(არც თუ ისე) ტკბილი ნოემბერი


შარვლიდან მზის სხივებს ვიწმენდ. მგონი გადავიღალე.

Advertisements

დაბადებები


მალე ორშაბათი გათენდება. ყველაზე მეტად არ მიყვარს კვირისა და ორშაბათის გასაყარზე დაძინება. ძალიან ბანალური მიზეზით არ მიყვარს.

დაბადება I

მომკალით და წარმოდგენა არ მაქვს რატომ მახსოვს ამდენი წლის განმავლობაში, რომ 4 დეკემბერს ჩემი პირველი დამრიგებლისა და მათემატიკის მასწავლებლის დაბადების დღეა. სკოლა დაახლოებით 6 წლის დამთავრებული მქონდა, მორიგ 4 დეკემბერს რომ გამახსენდა ეს დღე, ავიღე ტელეფონი და ძველ ნომერზე დავრეკე, ავდექი და მივულოცე. ცხოვრებაში არ დამავიწყდება რა შოკი ქონდა… ასეთი ბედნიერი არავინ, არასოდეს ყოფილა ჩემ მიერ დაბადების დღის მილოცვით. აი, სიყალბისა და ვალის მოხდის ნატამალი რომ არ ერია მის მადლობაში. იმის შემდეგ კიდევ 7 წელი გავიდა (ჰო, მგონი სკოლა 13 წლის წინ დავამთავრე), ყოველ წელს მახსოვს, მაგრამ აღარ მიმილოცავს, წესით, ისედაც იცის რომ მახსოვს და აი ის პირველი მილოცვა როგორიც იყო, ვერც ერთი დანარჩენი ვეღარ იქნება.

ჰო, რატომღაც სულ მგონია რომ ჩემი ყოველი მომდევნო ნაბიჯი, წინაზე ეფექტური უნდა იყოს, მნიშვნელობა უნდა ქონდეს და ჩვეულებრივ და მორიგ მოვლენად არ უნდა იქცეს ის, რაც ერთ დროს ლამის, სასწაულის ტოლფასი იყო.

დაბადება II

ნიკოლოზი 199 წლის გახდა, ნუ, გახდა რა, გახდებოდა, 26 წლის ასაკში რომ არ გარდაცვლილიყო. გარდაცვალებაზე არ გვინდა ახლა, ეს პოსტი დაბადებებს ეხება, სიცოცხლის ხანგრძლივობის მიუხედავად.

ნიკოლოზის ცხოვრებაზე სკოლის ასაკიდან შევიშალე, ლექსებზე მეტად, მისი წერილები მიყვარს. ჰო, კაი, უნდა ვაღიარო რომ მის ლექსებზე დიდად არ ვგიჟდები (რამდენიმე გამონაკლისის გარდა).

ახლა უფრო მეტად მიყვარს და მაინტერესებს ვიდრე ადრე, ძალიან სუბიექტური და არა ბანალური მიზეზით.

დაბადებებს შორის

სანამ ვიღაცის სახელს ავიღებთ (მოგინილის თუ რეალურის, ცოცხალის თუ გარდაცვლილის) კარგად უნდა დავფიქრდეთ რამდენად შეგვეფერება ეს სახელი ჩვენ, რა საერთო გვაქვს ამ ადამიანთან და გვინდა თუ არა საერთოდ რომ ვგავდეთ.

მე რომ მკითხო, მეოთხე დაბადებას, ძალიან შეეშალა როცა დაუბადებელი, უთარიღო და ჩემი აზრით ძალიან შეუფერებელი ადამიანის სახელი დაირქვა.

მე არავინ მეკითხება.

დაბადება III

მე რომ მკითხო აგვისტოს ადამიანი უფრო იყო, ვიდრე ნოემბრის, მაგრამ ნოემბერში დაიბადა. წარმოდგენა არ მაქვს უყვარდა თუ არა ნოემბერი, ანაც აგვისტო, ან შეიძლება გამორჩეულად არც ერთი თვე უყვარდა ან საერთოდაც იქნებ აპრილში დაბადებაზე ოცნებობდა. არ ვიცი, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ზაფხულის ტემპერამენტითა და სახელით დაიბადა ნოემბერში, რამდენიმე დღეში კი 10 წელი გახდება მისი გარდაცვალებიდან.

მეოთხე დაბადებისთვის მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო, ნოემბერში დაბადებული აგვისტო, წინასაახალწლო გარდაცვალებით.

დაბადება IV

მგონია რომ მეორედ დაბადებისას გვარი შეეშალა. თუ სხვა ადამიანად დაბადება იყო, ყველაზე მეტად მის მოთხოვნებს მესამე დაბადება აკმაყოფილებდა… ლამის ყველაფერი საერთო ქონდათ, გვარის გარდა.

ხასიათებით კი უფრო მეორე დაბადებას გავდა. ან რატომ მხოლოდ ხასიათებით? სხვა ბევრითაც ძალიან გვანან ერთმანეთს.

დედა მე არ ვარ. არც სახელი შემირჩევია, არც გვარი და არც ვინაობა.

***

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ორი დაბადება და ორი ვინაობა აქვთ. ერთი ფაქტად მიიღეს, მეორე კი აირჩიეს.

ძალიან დიდი სხვაობაა იმ ადამიანებს შორისაც, რომლებიც ერთსა და იმავე ადამიანს მიღებული ან არჩეული ვინაობით იცნობენ. მათი წარმოდგენებიც ამ ადამიანზე რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ჰო, სულ დამავიწყდა, კიდევ არსებობენ ჩემნაირები, რომლებმაც მიღებულ ვინაობაზე არაფერი იციან, არჩეულს კი იწუნებენ. მაგრამ აბა არჩევანი, რა არჩევანი იქნებოდა, ამ არჩევანსაც სხვა დედა რომ ყავდეს და პირველის შემდეგ, მეორე დაბადების ფაქტად მიღება რომ უწევდეს იმას, ვინც საკუთარი თავი თავად უნდა დაბადოს?!

აი, ისევ ვხლართავ ყველაფერს. მეოთხე დაბადების მეორე დაბადება მომწონდა, პირველს არ ვიცნობდი. ჩემი ჩამოთვლილი დაბადებებიდან მეორეს გავდა, მესამესთან ბევრი ფაქტობრივი საერთო ქონდა, ოღონდ ისევ მის მეორე (არჩეულ) დაბადებას, იმიტომ რომ მის პირველ (მიღებულ) დაბადებას აქ მოხსენიებულ მეორე დაბადებასთან უფრო მეტი აკავშირებდა.

დაბადების დღის მისალოცი პოსტია ეს? ალბათ უფრო წინასადაბადებისდღეო. მეოთხე დაბადების მეორე დაბადებას უკვე ქონდა დაბადების დღე და არ მიმილოცავს, პირველ დაბადებას მალე ექნება, მაგრამ არ ვიცნობდი.

P.S. ეს მუსიკალური გაფორმება მეოთხე დაბადების არც პირველს მოეწონებოდა და არც მეორეს.

მე მომწონს!

Sana ne oldu?

შავი კლაკნილი ხაზები


ისევ ბათუმში ვარ, ისევ სასტუმროში, ისევ თეთრ საბანში გახვეული გავყურებ აივანს და ბალიშის მოუხერხებლობის გამო, ისევ მტკივა კისერი. მარჯვენა თვალის გვერდით, ტკივილში გადასული პულსაცია მაგრძნობინებს რომ ამდენ ხანს წოლა არ შეიძლება.

