კალია


ვინც არ იცით, მოგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ მიღებული მორიგი გენიალური გადაწყვეტილების შესაბამისად, კვირაში ერთხელ, ერთი რამ მაინც უნდა გავაკეთო ცხოვრებაში პირველად.

ჰოდა, ხო ძალიან მარტივად ჟღერს? აი, რა გახდა ხო? ვერ მოგართვით! ძალიანაც რთულია. ჯერ მარტო მოფიქრებაა რთული, აღსრულებაზე რომ არაფერი ვთქვათ. რადიკალიზმისკენ ზოგადად კი მიდრეკილი ვარ, მაგრამ თავზეხელაღებული რამეების კეთება დიდად არ მეპიტნავება და მერე მაგრადაც ვლანძღავ ხოლმე ჩემს თავს. არა, ახლა მაგის ნერვები ნამდვილად არ მაქვს.

რა ვიცი, მაინც, ზრდილობის გამო გაცნობებთ რომ ცხოვრებაში პირველად გავიკეთე შილაკი (ეგრე ქვია? გავიკეთე?), არ გაინტერესებთ ხო? არც მე მაინტერესებს დიდად, მაგრამ გავიკეთე და აღარც აღვნიშნო?!

კაი, რამდენიმე დღის წინ ოჯახში ჩამოსხმული, ნატურალური ღვინო მაჩუქეს. მძიმე ორშაბათის ოდნავ შესამსუბუქებლად, ღვინოების კოლექციიდან (არ ვხუმრობ, მართლა სავსე მაქვს კარადა ნაირ-ნაირი ღვინოებით, თან ყველა ნაჩუქარია) გადმოვიღე და აღმოვაჩინე რომ სახლში ნორმალური და თანამედროვე ღვინის გასახსნელი აღარ მაქვს (აი, ამ საუკუნისთვის შესაფერისი, ფეხებიანი, კალიასავით (ტფუ!) როა, მარტივად რომ ამოქაჩავ საცობს), არ მაქვს თანამედრკვე, მაგრამ მაქვს გასული საუკუნის გადმონაშთი, აი, საცობი ხელით რომ უნდა ამოქაჩო, ეგეთი. გაგიხსნიათ ანტიკვარული გასახსნელით ღვინო? არც მე. მაგრამ ჯერ ერთი რომ ძალიან მინდა სასიამოვნო საღამო ჭიქა ღვინოსთან ერთად და მეორეც, მე თუ ვერ ვფიქრობ რა უნდა გავაკეთო ცხოვრებაში პირველად, ცხოვრება (პარდონ ტავტოლოგიისთვის) მჩუქნის ღვინოს ბოთლებს, რომლებიც მევედრებიან “გამხსენიო”.

გავხსენი? გავხსენი! მართალია მარჯვენა ხელის ორ თითში მგრძნობელობა აღარ მაქვს (იმედია ღმერთი არ გამწირავს და დამიბრუნდება, თორე მერე დადექი და უხსენი ხალხს, რამ შეიწირა მარჯვენა ხელის ორი თითი) და ასევე დაძაბულობისგან მუცლის პრესი მკლავს და მარცხენა ფეხის კუნთები მიკანკალებს, მაგრამ ჩიტი ბრდღვნად, ღვინო კი გახსნად, ღირდა.

თუ, გასული საუკუნეა, გასული საუკუნე იყოს! გადმოვიღე დიდი ბებიის ნაქონი ბროლის ბოკალი და კუნთების ტკივილის გასაყუჩებლად, უგემრიელეს, სახლში დაწურულ, უეტიკეტო ღვინოს ვწრუპავ.

და თუ მკითხავთ ბოლოს როდის გააკეთე რაღაც ცხოვრებაში პირველადო, გეტყვით, 15 წუთის წინ!

IMG-69f1098ad8592773b783548173893223-V.jpg
მეტად შესაფერისი ფოტო ვერ მოვიძიე ^^
Advertisements

Something for the First Time


When was the last time you did something for the first time? ნაცნობი კითხვაა ხომ? ათასჯერ შეგხვედრიათ ალბათ. ჩემთვისაც ნაცნობია, მეც ათასჯერ შემხვედრია და ათასჯერ გამღიმებია უაზროდ.

ძირითადად წინა სადაბადებისდღეოდ ვგეგმავ ხოლმე რაღაცების “მოსწრებას”, ჩემი ცხოვრებისთვის დამატებითი მუხტის შესაძენად, როცა ფინიში 11 აგვისტოა.

ქვეცნობიერად, ერთფეროვანი და რუტინული არსებობისგან თავის დაღწევის ისეთი სასოწარკვეთილი სურვილი მაქვს, ათას სისულელეს ვაკეთებ, ვიგონებ იმას რაც არ არის, რაც მინდა რომ მინდოდეს და არ მინდა, საკუთარი თავისთვის “დადგენილ წესებს” ვარღვევ იმის იმედით რომ კმაყოფილი ვიქნები და არ ვარ.

ჰოდა, ყველაფრის გამოსასწორებლად პირველი და მთავარი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. იმის აღიარება რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია ყოველთვის ვაკეთო რაღაც ცხოვრებაში პირველად, რადიკალური და მოგონილი სისულელეების გარეშე, მარტივი, ბანალური პირველი გამოცდილებები მჭირდება.

გეგმა მარტივია, დღეიდან, კვირაში ერთხელ, აუცილებლად გავაკეთებ რაღაცას ცხოვრებაში პირველად და ბლოგზე შევინახავ შთაბეჭდილებებს.

წინა კვირა დიდად კი არ მეპიტნავება, მაგრამ ცხოვრებაში პირველად გავიკეთე ბოტოქსი და გაბრაზებული სახე მოვიშორე, ახლა გახსნილი შუბლი მაქვს და უფრო ხშირად ვიღიმი.

მომდევნო კვირაში, აუცილებლად გავაკეთებ კიდევ რამეს ცხოვრებაში პირველად (ეს კვირა ჩავარდა), უმნიშვნელოს ან მნიშვნელოვანს, ისეთს რის გამოც საკუთარი თავის ლანძღვა არ მომიწევს და რასაც ჩემი ტვინი წესების დარღვევად არ ჩამითვლის.

მაშ ასე, იწყება ეტაპი “ცხოვრებაში პირველად” და ვნახოთ რა იქნება.