Hello, I Love You


Hello, I love you 50 წლისაა.

დღე რომელიც Hello, I love you-თი და ჯიმის ხმით დაიწყო, ცუდი ვერ იქნება.

მაღვიძარაზე 1 საათით ადრე გავიღვიძე, არ გამომირთავს, ველოდებოდი “Bring it on Bitch” განწყობით.

ცალი თვალი გავახილე, გადავწვდი ტელეფონს და ჩავრთე:

Hello, I love you

Won’t you tell me your name?

Hello, I love you

Let me jump in your game

5 დღეა ზაფხული მოვიდა, მალე აგვისტოს ან უფრო სწორედ, დაბადების დღის ციებ-ცხელება დამეწყება და ისევ გადავალ რელსებიდან.

წლევანდელი ციებ-ცხელებისა და რელსებიდან გადასვლის საუნდთრეკად Hello, I love you-ს ვაცხადებ.

ემოციებით სავსე და ატრაქციონების პარკივით ფერად, ადრენალინით სავსე ზაფხულს გისურვებთ.

Hello, I love you

Won’t you tell me your name?

Advertisements

Turn Your Magic On!


დილა მშვიდობისა!

უკვე წესად მექცა აქ იმ სიმღერის და განწყობის გაზიარება, რომელსაც რამდნიმე დღეში ერთხელ, აივანზე პირველი ღერის მოწევისას მთავაზობს ჩემი ტელეფონი იმ ნოტიფიკაციით, უკვე ძალიან რომ შემიყვარდა.

დღეს პოზიტიური დღე უნდა გვქონდეს, პოზიტივი უნდა გავცეთ და მივიღოთ. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც რაღაც უჭირს, რომელიც არაა დარწმუნებული რომ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს ცხოვრებაში, უნდა ვუთხრათ Everything you want’s a dream away!

გული მწყდება, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საკმარისად ხშირად არ ვუმეორებდი:

Everything you want’s a dream away
Under this pressure, under this weight
We are diamonds taking shape

პოზიტივის გაცემას, ადამიანების დახმარებას, მათი ცხოვრების გაფერადებას არც შესაფერისი დრო სჭირდება და ამისთვის არც სტანდარტები არსებობს. არ არსებობს წესები, რომელიც გვაიძულებდა სადღაც მიგვეჩქმალა ამ ადამიანების მიმართ განცდილი სითბო. ყველა წესი და ყველა სტანდარტი ჩვენი მოგონილია. დროა გამოვიდეთ ჩარჩოებიდან! სანამ ათასჯერ წავიმტვრევთ ცხვირს, სანამ ათასჯერ დაგვწყდება გული. სანამ ცვლილებებს გარედან ველოდებით, შიგნით არაფერი იცვლება და ამიტომ ცხოვრება ზუსტად ისეთად რჩება, როგორიც იყო.

ნუ დაელოდებით მომენტს, როდესაც ძალიან მწარედ გაიხსენებთ ყველა დაკარგულ წუთს, მომენტს, როცა რაღაცის გაკეთება გინდოდათ და არ გააკეთეთ, რაღაცის თქმა გინდოდათ და არ თქვით. ასეთი მომენტი აუცილებლად დადგება და მოდი, ნუ დაველოდებით. თუ ვინმეს თქვენი პოზიტივი არაფერში სჭირდება, ის თავად გეტყვით უარს, მაგრამ ამით თქვენ არაფერს, აი, საერთოდ არაფერს დაკარგავთ. ადამიანებს კი, რომლებიც იმაზე ბევრად კარგად ყოფნას იმსახურებენ, ვიდრე არიან, აუცილებლად უნდა დავანახოთ ეს.

Now I feel my heart beating
I feel my heart underneath my skin
And I feel my heart beating
Oh, you make me feel
Like I’m alive again
Alive again
Oh, you make me feel
Like I’m alive again

და პირველ რიგში, კარგად ყოფნას, ბევრ პოზიტივს და სიცოცხლის შეგრძნებას, ჰო, სიცოცხლის და არა რუტინული არსებობის, თქვენ იმსახურებთ.

Turn Your Magic On!

Live to LOVE


დღეს ამაღლებული განწყობით გავიღვიძე. თმა შევიკარი, ისე დავიმაგრე როგორც 40-50-იან წლებში იმაგრებდნენ ქალები. ტუჩებიც შინდისფრად შევიღებე, ახალი კაბაც ჩავიცვი, ის კაბა შტორმსა და უბედურებაში შემთხვევით რომ ვნახე, ჩემი ზომა რომ არ ქონდათ და მაინც ვიყიდე. ახლა ავადმყოფობის (თან არა ერთი) გამო იმაზე ბევრად გამხდარი ვარ, ვიდრე იმ დღეს ვიყავი, როცა ვიყიდე. ისე გამოვიყურები პატარა გოგოები დედის გარდერობს რომ გადმოალაგებენ ხოლმე და კაბებს იზომავენ.

გამოვიძინე და არც ღამის განმავლობაში გამღვიძებია რამდენჯერმე, სიზმრებიც დამესიზმრა, ოღონდ სხვა სიზმრები, ჩვეულებრივი, კარგი სიზმრები, ისეთი, უბრალო და არაფრით გამორჩეულ დროს რომ ხედავენ ხოლმე ადამიანები.

