18-ს 12.02


ახლა, როცა ტაქსის მძღოლი შუქნიშანზე დგომისას, მწვანე შუქის მოლოდინში უაზროდ აღმუვლებს მანქანას, გალაკტიონი მთაწმინდის მთვარეს კითხულობს და მე უაზრო ემოციების ნარევში ხან ყბა მიკანკალებს, ხან მეღიმება.

გალაკტიონს James Blunt ცვლის, ჰო, James Blunt, იმ სიმღერით ჩემი ფავორიტი რომ იყო პირადი ფინანსებით შეძენილი პირველი ალბომიდან. ახლაც მახსოვს ის შეგრძნება, 30 ლარი ავიღე “ხელფასის სახით” და James Blunt -ის ალბომი ვიყიდე ვაკე-საბურთალოს კუთხეში.

I’m just so relieved that it’s over! ახალი რამ რომ დაწყებულიყო კიდევ უკეთესი იქნებოდა. ისევ შორიდან ვუყურებ იმ ფილმს ჩემი ცხოვრება რომ მგონია და ერთადერთი, რაც მომწონს საუნდთრეკებია.

დღეს დედაჩემის დაბადების დღეა, ერთადერთი ზამთრის დაბადების დღე ოჯახში, დანარჩენი ყველა მზისა და ზაფხულის გოგო-ბიჭები ვართ. მე, აგვისტოს მზესავით გოგო ვარ და ზოგჯერ მგონია, რომ ფინიკი უფრო მზიანია ვიდრე თინიკო.

წლევანდელი მზე ყველაზე მცხუნვარე უნდა იყოს თინიკოს ცხოვრებაში, რაც აქამდე ყოფილა! ხელებს გავშლი, შოკოლადისფერ მკლავებს მზეს მივუშვერ, ცხელ ჰაერს შევისუნთქავ და მზის გულზე ბედნიერების რამდენიმე ბრუნს გავაკეთებ.

ზაფხული მოდის!

Advertisements

You Decide!


დღეს ლუდის და დიდი ხნის უნახავი მეგობრის საღამო მოვიწყვე. დავბრუნდი, ეს არც კარგია და არც ცუდი, ფაქტია და უნდა აღინიშნოს.

დაბრუნებები არ მიყვარს, დასასრულებთან ასოცირდება, ერთადერთი შარშან მიხაროდა დაბრუნება და შარშანაც ზუსტად დაბრუნების დღეს აღმოვაჩინე რომ აბსოლუტურ სიცარიელეში მოვდიოდი, გაუსაძლის, დამპალ სიცარიელეში, იმაზე დიდ სიცარიელეში ვიდრე ნებისმიერი სიცარიელე შეიძლება იყოს. ერთი წლის განმავლობაში ამოივსო ეს სიცარიელე, შეხორცდა, გაქრა, წავიდა და დაბრუნება ისევ არ მიხარია, ოღონდ ახლა, ის ადგილი სადაც ვბრუნდები ათასი სიცარიელითაა სავსე.

ახლა არ მაქვს განცდა რომ ახალი რაღაც იწყება, არაფერს ვგეგმავ და არაფერი ვიცი, მაგრამ სამყარომ ასანთის კოლოფი გამომიგზავნა, სიგარეტზე მომიკიდა და მითხრა რომ ყველაფერს მე ვწყვეტ! ჰო, დავბრუნდი და ახლა მთავარია გადავწყვიტო სად.

ფინიკო, you decide!

wp-image-1704412182

Hello Cyprus!


ახლა, როცა ჩემი აივნის ქვეშ ბარში, ვიღაც ქალი “despacito”-ს საშინლად უნიჭოდ მღერის, მე ცივ ყავას ვსვამ, სიგარეტს ნელა და აუღელვებლად ვეწევი, სველი თმა ნელ-ნელა მიხუჭუჭდება, გზის გადაღმა ზღვაა და ცხოვრება შემაშფოთებლად მაგრად ასწორებს.

ვხვდები როგორ მომენატრა ეს ყველაფერი და თურმე როგორ საშინლად მჭირდებოდა დასვენება.

ვხვდები როგორი “გარეკილი” მქონდა ბოლო პერიოდში, აი, თვითმფრინავში ჩაჯდომამდე, სულ, სულ ბოლო წუთამდე ნამდვილი გიჟი ვიყავი და მხოლოდ იმ მომენტში დავიწყე გონზე მოსვლა, აფრენისას ღრმად რომ ჩავისუნთქე.

