შავი კლაკნილი ხაზები


ისევ ბათუმში ვარ, ისევ სასტუმროში, ისევ თეთრ საბანში გახვეული გავყურებ აივანს და ბალიშის მოუხერხებლობის გამო, ისევ მტკივა კისერი. მარჯვენა თვალის გვერდით, ტკივილში გადასული პულსაცია მაგრძნობინებს რომ ამდენ ხანს წოლა არ შეიძლება.

ბოლო რამდენიმე თვეა ფრჩხილებზე მხოლოდ შავი ფერის ლაქი მისვია. იმიტომ კი არა რომ სხვა ფერები არ მომწონს, არა, ეს არაფერ შუაშია, უბრალოდ ერთხელ რომ წავისვი ვეღარ მოვიშორე და სხვა ფერების წასმისას ფრჩხილის რელიეფში ჩამკვდარი სიშავე მაინც ატანს გარეთ. თუ იცით როგორ შეიძლება უფრო ეფექტურად მოშორება, არ მასწავლოთ, ფეხებზე დავიკიდე უკვე, იყოს როგორც არის.

დღეს 20 ნოემბერია. მერე რა ხომ? არც არაფერი, ანაც ფერი, მაგრამ ჩემთვის. ფერი? რა ფერი? შავი? ნწ, ვერ გამოიცანით, უკვე წითელი, ოღონდ შავი კლაკნილი ხაზებით.

“წიგნები ბათუმში”-ს მაღაზიაში “ბურუსს” გადავეყარე. სად აღარ ვეძებე, მაგრამ ვერსად წავაწყდი. აქ არ მიძებნია, შემთხვევით წამოვედე, როგორც მაშინ, ივლისში “ცუდი გოგო” რომ გავიცანი. მოკლედ, “წიგნები ბათუმში” ჩვენი წიგნებში შეხვედრის ადგილია. მართალია “ბურუსი” იმ ყუთს მიღმა დარჩება, სადაც შენ ხარ ჩალაგებული, მაგრამ ეგ არაფერი, იქ სხვა ისტორიები დევს, ეს ჯობია გარეთ იყოს, ჩვენი შეხვედრის მუდმივად ხელმისაწვდომ ადგილად რომ დარჩეს.

გარეთ მშვენიერი ამინდია, ზღვა საწოლიდანაც გადასარევად ჩანს, ადგომა არაფერში მჭირდება.

კიდევ შევხვდებით! ბურუსში, ლიოსასთან, ბათუმში, ჩილეში ანაც იუპიტერზე… მოკლედ სადმე აუცილებლად შევხვდებით!

Advertisements

Stupid Girl


ძილის წინ ამეკვიატა ეს სიმღერა. გაუგებარი სულაც არაა რატომ. ყველაფერი მარტივია, ახლა ზუსტად ის დროა საკუთარ თავს რომ უნდა ვუმღერო stupid girl.

პატარა და დიდი დასასრულების პერიოდია you stupid girl.

ასეთ დროს თუ აბსოლუტურ მრისხანებაში ვიქნებოდი, ახლა ფეხებზე მკიდია. ყველაფერი რაც სანაგვეზეა მოსასროლი, წავა სანაგვეზე. დაიკიდე რა, you stupid girl!

You stupid girl, all you had you wasted.

გამოფხიზლდი you stupid girl?

What drives you on
Can drive you mad
A million lies to sell yourself
Is all you ever had

ეს რომელს გვეხება ფინიკი? მე თუ შენ?

მე მეხება, მე, და ის რაც მეხება მე, გეხება შენც. იქნებ ერთხელ მაინც ვთქვათ ყველაფერი ისე როგორც სინამდვილეშია, ბოდვის გარეშე.

Don’t believe in fear
Don’t believe in pain
Don’t believe in anyone
That you can’t tame

ცოტაც და თავიდან დაიბადები you stupid girl. ისევ ისეთი, როგორიც იყავი, ოღონდ ზედმეტი ხარა-ხურის გარეშე, რომლებიც რომელიღაც ილუზიაში რაღაცას წარმოადგენდნენ.

