6-10-15-16


ახლა თითქმის ყოველი დღე მრგვალი თარიღია.

ჰო, ახლა ისეთი პერიოდია, ყოველი გათენება “ზუსტად ერთი წლის წინ..” ფიქრით რომ იწყება.

მომავალ წელს ცოტა უფრო ადრე დადგება ეს დრო, მაისიდან დაიწყება და შემოდგომამდე გაგრძელდება, შემოდგომიდან კი გავორდები და დავიწყებ ფიქრს იმაზე თუ რა ხდებოდა ზუსტად ორი წლის წინ. საინტერესო ისაა, ცხოვრების რა ეტაპამდე იქნება ასე, რამდენ ხანს არ მომბეზრდება თვლა, როდის გამომრჩება მხედველობიდან რომ მაგ. “ზუსტად 10 წლის წინ” იყო რაღაც.

ალბათ დადგება დღე როცა ამ პერიოდში ვიფიქრებ “ზუსტად 30 წლის წინ, როცა 30 წლის ვხდებოდი” და თუ დადგება ეს დღე, საინტერესოა სად იქნება ის ყუთი, რომელშიც ყველა ეს დღე მაქვს ჩალაგებული ერთმანეთთან დაუკავშირებელი ნივთების სახით.

ახლა ის პერიოდია, როცა ვფიქრობ რა იდიოტი ვიყავი ზუსტად 1 წლის წინ, ის პერიოდია რომლის შეცვლაზეც ვერასოდეს ჩამოვყალიბდები, ის პერიოდია რომელზეც ვერასოდეს გადავწყვეტ მინდა თუ არა უკან დაბრუნება, მინდა თუ არა რამის შეცვლა.

ის პერიოდია, რომელიც მომავლიდან უნდა ვიცხოვრო წარსულში, იმიტომ რომ ამ პერიოდის აწმყოში სულ სხვა პერიოდს ვცხოვრობდი, თან ისევ მომავლიდან წარსულში.

დღეს 6 ოქტომბერია, უკანასკნელი დღე რომელზეც შემონახული მაქვს ჩემი მოგონებების ნამდვილობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დღეს 6 ოქტომბერია, დღე როდესაც ზღვარი მოვშალე და იქ გადავედი, სადაც მხოლოდ ჩემი მეხსიერების იმედი შეიძლება მქონდეს. იმ მეხსიერების იმედი უნდა მქონდეს, რომლის სანდოობის გადამოწმების დაწყებისთანავე, წარმოსახვასა და რეალობას შორის არსებული, უმცირესი საზღვარიც კი მოვშალე. ხვალიდან ის პერიოდი იწყება, რომელზეც მგონია, რომ ორი პარალელური ფინიკის მოგონებები შემომრჩა, რომელიც ყოველი წლის გასვლასთან ერთად, უფრო და უფრო ბუნდოვანი გახდება.

ახლა ის მრგვალი თარიღებია, რომლებიც ყოველი წლის გასვლასთან ერთად, შემონახულ მოგონებებს გააცამტვერებს და ყველა ემოციას საბოლოოდ უხარისხო ქსეროასლის, ქსეროასლად აქცევს.

ის პერიოდია, ბავშვობაში ვიდეოზე ნანახი “სუპერმენი” რომ მახსენდება, ის პერიოდია, როცა ვიხსენებ როგორ ატრიალებდა სუპერმენი დედამიწას უკუღმა.

Don’t leave me now
All alone in this crazy world
When I’m old and cold and grey and time is gone

Advertisements

ძვირფასო სუპერმენ!


