Wine


“This sublime nectar is quite simply incapable of lying.  Picked well or picked too late, it matters not, the wine will always whisper in your mouth unabashed honesty every time you take a sip.”

ღვინოს თავის ხასიათი აქვს, ზოგჯერ მძიმე და ბუზღუნა, ზოგჯერ პირიქით, მსუბუქი და პოზიტიური, ზოგჯერ კი ჰაეროვანი და ქარაფშუტა. დღეს შევურიე, დავმძიმდი და შევმსუბუქდი, მებუზღუნა და ვებუზღუნე, ზედმეტად სერიოზულიც ვიყავი და გადაჭარბებულად ბევრიც ვიცინე. დღეს ბევრნაირ ღვინოს შევხვდი და ყველასთან გამოვნახე ენა, ადამიანებისგან განსხვავებით.

ადამიანები რომ ღვინოები იყვნენ იმაზე მეტს ვიკონტაქტებდი მათთან, ვიდრე ახლა. ცოტა უფრო გულწრფელიც ვიქნებოდი და ცოტა უფრო ქარაფშუტაც, ცოტა უფრო ხშირად ვიქნებოდი ფინიკი ვიდრე თინიკო.

უხასიათო ღვინოები მიყვარს, ლაპარაკი რომ ეზარებათ, არც შენი სახელი რომ აინტერესებთ და არც გვარი, არც ის რომ ზედმეტად ცოტას ლაპარაკობ და არც ის რომ მათ მხოლოდ დასალევად შეხვდი. ორივეს გესმით რომ თქვენი ურთიერთობა მხოლოდ დღევანდელი საღამოთი შემოიფარგლება, განმეორებით შეხვედრას არც ერთი ელით და თუ ისე მოხდა რომ რამდენიმე დღეში ისევ შეხვდით ერთმანეთს, არც ერთს გექნებათ პრეტენზია იმაზე თუ რას აკეთებდა აქამდე მეორე და ამდენ ხანს რატომ არ დარეკა.

5-6


ძველი ფინიკის პოვნას ვცდილობ იმ ხარა-ხურაში, რომლადაც ბოლო პერიოდში ვიქეცი. გაშტერებული მივჩერებივარ დღევანდელ თარიღს და წარმოვიდგენ რომ 2016-ს ნაცვლად 2015 წერია. მინდა თვალები დავხუჭო და რომ გავახელ თარიღი შეცვლილი დამხვდეს. მინდა თავიდან გავიარო წელი, რომელმაც იმ ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფიქრების გროვად მაქცია, რომელიც ახლა თარიღს უმეტყველო სახით აკვირდება.

დღეს 2015 წლის 28 სექტემბერია, ის დღეა როცა ვფიქრობ ქალაქისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია პატარა “emergency” ყუთების არსებობა, სადაც ყვავილები იქნება განთავსებული და ეწერება – in case of love at first sight, break glass. ხვალ, 29 დადგება, მე გარეთ გამოდგმული ყვავილების სურათს წამოვედები და დავწერ იმაზე, რომ ერთ დღეს აუცილებლად მექნება ჩემი პატარა ყვავილების მაღაზია, რომ ვიცხოვრებ რომელიმე პატარა ქალაქში და დილაობით გამოვალაგებ ხოლმე ჩემივე ხელით შეკრულ თაიგულებს.

მერე 30 სექტემბერი დადგება, მერე ოქტომბერი მოვა … ბევრს ვიფიქრებ, ბევრ გადაწყვეტილებას არ მივიღებ, საკუთარ თავს როგორღაც მივათრევ დეკემბრამდე, გავიყინები ბუდაპეშტში, დავბრუნდები, მოვა აღდგომა, ბევრჯერ წავალ სადღაც, ბევრს ვინერვიულებ, ათასჯერ გამოვლანძღავ საკუთარ თავს, 3-ჯერ მაინც ვიტირებ, მერე შემრცხვება, მერე ისევ არ მივიღებ გადაწყვეტილებებს, ისევ შემეშინდება 30-ს, მაგრამ დაველოდები… ცუდი ზაფხული მექნება, კარგი დაბადების დღით.. მერე ცუდი შვებულება.. მერე ისევ სამსახური და მერე ისევ დავჯდები, შევხედავ თარიღს და წარმოვიდგენ რომ ისევ 2015 წლის სექტემბერია.

tumblr_nkr9tfmuif1u6h9nno1_500
28.09.2015

tumblr_mll5rrdbcq1qkww7to1_500
29.09.2015
tumblr_lck7f8mnog1qa9u6ko1_500
28.09.2016

This is the END


ბოლო რამდენიმე დღეა დილით ვიკვიატებ ერთ სიმღერას და მთელი დღე განუწყვეტლივ ვუსმენ. არ მბეზრდება. ყველა დღეს სჭირდება საუნდთრეკი.

დღეს დილით თავში გამიელვა so this is the end, ჰოდა, დღეს ვიმეორებთ this is the end.

Hold your breath and count to ten!

