ეს რა ჭირი გვჭირს ტო?!


საკუთარი თავის საკუთარი თავისგან მიჩქმალვით ვარ დაკავებული. არ აღიარება ბევრს არაფერს ცვლის, ფაქტი ფაქტად რჩება და უძილობით მიწყალებს გულს.

გუშინ გაფართოებულ ოჯახურ ვახშამზე 2016 წლის სიკეთეებზე ვმსჯელობდით, თავი გამოვიდე ერთ-ერთი ყველაზე ცუდი წელი იყო მეთქი. ჰო, ცოტა არ იყოს დაუფიქრებლად წამოვაყრანტალე ეს დასკვნა, როცა მიზეზების დასახელება მთხოვეს, მივხვდი რომ ის რის გამოც ამ წელს ცუდ შეფასებას ვაძლევ, კონფიდენციალურია და პირში წყალი ჩავიგუბე, შევეცადე ზოგადი ფრაზებით შემოვფარგლულიყავი და ვთქვი “კარგი არაფერი მომხდარა და სულმოუთქმელად ველოდები 2017 წლის მოსვლას, ასტროლოგები სასწაულებს მპირდებიან” მეთქი.

უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ეს პირველი ახალი წელი იქნება, რომელსაც საქართველოში შევხვდები. არადა სიამოვნებით ავიღებდი ახლაც ბილეთს 29 დეკემბრისთვის და გავუდგებოდი ბუდაპეშტის გზას, გლინტვეინის დაგემოვნებისა და მოციგურავეების ყურების იმედით.

დილით ხასიათზე მოსვლის იმედით ტუჩებზე შინდისფერი “პომადა” (ახლა არ მთხოვოთ წმინდა ქართულით საუბარი, ისეთ ხასიათზე ვარ ფიქრითაც კი ძლივს ვფიქრობ) წავითხაპნე და დასიებულ თვალებს, თვალი ავარიდე.

გახსოვთ ალბათ ფილმი “უძინართა მზე”, ამ ფილმიდან იმდენი ფრაზა მაქვს აკვიატებული, ახლა ყველას გახსენება გამიჭირდება, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც “ეს რა ჭირი გვჭირს ტო”-ს ვიყენებ ხოლმე. ჰოდა, წუხელ ტკივილმა რომ გამაღვიძა, აბაზანაში რომ გავედი წამლის დასალევად და საწოლში რომ დავბრუნდი, ჩაძინებამდე სიმთვრალესა და სიფხიზლეს შორის არსებული ძალიან წვრილი ზღვარი დავიჭირე, დავფიქრდი მინდოდა თუ არა საკუთარი თავის გამოლანძღვა და მივხვდი რომ მინდოდა, ოღონდ იმ მიზეზით არა, რაც თავიდან მეგონა, მომინდა საკუთარი თავი იმის გამო გამელანძღა რომ ყოველ ჯერზე, წინასწარ ვიმზადებ თავს თავის გასალანძღად.. ანუ მანამ სანამ რამეს გავაკეთებ, ვამბობ რომ ამის გამო შემდეგ გვარიანად მომიწევს თავის ლანძღვა, შემდეგ კი ვაკეთებ და ველოდები როდის დადგება ის დრო “ოჰ, რა იდიოტი ხარ თინიკო”-ს რომ ვიტყვი. აი, ესაა საკუთარ თავთან შეუგუებლობის ჭეშმარიტი მაგალითი. ჰოდა, ეს რა ჭირი გვჭირს ტო!

ადამიანი “აკრძალვა” ვარ, ჰო, ფინიკი კი არა, ნამდვილი სისხლის სამართლის კოდექსი ვარ. რა უნდა გრჯიდეს საკუთარ თავს საკუთარ თავად არ ყოფნა რომ დაუკანონო?

არადა, არ იყო ეს 2016 წელი ასეთი ცუდი, ჩემი ცხოვრება ზოგადად კი თავდაყირა დადგა, მაგრამ ეს ერთ დღეში არ მომხდარა, ეტაპობრივად ამოვტრიალდი და დავეკიდე ფეხებით. ცვლილებები რთული შესაგუებელია, მაგრამ ცუდი არ არის.

მდორე და უინტერესო ცხოვრება ზუსტად ისე მაგიჟებს როგორც მოვლენებით დატვირთული პერიოდები.

ფინიკი, დადგა ეგ შენი ცვლილებების 30 და ახლა კედელზე თავის რტყმას არავითარი აზრი არ აქვს.

პარანოიკი და შეთქმულების თეორიების დიდოსტატი რომ ვარ, ეს ადრეც მითქვამს. ჰოდა, ახალი თეორია მაქვს და რა ხრამში გადავჩეხავ ფინიკის, კაცმა არ იცის!

ეს რა ჭირი გვჭირს ტო?

 

Advertisements

დარსი


სანამ ვეტყოდი, რომ ქალის მიერ შექმნილი კაცი პერსონაჟივით იქცეოდა, რამდენიმე ღამე გავათენე. ამ განცხადების არც სექსისტურ გამოხდომად შერაცხვა მინდოდა და არც სხვა ობიექტურ სიბრტყეზე განხილვის შედეგად გამოტანილი დასკვნების მოსმენა, უბრალოდ მაქვს თეორია, რომ ქალების მიერ შექმნილი კაცი პეროსნაჟები, მეტად გვანან ქალების მიერ წარმოდგენილ იდეალებს (უმრავლეს შემთხვევაში მაინც). ამ წესიდან, როგორც ზოგადად ყველა წესიდან, ცხადია, არსებობს რამდენიმე გადახვევა.

