Supergirls Don’t Cry


ყველაფერი ძალიან კარგადაა, მეტიც, შეიძლება ითქვას რომ ყველაფერი არის super! სამყაროში, სადაც ბევრი Supergirl-ია, ყველაფერი ყოველთვის არის super!

ფინიკის სუპერ მიკრო სამყაროში, ბევრი სხვა სუპერ მიკრო სამყაროა. ჰოდა, what can go wrong? აუჰ, ძალიან ბევრი რამ, მაგრამ Supergirls don’t cry.

ყველა supergirl სუპერ მიკრო სამყაროს ღმერთია, ღმერთები არ ტირიან და არც უხასიათოდ არიან.. რასაც არ უნდა ამბობდნენ ერეტიკოსები.

სუპერ მიკრო სამყაროების სუპერგმირი ღმერთების დღეა დღეს და სუპერგმირი ღმერთების ზაფხული მოდის. ჰოდა, what can go wrong? I’m a supergirl and supergirls just fly!

Advertisements

მათე 6:7


საშინლად გრძელი და უძილო ღამის შემდეგ სიცივე ძვალ-რბილში მაქვს გამჯდარი და ასე მგონია სახსრები მომეყინა და ვჭრიალებ.

სასტუმროს 24-ე სართულიდან ვარშავა ხელის გულზე მეშლება, თუმცა მე ფარდებს ვაფარებ და ვოცნებობ რომ ძილი მომერიოს.

უზარმაზარ და მსოფლიოში ყველაზე რბილ ლოგინში ვწვები და თვალებს მაგრად ვხუჭავ ჩაძინების იმედით. აღარ მეძინება!

საწოლის გვერდზე მდგარი “კომოდის” პირველივე უჯრაში აღმოჩენილი ახალი აღთქმა ტვინში მიღიტინებს, გვერდს მაცვლევინებს და თავისკენ მექაჩება.

ვერ ვისვენებ! თავში ათასნაირი ფილმის სცენა მიტრიალებს, ამ დროს კი ჩაბნელებულ ოთახში მხოლოდ ცენტრალური გათბობის სისტემის ხმა  და საწოლში მოუსვენარი ტრიალისგან, ნახევრად გამლღვარი სახსრების ჭრიალი ისმის.

საწოლის გვერდზე, ხელის ერთ გაწვდენაზე მოთავსებულ სანათს ვანთებ, კომოდისკენ ვტრიალდები, ახალ აღთქმას ვიღებ და ვამბობ: შემთხვევით არაფერი ხდება! თვალებს ვხუჭავ, ვშლი და თითს გაუაზრებლად ვადებ რომელიღაც აბზაცს. “And when you pray, do not use vain repetitions as the heathen do. For they think that they will be heard for their many words!” მათე 6:7 (ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმენილ იქნებიან).

შემთხვევით არაფერი ხდება მეთქი! ხუთოსანივით ვიცი ხოლმე ლოცვა, პრინციპში როგორც ყველაფერი. პერფექციონიზმის მანიით შეპყრობილი “ღმერთთან (აქ რაც გინდათ ის იგულისხმეთ თქვენი რწმენის შესაბამისად) სალაპარაკოდაც” წინასწარ ვამზადებ სიტყვას და მერე სარკეში ვვარჯიშობ. არც ძირითადი “ფოინთები” მავიწყდება და არც სავარაუდო წინააღმდეგობების განეიტრალების გეგმის წინასწარ დამუშავება. შემაწუხებელი ვარ!

მე რომ მწერალი ვიყო, ფინიკი კი ჩემი პერსონაჟი, დავწერდი: ვარშავაში ნისლიანი და ცივი დღეა, ფინიკი სასტუმროში დაბინავდა, ფარდები ჩამოაფარა და დასაძინებლად მოემზადა.

“ძვირფასო ღმერთო, ისევ მე ვარ, ფინიკი, რაზეც ახლა უნდა გველაპარაკა, შენთვის უკვე ცნობილია. ყველაფერი კარგად იქნება! დროებით.”

აპოკალიფსამდე შორია


პარანოია, ტოტალურ კონტროლზე შეშლილი ადამიანების სენია.

სახელმწიფოც თვითონ ვარ, მმართველიც, უშიშროების გენერალური მდივანიც, დაზვერვის თანამშრომელიც, ანალიტიკოსიც, მოსამართლეც და პროკურორიც. ღმერთი? ღმერთიც ვარ, მაგრამ ამაზე ახლა არ გვინდა. ღმერთობა რწმენასთან გადაჯაჭვული საკითხია, ხოლო ის რაზეც ახლა მინდა საუბარი, ჩემი არსებობის დაჯერება/უარყოფით არ იცვლება.