You stupid girl, all you had you wasted.

დიდი დრო დაგჭირდა, მაგრამ ვის რაში ედარდება დრო.

Don’t believe in anything
That you can’t waste

ჩემნაირების ცხოვრებაში ყველაზე საშიში ის მომენტია, როდესაც ჩხუბისა და ყველაფრის თავზე დამხობის სურვილი არ არსებობს, ე.ი. ყველაფერი გადაწყვეტილია და როცა ყველაფერი გადაწყვეტილია, აღარაფერი შეიცვლება. წელს განსაკუთრებით ბევრი ილუზია მოვისროლეთ სანაგვეზე you stupid girl. ხომ გინდოდა განსაკუთრებული წელი you stupid girl? ჰოდა, what you need, is what you get! ამაში ძალიან ნიჭიერი ხარ you stupid girl.

ძილი


ავირიეთ.

ერთდროულად იმდენ რამეზე გვეფიქრება რომ თითოეულ საკითხზე ერთი წამითაც ვერ ვჩერდებით. კონცენტრაციის დარღვევა გვაქვს და უძილობა.

უძილობის მიუხედავად სიზმრები მაინც გვესიზმრება. გუშინ ბარში მეძინა, მაგიდაზე მედო თავი და ჩამეძინა. რა არ მიქნია, მაგრამ ბარში არასოდეს დამძინებია. თან ისე ჩამეძინა, ბავშვობაში ტელევიზორთან რომ მეძინებოდა და გონში ვერ მაგდებდნენ ხოლმე.

ეს ზაფხული რაღაცით 9 წლის წინანდელ ზაფხულს მაგონებს. ყველაფერი სხვანაირადაა, მაგრამ ქმედებებს ვიმეორებ. აი, განწყობას კი მომკალით და ვერაფრით ვიხსენებ პარალელები რომ გავავლო.

საბოლოო ჯამში ყველანაირ ცვლილებაზე უარს ვამბობ, იმიტომ რომ უკიდურესად მეზარება და ის პერიოდი მაქვს, სულ სადღაც რომ უნდა ვიყო, ცვლილებებზე რომ არ მომიწიოს ფიქრი.

ტელეფონი არ ჩერდება, არც ელ.ფოსტა ისვენებს, ყველაფერი ცოცხალია, ოღონდ სადღაც ციფრულ და კავშირგაბმულობის სამყაროში, რეალობაში მხოლოდ მე და ჩემი ყურსასმენები ვართ და ნაირ-ნაირი აკვიატებული სიმღერები.

სანამ მე ბარებში ვიძინებ, სამყარო ფეთქავს და ყოველი გამოღვიძებისას ყველაფერი შეცვლილი მხვდება.

მგონი რეჟისორსაც ჩაეძინა და სცენარს ისე გადავუხვიეთ კაციშვილი მომკითხავი არაა. ცხოვრება თავის ნებაზე მაქვს მიშვებული და ძილებს შორის მივჩანჩალებ უკვე მომხდარი მოვლენების კვალდაკვალ.

მეძინება.

in the cafe

You Don’t Fool Me


ოთხშაბათი დილის ორი დასკვნა:

  1. ადამიანები მეკვიატება მათი აკვიატებული სიმღერების აკვიატებით;
  2. ერთგულებას ხშირად არც თუ ისე კარგი საფუძველი აქვს – ძირითადად ერთგულება გამომდინარეობს ცვლილებების განხორციელების უუნარობისა და შიშისგან ან უარეს შემთხვევაში სიზარმაცისგან.

პ.ს. ვიკვიატებ ახალ სიმღერას.

You don’t fool me – those pretty eyes
That sexy smile – you don’t fool me

სამხრეთელი


პოსტის წერას სათაურით არასოდეს ვიწყებ. პირიქით, როგორც წესი სათაურს ყველაფრის დასრულების შემდეგ ვარჩევ ხოლმე და ზოგჯერ იმდენს ვფიქრობ მთლიან პოსტსაც ვისვრი სანაგვეზე.

