You must believe in 2018!


უკვე ბევრი წელია რაც წლის შემაჯამებელ პოსტებს ერთი კონკრეტული სიმღერის ფონზე ვწერ და ამ სიმღერას პოსტის “საუნდთრეკად” მოვიხსენიებ ხოლმე. სიმღერები ყოველთვის დაუფიქრებლად, ძალდაუტანებლად, უეცრად მოდის და ალბათ მთელი ხიბლიც სწორედ ესაა. მჯერა რომ “შემთხვევით არაფერი ხდება”, ჰო, მჯერა რომ ყველა შემთხვევითობას აქვს კონკრეტული დანიშნულება.

რა მაგის პასუხია და ძილში თქვენი ტვინიც გირთავთ ხოლმე სიმღერებს?

ჩემი ტვინი დიდადაა გატაცებული ჩვენი (ჰო, ზუსტად ჩვენი) ცხოვრების “background მუსიკის” შერჩევით. არც დრო იცის და არც სიტუაცია, მიადგება ხოლმე მუსიკალურ არქივებს, წამოედება რაღაც სიმღერას და ჩართავს (არ ეძინება და მოკალი!). ალბათ ამ დროს ფრიად კმაყოფილი სახით მიწვება ხოლმე სავარძელზე და სიგარეტიან ხელს მუსიკას აყოლებს.

წუხელ წამიღიღინა: Are there bags under your eyes? არაფერი მითქვამს, Do you leave dents where you sit? მეძინება! Will you survive? You must survive!

ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი ემოციური და დაუფიქრებელი ქმედებებისგან შოკირებული ჩემივე ტვინი სადღაც გულწასული აგდია ხოლმე… ან არა, შვებულებაშია და ცალი თვალით მაკვირდება, თან ფიქრობს “Bring it on bitch! დავბრუნდები და დავილაპარაკებთ!” აი, მერე მომადგება ხოლმე და პუნქტებად მიყვება ყველაფერს რაც ჩვენს შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით ჩემს “ვალდებულებებშია” მოხსენიებული და იწყებს იმ ყველაფრის ჩამოთვლას რაც დავარღვიე, არაფრის ღირსი რომ არ ვარ, თავი რომ მოვჭერი და საერთოდ ამდენი წელი როგორ მიძლებს რომ ვერ გაუგია.

ჰო, ეგრეა, მაგრამ ზოგჯერ ჩემზე უკეთ ხვდება რა გვჭირდება და თავად მირთავს ხოლმე სიმღერებს, რომლებითაც უნდა დავასრულოთ წელი და დავიწყოთ ახალი.

2018 წლიდან ჩვენ შორის გაფორმებული ხელშეკრულების გადახედვის დროა. ახალ წესებზე და ახალ ვალდებულებებზე უნდა შევთანხმდეთ. წარმოიდგინეთ თქვენსა და თქვენს ტვინს შორის გაფორმებული ხელშეკრულება:

“2018 წლის 1 იანვრიდან, მხარეები ფინიკი (შემდგომში მოხსენიებული როგორც “თინიკო”) და თინიკოს ტვინი (შემდგომში მოხსენიებული როგორც “ტვინი”) 31 წლის წინ დაწყებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ვთანხმდებით შემდეგზე…

შეიძლება ჩათვალოთ რომ 2017-18 წლების გასაყარზე დგომისას ძალიან არასაახალწლო სიმღერა შევარჩიე, მაგრამ When there’s no love in town, this new century keeps bringing you down.