ციფრულ ეპოქაში, ყოველ დილით, დაახლოებით 11-ს 10 წუთისთვის მობილურზე მენთება შეხსენება რომ დღეს ვიღაცის დაბადების დღეა და უნდა მივულოცო. იმ დღესაც იბღუილა ჩემმა ტელეფონმა, ასეთივე შეხსენებით, თუმცა როცა დავხედე, მივხვდი რომ ეს წელიწადის ის დღე იყო, როცა ჩემი ერთადერთი გარდაცვლილი მეგობრის (ცოტა უტრირებულად ჟღერს მეგობარი, უფრო სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ვინაიდან ოფიციალური სახელი ასეთი აქვს, ამავე სახელით მოვიხსენიებ) დაბადების დღე უნდა შეეხსენებინა, შეეხსენეებინა მილოცვის აუცილებლობის გარეშე. გული მომეკუმშა, სასწრაფოდ გავაქრე ეს შეხსენება ტელეფონის ეკრანიდან და ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნება ვცადე.

ჰოდა, იმას ვამბობდი ისე იქცეოდა, როგორც ქალის მიერ შექმნილი კაცი პერსონაჟი მეთქი, რაღაცები კი არ მომწონდა (ან ვინ თქვა რომ ყველა ქალის მიერ შექმნილი, ყველა კაცი პერსონაჟი მომწონდა), მაგრამ ჯამში, სწორედ ასეთი იყო.

მანამ სანამ ამის ხმამაღლა გაჟღერებას გადავწყვეტდი, ფიქრი იმაზე დავიწყე ეს კარგი იყო თუ ცუდი. რეალურად, ქალის მიერ შექმნილი ასეთი პერსონაჟების რეალობასთან შესაბამისობაში ძალიან ეჭვი მეპარება, აქ სამი ვარიანტია – 1) თავად ავტორი/კაცის შემოქმედია დაბრმავებული ამ კაცისადმი არსებული გრძნობით და იმ თვისებებს მიაწერს, რაც სინამდვილეში არ აქვს; 2) წერს იმაზე, რაც ძალიან უნდა, მაგრამ არ არის; 3) ქალის მიერ შექმნილმა კაცმა, იცის როგორ პერსონაჟებს ქმნიან ქალები და იქცევა შესაბამისად.

აქედან არც ერთი ალტერნატივა მომწონს, თუმცა სიღრმისეულად რომ განვიხილოთ, მესამე ვარიანტი ცუდი არ უნდა იყოს, საბოლოო ჯამში რა მნიშვნელობა აქვს ძალიან ღრმა მოტივებს, თუ ზედაპირულ რეალობაში, იმას იღებ რაც გინდა?!

წესით, არც პირველი უნდა იყოს მიუღებელი, თუმცა ფიასკოსთვისაა განწირული, ვინაიდან ცნობილია რომ ადრე თუ გვიან ყველაფერზე გვეხილება თვალები, აქედან ერთადერთ გამოსავალს, ამ კაცთან რეალურ ცხოვრებაში ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტა წარმოადგენს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ვერაფრით შეძლებს საკუთარი ქმედებით, რაიმე ჩრდილი მიაყენოს, ჩემს მიერ შექმნილ იდეალს, ვინაიდან მისი ქმედებების მომსწრე არასოდეს ვიქნები და ეს ქმედებები ჩემი მისამართით არასოდეს იქნება განხორციელებული (ეს იდეა ჩემი არ არის, დარწმუნებული ვარ გსმენიათ იმ თეორიის შესახებ, რომლის მიხედვითაც იდეალებთან ურთიერთობა არ ღირს, თუ მათთვის ამ ტიტულის შენარჩუნება გვინდა).

მეორე ვარიანტი ამ შემთხვევაში არ განიხილება, ვინაიდან ამ ალტერნატივის გავრცობისას, აუცილებელი პირობაა რომ პერსონაჟი თავიდან ბოლომდე მოგონილი იყოს და მას რეალური პროტოტიპი არ ყავდეს.

დასვენების დღეებში “რედ ბულს” არ ვსვამ, დღეს გამონაკლისია, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ფიქრებში გართულმა, ხელი გავკარი და მაგიდაზე გადავასხი, რეაქცია სწრაფი მქონდა, თუმცა ისე მშვიდად შევხვდი ამ ამბავს და ისე აუღელვებლად ავწმინდე სითხე მაგიდიდან, ნერვებამდე არც კი მისულა საქმე.

ჩემი სიმაღლიდან გამომდინარე (დავაკონკრეტებ, ჩემი არც თუ ისე დიდი სიმაღლიდან გამომდინარე (მსუბუქად რომ ვთქვათ)) თუ ერთადერთი ვარ, ვისაც ქოლგა აქვს და მეორეც უნდა შეეფაროს ხოლმე, ქოლგის ჭერის „პრივილეგია“ ყოველთვის მეორეს აქვს. ეს კი არც თუ ისე კარგია, ვინაიდან ის, ვისაც ქოლგა უჭირავს, თითქმის ყოველთვის თანდაყოლილი ეგოიზმის გამოვლინებას იწყებს და ვერასოდეს საზღვრავს, როგორ უნდა დაიჭიროს ის ისე, რომ მის გვერდით მდგომ ადამიანს წვიმაში არ მოუწიოს დგომა/სიარული. ჰოდა, მუდმივად ვსველდები, ამიტომ თუ მარტომ არ უნდა ვიხეტიალო, ქოლგის ქონას დიდი აზრი არასოდეს აქვს (შესაძლოა ოდნავ უადგილო ჩართვა – მოძებნეთ ადამიანი, რომელიც ქოლგას ისე დაიჭერს არც მხარი დაგისველდეთ და არც თმა).

დღეს ყველაფერს მივედ-მოვედები და თუ თავიდან მეგონა რომ საქთმელი მქონდა, ახლა, ამ მოსაზრების ჭეშმარიტებაში ეჭვი ძალიან მეპარება.