ასეთ მომენტებში მჯერა რომ ყველაფერი მაგრად იქნება, რომ ცხოვრება ბევრად მეტი რაღაცისგან შედგება ვიდრე ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაა, რომ ამ ყოველდღიურობისთვისაა აუცილებელი ვხვდებოდეთ რა მაგარია ცხოვრება და თუ ყველაფერი მაგრად არ იქნება ხვალ, მზის სისტემის იქით განუსაზღვრელად ბევრი ადგილია სადაც უკეთესად ვიქნებით.

დღეს კარგია და ხვალ რამე იქნება.. და თუ არც იქნება, fuck it all!

Hello Cyprus!

ფინიკო


ფინიკი და თინიკო გაიგივდნენ. სიმბოლურია რომ ეს აგვისტოში მოხდა, როცა ჩვენ შორის არსებული ზღვარი ისტორიულად ყოველთვის იშლება ხოლმე.

საკუთარ თავთან შეგუება ვისწავლე და ფინიკი აღარ მეუცხოვება, ან პირიქით ფინიკი შეეგუა თინიკოობას და გავ-ერთი-ანდით.

აგვისტო გარდატეხების თვეა, მართალია, წლევანდელი აგვისტო ყველა წარსულში მოტოვებული აგვისტოსგან განსხვავებულია, მაგრამ გარდატეხა მოხდა და უკან დაბრუნება უკვე შეუძლებელიცაა და ნაკლებ სასურველიც.

ყველაფერი კარგად იქნება! რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ახლა ჩემთვის, ფინიკისთვის ან შენთვის.

შარშანდელი აგვისტოს ემოციები მომენატრა და ფინიკის თინიკო დავარქვი.

11 აგვისტო აგერ ყურის ძირშია და კიდევ ერთი, 31-ე დაბადებისთვის ვემზადები, ვემზადები ფინიკისთან ერთად.

საკუთარ თავთან უცხოდ ყოფნას კარგი არაფერი მოაქვს, შეეგუეთ და შეიყვარეთ თქვენი პიროვნების ყველა გამოვლინება.

მართალია ერთხელ ვცხოვრობთ, მაგრამ მთავარია რომ ბევრნაირად და ყოველ წელს, 11 აგვისტოს კვირაში თავიდან ვიბადებით.

ხელს აწერს ფინიკო.

თავდაყირა


სათქმელი არაფერი მაქვს, უბრალოდ აქ შემობოდიალება მომინდა. დიდი ხანია აღარავის დაუძახია ჩემთვის ფინიკი, მომენატრა.

ჰო, სხვაგვარადაც საუკუნეა აღარ მოუმართავთ, არადა, ძალიან მომბეზრდა ეს “თინიკო” და “თინა”.

ვბოდავ. პრინციპში, ბოლო პერიოდში ბოდვის მეტს არაფერს ვაკეთებ. ფიქრებშიც კი ვბოდავ, საღამოები მავიწყდება და დილით ვლოცულობ, რომ ყველაფერი რასაც ფიქრებში ვბოდავ, სადმე ვინმესთან არ მეყრანტალა.

დროა ენას კბილი დავაჭირო, ყველაფერი რაც დახურულ არქივშია მოსათავსებელი, მოვათავსო და გავიარო. რაც უფრო ბევრს ვლაპარაკობ, მით უფრო ვაუფასურებ. გაითვალისწინეთ რისთვისაც ფასის დაკლება არ გინდათ, თქვენთვის შეინახეთ, დღის შუქზე გამოფენილი ემოციები მიდრეკილი არიან გახუნებისკენ.

რაც უფრო მეტს ვილაპარაკებ შენზე, მით უფრო ნაკლებად მომენატრები, რაც უფრო მეტ სისულელეს ჩავიდენ, მით უფრო ნაკლებს ვიფიქრებ.

ჰოდა, რელსებზე დაბრუნების დროა ფინიკი, ფინიკო, თინი..

Give a little bit
Give a little bit of your love to me
I’ll give a little bit
I’ll give a little bit of my love to you
There’s so much that we need to share
So send a smile, and show you care

 

გამარჯობა ამღვრეულო


-ისევ შევხვდით ერთმანეთს! – მინდა ვუთხრა და გაბუტულივით ავარიდო თვალი.