იმ სტატიებს, რომლებსაც ნახვის მომენტში ვერ ვკითხულობ და რომელთა წაკითხვაც მოგვიანებით მინდა facebook-ზე ვინახავ ხოლმე და შემდეგ თვითონ მახსენებს, რომ წასაკითხად რაღაცები მაქვს გადადებული და არ უნდა დამავიწყდეს. დღეს შეხსენება მივიღე იმის თაობაზე რომ “NASA wants you to work on Mars” უნდა წავიკითხო. ცხადია არც მე ვაპირებ წითელ პლანეტაზე აღმოჩენილი ვაკანსიისთვის შევავსო განაცხადი და არც ნასას ქონია განზრახვა ფინიკის ხე გადაერგო იქ, თუმცა მაინც მაინტერესებს რა შესაძლებლობებია მზის სისტემაში ჩემთვის (შენიშვნა: ადამიანი საკუთარი ცხვირისა და მზის სისტემის იქით რიმ ვერ იხედება იმას რა უნდა ელაპარაკო?!).

საუკუნეა საკუთარი მიზეზით არ მიტირია, ძირითადად ტელეშოუებზე, სერიალებზე, ფილმებზე და რეკლამებზე მეტირება ხოლმე. გუშინ უმიზეზოდ ვიტირე, თან იმდენი რომ მომავალი 1 წლის განმავლობაში მაინც მეყოფა. მიზეზი არ მქონია, ნერვული შეტევა მქონდა, რომელიც უკიდურესი გადაღლისა და სტრესისგან მემართება ხოლმე. აი ისე უმიზეზოდ და არსაიდან დამეწყო ისეთი ისტერიკა რომ თან ვტიროდი და თან გაოცებული ვიყავი. მოკლედ, სერიოზულად ავიჭერი. მაშინვე გამოვიწერე დროებითი, სიმპტომური მკურნალობა – ფეხით გასეირნება, 10 მგ. ანტიდეპრესანტი და 100 გრამი ჯეკი ყინულის გარეშე. ისტერიკა კი ჩამიწყნარდა, მაგრამ დროსა და სივრცეში დაკარგვას ვერაფერი უშველა.

უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში სად აღარ ვიყავი, ჯერ იყო და 4 ღამიდან 2 თვითმფრინავში გავატარე, ორ ფრონტზე ერთდროულად ვიბრძოლე, ისე რომ დასვენებითაც კი არ დამისვენია, შემდეგ დავბრუნდი და უკვე ნაცნობ “ფრონტზე”, ნაცნობ “სანგარში” ამოვყავი თავი. შაბათ-კვირას დასვენების მიზნით, ისევ სადღაც გავეშურე და საბოლოოდ გადავედი რელსებიდან. სად ვარ, ვინ ვარ, რა დღეა, რომელი წელია?

ბევრი რამ ვცადე კიდეც, მთის წვერზე, ტყეში აშენებული სახლის ეზოში ადამიანის ჭაჭანება რომ არ იყო “ტოპლეს” გარუჯვიდან (სხვათაშორის სტანდარტულ გარუჯვასთან შედარებით ბევრად სასიამოვნოა) დაწყებული, გამქრალ სიგარეტის კოლოფებზე ნადირობით დამთავრებული (ვერავინ დამაჯერებს რომ როგორც არ უნდა გამეგიჟებინა თავი 2 დღეში 5 კოლოფ სიგარეტს მოვწევდი. აი, შეუძლებელია).

ბავშვობის მეგობრებთან 2 დღიანი უწყვეტი კომუნიკაცია საერთოდ ცალკე პოსტის თემაა. ყველა სამეგობროს რომელიც 2-ზე მეტი ადამიანისგან შედგება, აუცილებლად აქვს საკუთარი ტრადიციები, უნიკალური მახასიათებლები, რომელთა აღმოჩენაც და რომლებზე დაკვირვებაც სასწაულია.

ჰოდა, სანამ მარსზე გადავრგავდე ფინიკის, დედამიწის დროით დამდგარი ორშაბათისთვის უნდა შევემზადო, რომელთან შეხვედრაც რელსებიდან გადასულსა და დროსა და სივრცეში არეულს მიწევს. მძიმე კვირა იწყება ჩემს მიკრო სამყაროში. ჰოდა, სხვა რომ აღარაფერი დამრჩენია: “I’m not normally a praying man, but if you’re up there, please save me, Superman”. სანამ მარსზე გადავიდოდე, დამეხმარე სუპერმენ!

giphy