ალბათ უფრო ლაყბობა მინდა, ვიდრე რაიმე კონკრეტულზე საუბარი.

მე პერსონაჟები არ შემიქმნია, ყოველ შემთხვევაში ისეთი, რომლებსაც იდეალურის სტატუსს სხვებიც მიანიჭებდნენ. ან არა, მოიცა, დავფიქრდები.. კი, შევქმენი, ოღონდ საჯარო სივრცეში არ გამომიტანია, იმ ფრომით, რა ფორმითაც სხვებსაც ისე აუფართხალდებოდათ გული, როგორც მე. ეს არც ცუდია, არც კარგი, პრინციპში, ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს.

პოსტის დასაწყისში მიწერია „სანამ ვეტყოდი” მეთქი, ჰოდა, ჯერ არაფერი მითქვამს, ამიტომ ისევ „სანამ ვეტყოდი“-ს ფაზაში ვარ გაჭედილი.

Goodnight Moon


არსებობენ ადამიანები რომლების შეცოდებაც მჭირდება. ეს არანაირად არაა დაკავშირებული იმასთან, ეს ადამიანები რეალურად, ობიექტურ სიბრტყეზე იწვევენ თუ არა ასეთ განცდას (ხშირად პირიქითაა ხოლმე).

წუხელ არეულმა დავიძინე. ეს ნაწილობრივ შეიძლება იმის ბრალიც იყოს, რომ უსაზღვროდ დაღლილი და მზისგან დამწვარი დავბრუნდი უკვე გადაჩვეულ სივრცეში. მთელი დღე მწველი მზის გულზე ჯდომასაც თავის როლი უნდა ეთამაშა, თუმცა გარემოებათა ერთობლიობაა ხოლმე სწორედ ის, რაც საბოლოო ჯამში ქმნის კონკრეტულ შედეგს. მოცემულ შემთხვევაში კი უძილო ღამეს.

ღამე რთული იყო, არეული ვფიქრობდი და დამწვრობისგან გავარვარებულ სახეზე ცივ საფენებს ვიდებდი. პარალელურ რეჟიმში კი მეფიქრებოდა „ძვირფასო D12.5, ეს რა მოგსვლია?!“ (როგორ ყალბად ჟღერს ეს „ძვირფასო“).

ჰოდა, რა მოგსვლია?

არაფერ პოზიტიურს აღარ ასხივებ, შენგან რეალურად არაფერი დარჩა. რაღაც ახალ მასად იქეცი, რომელიც ისეთი უფერულია, დაინახავ და მაშინვე დაგავიწყდება.

საერთოდაც უკვე ეჭვი მეპარება იმაში რომ მართლა არსებობდი ისეთი ფორმით, როგორი ფორმითაც მე „გიცნობდი“ და მახსოვხარ. შეიძლება მე მჭირდა რაღაც და შენთან ყველაფერი ძველებურადაა. როგორც ცნობილია, ზოგადად არ მიჭირს ხოლმე რაღაცების და ვიღაცების გამოგონება და შემდეგ მათთვის, რეალურის დარქმევა. ჰოდა, თუ ეს ყველაფერი, ანუ ადრინდელი შენ, ჩემი მოგონილი იყო და გუშინ რეალობა დავინახე, ე.ი. მე მოგკალი, იმ ფორმით, რა ფორმითაც აქამდე ცოცხლობდი და შენს ნამდვილ სახესთან გაგათანაბრე. აქაურ ენაზე რომ ვთქვათ, D12.5-ს ქვეშ არსებული hyperlink, რომელზეც შენი მოგონილი სურათი მქონდა მიბმული, რეალურით ჩავანაცვლე და დამთავრდა.

ყველაფერს აქვს ლოგიკური დასასრული და ეს D12.5-ს დასასრულია, ვინაიდან მის უკან, უკვე ძალიან რეალური და არაფრით გამორჩეული ადამიანი დგას, აქაურობისთვის სრულიად შეუფერებელი, ის ვისაც არ ვიცნობ, გამარჯობასაც არ ვეტყვი და საერთოდ ვინაა ამის თქმაც კი გამიჭირდება.

ერთ დღეს, რამდენიმე საათიანი დაშორებით მოკვდით შენ და ნელი. ძალიან არ მინდოდა, აქ სადმე ნელი მომეხსენიებინა, მაგრამ ვინაიდან განუყოფელი და ერთი მთლიანი მოვლენის ნაწილად იქეცით გუშინ, სხვაგვარად არ გამოვა. წესით ჩემი კოჭლი მაცნე უნდა გამოჩენილიყო მანამდე, წინასწარ რომ შევმზადებულიყავი, მაგრამ იმდენი ხანია აღარსად მინახავს, არც კი ვიცი ცოცხალია თუ არა.

ერთი ასეთი მკვდარი უკვე გვყავს აქ, კოდური დასახელებით ორემათე. ასეა თუ ისე ყველაფერი მთავრდება, მათ შორის მანიაკებისთვისაც.

პ.ს. ეს პირველი პოსტია სადაც თეგებში ერთდროულად არიან D12.5, ნელი, კოჭლი და ორემათე. ყველაფერი ხდება.

Y & X ღრუბლებში


წარმოიდგინეთ თქვენი ფიქრის ძირითადი სუბიექტები, მოვლენები და საკითხები იარლიყებად რომ გეკიდებოდნენ ტანზე. თითოეული იარლიყის მოცულობა მასზე ფიქრის სიხშირით რომ იზრდებოდეს ზომაში, რა იარლიყები გექნებოდათ ჩამოკიდებული ბოლო 1 წლის მანძილზე?

რთული სათქმელია ხომ?!

იარლიყებით სიარული რომ დავიწყე მოხიბლული ვიყავი ადამიანი X-თ და სხვა საკითხებთან ერთად, ფიქრის ძირითად სუბიექტს, სწორედ X წარმოადგენდა. ყოველ დილით, გაღვიძებისას, ვკვირდებოდი როგორ იზრდებოდა X-ს იარლიყი ზომაში და როგორ უმნიშვნელოდ გამოიყურებოდნენ მის ფონზე სხვები.

დროთა განმავლობაში, X-თან არსებულმა მომაბეზრებელმა ერთფეროვნებამ, გააჩინა Y, ან კი არ გააჩინა, დააბრუნა.

Y-ზე ფიქრის სიხშირისა და მისი იარლიყის ზომის ზრდა, პირდაპირპროპორციულად ამცირებდა X-სას, ბოლოს კი გათანაბრდნენ. ჰოდა, ეს გათანაბრება, სინამდვილეში X-ს სრულ გაქრობაზე მიუთითებს, იმიტომ რომ ზომაში მათი გათანაბრება, ნიშნავს იმას რომ X დარჩა სადღაც, ფიქრის ღრუბლების მიღმა, Y კი გამუდმივდა.

უკან ვბრუნდებით ფინიკო?! უკან ვბრუნდებით.

***

ახლა წარმოიდგინეთ რომ გაქვთ ბლოგი და გაქვთ TAG-ების ღრუბელი. ჰოდა, voilà! არაფრის წარმოდგენა აღარ გჭირდებათ.

687474703a2f2f6661726d372e7374617469632e666c69636b722e636f6d2f363032332f353934343232383033355f336264353765386462325f622e6a7067

Ground Control


ადრე ზუსტად ვიცოდი რომელი სეზონი მიყვარდა და რატომ. ახლა ზუსტად ვიცი რომელი სეზონი არ მიყვარს და რატომ. საერთოდ, მგონია რომ არ შეიძლება გიყვარდეს ერთი კონკრეტული სეზონი და არ გიყვარდეს მეორე. რა თქმა უნდა ზოგადი დამოკიდებულების დონეზე შეიძლება შევთანხმდეთ რომ გვიყვარს სითბო და არ გვიყვარს სიცივე, მაგრამ ყველაფერი მაინც მომენტებამდე დადის, იმ მომენტებამდე რომლებსაც კონკრეტულ სეზონზე ველოდებით. მიუხედავად იმისა რომ ალბათ შუალედურ/გარდამავალ სეზონებს ერთი შეხედვით არაფერი ჯობია, მაინც არ მგონია რომ შეიძლება რომელიმე მათგანი გიყვარდეს ან ვერ იტანდე, შუალედურს (თუნდაც ამ სიტყვიდან გამომდინარე) უფრო ისეთი დამოკიდებულებები შეესაბამება როგორცაა “მომწონს” ან “არ მომწონს”. სიყვარულით კი ან ზამთარი უნდა გიყვარდეს და ან ზაფხული.

ვიცი, ვიცი ვაჭარბებ და ასეც რომ არ იყოს, ამაზე სასაუბროდ ნამდვილად არ დავბრუნებივარ აქაურობას.

ისეთი ადამიანების ცხოვრებაში როგორიც მე ვარ ყველა ისტორიას გააჩნია თავისი სიმღერა, მათ შორის იმ ისტორიებსაც რომლებიც არასოდეს მომხდარა. ჰოდა, დღეს იმ ისტორიის დასრულების დღეა, რომელიც არასოდეს დაწყებულა, არასოდეს დაწყებულა მაგრამ თავისი სიმღერა ქონდა, ის სიმღერა ახლა სიმბოლურად რომ მაქვს ჩართული.

ერთი წლის წინ ვწერდი:

–იქნებ ამ წელს მაინც შეიცვალოს რამე. Hare Krishna!

–იქნებ ამ წელს მაინც ვიყო ბედნიერი. Hare Rama!

– My sweet Lord! My sweet, sweet Lord!

ახლა ვფიქრობ:

-Ground Control to Major Tom.

-ცვლილებებისთვის მზად არ ვარ.

-Ground Control to Major Tom.

-მგონი არც არასოდეს ვიქნები.

-Take your protein pills. put your helmet on. – ეს სხვისთვისაა. მე არ მოვფრინავ.

აი ხომ არსებობს მომენტები როდესაც გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გაქვს მისაღები, გადაწყვეტილება რომელიც ყველაფერს შეცვლის და სულ სხვა რელსებზე გადაგიყვანს, მომენტები რომლებსაც თამამად შეიძლება ეწოდოს გარდამტეხი, ის მომენტები რომლებიც უფერული, ოთახში გამომწყვდეული, უინტერესო ადამიანისგან იმად გაქცევს, რაც შენი ღრმა რწმენით აუცილებლად უნდა ყოფილიყავი?! არსებობს, არსებობს და რამდენ ასეთ მომენტში გავუშვი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ხელიდან არავინ იცის. ჰო, მე მთლიანად ვიმართები შიშით. სულ სხვადასხვა რამის მეშინია, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთი, მსუქანი, გრანდიოზული მიზეზი იმისა თუ რატომ ვარ ფინიკი მხოლოდ კლავიატურაზე, არის შიში.

ჰოდა, ზუსტად ამით აიხსნება წრეები, რომლებსაც ასე ძალიან ვერ ვიტან. ზუსტად ამიტომ ვამტკიცებ რომ ჩემი ცხოვრება ერთ მოჯადოებულ წრეზე სიარულის მეტი არაფერია. ასეა, საჭირო მომენტში ვერასოდეს ვიღებ “ვერტმფრენზე შეხტომის” გადაწყვეტილებას, მე ის ვარ ვინც ლუდის კათხით ხელში, ისე უშვებს არსაიდან გამოჩენილ შანსს ხელიდან, რომ ჯერ კიდევ აქვს ამ შანსის გამოყენების დრო, აქვს და მაინც ახალს ელოდება.