Oh, what are you really looking for?
ყველაფერი რაც არ უნდა ჩაიფიქროთ მომავალი წლისთვის, რაც არ უნდა მოინდომოთ, რაც არ უნდა დაგეგმოთ, რაზეც არ უნდა იოცნებოთ, ყველაფერი ერთიანდება სიყვარულში. იმ ადამიანების მიმართ, რომლებთან ერთადაც ვაკეთებთ საქმეს და მომავალ წელსაც გავაკეთებთ, რომლებთან ერთადაც ვერთობით და კიდევ გავერთობით, რომლებსაც საჩუქრებს ვუკეთებთ და გვიხარია, რომლებთან ერთადაც ვცხოვრობთ, რომლებთან ერთადაც დღის უმეტეს ნაწილს ვატარებთ.. ან იქნებ, საბოლოოდ ყველაფერი საკუთარი თავის მიმართ სიყვარულში ერთიანდება. სწორედ ამის გამოხატულებაა ის ყველაფერი რაც გვინდა, კონკრეტული თუ აბსტრაქტული, ნივთი, თუ ემოცია. პატარ-პატარა ბედნიერებები, სასიხარულო მომენტები, წარმატებები, მეგობრები, საჩუქრები… ახალი წლის მთელი ხიბლი, არსებული სიყვარულის თავისუფლად გამოხატვაშია, როცა ჩვენი ტვინი, როგორი მომთხოვნიც არ უნდა იყოს, ამ გამოხატულებას გვპატიობს და არ აინტერესებს საერთო ფონიდან ამოვარდნილები ხომ არ ვიქნებით, საზოგადოების მიერ დაწესებული ნორმებიდან ხომ არ გადავუხვევთ, გიჟად ხომ არ შეგვრაცხავენ, რამეს ხომ არ იფიქრებენ, ზედმეტ “გამოსენტიმენტალურებას” ხომ არ დაგვაბრალებენ. ჰო, უფლებას გვაძლევს და ზუსტად ამიტომ ვართ ყველაზე პოზიტიურები ამ დროს.

ჰოდა, თუ მკითხავთ რა მინდა მომავალი წლისთვის, ახლა ზუსტად ვიცი რომ “სიყვარული”, ის რაც ყველაფერს მოიცავს, ყველაფერს რაც შეიძლება მინდოდეს, მატერიალურს თუ არამატერიალურს. და ეს ისაა რაც პირველ რიგში საკუთარი თავის გადაკეთებას მოითხოვს.

Do not turn down the love songs that you hear
‘Cause you can’t avoid the sentiment
That echoes in your ear
Saying love will stop the pain
Saying love will kill the fear
Do you believe
You must believe!

ყველას იმ ყველაფერს გისურვებთ რაც მთელი გულით გინდათ და ვინაიდან დაწვრილმანება არც მე მინდა და არც თქვენ, სიყვარულს გისურვებთ, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს თქვენთვის.

Advertisements

Go Gentle


თუ ცუდი ან მძიმე დღე გქონდათ.

თუ რამეზე ნერვიულობთ ან უბრალოდ დაიღალეთ.

თუ ახლა ცოტა პოზიტივი გჭირდებათ.

ჩართეთ და იფიქრეთ ადამიანებზე, რომლებიც ყოველთვის will be there for you!

მზესავით სიმღერაა.

In My Life


ახალი პოსტის დასაწერად ახალ ფანჯარას რომ ვხსნი, ვორდპრესი მწერს “share your story”-ო და მელოდება.

დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ, სამყარო ისევ გამოდის კონტაქტზე და შეტყობინებას მიგზავნის. გახსნას არ ვჩქარობ, საღამოს ვწერ: მახსოვს.

დროთა განმავლობაში ყველაფერი მარტივდება. წარსულში დაგეგმილი და წარმოდგენილი მოგონებების სიმძაფრე, აწმყოში მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეს არც კარგია და არც ცუდი, ეს იმ ოპერიდანაა როცა ვფიქრობთ როგორი ცუდია ის რომ “ყველაფერი კარგად იქნება”.

თუ პოზიტიური გარემო გვინდა პირველებმა ჩვენ უნდა გავიღიმოთ, სიარულის დროს საკუთარი ნაბიჯების თვლის ნაცვლად წინ უნდა ვიყუროთ, კი, გვერდებზე გახედვაც შეიძლება, ყუთებიდან უნდა გამოვიდეთ. უმიზეზოდ უნდა ვუყიდოთ ადამიანებს საჩუქრები (რაც უნდათ ის იფიქრონ!), ხშირად უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ გაცემული ემოციები ბუმერანგივით გვიბრუნდება. ჰო, კაი, ყოველთვის არა, მაგრამ როცა ასე არ ხდება, გვგონია რომ ყველა გაგიჟდა და ისევ ნაბიჯების თვლას ვიწყებთ.