არაჩვეულებრივი მეხსიერება მაქვს, თითქმის ყოველთვის, ყველაფერი ზეპირად მახსოვს, საოცარი სიზუსტით შემიძლია ადამიანების ციტირება, რა დროც არ უნდა იყოს გასული. ათასი ხარა-ხურით მაქვს ტვინი გამოჭედილი. დღეს ავირიე, აღარ ვიცი რა მახსოვს და რას ვიგონებ, რა იყო და რა მომეჩვენა, როდის დავდექი სტარტზე და როდის ავკრიფე სიჩქარე ფინიშისკენ, იმ ფინიშისკენ, რომლის გადაკვეთაც გამარჯვებასთან კავშირში არასოდეს ყოფილა. So this is the end!

Let the sky fall, დიდად არ მადარდებს. ახლა დიდად არაფერი მადარდებს, გარდა იმისა რომ საკუთარ თავს და მოგონებებს აღარ ვენდობი. დღეს სიზმარსა და რეალობას შორის ზღვარი მოიშალა, აკვიატებული სიმღერა მოგონილი მოვლენების დასასრულზე მიმღერის და მეც მგონია რომ რაღაც მაინც ვიცი ზუსტად, სულ მცირე ნაწილი მაინც იყო სიმართლე იმ ყველაფერში რაც ახლა წარმოსახვის ნაყოფი მგონია.

მახსოვს რომ შარშანდელი სექტემბერი აღმოჩნდა სტარტი, ეს მაინც ხომ მახსოვს ზუსტად?! საწყისი წერტილი, იქამდე სანამ sky fell. ახლა გარდამავალი პერიოდია, შესვენება, სანამ რაღაც ახალი დაიწყებოდეს ჩემს ცხოვრებაში, თუმცა მანამ სანამ ეს მოხდება, ჯერ ისევ შარშანდელი სექტემბერია, 1 სექტემბერი, როცა სტარტისთვის გაუაზრებლად ვემზადებოდი ან უნდა მოვმზადებულიყავი. წრე შეიკრა და this is the end.

Skyfall is where we start
A thousand miles and poles apart
Where worlds collide and days are dark
You may have my number, you can take my name
But you’ll never have my heart

ჰო, Skyfall is where we start. მომავალ შეხვედრამდე სექტემბერში. მომავალ სტარტამდე და ფინიშამდე.

ყოველთვის ენდეთ საკუთარ თავს როცა მთვრალი ხართ, ცხოვრება ბოდვაა, კი, ნამდვილი ცხოვრება ის ბოდვაა, რომელიც რეალობა გვგონია.

P.S. ადელის სიმღერები არ მიყვარს, შეიძლება ითქვას რომ ვერ ვიტან, თუმცა ეს სიმღერა გამონაკლისია.

გამარჯობა შემოდგომავ!


დღეს ზაფხულის ბოლო დღეა. ამ დროს როგორც წესი ახალ ცხოვრებას ვიწყებ ხოლმე, ახლაც ასეა, რაღაც ახალი უნდა დაიწყოს, ოღონდ ზუსტად არ ვიცი რა.

ყოველი სექტემბრის მოსვლასთან ერთად რაღაც იცვლება, შემოდგომის მიწურულს კი ეს სიახლე ჩვეულ რუტინად იქცევა ხოლმე. არ მინდა შემოდგომა, გაუაზრებლად, დაუსაბუთებლად, შეგრძნების დონეზე არ მინდა შემოდგომა, ისე რომ არც ზაფხულთან განშორება მწყვეტს დიდად გულს. წელს ყველაზე მეტად მჭირდება დრო ზაფხულსა და შემოდგომას შორის, რაღაც გარდამავალი პერიოდი, მოსაცდელი ზონა საიდანაც საბოლოო დანიშნულების პუნქტში უნდა მოვხვდე.. ნუ, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ახლა ეს ჩემთვის.

1 სექტემბერს განსხვავებული ფინიკი დაიწყებს ახალ ეტაპს, სულ სხვანაირი, არეულ-დარეული, ქაოტური, არასტაბილური და 30 წლის ასაკში, თინეიჯერობაში დაბრუნების გაუაზრებელი სურვილით დაავადებული ფინიკი. არ მინდოდა ასეთი ყოფილიყო, ამიტომაცაა რომ არ მინდა შემოდგომა, ის შემოდგომა რომელიც სხვანაირს უნდა დამეწყო.

ყველა სისულელის მჯერა ახლა, აი იმ სისულელეების რომლებისაც მხოლოდ სულელებს სჯერათ და არა თუ მჯერა, არამედ ტვინშიც დაუსრულებლად ვატრიალებ.

ჩვენ თავად ვაძლევთ მაგიურ დატვირთვას იმ სისულელეებს, რომლებისაც გვჯერა.

გამარჯობა შემოდგომავ! როგორც ყოველთვის, ვერც წელს მოვემზადე შენთან შესახვედრად. ისევ მოგვიწევს ზურგი შევაქციოთ ერთმანეთს და გაბუტულებივით ავარიდოთ ხოლმე თვალი დილაობით. დროებით აგვისტოვ, 11 თვეში ალბათ ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ახალი იმედებით და მოლოდინებით, რომლებიც არასოდეს გამართლდება.

P.S. ეს სიმღერა ყველაზე მეტად პატრიცია კაასის შესრულებით მომწონს.

autumn-thoughts-hello-autumn-tumblr-pinterest-bblogger1