MRI – 33


ახლა, როცა ყველა წესის დაცვით, წინა სადაბადებისდღეო შფოთვა უნდა მქონდეს, მე ყველაფერი მახსოვს დაბადების დღის გარდა. არადა, 33 კარზეა მომდგარი.

როგორც ამბობენ გარდამტეხი ასაკია, ცვლილებების და მაგარი შეჯანჯღარების.

რისი გვეშინია? ბევრი რამის, აუ, რამდენი რამის გვეშინია, მაგრამ საკუთარ თავთან მარტო დარჩენისას ყველა შიში ერთდროულად ისხამს ხორცს და ცოცხლდება.

40 წუთი დედამიწის გარეთ, საკუთარ თავთან, პატარა სოროში გავატარე. აბსოლუტურ მარტოობაში, ერთ სარკეში მხოლოდ საკუთარ შუბლს და წარბებს ვხედავ, მეორე სარკეში საკუთარ ტანს. მთავარია არ გაინძრე, აი მთავარია მონოტონურად ისუნთქო და არ გაინძრე.

სანამ ჩემი ტვინის შრეებს, მოურიდებლად ხმაურიანი აპარატი სწავლობს, მე ფიქრებს თავს ვერ ვუყრი, სრული აჯაფსანდალი მაქვს თავში, თითები მიკანკალებს და ვგრძნობ რომ ცოტაც და კივილს დავიწყებ.

მარტოობის გვეშინია, დახურული სივრცეების, უჰაერობის, იმ მომენტში ყველაფრის გვეშინია, დიაგნოზის გარდა.

პანიკის ტალღები ზვირთდება, დამარტყამს და გადადის.

თინიკო, ისუნთქე.. ნახე წარბები რა კარგად გაქვს გაკეთებული, მაგრამ ბოლოში მგონი ზედმეტად წვრილია… შუბლზე ნაოჭები დაგემატა… ეს მრისხანების ღარიც გაღრმავებულა.. 33.. სამსახური.. ნეტა, რამდენი წუთი გავიდა.. პანიკა… 1,2,3,4,5,6,7,8,9,10 ათი წამი გავიდა, მთელი ათი წამით წინ ვართ.. ღმერთო.. თავი ასე გვერდულად არ უნდა დამედო.. აგვისტო.. შვებულება.. ნეტა ახლა ჩემი ტვინი რას შვრება? იჭმუჭნება? მოძრაობს?.. მგონი ზედმეტად ღრმად ვსუნთქავ, ტუჩები მიკანკალებს, აუ, ტუჩები მიკანკალებს, იმედი მაქვს ამის გამო დროის დამატება არ მოუწევთ.. აპარატი გრუხუნს იწყებს და ცოტა მაჯანჯღარებს. ასეთი ბედნიერი დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ, ვჯანჯღარებ, თითებს ვაყოლებ ჯანჯღარს, აუფ, ცოცხალი ვარ, ცოცხალი ვარ.. პანიკა… 

ყველა გამახსენდა, აი ყველა, ვისაც კი ოდესმე რაიმე წონა ქონია ჩემს ცხოვრებაში, ყველა გამახსენდა, მეხსიერებაში ჩამარხული ყველა გვამი ამოვთხარე და ჩამოვატარე იმის იმედით, რომ რომელიმეზე ფიქრს მაინც წამოვედებოდი და გავერთობოდი. როგორც ამოვთხარე, ისე ჩავმარხე, შენც არ მომიკვდე, არავინ მაინტერესებს, არავინ მაღელვებს.. პანიკა..

მოწოდებით ხუთოსანი ვარ, ოღონდ იცი როგორი ხუთოსანი? რასაც მეტყვიან რომ არ უნდა გავაკეთო, არ უნდა გავაკეთო იმიტომ რომ ამით სხვას გავურთულებ ცხოვრებას, სამუშაო დღეს, დავღლი, დავსტრესავ, დისკომფორტს შევუქმნი.. მოვკვდები და არ გავაკეთებ, ბოლომდე გაუნძრევლად ვიწვები, პანიკის შეტევებს წამების დათვლით გადავლახავ, მოვკვდები და არ გავინძრევი.