ჰო, მაინც დავაზუსტებ რომ ვარსებობ და ვისაც არ გჯერათ დიდად არ იდარდოთ, მე იმ სამყაროს ღმერთი ვარ, რომელიც თავად ვარ და სხვა ღმერთებისგან აღიარება, რომ არ დაგიმალოთ, დიდად არ მაღელვებს. თქვენს არეულ და აპოკალიფსის მიჯნაზე მისულ სამყაროებს მიხედეთ თუ შეიძლება!

რა არის აპოკალიფსი? აპოკალიფსი ღმერთის სიკვდილია, როცა სამყარო ქრება, ღმერთის არსებობაც აზრს კარგავს, შესაბამისად არ არსებობს სამყარო ღმერთის გარეშე და არ არსებობს ღმერთი სამყაროს გარეშე. სიკვდილის შემდეგ, ენერგიის სახით ვრჩებით სამყაროში, იმ სამყაროში რომლის ღმერთიც ჯერ ცოცხალია.

სამყაროები განსხვავდებიან ღმერთების აღქმით, იმიტომ რომ თავად ღმერთები განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

-ღმერთი გაგიჟდა.

-ნუ ბოდავ, ყველას ჯოჯოხეთში გვიკრავს თავს.

ჩემი სამყაროს შემადგენელი ნაწილების ჯოჯოხეთი იქ იწყება, სადაც მათი ღმერთი გაჩენილი ეჭვების საფუძველზე მრისხანებს.

ზედმეტად მესაკუთრე, ეჭვიანი და ხასიათებიანი ღმერთი ყავს ჩემს სამყაროს. როგორც ამბობენ, ასეთი ხალხი იმ სამყაროს ღმერთს არ უყვარს, რომელშიც მე ერთ-ერთი მიკრო სამყაროს ღმერთი ვარ.

ჰოდა, რას ვამბობდი? იმას რომ ადამიანების აბსოლუტური და ტოტალური ფლობა მჭირდება. მერე რა თუ ეს ადამიანებიც თავიანთი სამყაროების ღმერთები არიან და შეუძლებელია მხოლოდ მე მეკუთვნოდნენ.

ავიჭერი!

love and death

სოდიანი წყალი


–        ფიქრებში სოდიანი წყალი უნდა გამოვივლო ანთების ჩასაქრობად. – ისე მითხრა ჩემთვის არც შემოუხედავს.

უსიგარეტოდ არასოდეს მყავდა ნანახი, მხოლოდ მოსაწევად ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. იმ დღეს ჩემ ნაჩუქარ ღერს ეწეოდა. ორივემ ვიცოდით რომ კვამლი ერთდროულად არ უნდა გამოგვეშვა. მისი ჯერი რომ დგებოდა, მე სუნთქვას ვწყვეტდი, შემთხვევით რომ არ დავმთხვეოდით ერთმანეთს. ისიც ასე იქცოედა, თუმცა ამაზე არასოდეს გვისაუბრია.

–        ბევრს ვეწევი – მითხრა სასხვათაშორისოდ.

–        ზედმეტად ხშირად ვხვდებით ერთმანეთს? – მეც სასხვათაშორისოდ ვკითხე.

გაიღიმა და არაფერი უთქვამს.

–        ალბათ დროა სხვებთან ერთადაც დავიწყოთ მოწევა… – ვუთხარი, ისე როგორც უკვე ზედმეტად დიდი ხნის წყვილები ეუბნებიან ხოლმე ერთმანეთს, დაშორება რომ უნდათ.

–        ჰო, ვნახოთ რა გამოვა. – მიპასუხა იმავე ტონში.

 ***

–        მერამდენე დღეა ვსვამთ? – მკითხა სახლში წასასვლელად მზადება რომ დავიწყე.

–        მეექვსე. – ვუპაუხე, დღეების თითებზე გადათვლის შემდეგ.

დამშვიდობებამდე გამაყუჩებელი მთხოვა, ისე გავუწოდე არაფერი მიკითხავს, ორივემ ვიცოდით რომ დალევამდე და დალევის შემდეგ ორივეს გვტკიოდა თავი.

–        ხვალ შევისვენოთ! – მომაძახა დამშვიდობების შემდეგ.

–        ღმერთი ხარ? – ვკითხე და გზა გავაგრძელე.

–        მეექვსე საღამოა ასე მგონია! – მიპასუხა, თუმცა არც ის გაჩერებულა.

გამეღიმა.

დიდ ხანს გაგვიგრძელდა მეშვიდე დღე, მაგრამ რა ვიცი, ამბობენ ღმერთის 1 დღე, ჩვენ 24 საათს კი არ უდრისო.

***

ტკივილგამაყუჩებლებს აღარ ვსვამ, ფიქრებში სოდიან წყალს ვივლებ და ყოველ დღე ვსვამ, დღეების თითებზე გადათვლა რომ ვერ შევძლო.

Image