ეს პირველი პოსტია როცა ჯერ სათაური გაჩნდა და თან ისეთი სათაური, რომელიც tag-ადაც იქცევა. დავაკვირდები როგორ გაიზრდება სამხრეთელი და როგორ დაჩრდილავს სხვებს.

სამხრეთელი რაღაც ახალია, ან იქნებ უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, ვიღაც მეთქი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რომ უფრო ვიღაცაა ვიდრე რაღაც.

ზაფხულივითი სახელია და წესით ძალიანაც უნდა მომწონდეს, მაგრამ არ მომწონს. ზაფხული კი მიყვარს, მაგრამ სამხრეთი და სამხრეთელები არა.

ორი დღის წინ გამოჩნდა. გაცნობამდე სრულიად სხვა წარმოდგენის ვიყავი და სულ სხვა ვინმე შემრჩა ხელში. ანუ ეს ის შემთხვევაა როდესაც ვიღაცაზე (ან უფრო რაღაცაზე) წინასწარ გაქვს შექმნილი გარკვეული შთაბეჭდილება და გაცნობისას აღმოაჩენ რომ შენი წინასწარი დამოკიდებულება ძალიან აცდენილი იყო რეალობას.

კომედიური პერსონაჟი არ უნდა იყოს, უფრო პირიქით, მაგრამ ყველაფერი რაც მასთანაა დაკავშირებული ისეთი კომიკურია რომ გახსენების დროსაც კი ვერ ვიკავებ სიცილს.

არადა საერთო ბევრი გვაქვს. უფრო სწორად მე და სამხრეთელის მეგობარს გვაქვს ბევრი საერთო, მაგრამ ვინაიდან სამხრეთელი ხშირად ეთანხმება მისი მეგობრის მოსაზრებებს, ე.ი. საერთო სამხრეთელთანაც მაქვს, რაოდენ კომიკურად უნიათოც არ უნდა იყოს თავად სამხრეთელი.

იცი როგორია? ზედმეტი უსაქმურობისგან ფილოსოფიას რომ მიჰყოფენ ხოლმე ხელს ეგეთი. არადა, აი ეგეთებს ვერ ვიტან. დიდი ფუფუნებაა მუდმივად ცხოვრების ამაოებაზე და საკუთარ რაობაზე ფიქრი.

მისი მეგობარი კი იმიტომ მომწონს, რომ უფრო მარტივია, მარტივი პასუხებით და ისეთი მარტივი “სიყვარულებით” მე რომ მახასიათებს. ჰოდა, რახან ესეც ეთანხმება, მაშინ როცა ის ამ ყველაფერს ფილოსოფიურად ფუთავს, ე.ი. არც ჩვენ ვართ ერთმანეთს დიდად აცდენილი.

თან საცოდავია, ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით და სამხრეთელის არც არაფერი სცხია.

მთელი შეგნებული ცხოვრება მარტივ ჩვევებსა და ფილოსოფიაში დახარჯა, ცხოვრების კი არაფერი გაეგება და ისეთ სისულელეებს აკეთებს, მოგინდება მაგრად შეაჯანჯღარო.

მაგრამ ორი დღის წინ გაცნობილი სამხრეთელი, რომელიც იდეაში სულ სხვა არასამხრეთელის გასაცნობად მჭირდებოდა, ძალიანაც არ გავს იმ არასამხრეთელს ან მე მგონია რომ არ გავს, იმიტომ რომ ძალიან არ მინდა გავდეს.

ისევ ყველაფერი ავხლართე. თუმცა ვინაიდან სამხრეთელის გაცნობა მნიშვნელოვან მოვლენად შევრაცხე, ამ თემაზე ბოდვის კორიანტელი რომ არ დამეყენებინა ფინიკის სახელით, ვერ მოვითმენდი.

კეთილი იყოს სამხრეთელო შენი გაჩენა ჩემი თეგების ღრუბელში.

Strategist-Shadow-System