Supergirls Don’t Cry


ყველაფერი ძალიან კარგადაა, მეტიც, შეიძლება ითქვას რომ ყველაფერი არის super! სამყაროში, სადაც ბევრი Supergirl-ია, ყველაფერი ყოველთვის არის super!

ფინიკის სუპერ მიკრო სამყაროში, ბევრი სხვა სუპერ მიკრო სამყაროა. ჰოდა, what can go wrong? აუჰ, ძალიან ბევრი რამ, მაგრამ Supergirls don’t cry.

ყველა supergirl სუპერ მიკრო სამყაროს ღმერთია, ღმერთები არ ტირიან და არც უხასიათოდ არიან.. რასაც არ უნდა ამბობდნენ ერეტიკოსები.

სუპერ მიკრო სამყაროების სუპერგმირი ღმერთების დღეა დღეს და სუპერგმირი ღმერთების ზაფხული მოდის. ჰოდა, what can go wrong? I’m a supergirl and supergirls just fly!

Advertisements

მათე 6:7


საშინლად გრძელი და უძილო ღამის შემდეგ სიცივე ძვალ-რბილში მაქვს გამჯდარი და ასე მგონია სახსრები მომეყინა და ვჭრიალებ.

სასტუმროს 24-ე სართულიდან ვარშავა ხელის გულზე მეშლება, თუმცა მე ფარდებს ვაფარებ და ვოცნებობ რომ ძილი მომერიოს.

უზარმაზარ და მსოფლიოში ყველაზე რბილ ლოგინში ვწვები და თვალებს მაგრად ვხუჭავ ჩაძინების იმედით. აღარ მეძინება!

საწოლის გვერდზე მდგარი “კომოდის” პირველივე უჯრაში აღმოჩენილი ახალი აღთქმა ტვინში მიღიტინებს, გვერდს მაცვლევინებს და თავისკენ მექაჩება.

ვერ ვისვენებ! თავში ათასნაირი ფილმის სცენა მიტრიალებს, ამ დროს კი ჩაბნელებულ ოთახში მხოლოდ ცენტრალური გათბობის სისტემის ხმა  და საწოლში მოუსვენარი ტრიალისგან, ნახევრად გამლღვარი სახსრების ჭრიალი ისმის.

საწოლის გვერდზე, ხელის ერთ გაწვდენაზე მოთავსებულ სანათს ვანთებ, კომოდისკენ ვტრიალდები, ახალ აღთქმას ვიღებ და ვამბობ: შემთხვევით არაფერი ხდება! თვალებს ვხუჭავ, ვშლი და თითს გაუაზრებლად ვადებ რომელიღაც აბზაცს. “And when you pray, do not use vain repetitions as the heathen do. For they think that they will be heard for their many words!” მათე 6:7 (ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმენილ იქნებიან).

შემთხვევით არაფერი ხდება მეთქი! ხუთოსანივით ვიცი ხოლმე ლოცვა, პრინციპში როგორც ყველაფერი. პერფექციონიზმის მანიით შეპყრობილი “ღმერთთან (აქ რაც გინდათ ის იგულისხმეთ თქვენი რწმენის შესაბამისად) სალაპარაკოდაც” წინასწარ ვამზადებ სიტყვას და მერე სარკეში ვვარჯიშობ. არც ძირითადი “ფოინთები” მავიწყდება და არც სავარაუდო წინააღმდეგობების განეიტრალების გეგმის წინასწარ დამუშავება. შემაწუხებელი ვარ!

მე რომ მწერალი ვიყო, ფინიკი კი ჩემი პერსონაჟი, დავწერდი: ვარშავაში ნისლიანი და ცივი დღეა, ფინიკი სასტუმროში დაბინავდა, ფარდები ჩამოაფარა და დასაძინებლად მოემზადა.

“ძვირფასო ღმერთო, ისევ მე ვარ, ფინიკი, რაზეც ახლა უნდა გველაპარაკა, შენთვის უკვე ცნობილია. ყველაფერი კარგად იქნება! დროებით.”

In My Life


ახალი პოსტის დასაწერად ახალ ფანჯარას რომ ვხსნი, ვორდპრესი მწერს “share your story”-ო და მელოდება.

დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ, სამყარო ისევ გამოდის კონტაქტზე და შეტყობინებას მიგზავნის. გახსნას არ ვჩქარობ, საღამოს ვწერ: მახსოვს.

დროთა განმავლობაში ყველაფერი მარტივდება. წარსულში დაგეგმილი და წარმოდგენილი მოგონებების სიმძაფრე, აწმყოში მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეს არც კარგია და არც ცუდი, ეს იმ ოპერიდანაა როცა ვფიქრობთ როგორი ცუდია ის რომ “ყველაფერი კარგად იქნება”.

თუ პოზიტიური გარემო გვინდა პირველებმა ჩვენ უნდა გავიღიმოთ, სიარულის დროს საკუთარი ნაბიჯების თვლის ნაცვლად წინ უნდა ვიყუროთ, კი, გვერდებზე გახედვაც შეიძლება, ყუთებიდან უნდა გამოვიდეთ. უმიზეზოდ უნდა ვუყიდოთ ადამიანებს საჩუქრები (რაც უნდათ ის იფიქრონ!), ხშირად უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ გაცემული ემოციები ბუმერანგივით გვიბრუნდება. ჰო, კაი, ყოველთვის არა, მაგრამ როცა ასე არ ხდება, გვგონია რომ ყველა გაგიჟდა და ისევ ნაბიჯების თვლას ვიწყებთ.

შარშან აღმოვაჩინე რომ ჩემი გალაქტიკის მიღმა კიდევ უამრავი გალაქტიკაა, სადაც თქვენ წარმოიდგინეთ სიცოცხლე არსებობს. სიცოცხლის განსხვავებულ ფორმებთან ურთიერთობისას ვერასოდეს ვიგებთ უცხოპლანეტელები ჩვენ ვართ თუ ისინი. მაგრამ სტატუსს რა მნიშვნელობა აქვს?!

ერთი წელი ხდება რაც მონატრებულ დედამიწას დავუბრუნდი და თავი ისევ საკუთარ ნაჭუჭში ვიგრძენი.

კარგია იქ ყოფნა, სადაც ჰაერიც გვემსუბუქება, უნიჭოდ შესრულებული სიმღერებიც, წყალიც და ადამიანებიც, სადაც 70 წლამდე ასაკის წყვილებიც ხელჩაკიდებული დადიან და მხოლოდ იმისთვის ჩერდებიან რომ ერთმანეთს აკოცონ.

ესეც სამყაროსგან მიღებული ახალი შეტყობინება:

იუპიტერობიდან COROT-7b-მდე


სანამ ცხოვრების იუპიტერზე გაგრძელებას გადაწყვეტთ და შეხვედრისთვის ამ წითელ ლაქიან გიგანტს შეარჩევთ, დაფიქრდით თავი შემთხვევით COROT-7b-ზე არ ამოყოთ.

ისევ საკუთარი თავის დაპატარავებას ვცდილობ და დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებ სამყაროს გრანდიოზულობის აღსაქმელად, საკუთარი არარაობის კარგად გასააზრებლად, იმ არარაობის, ზოგჯერ სამყარო რომ მგონია, რომლის ღმერთიც მე ვარ.

სანამ ნასა კოსმოსში სამოთხეს ეძებს და ჯოჯოხეთებს პოულობს, მე თავი დიდი ვინმე მგონია და ვფიქრობ როგორი მნიშვნელოვანი ვარ ჩემი პრობლემებიანად.

პრობლემები COROT-7b-ს, ცხელ იუპიტერებს და ამ იუპიტერების სისტემაში მოძრავ სხვა პლანეტებს აქვთ, რომლებსაც ჯოჯოხეთად საბოლოოდ ფორმირებამდე მოისვრიან იუპიტერები ორბიტის შეცვლისას, მოისვრიან კოსმოსში და სამუდამო წყვდიადში უკრავენ თავს.

ცხელ იუპიტერებს ეგოიზმი ღუპავთ, მზისკენ ეგოისტური სწრაფვისას გზიდან ისე იშორებენ სხვებს, დიდად არ აღელვებთ. არადა, მზესთან მიახლოვება ღუპავს და ერთ დროს აირის გიგანტებს, მზეზე მიჯაჭვულ, ქვიან, მომცრო პლანეტებად აქცევს, ფიქსირებულ პლანეტებად, რომლებსაც ერთი მხარე მუდმივად მზისგან ეწვით და მეორე მხარეს მუდმივი წყვდიადია.