თვალი რომ გავახილე სტანდარტული ფიქრები ვიფიქრე, სამშაბათი დილისთვის სრულიად შესაფერისი ფიქრები, სამსახურში წასვლამდე რომ იფიქრებს ადამიანი, ადამიანი რომლის ცხოვრებაც ჩვეულებრივი და სხვებისნაირია.

ყავასაც ძველებური გემო ქონდა და დილის საუბრებიც ჩვეულ მოტივებზე იყო აწყობილი.

დღეს ჩვეულებრივი დილა გათენდა.

სამყაროსაც აღარაფერი მოუწერია, მგონი გამებუტა და შეტყობინებებს აღარ მიგზავნის. მე კიდევ სულ რაღაც ნიშანს ველოდები. მთელი ცხოვრება რაღაც ნიშნების მოლოდინში ვარ. დროც ჩვეული სიჩქარით გადის, საათიც ერთმანეთთან დაუკავშირებელ ციფრებს ხატავს და მეც, ახალ კაბაში გამოწყობილი ძველი თინიკო ვარ.

სტანდარტულად გავედი დილით აივანზე, მოვუკიდე სიგარეტს და იმ სიმღერას მოვუსმინე გულის ჩუქებასა და ამ გულის თაროზე შემოდებაზე რომაა.

ბევრს ვეწევი, მაგრამ ახლა ეს დიდად არ მადარდებს, ხომ იცი მოვა დრო და ასე აღარ იქნება. ჰოდა, მოწევა რომ დავასრულე, ტელეფონს დავხედე და უცნობი “ნოტიფიკაციის” “იკონკა” დამხვდა, აქამდე არასოდეს მენახა და დავინტერესდი რა იყო, გავხსენი და ვნახე რომ ახალი სიმღერის მოსმენას მთავაზობდა ტელეფონი. კარგი სიმღერაა, ძალიან კარგი, ზუსტად ისეთი, მე რომ მიყვარს ანუ ერთდროულად პოზიტიური და სევდიანი. ბოლო დროს ცხოვრება უმნიშვნელო, აკვიატებული და მოგონილი სისულელეების გამო გახდა საინტერესო.

The situation’s clear
It’s fine as long as you are here
Of that I’m really sure
I will live to love you more

დილა მშვიდობისა! ცხოვრება ღირს, ნამდვილად ღირს. ბედნიერებას, კარგ კვირას, საინტერესო და ემოციებით დატვირთულ ცხოვრებას გისურვებთ.

P.S. Some things never change, you know.

წითელი კაბა და სულელური სიმღერების სამშაბათი


დღევანდელ დღეს ოფიციალურად სულელური სიმღერების სამშაბათად ვაცხადებ.

დილა სხვა განწყობით და სხვა სიმღერით დავიწყე, წესით ახლა უნდა ვწერდე Christ, to think I gave you all my heart and you put it on the shelf მეთქი, მაგრამ ეს მერე იყოს, როცა ცოტა უფრო შესაფერისი განწყობა მექნება, დღეს ამის ხასიათზე არ ვარ, იმიტომ რომ სულელური სიმღერების სამშაბათია.

დილა ტრადიციების დარღვევით დავიწყე, BMW-ს ტაქსის არასოდეს ვაჩერებ, არ მიყვარს BMW-ს მძღოლები და იმიტომ (კი, კი ვიცი რომ რაღაც სულელური სტერეოტიპია), მაგრამ დღეს დიდად არ მიფიქრია ამ საკითხზე. ამაზე კი არ მიფიქრია ბევრი, მაგრამ “ზატო” ბევრი ვიფიქრე რა ჩამეცვა, ყველაფერი გადმოვალაგე და გადავალაგე, საბოლოოდ კი არჩევანი ცოტა დავიწყებულ წითელ კაბაზე შევაჩერე. რატომ ვყვები ამას? კი, გადასარევად ვიცი რომ ეს არავის აინტერესებს, ამას იმიტომ ვყვები, რომ ტაქსიში პირველი სიმღერა რაც დაიწყო იყო “Red Dress”, ხო სასაცილოა? სასაცილოა.

ჰოდა, სიმღერა კი უკიდურესად სულელურია, ძალიან სულელური ლირიკით, მაგრამ დღეს სულელური სიმღერების სამშაბათია და გადავიტანთ.

რაც არ უნდა ეწეროს თქვენს ყოველდღიურ ასტროლოგიულ პროგნოზში, ყველაფერი მაინც კარგად იქნება. იმისთვის კი ვინც to think you gave her/him all your heart and she/he put it on the shelf მერეც მოიცლით.

როცა ცხოვრებაში განსაკუთრებულად სახალისო არაფერი ხდება და აი ქვეყნის ზურგზე არავის ახსოვხარ, მაინც სასიამოვნოა სამყარო რომ გაგეხუმრება ხასიათზე მოსაყვანად.

იპოვეთ თქვენი სულელური სიმღერა და გაერთეთ. კარგ და ხალისიან დღეს გისურვებთ.

jessica_rabbit___may_22__2014__by_colorfulartist86-d7jgg16.png