ხარ.

Comment ça va, ça va, ça va, ça va
Sur ma planète
J’te répondrai ça va, ça va, ça va
Comme-ci comme-ça

7 თვე


როცა რაღაც რეალურ რეალობაში არ გამოდის, გამოვა წარმოსახვითში. ან არ გამოვა, მაგრამ ვინაიდან წარმოსახვითია, ილუზიას შეიქმნი რომ გამოდის და ამ რეალობაში არსებულ შენ თავს მიეკედლები.

ვიღაცების გაზიარებულ წარმოსახვით რეალობებში დავეხეტები და თავი მათი ამბების გმირი მგონია, ან რატომ გმირი? დამკვირვებელი, პრინციპში როგორც ყოველთვის.

ორშაბათიც მივახრჩვეთ, არადა, დილიდან მგონია რომ სამშაბათია, გეგონება რამე იცვლებოდეს ამით.

წუხელ მთელი ღამე მეგონა რომ დამწვარი ხის სუნი იდგა ჩემს ოთახში, იმ დონემდე მივედი, ვიფიქრე სახლი იწვოდა. მერე, ჩავთვალე ვინაიდან თმა 2 დღის წინ შევიღებე, ე.ი. საღებავის სუნი მცემს მეთქი და ნამდვილი მანიაკივით დავიწყე თმების ყნოსვა. საღებავის სუნს, დამწვარი ხის სუნთან საერთო არაფერი აქვს.

დამწვარი ხის სუნი, სინამდვილეში ზამთრის სუნია, ე.ი. გაზაფხულის მოსვლასთან მაქვს პრობლემა, ისევე როგორც ორშაბათთან, რომელიც სამშაბათი მგონია.

ვბოდავ.. “კონსტრუქციული ელემენტები”.. რა დროს კონსტრუქციული ელემენტებია, სამშაბათი, ფუ, სამშაბათი რა იყო და ორშაბათი გავიდა.

არ მიყვარს როცა ფინიკისთან გავლებულ ზღვარს ვშლი და ფინიკის თინიკოსთან ვაიგივებ. ფინიკის და თინიკოს საერთო რომ არაფერი აქვთ, ამაზე დიდი ხნის წინ შევთანხმდით და ფინიკიმ თავისთვის დაიტოვოს ყველა ისტორია, რომელთანაც თინიკოს არავითარი კავშირი არ აქვს.

სადაც მთავარ გმირს ფინიკი წარმოადგენს, იმის ქვეშ ხელი თინიკომ არ უნდა მოაწეროს და დავიშალეთ რა!

ანტიდეპრესანტის აბს ვათამაშებ ხელში და თავი ეგზორცისტი მგონია, აი, წუთი წუთზე ცუდი განწყობის განდევნის რიტუალი რომ უნდა დაიწყოს.

თუ ანტიდეპრესანტის მიღების შემდეგ ეგრევე გეძინება, რა გამოდის? ნეგატივის განდევნის შემდეგ შენგან არაფერი რჩება?

არაფერიც არ გამოდის, ქიმიური შემადგენლობის შედეგია და თუ ბოდვას იმ ადამიანებთან ერთად გაეშვები, რომლებიც მხოლოდ ფინიკის ცხოვრების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ, ფინიკიც მოისვენებს და შენც.

ჰო, საზეიმოდ უნდა დავდო პირობა იმის თაობაზე რომ თინიკოს და ფინიკის ცხოვრებების გადაკვეთას არ დავუშვებ, მერე გიჟივით რომ არ ველაპარაკო ჭერში ფინიკის ძველ ნაცნობებს, მის ახალ ნაცნობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით.