Wish You Were Here


ცოტა ხნის წინ, საათის ყიდვა რომ გადავწყვიტე, შევნიშნე რომ ჩემს მეგობარს მაჯის საათი მარცხენა ხელზე ეკეთა. გულწრფელად გამიკვირდა და ვუმტკიცებდი გამონაკლისი ან ცაცია ხარ მეთქი. ნურას უკაცრავად, ადამიანების უმრავლესობა საათს მარცხენა ხელზე ატარებს. ბევრი რამ წავიკითხე ამასთან დაკავშირებით, მთავარი არგუმენტი კი ისაა რომ ვინაიდან მარჯვენა ხელი ზოგადად უფრო აქტიურია (21-ე საუკუნეში მინ. “მაუსზეა” პასუხისმგებელი) საათს კი მოფრთხილება უნდა, არაცნობიერ დონეზე დასწავლილი გვაქვს რომ საათი მარცხენა ხელისთვისაა შექმნილი. არადა ინსტინქტურ დონეზე, რატომღაც მარჯვენა ხელზე დახედვა უფრო ლოგიკური მგონია და ვერ ვხვდები რატომ ირჩევს ადამიანთა უმრავლესობა გაუცნობიერებლად მარცხენა ხელს. საათი რომ უნდა მეყიდა, შერჩეული მოდელის ხელზე მოსინჯვა დავაპირე, კონსულტანტმა ცოტა გააპროტესტა მარჯვენა ხელზე რომ დავიწყე გაკეთება, მე ღიმილით ავუხსენი რომ იმ მცირე ჯგუფს მივეკუთვნებოდი, ვინც საათს მარჯვენა ხელზე ატარებს.

არადა, არ ყოფილა ასე. საათი კი მარჯვენა ხელზე მიკეთია და სხვაგვარად ვეღარც წარმომიდგენია, მაგრამ ადრეც, წლების წინაც ხომ მქონდა მაჯის საათი? მაშინაც მარჯვენაზე მეკეთა? რატომ არავის უკვირდა? რატომ მე არ მიკვირდა? პასუხებისთვის ძველ ფოტოებს დავუარე და აღმოჩნდა რომ მეც, ყველა საათი რომელიც კი ოდესმე მქონია, მარცხენა ხელზე მეკეთა. როდის ამომიტრიალდა ეს წარმოდგენა წარმოდგენა არ მაქვს. ინსტინქტების დონეზე მაშინ ვიღებდი გადაწყვეტილებებს, თუ პირიქით, ახლა? გაუცნობიერებელი უმცირესობაში ყოფნის მოთხოვნილებაა ეს თუ დასწავლილი ქცევების განსწავლის სურვილი? არ ვიცი და პრინციპში ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. ვიცვლებით, რაღაცებს ვსწავლობთ და სამყაროს ჩვენს თავზე ვირგებთ, მარცხენა ან მარჯვენა ხელზე.

ახლა ტაქსიში ვზივარ, უაზროდ დაქანცული, მუხლებზე ტანვარჯიშის ბურთი და ლახტი მიდევს, საათს დავყურებ და ყურის ძირში მყოფ ორშაბათზე ვფიქრობ, მძღოლი რაღაცას მელაპარაკება და მე უაზროდ ვცემ პასუხებს. ლაპარაკში რომ ვერ ამიყოლია, მუსიკა ჩართო და ხმას აუწია.

The same old fears

Wish you were here

ტვინი ორშაბათზე ფიქრს გაეშვა. ჰო, the same old fears, wish you were here.

How I wish, how I wish you were here.

Advertisements

კალია


ვინც არ იცით, მოგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ მიღებული მორიგი გენიალური გადაწყვეტილების შესაბამისად, კვირაში ერთხელ, ერთი რამ მაინც უნდა გავაკეთო ცხოვრებაში პირველად.

ჰოდა, ხო ძალიან მარტივად ჟღერს? აი, რა გახდა ხო? ვერ მოგართვით! ძალიანაც რთულია. ჯერ მარტო მოფიქრებაა რთული, აღსრულებაზე რომ არაფერი ვთქვათ. რადიკალიზმისკენ ზოგადად კი მიდრეკილი ვარ, მაგრამ თავზეხელაღებული რამეების კეთება დიდად არ მეპიტნავება და მერე მაგრადაც ვლანძღავ ხოლმე ჩემს თავს. არა, ახლა მაგის ნერვები ნამდვილად არ მაქვს.

რა ვიცი, მაინც, ზრდილობის გამო გაცნობებთ რომ ცხოვრებაში პირველად გავიკეთე შილაკი (ეგრე ქვია? გავიკეთე?), არ გაინტერესებთ ხო? არც მე მაინტერესებს დიდად, მაგრამ გავიკეთე და აღარც აღვნიშნო?!

კაი, რამდენიმე დღის წინ ოჯახში ჩამოსხმული, ნატურალური ღვინო მაჩუქეს. მძიმე ორშაბათის ოდნავ შესამსუბუქებლად, ღვინოების კოლექციიდან (არ ვხუმრობ, მართლა სავსე მაქვს კარადა ნაირ-ნაირი ღვინოებით, თან ყველა ნაჩუქარია) გადმოვიღე და აღმოვაჩინე რომ სახლში ნორმალური და თანამედროვე ღვინის გასახსნელი აღარ მაქვს (აი, ამ საუკუნისთვის შესაფერისი, ფეხებიანი, კალიასავით (ტფუ!) როა, მარტივად რომ ამოქაჩავ საცობს), არ მაქვს თანამედრკვე, მაგრამ მაქვს გასული საუკუნის გადმონაშთი, აი, საცობი ხელით რომ უნდა ამოქაჩო, ეგეთი. გაგიხსნიათ ანტიკვარული გასახსნელით ღვინო? არც მე. მაგრამ ჯერ ერთი რომ ძალიან მინდა სასიამოვნო საღამო ჭიქა ღვინოსთან ერთად და მეორეც, მე თუ ვერ ვფიქრობ რა უნდა გავაკეთო ცხოვრებაში პირველად, ცხოვრება (პარდონ ტავტოლოგიისთვის) მჩუქნის ღვინოს ბოთლებს, რომლებიც მევედრებიან “გამხსენიო”.

გავხსენი? გავხსენი! მართალია მარჯვენა ხელის ორ თითში მგრძნობელობა აღარ მაქვს (იმედია ღმერთი არ გამწირავს და დამიბრუნდება, თორე მერე დადექი და უხსენი ხალხს, რამ შეიწირა მარჯვენა ხელის ორი თითი) და ასევე დაძაბულობისგან მუცლის პრესი მკლავს და მარცხენა ფეხის კუნთები მიკანკალებს, მაგრამ ჩიტი ბრდღვნად, ღვინო კი გახსნად, ღირდა.

თუ, გასული საუკუნეა, გასული საუკუნე იყოს! გადმოვიღე დიდი ბებიის ნაქონი ბროლის ბოკალი და კუნთების ტკივილის გასაყუჩებლად, უგემრიელეს, სახლში დაწურულ, უეტიკეტო ღვინოს ვწრუპავ.

და თუ მკითხავთ ბოლოს როდის გააკეთე რაღაც ცხოვრებაში პირველადო, გეტყვით, 15 წუთის წინ!

IMG-69f1098ad8592773b783548173893223-V.jpg
მეტად შესაფერისი ფოტო ვერ მოვიძიე ^^

ძვირფასო სუპერმენ!


იმ სტატიებს, რომლებსაც ნახვის მომენტში ვერ ვკითხულობ და რომელთა წაკითხვაც მოგვიანებით მინდა facebook-ზე ვინახავ ხოლმე და შემდეგ თვითონ მახსენებს, რომ წასაკითხად რაღაცები მაქვს გადადებული და არ უნდა დამავიწყდეს. დღეს შეხსენება მივიღე იმის თაობაზე რომ “NASA wants you to work on Mars” უნდა წავიკითხო. ცხადია არც მე ვაპირებ წითელ პლანეტაზე აღმოჩენილი ვაკანსიისთვის შევავსო განაცხადი და არც ნასას ქონია განზრახვა ფინიკის ხე გადაერგო იქ, თუმცა მაინც მაინტერესებს რა შესაძლებლობებია მზის სისტემაში ჩემთვის (შენიშვნა: ადამიანი საკუთარი ცხვირისა და მზის სისტემის იქით რიმ ვერ იხედება იმას რა უნდა ელაპარაკო?!).

საუკუნეა საკუთარი მიზეზით არ მიტირია, ძირითადად ტელეშოუებზე, სერიალებზე, ფილმებზე და რეკლამებზე მეტირება ხოლმე. გუშინ უმიზეზოდ ვიტირე, თან იმდენი რომ მომავალი 1 წლის განმავლობაში მაინც მეყოფა. მიზეზი არ მქონია, ნერვული შეტევა მქონდა, რომელიც უკიდურესი გადაღლისა და სტრესისგან მემართება ხოლმე. აი ისე უმიზეზოდ და არსაიდან დამეწყო ისეთი ისტერიკა რომ თან ვტიროდი და თან გაოცებული ვიყავი. მოკლედ, სერიოზულად ავიჭერი. მაშინვე გამოვიწერე დროებითი, სიმპტომური მკურნალობა – ფეხით გასეირნება, 10 მგ. ანტიდეპრესანტი და 100 გრამი ჯეკი ყინულის გარეშე. ისტერიკა კი ჩამიწყნარდა, მაგრამ დროსა და სივრცეში დაკარგვას ვერაფერი უშველა.

უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში სად აღარ ვიყავი, ჯერ იყო და 4 ღამიდან 2 თვითმფრინავში გავატარე, ორ ფრონტზე ერთდროულად ვიბრძოლე, ისე რომ დასვენებითაც კი არ დამისვენია, შემდეგ დავბრუნდი და უკვე ნაცნობ “ფრონტზე”, ნაცნობ “სანგარში” ამოვყავი თავი. შაბათ-კვირას დასვენების მიზნით, ისევ სადღაც გავეშურე და საბოლოოდ გადავედი რელსებიდან. სად ვარ, ვინ ვარ, რა დღეა, რომელი წელია?

ბევრი რამ ვცადე კიდეც, მთის წვერზე, ტყეში აშენებული სახლის ეზოში ადამიანის ჭაჭანება რომ არ იყო “ტოპლეს” გარუჯვიდან (სხვათაშორის სტანდარტულ გარუჯვასთან შედარებით ბევრად სასიამოვნოა) დაწყებული, გამქრალ სიგარეტის კოლოფებზე ნადირობით დამთავრებული (ვერავინ დამაჯერებს რომ როგორც არ უნდა გამეგიჟებინა თავი 2 დღეში 5 კოლოფ სიგარეტს მოვწევდი. აი, შეუძლებელია).

ბავშვობის მეგობრებთან 2 დღიანი უწყვეტი კომუნიკაცია საერთოდ ცალკე პოსტის თემაა. ყველა სამეგობროს რომელიც 2-ზე მეტი ადამიანისგან შედგება, აუცილებლად აქვს საკუთარი ტრადიციები, უნიკალური მახასიათებლები, რომელთა აღმოჩენაც და რომლებზე დაკვირვებაც სასწაულია.

ჰოდა, სანამ მარსზე გადავრგავდე ფინიკის, დედამიწის დროით დამდგარი ორშაბათისთვის უნდა შევემზადო, რომელთან შეხვედრაც რელსებიდან გადასულსა და დროსა და სივრცეში არეულს მიწევს. მძიმე კვირა იწყება ჩემს მიკრო სამყაროში. ჰოდა, სხვა რომ აღარაფერი დამრჩენია: “I’m not normally a praying man, but if you’re up there, please save me, Superman”. სანამ მარსზე გადავიდოდე, დამეხმარე სუპერმენ!

giphy