შარშან აღმოვაჩინე რომ ჩემი გალაქტიკის მიღმა კიდევ უამრავი გალაქტიკაა, სადაც თქვენ წარმოიდგინეთ სიცოცხლე არსებობს. სიცოცხლის განსხვავებულ ფორმებთან ურთიერთობისას ვერასოდეს ვიგებთ უცხოპლანეტელები ჩვენ ვართ თუ ისინი. მაგრამ სტატუსს რა მნიშვნელობა აქვს?!

ერთი წელი ხდება რაც მონატრებულ დედამიწას დავუბრუნდი და თავი ისევ საკუთარ ნაჭუჭში ვიგრძენი.

კარგია იქ ყოფნა, სადაც ჰაერიც გვემსუბუქება, უნიჭოდ შესრულებული სიმღერებიც, წყალიც და ადამიანებიც, სადაც 70 წლამდე ასაკის წყვილებიც ხელჩაკიდებული დადიან და მხოლოდ იმისთვის ჩერდებიან რომ ერთმანეთს აკოცონ.

ესეც სამყაროსგან მიღებული ახალი შეტყობინება:

Turn Your Magic On!


დილა მშვიდობისა!

უკვე წესად მექცა აქ იმ სიმღერის და განწყობის გაზიარება, რომელსაც რამდნიმე დღეში ერთხელ, აივანზე პირველი ღერის მოწევისას მთავაზობს ჩემი ტელეფონი იმ ნოტიფიკაციით, უკვე ძალიან რომ შემიყვარდა.

დღეს პოზიტიური დღე უნდა გვქონდეს, პოზიტივი უნდა გავცეთ და მივიღოთ. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც რაღაც უჭირს, რომელიც არაა დარწმუნებული რომ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს ცხოვრებაში, უნდა ვუთხრათ Everything you want’s a dream away!

გული მწყდება, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საკმარისად ხშირად არ ვუმეორებდი:

Everything you want’s a dream away
Under this pressure, under this weight
We are diamonds taking shape

პოზიტივის გაცემას, ადამიანების დახმარებას, მათი ცხოვრების გაფერადებას არც შესაფერისი დრო სჭირდება და ამისთვის არც სტანდარტები არსებობს. არ არსებობს წესები, რომელიც გვაიძულებდა სადღაც მიგვეჩქმალა ამ ადამიანების მიმართ განცდილი სითბო. ყველა წესი და ყველა სტანდარტი ჩვენი მოგონილია. დროა გამოვიდეთ ჩარჩოებიდან! სანამ ათასჯერ წავიმტვრევთ ცხვირს, სანამ ათასჯერ დაგვწყდება გული. სანამ ცვლილებებს გარედან ველოდებით, შიგნით არაფერი იცვლება და ამიტომ ცხოვრება ზუსტად ისეთად რჩება, როგორიც იყო.

ნუ დაელოდებით მომენტს, როდესაც ძალიან მწარედ გაიხსენებთ ყველა დაკარგულ წუთს, მომენტს, როცა რაღაცის გაკეთება გინდოდათ და არ გააკეთეთ, რაღაცის თქმა გინდოდათ და არ თქვით. ასეთი მომენტი აუცილებლად დადგება და მოდი, ნუ დაველოდებით. თუ ვინმეს თქვენი პოზიტივი არაფერში სჭირდება, ის თავად გეტყვით უარს, მაგრამ ამით თქვენ არაფერს, აი, საერთოდ არაფერს დაკარგავთ. ადამიანებს კი, რომლებიც იმაზე ბევრად კარგად ყოფნას იმსახურებენ, ვიდრე არიან, აუცილებლად უნდა დავანახოთ ეს.