სწორედ ამიტომ “Ground Control to Major Tom” – მე არ მოვფრინავ.

Commencing countdown, engines on. – ეს countdown მე არაფერში მჭირდება.

Check ignition – ვინმე სხვამ შეამოწმოს, ვისაც ენაღვლება.

and may God’s love be with you – გმადლობთ, აუცილებლად გადავცემ იმას ვინც გაფრენას გადაწყვეტს.

Ten, Nine, Eight, Seven, Six, Five, Four, Three, Two, One – თუ შეიძლება დაუჩქარეთ რა, ძალიან გაიწელა ეს ათი წამი დროში.

Liftoff. – როგორც იქნა!

თქვენ თუ არ შეცვლით რამეს, ახალი წელი ვერაფერს შეცვლის. თქვენ თუ არ მიიღებთ გადაწყვეტილებას, ყველაფერი თავისით გადაწყდება, თქვენ თუ ვერ ჩამოყალიბდებით საბოლოო ჯამში უნდა დაუსვათ თუ არა წერტილი “ნელის”, ის თავად მოვა და თქვენს მიერ დაწყებულ ისტორიაზე თვითონ დასვამს წერტილს, თან ისეთ წერტილს დასაწერიც რომ აღარაფერი გექნებათ.

მერე აღმოაჩენთ რომ მუსიკოსი და მისნაირი მოგონილი პერსონაჟები, მხოლოდ იმისთვის გჭირდებოდათ რომ გადაწყვეტილება არ მიგეღოთ, იმისთვის გჭირდებოდათ რომ რაც შეიძლება დიდ ხანს გაგეწელათ დროში წერტილის დასმის პროცესი. ბოლოს ნელი თავად შეახტება ვერტმფრენს და თქვენ იჯდებით ლუდის კათხით ხელში.

Ground Control to Major Tom

Commencing countdown,

engines on

Check ignition

and may God’s love be with you ნელი!

28 და სხვა სისულელეები


ეს სიმღერა სულ სხვა რამეზეა.

მაშინაც სხვა რამეზე იყო როცა პირველად მოვისმინე და ახლაც, ეს მაშინაც ვიცოდი და ახლა ხომ ვიცი და ვიცი.

აკვიატებები რომ ხშირად მაქვს ეს ადრეც მითქვამს, ერთ-ერთი მორიგი აკვიატება კი ჩემი მოახლოვებული 25-ე დაბადების დღე იყო. ათასი რამ წავიკითხე იმაზე რა იცვლებოდა ცხოვრებაში (სხვების ცხოვრებაში) 25 წლის შემდეგ, სიაც შევადგინე რა უნდა მომესწრო სანამ 25 წლის გავხდებოდი, დღიურის წერაც კი განვაახლე (ო, ღმერთო ჩემო) და ამ დღეების საუნდთრეკის ძიებას შევუდექი.

რატომღაც იმ პერიოდში ამოჩემებული მქონდა Lorene Scafaria, ჩემი აღმოჩენა იყო და ორმაგად მიყვარდა (საზიარო სიყვარულს ვერ ვიტან), დაუსრულებლად ვატრიალებდი “we can’t be friends”-ს და ვეძებდი მუსიკას 25-ზე. უცნაურია, მაგრამ პირველი რაც ფრიად ჭკვიანმა google-მა შემომთავაზა სწორედ Lorene Scafaria-ს სიმღერა იყო, ოღონდ 25-ზე კი არა, „28“-ზე. აი, მაშინ ვთქვი რომ 28 წლის სანამ გავხდებოდი, რამდენიმე დღით ადრე თავიდან ამოვქექავდი ამ სიმღერას და აუცილებლად მოვუსმენდი (უახლოეს 3 წელიწადში Lorene Scafaria რომ მომბეზრდებოდა გადაბმული მოსმენისგან ეს ისედაც ცხადი იყო). რაღაცნაირად გულიც კი მწყდებოდა რომ 3 წელი უნდა მომეცადა სანამ ამ სიმღერას ოფიციალურად ჩემად ვცნობდი, მოუთმენლობა დამემართა იმის გამო რომ „მაგიური დატვირთვა“ მივეცი და სულმოუთქმელად დავიწყე 28-ის ლოდინი.

მჯერა, ჰო, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს მჯერა ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი მოვლენების და მგონია რომ ყველაფერში აუცილებლად დევს აზრი. ამიტომ მჯეროდა, რომ ჩემი, Lorene Scafaria-ს და 28-ს შეხვედრა შემთხვევითი არ იქნებოდა და ამიტომ გადავწყვიტე რომ 28 ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ცვლილებების ასაკი, ყველაზე მაგარი პერიოდი იქნებოდა.

ახალს არაფერს ვიტყვი, თუ განვაცხადებ რომ 3 წელი ერთი შეხედვით ძალიან სწრაფად გავიდა და საკუთარ თავთან შეთანხმებისამებრ რამდენიმე დღით ადრე ამოვქექე ეს სიმღერა.

2 თვეზე ოდნავ ნაკლებია რაც ჩემი ჯადოსნური 28 დაიწყო…

 ***

წარმოდგენა არ მაქვს რაზეა ეს პოსტი, რას ვწერ და რატომ ვწერ, უბრალოდ დღეს ყველაზე მეტად მჯერა სამყაროსგან გამოგზავნილი პატარა მინიშნებების.