არადა, არ მთავრდება, დრო არ გადის. აპარატი მიჩუმდება, მგონია რომ დამთავრდა, აი დამთავრდა და ისევ თავიდან იწყებს, ახალი ძალით, ახალი ხმებით, გიჟივით ვახამხამებ თვალებს და წარმოვიდგენ როგორ გამომიყვანენ აქედან, თავი სამეცნიერო ფანტასტიკის გმირი მგონია, ყველაფერს ვიგონებ ოღონდ ახლა “პანიკის ღილაკს” არ დავაწვე და კივილი არ დავიწყო. ახლა, ცუდად რომ გავხდე, ამ ღილაკს რომ ვერ დავაწვე, ხმას ვერავის გავაგონებ, ჰაერი რომ დამიმთავრდეს ხმას ვერავის გავაგონებ.

მარტოობის და სიკვდილის გვეშინია.

ასაკი ძალიან ბევრ რამეს ცვლის, ბევრ ახალ პასუხისმგებლობას აჩენს საკუთარი თავის და სხვა ადამიანების მიმართ. პრიორიტეტებიც იცვლება, შიშებიც, დაბადების დღეებიც და  ზაფხულებიც.

***

16.07.2019 ჩავიტარე თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული კვლევა, 40 წუთი გაუნძრევლად ვიდე და გადავრჩი.

You must believe in 2018!


უკვე ბევრი წელია რაც წლის შემაჯამებელ პოსტებს ერთი კონკრეტული სიმღერის ფონზე ვწერ და ამ სიმღერას პოსტის “საუნდთრეკად” მოვიხსენიებ ხოლმე. სიმღერები ყოველთვის დაუფიქრებლად, ძალდაუტანებლად, უეცრად მოდის და ალბათ მთელი ხიბლიც სწორედ ესაა. მჯერა რომ “შემთხვევით არაფერი ხდება”, ჰო, მჯერა რომ ყველა შემთხვევითობას აქვს კონკრეტული დანიშნულება.

რა მაგის პასუხია და ძილში თქვენი ტვინიც გირთავთ ხოლმე სიმღერებს?

ჩემი ტვინი დიდადაა გატაცებული ჩვენი (ჰო, ზუსტად ჩვენი) ცხოვრების “background მუსიკის” შერჩევით. არც დრო იცის და არც სიტუაცია, მიადგება ხოლმე მუსიკალურ არქივებს, წამოედება რაღაც სიმღერას და ჩართავს (არ ეძინება და მოკალი!). ალბათ ამ დროს ფრიად კმაყოფილი სახით მიწვება ხოლმე სავარძელზე და სიგარეტიან ხელს მუსიკას აყოლებს.

წუხელ წამიღიღინა: Are there bags under your eyes? არაფერი მითქვამს, Do you leave dents where you sit? მეძინება! Will you survive? You must survive!

ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი ემოციური და დაუფიქრებელი ქმედებებისგან შოკირებული ჩემივე ტვინი სადღაც გულწასული აგდია ხოლმე… ან არა, შვებულებაშია და ცალი თვალით მაკვირდება, თან ფიქრობს “Bring it on bitch! დავბრუნდები და დავილაპარაკებთ!” აი, მერე მომადგება ხოლმე და პუნქტებად მიყვება ყველაფერს რაც ჩვენს შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით ჩემს “ვალდებულებებშია” მოხსენიებული და იწყებს იმ ყველაფრის ჩამოთვლას რაც დავარღვიე, არაფრის ღირსი რომ არ ვარ, თავი რომ მოვჭერი და საერთოდ ამდენი წელი როგორ მიძლებს რომ ვერ გაუგია.