Now I feel my heart beating
I feel my heart underneath my skin
And I feel my heart beating
Oh, you make me feel
Like I’m alive again
Alive again
Oh, you make me feel
Like I’m alive again

და პირველ რიგში, კარგად ყოფნას, ბევრ პოზიტივს და სიცოცხლის შეგრძნებას, ჰო, სიცოცხლის და არა რუტინული არსებობის, თქვენ იმსახურებთ.

Turn Your Magic On!

Live to LOVE


დღეს ამაღლებული განწყობით გავიღვიძე. თმა შევიკარი, ისე დავიმაგრე როგორც 40-50-იან წლებში იმაგრებდნენ ქალები. ტუჩებიც შინდისფრად შევიღებე, ახალი კაბაც ჩავიცვი, ის კაბა შტორმსა და უბედურებაში შემთხვევით რომ ვნახე, ჩემი ზომა რომ არ ქონდათ და მაინც ვიყიდე. ახლა ავადმყოფობის (თან არა ერთი) გამო იმაზე ბევრად გამხდარი ვარ, ვიდრე იმ დღეს ვიყავი, როცა ვიყიდე. ისე გამოვიყურები პატარა გოგოები დედის გარდერობს რომ გადმოალაგებენ ხოლმე და კაბებს იზომავენ.

გამოვიძინე და არც ღამის განმავლობაში გამღვიძებია რამდენჯერმე, სიზმრებიც დამესიზმრა, ოღონდ სხვა სიზმრები, ჩვეულებრივი, კარგი სიზმრები, ისეთი, უბრალო და არაფრით გამორჩეულ დროს რომ ხედავენ ხოლმე ადამიანები.

თვალი რომ გავახილე სტანდარტული ფიქრები ვიფიქრე, სამშაბათი დილისთვის სრულიად შესაფერისი ფიქრები, სამსახურში წასვლამდე რომ იფიქრებს ადამიანი, ადამიანი რომლის ცხოვრებაც ჩვეულებრივი და სხვებისნაირია.

ყავასაც ძველებური გემო ქონდა და დილის საუბრებიც ჩვეულ მოტივებზე იყო აწყობილი.

დღეს ჩვეულებრივი დილა გათენდა.

სამყაროსაც აღარაფერი მოუწერია, მგონი გამებუტა და შეტყობინებებს აღარ მიგზავნის. მე კიდევ სულ რაღაც ნიშანს ველოდები. მთელი ცხოვრება რაღაც ნიშნების მოლოდინში ვარ. დროც ჩვეული სიჩქარით გადის, საათიც ერთმანეთთან დაუკავშირებელ ციფრებს ხატავს და მეც, ახალ კაბაში გამოწყობილი ძველი თინიკო ვარ.

სტანდარტულად გავედი დილით აივანზე, მოვუკიდე სიგარეტს და იმ სიმღერას მოვუსმინე გულის ჩუქებასა და ამ გულის თაროზე შემოდებაზე რომაა.

ბევრს ვეწევი, მაგრამ ახლა ეს დიდად არ მადარდებს, ხომ იცი მოვა დრო და ასე აღარ იქნება. ჰოდა, მოწევა რომ დავასრულე, ტელეფონს დავხედე და უცნობი “ნოტიფიკაციის” “იკონკა” დამხვდა, აქამდე არასოდეს მენახა და დავინტერესდი რა იყო, გავხსენი და ვნახე რომ ახალი სიმღერის მოსმენას მთავაზობდა ტელეფონი. კარგი სიმღერაა, ძალიან კარგი, ზუსტად ისეთი, მე რომ მიყვარს ანუ ერთდროულად პოზიტიური და სევდიანი. ბოლო დროს ცხოვრება უმნიშვნელო, აკვიატებული და მოგონილი სისულელეების გამო გახდა საინტერესო.

The situation’s clear
It’s fine as long as you are here
Of that I’m really sure
I will live to love you more

დილა მშვიდობისა! ცხოვრება ღირს, ნამდვილად ღირს. ბედნიერებას, კარგ კვირას, საინტერესო და ემოციებით დატვირთულ ცხოვრებას გისურვებთ.