ვერაფერს ვეუბნები. ამღვრეულია და ღელავს. მერე რა რომ ამინდი გამოვიდა?! გუშინ წვიმდა, 2 დღის წინაც, მზის აღქმა ვერ მოასწრო ისე წამოვადექი თავზე. დამპატიჟა? მეტი დარდი არ ჰქონდა! დაუპატიჟებლად ჩამოვჩაქჩაქდი. ჰოდა, როგორც ჩამოვჩაქჩაქდი, ისე წავჩაქაჩაქდები!

-არადა ასახსნელი ბევრი გაქვს! – ოდნავ ნაწყენი ტონით ვეუბნები მე.

მეტი საქმე არ აქვს მიპასუხოს. თავისთვის ბუტბუტებს რაღაცებს და ისე იქცევა, თითქოს პირველად მხედავდეს.

პასუხად, მეც აუღელვებლად ვალაგებ ფეხებს აივნის მოაჯირზე და სიგარეტის ქაჩვისას ვფიქრობ მოსალოდნელ სიმთვრალეზე.

მოსალოდნელი რომ მიმდინარე ხდება ყველაფერს ფეხებზე ვიკიდებ.. არადა, ჯობდა დამეძინა.

ცუდი გოგო ხარ ფინიკო და ზედმეტად ცელქობ! არ ვარგა ეს და ასე არაფერი გამოვა! ეს ფეხებიც რამდენჯერ ახსენე წინა ორ აბზაცში? გვარიანად უნდა გაგტყიპოს კაცმა რა! მაგრამ რას ვიზამთ რომ პატრონი არ გყავს?

ჰაჰ, რას ვიზამთ? რას და ერთ კვირაში ისევ ჩამოვალთ და აგერ ნახავ თუ არ დაველაპარაკებით! თავხედი კია, მაგრამ ყურის აწევა არ გაგვიჭირდება.

მანამდე კი შეუძლია მოეხეთქოს ნაპირებს.

მაინც გეტყვი რომ ნაწყენი ვარ შენზე და არ მგონია მარტივად შევრიგდეთ!

fb_img_1475475227675
სიგარეტი, სასმელი და ფონად Supertramp Live to love you. 02.10.2016

ფ(თ)ინიკი(ო)


უნდა წავიდე. დიახ, აი ასე, უნდა ავდგე და გადავცხოვრდე სადმე, სადმე არა ბათუმში. დიდი გასაქანი არც ისეა და ბარემ იმ ქალაქს მივაშურებ სადაც არც “ცხოვრების უფლება” დამჭირდება და რომელიც მიყვარს. და რომ ვერ გადავცხოვრდები? ისე, რომ წავიდე? ცოტა ხნით, 2 დღით, 1 დღით, ნუ 1 ღამით, ღამე დარჩენის გარეშე წასვლას რა აზრი აქვს? მარტო ხომ უნდა წავსულიყავი ისედაც, ნუ, წავსულიყავი რა, უნდა წავიდე, ჯერ დრო მაქვს. 1,5 თვე. 1,5 თვეში იმდენი რამ შეიძლება მოხდეს, ბათუმში 2 დღით (ნუ 1 დღით.. ნუ 1 ღამით) წასვლა რა პრობლემაა. და თან რომ რაღაცნაირად არ ვარ დარწმუნებული მარტო წასვლა მინდა თუ არა? აი, კი მომწონს წარმოდგენის დონეზე, მაგრამ პროცედურულად თუ პროცესის სახით, თუ როგორცაა, ხანგრძლივად რომ წარმოვიდგენ, არ ვარ დარწმუნებული რომ მინდა. მარტო ყოფნა თან მიყვარს და თან არ მიყვარს. საერთოდაც სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ რამეში ვარ დარწმუნებული. ისევ სისულელეების ხლართვა უნდა დავიწყო ახლა.

ისევ ისტერიკა რომ დამემართოს? ნუ ისტერიკა რა, ჯერ რომ ვიცინო და მერე ვიტირო? ან პირიქით ჯერ ვიტირო და მერე ვიცინო? არა ეგრე არ მომსვლია, სიცილიც იყო და ტირილიც, მაგრამ მთლად ერთდროულად არა. იქნებ ენერჯაიზერების ბრალია ეს ყველაფერი და მე გადაცხოვრებას, ნუ გადაცხოვრებას რა 2 დღით წასვლას, ჰო, კაი 1 დღით წასვლას.. ნუ 1 ღამით წასვლას ვაბრალებ.