 ***

ერთი უაზრო თამაშია ისეთ ბანალურ თემაზე, როგორიცაა „ვინ იყავი წინა ცხოვრებაში“, ზუსტად რას ამბობს წესები არ ვიცი, თუმცა დაახლოებით მახსოვს რომ უნდა აიღო შენი დაბადების ზუსტი თარიღი და google-ში ჩაწერო died (დაბადების თარიღი), ჰოდა პირველი ვისაც განახებს ეგ არის შენი წინა ინკარნაცია.

ხომ სისულელეა? სისულელეა.

ვიცი რომ სისულელეა? ვიცი!

ჰოდა, ერთით მეტი სისულელე ჩაწერეთ ჩემ ანგარიშზე.

ჩემი ბოლო გატაცების, ნელის ისტორია რომ დავასრულე “მუსკოსის” გამოჩენისას, ესეც ხომ აღვნიშნე ცოტა ხნის წინ?!

დიახ, ოფიციალურად გადავერთე მუსიკოსზე, ჰოდა, აბა მე რისი ფინიკი ვიქნებოდი, რომ არ მენახა ვინ იყო მუსიკოსი წინა ცხოვრებაში (არ ვწითლდები მაინც ამ სისულელეს რომ ვაღიარებ?!), საინტერესო ის კი არ არის ვინ აღმოჩნდა, უფრო ის რომ „მისი წინა ცხოვრება“ დაიბადა „ნელის“ დაბადების დღეს და გარდაიცვალა ზუსტად „მუსიკოსის“ დაბადების დღეზე.

მოუსმინეთ ხოლმე სამყაროს, გაერთობით.

სიგარეტი მუსიკოსისთვის


თავი აწმყოში ვერავინ დაიმკვიდრა, ყველა ან წარსული იყო და ან მომავალი, არც ერთ ჩემ რეალურ, თუმცა წარმოსახვითი თვისებებით დაჯილდოვებულ პერსონაჟს არ ქონია თავისი ადგილი ცხოვრების მიმდინარე მომენტში, ის ყოველთვის ან წარსული იყო და ან მომავალი, ან ორივე ერთად.

სანამ ნელის სახელობის სიგარეტი ჯერ კიდევ მეგდო მაგიდის უჯრაში, ნელი მომავალში ცხოვრობდა, მომავალში რომელიც არასოდეს გახდებოდა აწმყო და იცი რატომ? იმიტომ რომ ცხოვრება სავსეა პატარ-პატარა მოულოდნელობებით, იმას ხომ თქმაც არ უნდა რომ წინასწარ ზუსტად არავინ იცის რა მოხდება, ჰოდა, არც მე ვიცოდი და რა თქმა უნდა არც ნელიმ.

ყველაფერი კი ისე მოხდა როგორც არ ვგეგმავდი, მაგრამ როგორც ვიციდი რომ მოხდებოდა. ანუ ვიცოდი რომ ერთ დღეს აუცილებლად ავიღებდი მისი სახელობის სიგარეტს და ოფიციალური დასასრულის ნიშნად გავაბოლებდი.

მერე რა რომ ჯერ კიდევ მაქვს მისი სახელობის კულონი, რომელიც ერთ-ერთი მოგზაურობისას შევიძინე. მას თავისი ადგილი ექნება, ოღონდ მომავალში კი არა, წარსულში, იქ სადაც მისნაირი ბევრია, თუმცა ეს არანაირად არ ნიშნავს რომ ისინი ერთმანეთში არეულ მასას წარმოადგენენ, პირიქით ერთმანეთთან არაფერი აქვთ საერთო, არც მათი სტატუსი კნინდება მტვრიან თაროებზე დებით, ისინი უბრალოდ ასრულებენ იქ სადაც ლოგიკურად უნდა დაესრულებინათ, ჰოდა, ამაში არც სევდიანია რამე და არც დამაკნინებელი. პირიქით გისურვებთ ისე შეგინახოთ ვინმემ, როგორც მე ვინახავ ჩემ ყველა სამუზეუმე ექსპონანტს. ვინახავ და ვკითხულობ კიდეც, ვიხსენებ და მათი სახელობის ნივთებს არასოდეს ვუძახებ სანაგვეზე.

აღმოჩენა გავაკეთე – ერთი სათადარიგო სახელობითი სიგარეტი ყოველთვის უნდა გეგდოს უჯრაში, თუ ასეთი არ გაქვს ე.ი. ან შენი პერსონაჟი ჯერ კიდევ მომავალში ცხოვრობს და იქიდან ვერაფრით აძევებ და ან ისეთი ცარიელი ხარ, ასეთ სიცარიელეს რომ არავის ვუსურვებ.

ახლა ახალი სიგარეტის დრო დადგა, ნელ-ნელა ტრადიციასავით იქცა ადამიანების დავიწყებისთვის მათი სახელის სიგარეტზე მიჯღაბვნა და მათი ჰაერში კვამლის ნაწილაკებად განიავება. მომწონს და ვეწევი.

თუმცა ჯერ მოწევა ადრეა, სულ ახლახანს ვახოხიალე საფერფლეზე ნელი, ახალი პერსონაჟის სახელის მიწერას კი ჯერ ვერ ვბედავ.

არადა რა სასაცილოდ ჟღერს ახალი, ახლის გარდა ყველაფერია. ერთი ეგაა მისი სახელი არასოდეს დამიტანია სიგარეტზე, მეტიც, მისი მუზეუმში წაცუნცულების სურვილი პირველად რომ გამიჩნდა არც მუზეუმი მქონდა, არც საგულდაგულოდ გამოყოფილი ფართი არქივისთვის და სიგარეტსაც კი არ ვეწეოდი.