P.S. Some things never change, you know.

შაბათ(შ)ი


განტვირთვა აუცილებელია. ის შეიძლება განსხვავდებოდეს სტანდარტად მიჩნეული განტვირთვის ტიპებისგან.

ადრეც მითქვამს, რომ თუ შეიძლება არსებობდეს სიკვდილის საოცნებო ფორმა, ის აუცილებლად კოცონზე დაწვა იქნებოდა ჯადოქრობის ბრალდებით მეთქი. თუმცა ფორმაზე მეტად, ალბათ იდეა მიზიდავს, თუ ბრბო გაუცნობიერებლად გებრძვის, ე.ი. მისი ნაწილი არ ხარ. თუმცა არ მინდა ახლა ამაზე ღრმა “ფილოსოფიური მსჯელობა”, აქ ამისთვის არ მოვსულვარ.

ჰო, როგორც ყოველთვის, ახლაც ვბოდავ რაღაცებს, თუმცა ამ საკითხზე დიდად არ ვდარდობ.

დღეს უკვე დიდი ხნის წინ დავიწყებულ მაგიის კოლექციას მივადექი. მართალია ჩვენი ეკლესია არ აღიარებს რომ მაგია შესაძლოა თავის თავში მოიცავდეს აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპს (და ყველაფერი უაპელაციოდ “სატანიზმს” (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს) არ გულისხმობს), თუმცა მე არ ვეთანხმები. მაგია “შავად” და “თეთრად” არა იმდენად რიტუალური მახასიათებლებით განსხვავდება, არამედ მთავარ სხვაობას მიზნობრიობა წარმოადგენს, რასაც იდეაში wicca-ც იზიარებს.

კოლექცია დიდი მაქვს და ვინაიდან დიდი ხანია აღარაფრით გამიმდიდრებია, ვფიქრობ დავუბრუნდე მის გამრავალფეროვნებაზე ზრუნვას.

პარასკევი დღის მფარველად რომ ვენერა მიიჩნევა იცით? ალბათ ამიტომ ვარ ხოლმე პარასკევობით საშინლად ამჩატებული. თუმცა ზოგადად თუ სასიყვარულო შელოცვის რიტუალის ჩატარებას აპირებთ, ეს დღე საუკეთესოა.

ცხადია მთვარის ფაზებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული და სხვა ნიუანსებზე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი რიტუალების შექმნაა. მოკლედ, ჩვენ ყველა ჯადოქრები ვართ, რომლებიც მუდმივად ვახდენთ სასწაულებს და სამყაროსგან იმას ვიღებთ რაც ცნობიერად ან გაუცნობიერებლად მოვითხოვეთ. ამიტომ თუ ყველა ვარიანტში რიტუალების ჩატარება გინდათ, თქვენი “ალტარიც” ისე მოაწყვეთ რომ ნამდვილად თქვენი იყოს და რიტუალიც თქვენებურად ჩაატარეთ. სხვა სიტყვებით, მაგრამ ზუსტად ამას გვასწავლიან პოზიტიური განწობის თეორიებზე საუბრისას. დიახ, ჯადოქრობას გვასწავლიან.

მე კი დღეს განტვირთვა მაქვს და მაგიის ბიბლიოთეკიდან გადმოღებულ წიგნებს ვეცნობი საღამოსთვის (კი, კი თეთრი მაგიის).

სასიამოვნო შაბათს გისურვებთ!

When I’m 64


დღე რომელიც ათას სისულელეზე ნერვიულობით იწყება. ისეთ სისულელეებზე, როგორებზეც 7 წლის წინაც ნერვიულობდი, 5 წლის წინაც, გუშინაც და დღესაც. დრო გავიდა, ნერვიულობად არ ღირდა. მაინც ვერაფერი ვისწავლე.

უცნაური რაღაცები გვშველის.