ვბოდავ. პრინციპში, ეს დიდი ხანია ასეა და სიახლეს არ წარმოადგენს, შესაბამისად უბრალოდ აღვნიშნე, ვინმეს თუ ეჭვი ეპარებოდა “ეს ხომ არ ბოდავსო”, ვუდასტურებ რა. ყველაფერი შეიცვალა მაგრამ ეს სისულელეების ბჟუტური ვერ მოვიშალე, წავალ, გადავალ, გადმოვალ, აი ამას ვიზამ, იმას ვიზამ, შევცვლი, გადავცვლი, გადმოვცვლი, 1 დღით წავალ, 1 ღამით, სამუდამოდ, 2 საათით.

ვერსადაც ვერ წავალ.

ვერ რა, უფრო არ, იმიტომ რომ აი ეგრე ვიქცევი ხოლმე. ფინიკია, ფინიკო თუ თინიკო, სამივე ეგრე ვიქცევით ხოლმე. ანუ დაუსრულებლად ვბოდავთ, ბოდვის იქით არაფერს ვაკეთებთ და რა მნიშვნელობა აქვს რომელმა მობოდა რა უნდა გაეკეთებინა დანარჩენ ორს. ისე სამნი როდის აქეთ გავხდით? ბოლოს მახსოვს თინიკო და ფინიკი ვიყავით. არ ვართ სამნი, არც ორნი, ნუ მეორეზე კიდევ შეიძლება ფიქრი, მაგრამ ეს მესამე მეტისმეტია.

ისე, ისტერიკა არაა მგონი სწორი ფორმა, ისტერიაა ხომ? ისე რა არის ეს ისტერია? ისტერია ფრიად ნაირსახოვან კლინიკურ სურათს ავითარებს: ავადმყოფი ფანტაზიორობს, ახდენს ორგანული დაავადების კლინიკური სურათის ინსცენირებას და ამით გარშემო მყოფთა ყურადღების ცენტრში ხვდება. – ეგ ყოფილა. რა ბჟუტურია, ვერაფერი გავიგე და მაინც არაფერში ვეთანხმები. ნუ ფინიკის. ფინიკოს თუ თინიკოს ისტერიას ამასთან კავშირი არ აქვს. მოიცა, ახლა რა გამოდის, ე.ი. მე ვიგონებ ისტერიას, რომელიც განხილულია როგორც დაავადება/დიაგნოზი (ისტერიული ნევროზი), ვიჯერებ რომ ეგაა და სინამდვილეში არაა, ანუ მაინც ისტერიაა, იმიტომ რომ ისტერიის კლინიკური სურათია ავადმყოფი ფანტაზიორობს, ახდენს ორგანული დაავადების კლინიკური სურათის ინსცენირებას. დასკვნა: ჯერ ვიგონებ ისტერიას, მერე ვარკვევ და უარვყოფ ისტერიას და ამ უარყოფის გამო, ვადასტურებ ისტერიას.

ხომ ვამბობ უნდა წავიდე მეთქი?! უნდა გადავცხოვრდე. ნუ გადავცხოვრდე რა, 2 დღით წავიდე, ნუ კაი 1 დღით, ჰო, ჯანდაბას 1 ღამით. მარტო? მარტო რატომ მინ. 2 ვართ და მესამეც დაგვიმატებია ამასობაში. ფინიკი და თინიკო უნდა წავიდნენ? არა ჯერ თინეიჯერობამდე არ მისული ფინიკის თავი, 30 წლის (ნუ კაი ჯერ 29) თინიკოს არ ექნება. ხუმრობ? მინ. 36 საათი ერთმანეთს რომ ვუყუროთ, ისტერიას მოვიგონებთ, მერე უარვყოფთ და მერე დიაგნოზს დაგვისვამენ.

ანუ არ უნდა წავიდე. არ რა ვერსადაც ვერ წავალ.

სანამ ისევ ამიხლართავს, ვიყიდი 2 მატარებლის ბილეთს და სადგურზე ვინმეს ვაჩუქებ, ჰო, ერთს, აბა ორივე რომ ვაჩუქო მე ვერსადაც ვერ წავალ.