ჰო, ეგრეა, მაგრამ ზოგჯერ ჩემზე უკეთ ხვდება რა გვჭირდება და თავად მირთავს ხოლმე სიმღერებს, რომლებითაც უნდა დავასრულოთ წელი და დავიწყოთ ახალი.

2018 წლიდან ჩვენ შორის გაფორმებული ხელშეკრულების გადახედვის დროა. ახალ წესებზე და ახალ ვალდებულებებზე უნდა შევთანხმდეთ. წარმოიდგინეთ თქვენსა და თქვენს ტვინს შორის გაფორმებული ხელშეკრულება:

“2018 წლის 1 იანვრიდან, მხარეები ფინიკი (შემდგომში მოხსენიებული როგორც “თინიკო”) და თინიკოს ტვინი (შემდგომში მოხსენიებული როგორც “ტვინი”) 31 წლის წინ დაწყებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ვთანხმდებით შემდეგზე…

შეიძლება ჩათვალოთ რომ 2017-18 წლების გასაყარზე დგომისას ძალიან არასაახალწლო სიმღერა შევარჩიე, მაგრამ When there’s no love in town, this new century keeps bringing you down.

Oh, what are you really looking for?
ყველაფერი რაც არ უნდა ჩაიფიქროთ მომავალი წლისთვის, რაც არ უნდა მოინდომოთ, რაც არ უნდა დაგეგმოთ, რაზეც არ უნდა იოცნებოთ, ყველაფერი ერთიანდება სიყვარულში. იმ ადამიანების მიმართ, რომლებთან ერთადაც ვაკეთებთ საქმეს და მომავალ წელსაც გავაკეთებთ, რომლებთან ერთადაც ვერთობით და კიდევ გავერთობით, რომლებსაც საჩუქრებს ვუკეთებთ და გვიხარია, რომლებთან ერთადაც ვცხოვრობთ, რომლებთან ერთადაც დღის უმეტეს ნაწილს ვატარებთ.. ან იქნებ, საბოლოოდ ყველაფერი საკუთარი თავის მიმართ სიყვარულში ერთიანდება. სწორედ ამის გამოხატულებაა ის ყველაფერი რაც გვინდა, კონკრეტული თუ აბსტრაქტული, ნივთი, თუ ემოცია. პატარ-პატარა ბედნიერებები, სასიხარულო მომენტები, წარმატებები, მეგობრები, საჩუქრები… ახალი წლის მთელი ხიბლი, არსებული სიყვარულის თავისუფლად გამოხატვაშია, როცა ჩვენი ტვინი, როგორი მომთხოვნიც არ უნდა იყოს, ამ გამოხატულებას გვპატიობს და არ აინტერესებს საერთო ფონიდან ამოვარდნილები ხომ არ ვიქნებით, საზოგადოების მიერ დაწესებული ნორმებიდან ხომ არ გადავუხვევთ, გიჟად ხომ არ შეგვრაცხავენ, რამეს ხომ არ იფიქრებენ, ზედმეტ “გამოსენტიმენტალურებას” ხომ არ დაგვაბრალებენ. ჰო, უფლებას გვაძლევს და ზუსტად ამიტომ ვართ ყველაზე პოზიტიურები ამ დროს.

ჰოდა, თუ მკითხავთ რა მინდა მომავალი წლისთვის, ახლა ზუსტად ვიცი რომ “სიყვარული”, ის რაც ყველაფერს მოიცავს, ყველაფერს რაც შეიძლება მინდოდეს, მატერიალურს თუ არამატერიალურს. და ეს ისაა რაც პირველ რიგში საკუთარი თავის გადაკეთებას მოითხოვს.

Do not turn down the love songs that you hear
‘Cause you can’t avoid the sentiment
That echoes in your ear
Saying love will stop the pain
Saying love will kill the fear
Do you believe
You must believe!

ყველას იმ ყველაფერს გისურვებთ რაც მთელი გულით გინდათ და ვინაიდან დაწვრილმანება არც მე მინდა და არც თქვენ, სიყვარულს გისურვებთ, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს თქვენთვის.