ადამიანების „მიწიდან ამოთხრა“ (ასე ვეძახი ამ პროცესს) რომ ჩემი საყვარელი საქმიანობაა ეს ადრეც მითქვამს, თუმცა სულ უფრო და უფრო მეტად ვერთობი პროცესით, რომელიც იწყება ადამიანების თავებზე გაჩენილი ფერმკრთალი კითხვის ნიშნებით და ბოლოვდება აურაცხელი რაოდენობის ინფორმაციით. ადრე მეგონა პროცესის ბოლოს, კითხვის ნიშნის გაქრობისთანავე ეკარგებოდა ხიბლი ამ პერსონაჟს, არადა ვცდებოდი, სულაც არა.

ჰოდა, იმ დღეს უკვე ვგრძნობდი რომ ნელის დრო ამოწურული იყო და უაზროდ ვწელავდი დღეებს მის არქივში ჩასაცუნცულებლად, ვხვდებოდი მაგრამ ხომ ვთქვი ისე არ უნდა იცხოვრო ერთი ექსპონანტის სახელობის სიგარეტი არ გეგდოს უჯრაში მეთქი, ჰოდა, ზუსტად ამიტომ ვწელავდი დროს.

აი, ახალი პერსონაჟის შერჩევა კი ჭეშმარიტად რთული საქმეა, იმდენი ობიექტური გარემოება და სუბიექტური დამოკიდებულებაა საჭირო, იშვიათად, რამდენიმე წელში ერთხელ თუ გაგიმართლებს. არადა ნელი სულს ღაფავდა, და ისეთი პირი უჩანდა რომ მეც მიმათრევდა არქივისკენ. წარმოიდგინე, რომ სხვა არაფერი დაგრჩა საკუთარი თავის დაარქივების გარდა, დიდი ვერაფერი წარმოსადგენია ხომ?!

იმ დღეს ტვინი სულ სხვა რამით მქონდა დაკავებული და ის ჩემი „ყმაწვილქალობის“ დროინდელი, თავზე დიდი კითხვის ნიშნიანი პერსონაჟი არც კი მახსოვდა, ან რას მემახსოვრებოდა, მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო, 13 წელი პატარა დრო ხომ არ არის (გასული წლების ზუსტ რაოდენობაში დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ვვარაუდობ რომ დაახლოებით ეს დრო უნდა იყოს გასული).

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნელის ამბავი საბოლოოდ „მუსიკოსმა“ გადაწყვიტა, მოვწიე, ჩავაფერფლე, არქივში მისთვის დიდი ხნის წინ შერჩეულ ადგილზეც მოვათავსე და „მიწიდან ამოთხრის“ პროცესს შევუდექი. ვთხრი მუსიკოსს, ჰო, მუსიკოსს, ისე რომ მეტი არაფერი ვიცი.

ამოვთხარე? რა თქმა უნდა!

ახლა მთავარია მისი სახელობის სიგარეტმა დიდ ხანს გაძლოს უჯრაში.

და თუ თვითონ ჩამაქრო? რა პრობლემაა, ცინცხალ კოლოფს ვუყიდი.

singer2.tif

სასრიალოს კიბეზე


ნდობის კოეფიციენტი (ჰო, მგონი ასე მოიხსენიებენ ხოლმე) ყოველდღიურად უფრო და უფრო ეცემა და ისევ იმ ნიშნულს ვუბრუნდებით, კაპიკის ფასი რომ იყო ჩვენი მეგობრობა.

აღფრთოვანების ობიექტებთანაც მხოლოდ საქმიანი საუბრებით შემოვიფარგლები.

დაღლილობისგან ზედმეტად გავნაზდი.

ინტერესიც გამინელდა და სიგარეტის შეცვლაზეც დავფიქრდი.

გამარჯობასაც ვამბობ და ენასაც აღარ ვიწვავ მოწევისას. ჰოდა, ის დრო ჯობდა გამარჯობას რომ არ ვამბობდი და სიგარეტის კვამლი რომ მახრჩობდა ამის გამო.

ის დრო ნამდვილად ჯობდა, ყველაფრის მოყოლა რომ შემეძლო და რაღაც ნდობასავით გრძნობა რომ მქონდა.

ის დრო მენატრება, შენი ნახვა რომ მყოფნიდა, ჩვენ ორ წინადადებიან საუბრებს რომ ვატრიალებდი გონებაში დაუსრულებლად, არაფერი რომ რაღაც მეგონა და შენზე კითხვა რომ მიყვარდა.

აი ის დრო, რომ მეგონა გაქცევით თავს ვუშველი მეთქი, წასული რომ არ ვიყავი და დაბრუნება რომ მეჩქარებოდა (გეგონება მელოდებოდა ვინმე).

შენი ზოგადი დახასიათება რომ მიყვარდა და წარმოდგენა რომ არ მქონდა კონკრეტულად შენ როგორი იყავი.

შენთან შეხვედრისას სათვალეს რომ ვიხსნიდი ხოლმე, შენი სახე რომ ვერ გამერჩია.

გაღვიძება რომ მიხაროდა და რომ მეგონა საღამოს მოსაყოლი მექნებოდა რამე, იმისთვის ვისთან მეგობრობაც ახლა კაპიკის ფასია.

ცხოვრება ხომ აღმართებისა და დაღმართებისგან შედგება? ადრე ხომ მეგონა რომ დაღმართი აუცილებლად ცუდს ნიშნავდა და კისრის მოტეხვის სინონიმი იყო, ხომ მინდოდა სულ ზემოთ მევლო?! ჰოდა, ძალიან ვცდებოდი!

ძვირფასო ფინიკი, ცხოვრება “სასრიალოა”, ასვლა დიდი ვერაფერი ხალისია, ერთი სული გაქვს დროულად აიარო კიბე და სუნთქვაშეკრული ჩამოჯდე კიდეზე, მთელი მუღამი ხომ ჩამოსრიალებაშია?