ხომ იცი karma is a bitch, ჰოდა, თუ მზისკენ მიმავალ გზაზე სხვებს, სამყაროს ყველაზე ბნელ და უმზეო კუნჭულებში მოისვრი, ბოლოს აუცილებლად დაიწვები და ცხელი იუპიტერის ნაცვლად COROT-7b გახდები, ჯოჯოხეთის მეცნიერული სინონიმი.

Corot-7b

 

 

აპოკალიფსამდე შორია


პარანოია, ტოტალურ კონტროლზე შეშლილი ადამიანების სენია.

სახელმწიფოც თვითონ ვარ, მმართველიც, უშიშროების გენერალური მდივანიც, დაზვერვის თანამშრომელიც, ანალიტიკოსიც, მოსამართლეც და პროკურორიც. ღმერთი? ღმერთიც ვარ, მაგრამ ამაზე ახლა არ გვინდა. ღმერთობა რწმენასთან გადაჯაჭვული საკითხია, ხოლო ის რაზეც ახლა მინდა საუბარი, ჩემი არსებობის დაჯერება/უარყოფით არ იცვლება.

ჰო, მაინც დავაზუსტებ რომ ვარსებობ და ვისაც არ გჯერათ დიდად არ იდარდოთ, მე იმ სამყაროს ღმერთი ვარ, რომელიც თავად ვარ და სხვა ღმერთებისგან აღიარება, რომ არ დაგიმალოთ, დიდად არ მაღელვებს. თქვენს არეულ და აპოკალიფსის მიჯნაზე მისულ სამყაროებს მიხედეთ თუ შეიძლება!

რა არის აპოკალიფსი? აპოკალიფსი ღმერთის სიკვდილია, როცა სამყარო ქრება, ღმერთის არსებობაც აზრს კარგავს, შესაბამისად არ არსებობს სამყარო ღმერთის გარეშე და არ არსებობს ღმერთი სამყაროს გარეშე. სიკვდილის შემდეგ, ენერგიის სახით ვრჩებით სამყაროში, იმ სამყაროში რომლის ღმერთიც ჯერ ცოცხალია.

სამყაროები განსხვავდებიან ღმერთების აღქმით, იმიტომ რომ თავად ღმერთები განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

-ღმერთი გაგიჟდა.

-ნუ ბოდავ, ყველას ჯოჯოხეთში გვიკრავს თავს.

ჩემი სამყაროს შემადგენელი ნაწილების ჯოჯოხეთი იქ იწყება, სადაც მათი ღმერთი გაჩენილი ეჭვების საფუძველზე მრისხანებს.

ზედმეტად მესაკუთრე, ეჭვიანი და ხასიათებიანი ღმერთი ყავს ჩემს სამყაროს. როგორც ამბობენ, ასეთი ხალხი იმ სამყაროს ღმერთს არ უყვარს, რომელშიც მე ერთ-ერთი მიკრო სამყაროს ღმერთი ვარ.

ჰოდა, რას ვამბობდი? იმას რომ ადამიანების აბსოლუტური და ტოტალური ფლობა მჭირდება. მერე რა თუ ეს ადამიანებიც თავიანთი სამყაროების ღმერთები არიან და შეუძლებელია მხოლოდ მე მეკუთვნოდნენ.

ავიჭერი!

love and death

Comment Ça Va


ყველაფერი გადის.

იკარგება საათებში, დღეებში, კვირებში, თვეებში. მოკლედ ცვდება. ემოციები ასლების ასლებად იქცევიან.

სამყაროც დუმს, ის სამყარო, ერთ დროს დაშიფრულ შეტყობინებებს რომ მიგზავნიდა ახალ-ახალი სიმღერების სახით.

ისევ გამოვყოველდღიურდი (აქ თუ სხვა სიტყვას წაიკითხავთ, დიდად ნუ შეიცხადებთ და ნუ შეწუხდებით, ეგრეც შეიძლება) და მხოლოდ ის ემოციები დარჩა ცოცხალი, რომლებიც იმ ნივთების და ადგილების გახსენებისას ჩნდება, ყუთში რომ ჩავალაგე და აღარ შევხებივარ, რომ დავაკონსერვე და მეტჯერ აღარ წავსულვარ.