დღეს ეს სიმღერა გამახსენდა. ზუსტად ისეთი ხასიათის სიმღერაა მე რომ მიყვარს, ერთდროულად ძალიან პოზიტიურიც და ძალიან დეპრესიულიც.

youtube-ზე ამ სიმღერის კომენტარებში ძირითადად იმათ გადააწყდებით, ვინც ან უკვე გახდა 64-ს ან კომენტარის წერისას ხდება. ძალიან უცნაური, სევდიანი საკითხავი კომენტარებია, თან პოზიტიური, ანუ ისეთი როგორიც სიმღერაა.

ვიღაც წერს:

I was 15 when I first heard this song. In 6 days I turn 64. Who would’ve thunk it? 🙂

წარმოგიდგენიათ?

ჰოდა, ასე გადის დრო და არ ღირს 64 წლის რომ გავხდები და სადმე, არ ვიცი ზუსტად სად, ჩავრთავ ამ სიმღერას და დავწერ დღეს 64 წლის გავხდი მეთქი, ყველაფერი ისე იყოს როგორც 7 წლის წინ, 5 წლის წინ, გუშინ და დღეს.

ცხოვრება უფრო მეტ რამეზეა, ვიდრე სისულელეებზე ნერვების შლაა.

პოზიტიურ დღეს გისურვებთ.

Send me a postcard, drop me a line
Stating point of view
Indicate precisely what you mean to say
Yours sincerely, wasting away
Give me your answer, fill in a form
Mine for evermore
Will you still need me, will you still feed me
When I’m sixty-four?

 

კონიაკიანი შოკოლადი


ვინაიდან საშინელ ხასიათზე გავიღვიძე და ვერაფერზე მოვახდინე კონცენტრირება, გადავწყვიტე გავცნობოდი რჩევებს პოზიტიური განწყობის შექმნასთან დაკავშირებით (სეირნობა (გასეირნება რომ შემეძლოს, რჩევების ნეტში ძებნას არ დავიწყებდი), ცურვა, ხტუნვა, ცეკვა და ა.შ.). ჰოდა, 100-ზე მეტი რჩევის წაკითხვის შემდეგაც კი რომ ვერაფერს მივაკვლიე რაც გამომადგებოდა, ისევ საკუთარ თავს ვენდე და ვინაიდან მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა გაგიზიარებთ: ცუდ ხასიათზე ყოფნისას მიირთვით კონიაკიანი შოკოლადი ყავასთან ერთად.

პ.ს. კონიაკიანის ნაცვლად კინაღამ კოკაინიანი დავწერე (ფონად ჩართული სიმღერის გავლენით – Cocaine Socialism). არ იქნებოდა კარგი და სავარაუდოდ ძალიან “სასიამოვნო” განვითარება მოყვებოდა ამ რჩევას.

და თუ ისე “გამიმართლებდა” რომ დაკითხვაზეც ამოვყოფდი თავს, აუცილებლად გავუწვდიდი ყურსასმენებს, ჩავურთავდი სიმღერას და ვეტყოდი: Doin’ fine, yeah! Buzzin’ all the time, Just one hit and I feel great and I support the Georgian Dream.

სიმღერა ბონუსად.

 

ყვავილები ფინიკისგან


დღეს, ცოტა ხნის წინ გაწერილი გეგმის (სანამ 30 წლის გავხდები) ერთ-ერთი პუქნტის აღსრულება დავიწყე. ერთი შეხედვით ყველაზე მარტივის. პირველი თაიგული გავაგზავნე. სულ 2 მაქვს გასაგზავნი (მსურველებს ვთხოვე გამოჩენილიყვნენ და 2 გამოჩნდა).

იშვიათად კარგი შეგრძნებაა, შერჩევა, ბარათის ტექსტის მოფიქრება, სასურველი დროის მითითება დ ა.შ. რთული სათქმელია ვინ უფრო დიდ სიამოვნებას იღებს, ის ვისაც უგზავნიან თუ ის ვინც აგზავნის.

სხვა ადამიანებისთვის პოზიტივის ჩუქებით გამოწვეულ სიხარულზე მაგარი მგონი არაფერია.