ჰოდა, ბედნიერ სრიალს გისურვებ! ეს სიამოვნება შეიძლება კისრის მოტეხვადაც ღირდეს. მთელი ცხოვრება სასრიალოს კიბეზე ჩემმა მტერმა გაატარა.

Help me if you can, I’m feeling down
And I do appreciate you being ‘round.

tumblr_lw1nbcsfwv1qd9woto1_400

ჩამრთველთან ახლოს


“გეუბნებოდი უცნაური ამბავი ხდება ჩვენს თავს მეთქი და აჰა” – ისევ საკუთარ თავთან ვცდილობ დიალოგის გაბმას.

დიდი ხანია აღარაფერი გამომდის, ზოგჯერ მგონია არც ადრე ვვარგოდი რამედ, ახლა კი საერთოდ წყალწაღებული გავხდი.

კიდევ უფრო დიდი ხანია საკუთარ თავს აღარ ველაპარაკები, უფრო უეცარი წამოყვირებები დამჩემდა, მოულოდნელობის ეფექტით რომ გადავფარო ხოლმე მდორედ მიმდინარე მომაბეზრებელი ფიქრები, ის ფიქრები რომლებიც მგონია ტვინის ყველა უჯრედში ჩამაკვდნენ და აწი ვეღარაფრით მოვიშორებ მეთქი.

რამდენი ხანია გადაწყვეტილება აღარ მიგიღია?

როგორც წესი ყველაზე კარგად მაშინ ვფიქრობ ხოლმე, როცა წინა საღამოს მიღებული ალკოჰოლის დოზა თავს გამთენიისას მახსენებს და არც დაძინების საშუალებას მაძლევს და არც ბოლომდე გამოფხიზლების. ჰო, მართალია გამართულად არა, მაგრამ ყველაზე კარგად მართლა ამ დროს მიჭრის გონება და გადაწყვეტილებებსაც შესაშური სიმარტივით ვღებულობ.

ბოლო გადაწყვეტილებაც ასეთი იყო, გადაწყვეტით კი გადავწყვიტე, მაგრამ ვინაიდან ამ საკითხის გადაწყვეტა არსებითად არც არაფერს ცვლიდა, გადაწყვეტილება გადაწყვეტილებადვე დარჩა, საკითხი კი კვლავ ღიაა, ან უფრო დახურული ვიდრე ღია, დახურული და გადაუწყვეტელი.

როცა მე ვწყვეტ სხვები უმოქმედობას ამჯობინებენ.

ნამთვრალევზე მიღებული გადაწყვეტილებების სიმსუბუქეს ვგრძნობ და გული მწყდება რომ სხვა მოქმედ პირებს იმდენი არ დაულევიათ რომ საბოლოოდ იგივე გადაწყვეტილებამდე მისულიყვნენ.

ვერც დალევის რიტმში ვემთხვევით ერთმანეთს.

რას ველოდები? შუქის ჩაქრობას, მერე თავიდან რომ ავანთო იმიტომ.

ისევ ავირიე როლებში, როგორც წესი შუქს თავად ვაქრობ ხოლმე, სხვები კი ანთებულს მახვედრებენ. ერთხელ აუცილებლად დავასწრებ ყველას და ვიტყვი “დაე იყოს ნათელი”, შემდეგ კი აუცილებლად დავწერ რომ იქმნა ნათელი.

ვიწყებ უკუღმა ათვლას და კარების ღრეჩოდან შემომავალი სინათლე ბნელდება.

ჩამრთველთან ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვარ.

სამამდე დათვალე!..

…და იქმნა ნათელი.

P.S. მთავარია საბოლოოდ ჩამოყალიბდე “ჩამრთველს” ჩამრთველს ეძახი თუ გამომრთველს.

tumblr_lcb8doEcaU1qb9fxeo1_500

Amor Vincit Omnia


როდესაც კონკრეტული ამბის მოყოლას ვაპირებ, სიტყვების არც ხლართვა მიყვარს და არც გადაპრანჭული საუბარი. დაე, ყველაფერი ისე იყოს როგორც მოხდა.

ან არა, რაღაც გულმავიწყობა დამჩემდა, მე ხომ კონკრეტულ ამბებზე არასოდეს ვსაუბრობ და მით უფრო დეტალებს არასოდეს ვააშკარავებ. ამასაც რომ თავი დავანებოთ, კიდევ უფრო ნაკლებ წარმოსადგენია ის რომ ახლა და აქ ვისაუბრო თემაზე, რომელმაც დღეს ერთდროულად შემაშფოთა და აღმაფრთოვანა კიდეც.

არადა სულმოუთქმელად ველოდები მოვლენების შემდგომ განვითარებას, ველოდები და მეშინია, ოღონდ სხვანაირად, აი ისე შიშისგან სასიამოვნო ჟრუანტელი რომ გივლის ტანში. დიდი ხანია ასე არაფერს დავლოდებივარ, როგორც წესი ყოველთვის ვიცი ხოლმე რა, როდის და როგორ უნდა მოხდეს, დღეს კი ყველაფერი სხვაგვარადაა, დღეს არაფერი ვიცი, არაფერი ვიცი გარდა იმისა რომ „Amor Vincit Omnia“, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები ჩემთვის.

რა ხდება მაშინ როდესაც სამყარო ფარული შეტყობინებით გამოდის კონტაქტზე?! რა ხდება და ნებდები, აი ასე, უბრალოდ ჯდები სავარძელში და ელოდები როდის გაშიფრავს საკუთარ თავს ახლახანს მიღებული შეტყობინება.

ძვირფასო Caravaggio, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ცხოვრებაში.

Amor Vincit Omnia! ჰოდა, დავნებდეთ!

427px-Amor_Vincet_Omnia