უსულო საგნები უფრო ერთგულად ინახავენ ემოციებს, ვიდრე ადამიანები.

ზოგჯერ იმდენად მინდა მეათასედი სიცხადით მაინც გავიხსენო ის რაც იყო და აღარ არის, რომ ყუთის გახსნა მინდება.

მენანება! ჯერ კიდევ შემრჩა რაღაცები, ყუთი მაშინ უნდა გავხსნა, როცა სრულ სიცარიელეს ვიგრძნობ.

დიდი ხანია აღარ გვისაუბრია, დიდი ხანია აღარაფერი გითქვამს და არაფერი გიკითხავს.

დღეს ახალი შეტყობინება მივიღე, ისე როგორც ადრე, მაშინ, ყუთი რამდენიმე დღის დალუქული რომ მქონდა.

ჰოდა, როგორი კითხვაც დამისვი, პასუხიც ეგეთი იქნება.

-როგორ მიდის საქმეები?

-რა ვიცი, მიდის.. ისე რა.. კარგად.. იმაზე უკეთესად ვიდრე წარმომედგინა, ჰო, იმაზე ბევრად უკეთესად. გამარჯობა.

კითხვაზე როგორ მიდის საქმეები, აწი ყოველთვის ერთნაირი პასუხი მექნება – მიდის, მიდის, მიდის. დრო არ გაჩერებულა.

იმედია შენც კარგად ხარ.

Comment ça va, ça va, ça va, ça va
Sur ma planète
J’te répondrai ça va, ça va, ça va
Comme-ci comme-ça

A Taste of Honey (Whipped Cream & Other Delights)


აგვისტოს შემდეგ Jack Daniel’s Honey-ს დალევა დავიწყე, გაცნობისთანავე შემიყვარდა და ავიკვიატე. პრინციპში რა გასაკვირია, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციით სიყვარულიც ხომ ჩვევა და აკვიატებაა, კოდით F63.9 (დაუზუსტებელ ჩვევათა და სურვილთა აშლილობა). აწი სინონიმებად გამოვიყენებ.

სწორედ ამ აკვიატების შედეგად გამოჩნდა A Taste of honey ჩემს ცხოვრებაში.

A Taste of honey-ს გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე, Love Potion # 9-ს შევხვდი. მახსოვს სად და რა ვითარებაში ვნახე, მაგრამ გადამოწმებისას აღმოვაჩინე, რომ ჩემი ისტორია მის გაცნობასთან დაკავშირებით სამწუხაროდ, ვერ დასტურდება. ბოლო პერიოდში, ჩემი არც ერთი მოგონება აღარ ედრება ფაქტებს, ამიტომ ჩამოვაყალიბე თეორია რომ XXI საუკუნის ცხოვრება, ყველა სისტემასთან თავსებადი მობილური აპლიკაციაა, რომელსაც “ბაგები” აქვს და ხშირად “ჭედავს”. იმედი მაქვს აპლიკაციის დეველოპერები იზურნებენ ხარვეზების დროულ აღმოფხვრაზე.

Love Potion # 9 იმ ადამიანთან დავლიე, რომლის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციით განსაზღვრული კოდიც დღეს გავიგე – ადამიანი გულმკერდის ტრავმა, აწი ასე მოვიხსენიებ.

რა მაგის პასუხია და სამყაროში სისტემამ აშკარად აურია და დიდი ხანია შეტყობინებებს აღარ მიგზავნის.

ვინაიდან დღეს გულმკერდის ტრავმის დღეა, გადავწყვიტე დილა Love Potion # 9-ით გამეფორმებინა.

მოსმენისას დაახლოებით მეასედ შევავლე თვალი ეკრანს და პირველად დავაფიქსირე წარწერა A Taste of honey.

სამყარომ პროგრამა გადატვირთა და შეტყობინებების გამოგზავნის ფუნქცია გასწორდა. წრე შეიკრა.