ბოლო რამდენიმე თვეა ფრჩხილებზე მხოლოდ შავი ფერის ლაქი მისვია. იმიტომ კი არა რომ სხვა ფერები არ მომწონს, არა, ეს არაფერ შუაშია, უბრალოდ ერთხელ რომ წავისვი ვეღარ მოვიშორე და სხვა ფერების წასმისას ფრჩხილის რელიეფში ჩამკვდარი სიშავე მაინც ატანს გარეთ. თუ იცით როგორ შეიძლება უფრო ეფექტურად მოშორება, არ მასწავლოთ, ფეხებზე დავიკიდე უკვე, იყოს როგორც არის.

დღეს 20 ნოემბერია. მერე რა ხომ? არც არაფერი, ანაც ფერი, მაგრამ ჩემთვის. ფერი? რა ფერი? შავი? ნწ, ვერ გამოიცანით, უკვე წითელი, ოღონდ შავი კლაკნილი ხაზებით.

“წიგნები ბათუმში”-ს მაღაზიაში “ბურუსს” გადავეყარე. სად აღარ ვეძებე, მაგრამ ვერსად წავაწყდი. აქ არ მიძებნია, შემთხვევით წამოვედე, როგორც მაშინ, ივლისში “ცუდი გოგო” რომ გავიცანი. მოკლედ, “წიგნები ბათუმში” ჩვენი წიგნებში შეხვედრის ადგილია. მართალია “ბურუსი” იმ ყუთს მიღმა დარჩება, სადაც შენ ხარ ჩალაგებული, მაგრამ ეგ არაფერი, იქ სხვა ისტორიები დევს, ეს ჯობია გარეთ იყოს, ჩვენი შეხვედრის მუდმივად ხელმისაწვდომ ადგილად რომ დარჩეს.

გარეთ მშვენიერი ამინდია, ზღვა საწოლიდანაც გადასარევად ჩანს, ადგომა არაფერში მჭირდება.

კიდევ შევხვდებით! ბურუსში, ლიოსასთან, ბათუმში, ჩილეში ანაც იუპიტერზე… მოკლედ სადმე აუცილებლად შევხვდებით!

შავი ხვრელები და სუპერ ნოვები, ჩილე და ატაკამას უდაბნო


3-იანი და 7-იანი გაიგივდნენ. 3 არ მიყვარდა, 7-ზე სურვილებს ვიფიქრებდი ხოლმე.

სუვრილების ჩაფიქრების ყოველთვის მეშინოდა, საშიშია სურვილებთან თამაში და მათი ჩაფიქრება, სასწორზე დადება, ჯობია შეინახო და უბრალოდ ნახო გამოვა თუ არა.

ცუდია როცა სიზმრები მესიზმრება, კარგია როცა მგონია რომ ეს რაღაცას ნიშნავს. რაც ავად გავხდი მას შემდეგ დავიწყე სიზმრების დამახსოვრება. დიდი ხანია უკვე ავად ვარ და გული მწყდება რომ ყველა ავადმყოფობა ოდესმე მთავრდება, რა მნიშვნელობა აქვს რა შედეგით, ხომ მთავრდება?!

ვარსკვლავებივით დავრჩებით სიკვდილის შემდეგ სუპერნოვად ან შავ ხვრელად.

ჩილეში უნდა წავიდე. წამომყევი ჩილეში. ატაკამას უდაბნოში გავისეირნოთ, Other Lives – Desert-ს ჩავრთავ, ყურსასმენები გავინაწილოთ, გამეორებაზე დავაყენებ რომ უსასრულოდ ვუსმინოთ. მზის ამოსვლას ვუყუროთ.

Desert
reclaims the land,
and we return full in colour.
Dark Sea
don’t bother me,
when water turns into land.

რაზე ვილაპარაკოთ ჩილეში? რაზე და მშვილდოსნებზე და ასტროლოგიაზე, გვარის გადაკეთებაზე, იმაზე რომ კარგია ჩილე და არც ისეთი მიუღწეველი როგორიც მანძილიდან გამომდინარე ჩანს.

Oh our end
has come at last,
and we return full in colour.