ადრე ვიჩემებდი ყვავილები არ მიყვარს მეთქი, მათი ჩუქების აზრი არ მესმის და ვინაიდან გამოყენება არ გააჩნია, მათი ჩუქება ძალიან არაპრაქტიკულია მეთქი. ჰოდა, სისულელეებს ვროშავდი. ყველაფერს თავის დანიშნულება და აზრი აქვს. ალბათ ჩუქებით გამოწვეულ სიამოვნებას, მიღებით გამოწვეული ემოცია არაფრით ჩამოუვარდება.

აქ კიდევ ერთი მომენტია, განსაკუთრებული შეგრძნებაა ყვავილების გაგზავნა და არა მათი ყიდვა და ადრესატისთვის მირთმევა.

სასიამოვნო განწყობაზე გაყენებს მოლოდინის შეგრძნება, როცა შენ იცი რომ სულ ცოტა ხანში მიუტანენ, ადრესატს კი წარმოდგენა არ აქვს. როცა იცი, რომ ვიღაცის დღე აუცილებლად გახალისდება, ვიღაც შენი მიზეზით გაიღიმებს და ა.შ. ალბათ ესაა ე.წ. „სამყაროს შეცვლა“, როდესაც შენი წვლილი შეგაქვს სხვა ადამიანების ცხოვრების გახალისებაში, რომლებიც თავის მხრივ პოზიტივს გაავრცელებენ მათ ირგვლივ და მართალია, პატარა, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვან ჯაჭვს დაუდებ სათავეს.

მართალია თაიგული ჯერ არ მისულა ადრესატამდე, თუმცა მე უკვე მივიღე პოზიტივის ის დოზა, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია კვირის დასაწყისში. როდესაც დადებითი მუხტით იწყებ დღეს, პრობლემები და დაბრკოლებები პატარავდება და ის მღელვარება, რომელიც სხვა ნებისმიერ შემთხვევაში საბოლოოდ მოგიშხამავდა განწყობას, დღეს უმნიშვნელოა.

წინ კიდევ ერთი თაიგულია. სხვა თუ არაფერი, საკუთარ თავს ასეთ სიამოვნებაზე არასოდეს უნდა ვუთხრა უარი და წესად დავნერგო.

(c) “მეყვავილე ფინიკი”

Chosing-the-right-variety

Love Always Comes As A Surprise


დიდი ხანია ტემპერატურა მინუსს აჩვენებს და ქუჩაში გასვლა ისეთი ატრიბუტების გარეშე, როგორებიცაა ქუდი, კაშნე და ხელთათმანები წარმოუდგენელია.

მართალია პირველად სახლიდან რომ გავედი ჩამოთვლილინ ატრიბუტებიდან, მხოლოდ ჩემი “კურტკის” “კაპიშონი” მქონდა, რეალობას მალევე მოვერგე და უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში პირველად ვიყიდე და მოვირგე ხელთათმანი.

სხვა სიტუაციაში რომ გეკითხათ გადაუღებელი თოვა და გაუსაძლისი ყინვა ჩემთვის აუცილებლად იქნებოდა ჯოჯოხეთის სინონიმი, თუმცა ახლა ასე არ არის. არსად მეჩქარება, არც სადმე ვარ წასასვლელი და არც სადმე მელოდებიან, შემიძლია იმდენი ვიბოდიალო სანამ ყინვისგან თითებში მგრძნობელობა საბოლოოდ არ წამერთმევა.

მიყვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ყველა სადღაც მიდის, სხვებთან ერთად ელოდები ავტობუსის მოსვლას, ვიღაც შენ წინ გაჩერებაზე ჩავა, ვიღაც შენთან ერთად, ვიღაც ბოლო გაჩერებამდე მიყვება რომ შემდეგ ავტობუსზე გადაჯდეს. უცნობ ადამიანებთან სიახლოვეს რაღაცნაირი თავისუფლების განცდა მოაქვს. საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა და ერთი ყუთიდან, მეორემდე ტაქსით გადაადგილება ცხოვრების შეგრძნებას მაკარგვინებს. როდესაც სამყაროს ზედმეტად პატარა ჩარჩოებს უწესებ, კედლები ყველა მხრიდან იწყებს დაწოლას და პატიმრის მდგომარეობაში გაგდებს, სულს გიხუთავს.