თქვენი აზრით, ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, მის დაბადების დღეს მისი ახლობლები (მეგობრები, ნაცნობები და ა.შ. რა მნიშვნელობა აქვს?!) ვის უნდა ულოცავდნენ? მას თუ საკუთარ თავს იმიტომ რომ დაიბადა და იცნობდნენ? მე მგონია, რომ საკუთარ თავს, აბა, მისთვის მილოცვას რა აზრი აქვს? ცოტა სასაცილოდაც კი მეჩვენება.

გილოცავ ფინიკი!

I will return, yes I will return
I’ll come back for the honey and you

უმნიშვნელო სისულელეების მნიშვნელობა


არასოდეს ვიცით და ვერასოდეს წარმოვიდგენთ რომ თითოეულ ჩვენს, ერთი შეხედვით აბსოლუტურად რუტინულ და არაფრით გამორჩეულ ქმედებას, შეუძლია ისეთ მოვლენებს დაუდოს სათავე, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლიან.

არასოდეს არაფერს დაუძახოთ უმნიშვნელო, ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე და ყველაფერს მოყვება შედეგი. შეიყვარეთ თითოეული მომენტი.

ეს შენ გეხება ფინიკო, მოისმინე და დაიმახსოვრე.

tumblr_nvrweieigs1soop08o1_500
სამყარო შენ ხარ!

1 თვე დედამიწის გარეთ


ახლა უკვე ვიცი. ჰო, ყველაფერი ვიცი. შეგიძლია ნიშნის მოგებით მითხრა: “ხომ გინდოდა, აჰა გაიგეო.”

რაღაცნაირი ზედმეტობის განცდა მაქვს, თუმცა ეს უცხო არაა, ადრეც მიგრძვნია და ამიტომ ამ დამსახურებას მხოლოდ შენ ვერ მიიწერ. შეეგუე!

შენს სამყაროში რომ შემოვიპარე რამდენი რამ მეცნო იცი? წარმოდგენაც არ გაქვს. ამას მხოლოდ უცხო თვალი აფიქსირებს. იქაც ზედმეტი ვიყავი, შეუფერებელი, სხვა პლანეტიდან.

ჰო, ნამდვილი უცხოპლანეტელი ვიყავი. თან შენ კი არა, მე.

გამარჯობა სამყაროვ, არ შემიძლია არ გითხრა რომ ძალიან შეცდი, სულ სხვა მიმართულებით გამტყორცნე, სხვა პლანეტაზე დამანარცხე, თან ისე რომ ამ პლანეტას პატარა ღრმულიც არ დარჩენია, მე დავიშალე მარტივ მამრავლებად და მტვრად დავედე იქაურობას.

ცუდია როცა სხვა არ გატყუებს, ცუდია იმიტომ რომ ამ დროს გიწევს თავად მოიტყუო თავი.

რამდენიმე საიდუმლო, რომელიც ისე მითხარი, გეგონა ვერასოდეს ამოვხსნიდი, ამოვხსენი, თუმცა მომიწევს ტვინის მტვრიან თაროებზე შემოვალაგო და ისე შევინახო არავის არაფერი ვუთხრა.

გამარჯობა დედამიწავ, ცოტაც და შენს ატმოსფეროში შემოვიჭრები. ვბრუნდები და დამხვდი!

Lay Down Your Arms, Give Up The Fight!


ახლა ჩემშიც და ჩემ გარეთაც ქაოსია. მგონი არ არსებობს სექტემბერი ცვლილებების გარეშე. მნიშვნელობა არ აქვს ცვლილება დიდია თუ პატარა, ცვლილება ცვლილებაა.

რაღაცები რაც შეიცვალა უკვე ყოველდღიურ საჭიროებად იქცა, რის გარეშე ყოფნაც წარმოუდგენელი მგონია. ახლა, უკვე აღარ მიკვირს დილაობით ჩემს ტელეფონზე გამოსული შეტყობინება იმ დღეს რა სიმღერას უნდა მოვუსმინო. შემოთავაზებული სიმღერებიდან ყველა ახალია ჩემთვის და თითოეულ მათგანს პირველად ვუსმენ, რის გამოც კიდევ უფრო ჯადოსნურია თითოეული მათგანი.

ეს იცოდით? How do you know when you’re in love? All the songs make sense. ჰოდა, ეს მხოლოდ სიყვარულს არ ეხება, ბევრ ემოციურ მდგომარეობას შეიძლება შევუსაბამოთ. როცა სიმღერებს მართლა აქვთ აზრი, ე.ი. რაღაც ხდება.

დღევანდელი სიმღერა ჩემზე, ჩემთვის და ამ სექტემბრისთვისაა და it makes perfect sense.

დილით, სამსახურში წამოსვლამდე, მითხრეს რომ აუცილებლად უნდა მომესმინა ამ სიმღერისთვის, აუცილებლად უნდა მომესმინა და თან ტექსტისთვის გამეყოლებინა თვალი.

Does the pain weigh out the pride?
And you look for a place to hide
Did someone break your heart inside
You’re in ruins

pride? აი, ვის რაში ენაღვლება ეს pride? ეს არის ყველაზე დიდი სისულელე, რომლის გარშემოც ტრიალებს მთელი ჩემი ცხოვრება, ყველა ჩემი გადაწყვეტილება. გადასაგდებია ძველი წესები, გადასაგდებია როცა You’re in ruins.

When you’re at the end of the road
And you lost all sense of control
And your thoughts have taken their toll
When your mind breaks the spirit of your soul
Your faith walks on broken glass
And the hangover doesn’t pass
Nothing’s ever built to last
You’re in ruins

კონტროლზე შეშლილი მანიაკი ვარ. ახლოსაც არასოდეს ვეკარები სიტუაციებს, როცა ვიცი რომ კონტროლი დამისხლტება ხელიდან. ზოგჯერ ვერ ვატყობთ ეს ისე ხდება, მერე, ცოტა გვიან ვიაზრებთ რომ სამყაროს ჩვენ არ ვმართავთ, რომ ეს აკვიატებული “ღმერთის სინდრომიც”, მხოლოდ სინდრომია, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე რომ გვიმღერონ You’re in ruins და ჰო, the hangover doesn’t pass.

When it’s time to live and let die
And you can’t get another try
Something inside this heart has died
You’re in ruins

დასასრულების და დასაწყისების დროა, დიახ, როგორც ყოველთვის ახლა ის დროა როცა ისევ ძველ წრეში ვარ, წრეში რომელიც უკვე ბოლომდე შეკრული და დახურულია. ამ წრის ცენტრში ვარ გამოჩხერილი და არ ვიცი როგორ გავიდე დასრულებული წრიდან, როგორ გავიდე იქ სადაც ახალი წრის შეკვრა უნდა დავიწყო.

Lay down your arms
Give up the fight

კარგი, ეს პირველი შემთხვევა იქნება როცა ვიტყვი რომ ვნებდები, I lay down my arms and give up the fight! I give up! Happy now?

მივხვდი რა ცვლილებების დროცაა ახლა, ჰო, მივხვდი, ცვლილებებს გარედან არ უნდა ველოდო, ცვლილებები იწყება შიგნიდან, ჩემ შიგნით მიმდინარე ქაოსში და ნამსხვრევებში იწყება ცვლილებები. სწავლის და შეცვლის დროა თინიკო. ახალი თინიკოს დაბადების დროა, მეც ხომ ვიცოდი ქვეცნობიერად რომ წლევანდელ აგვისტოს თავიდან უნდა დავბადებულიყავი, ახალი უნდა დამეწყო, ძველი დამევიწყებინა და ვყოფილიყავი ის ვინც არასოდეს ვყოფილვარ. ჰოდა, ეს ცვლილებები უკვე მოხდა, მთავარია მათი აღიარება და მიღება შევძლო. რა მნიშვნელობა აქვს მოლოდინებს ემთხვევა თუ არა მომხდარი ცვლილებები? მე ხომ ვიცი, რომ აგვისტოს მოლოდინები არასოდეს მართლდება და სექტემბრისკენ ცხოვრება ყოველთვის სხვა რეალობას მაფეთებს სახეში. ეს დროც გავა, მაგრამ მე ცვლილებებს ვნებდები, იძულებით მომხდარ, სხვა, მიუღებელ ცვლილებებს ვიღებ და ვნებდები.

Does the pain weigh out the pride? დიახ. ჰოდა, Lay down your arms, give up the fight.

Throw up your arms into the sky
You and I…