ბუნებრივად კარგ განწყობაზე დგები, თუ კიბეზე ჩასვლისას ყველას ესალმები მიუხედავად იმისა იცნობ თუ არა, მთავარია რომ ერთ ჭერქვეშ აღმოჩნდით. ცუდი რითია თუ ერთმანეთს გაუღიმებთ და მიესალმებით?!

უცნობ ადამიანებში ხეტიალი ხელოვნურად წამოჭიმულ კედლებს არღვევს და მათავისუფლებს. ის სამყარო, რომელშიც მხოლოდ 1 პატარა ოთახი მაქვს გამოყოფილი და ჭერი ცოტაც და თავზე დამაწვება, ასეთ დროს სადღაც ქრება და მანამ არ მახსენებს თავს, სანამ ჩემს პატარა დახურულ სივრცეში არ დავბრუნდები და საკუთარ ფიქრებს თავიდან არ მივცემ გასაქანს.

არ არსებობს პოზიტივის გაცემაზე დიდი პოზიტივი, ამაზე დიდი ბედნიერების განცდა არაფერს მოაქვს. ცხოვრებაც ნაკლებ უაზრო მეჩვენება და კმაყოფილების (ოღონდ ძღომისნაირი კმაყოფილების არა) განცდა მიჩნდება. სულ რამდენიმე დღეა ახალი წელი მოვიდა, ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ ყოველი იანვრიდან რაღაც ახალი იწყება, რაღაც ახალს ვიგებთ, გადაწყვეტილებებს ვიღებთ ან რაღაცას ვცვლით. მე მივხვდი, რომ თუ მინდა ჩემს მიერვე შექმნილი კედლებიდან თავის დაღწევა და თავზე ჩამოწოლილი ჭერის ოდნავ შემსუბუქება, ამისთვის მჭირდება სრულიად უმიზეზოდ, ყოველგვარი განმარტებების გარეშე გავცე რაც შეიძლება მეტი პოზიტივი.

ბოლო პოსტში მიწერია, რომ ახალი წელი სწორედ ის დროა როდესაც სიყვარულის და სითბოს გამოხატვა ჩარჩოებში ჯდება, წესებს ემორჩილება და გვეპატიება. ჰო, სწორედ ესაა პასუხი კითხვაზე თუ რატომ მიყვარს ეს დღესასწაული ასე ძალიან. ამ დროს ირგვლივ ნაპატიები და “ბუნებრივის” იარლიყ მიწებებული პოზიტივი და ადამიანური სითბოს გამოხატვა ტრიალებს. ჰოდა, არავის უთქვამს რომ წლის სხვა დროს ამის უფლება ჩამორთმეული მაქვს, რომ სხვა დღეებში აუცილებლად უნდა ვიყო საკუთარი, მოგონილი ბუნაგის ბიდანადარი და მუდმივად რაღაც “ვამტკიცო”, გამოხატვას მოვერიდო და მხოლოდ ზრდილობის წესებით დასაშვები ქმედებების უფლება მივცე საკითარ თავს. სხვა თქვენი მიზეზით გახარებული / გაბედნიერებული / გაღიმებული ადამიანების რაოდენობა თქვენი ბედნიერების დოზის პირდაპირპროპორციულია.

ადრეც მითქვამს, რომ სამყარო გველაპარაკება, ამოუხსნელი, რთულად გასაგები ნიშნებით, მაგრამ გველაპარაკება. მოსმენას ნელ-ნელა ვსწავლობ.

გილოცავთ შობას (ეს ის შემთხვევაა როდესაც ზუსტადაც რომ თარიღს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის პოზიტივი რომელიც ამ დროს ჰაერში ტრიალებს)!

Love, always comes as a surprise
You don’t need to close your eyes
‘Cause soon you’ll recognize
Its colors