სარეცხი კოსმოსიდან


სანამ ჩემი სარეცხის მანქანა კოსმოსში გასაფრენად ემზადება, მეზობლის ბავშვი პიანინოზე დაკვრას სწავლობს და გულს მიწვრილებს. ათასჯერ გადახვეულ სცენას ათასმეერთედ ვახვევ ტვინში და ახლა უკვე შენელებული კადრის ეფექტით ვუყურებ, კარგად ვიცი, ასე იქამდე მოვიქცევი სანამ აბსოლუტურ გულგრილობას არ ვიგრძნობ და საბოლოოდ არ მოვიბეზრებ.

პარალელურად ვკითხულობ რომ შფოთვითი აშლილობისკენ მიდრეკილი ადამიანები თურმე ხშირად იწიწკნიან ტუჩებს და თითებით ქვედა ტუჩს ვექაჩები. სცენა კი უკვე replay-ზე მაქვს დაყენებული და დასრულებისთანავე თავიდან იწყება.

ამასობაში სარეცხის მანქანა ახალ სიმძლავრეებს რთავს და იუპიტერის წითელ შტორმთან შეხვედრის იმედით, სარეცხის წურვას იწყებს.

მე რომ მკითხო სარეცხის მანქანებს “ნასა” უნდა აწარმოებდეს და გასარეცხად შეყრილი ტანსაცმლის ტრიალის ნაცვლად, მრგვალ ფანჯარაზე პლანეტები უნდა ტრიალებდნენ მზის გარშემო. სიჩქარეებიც პლანეტების მიხედვით უნდა იყოს დალაგებული. ხვალ, იუპიტერის ციკლონებში გატარებულ ტანსაცმელს ჩავიცვამდი და წითელ “პომადას” წავისვამდი (აირის გიგანტის, ყველაზე საყვარელი წითელი ლაქის პატივსაცემად).

მერე, ვენერაზე გარეცხილ კაბებში ჩაცმული გოგოები, მარსზე გარეცხილ წითელ, კუბოკრულ პერანგიან ბიჭებს შეხვდებოდნენ და ახალი წიგნი გამოვიდოდა “ქალები ვენერაზე რეცხავენ ტანსაცმელს, კაცები მარსზე”.

ამასობაში ვესტელის სარეცხის მანქანამ რეცხვა დაასრულა და არსადაც არ გაფრენილა.

Advertisements

წარმოსახვითი მწერები კოსმოსიდან


დივანზე წოლისას, როცა თავში ათასობით ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფიქრი ირევა, მე ისევ წარმოსახვითი მწერების გადაფრენას ველოდები თავზე და ვფიქრობ სავახშმოდ აეროპორტში წავიდე.

არ გამოვა, მგონი ერთადერთი საკვები ობიექტი მხოლოდ საზღვრის გადაკვეთის შემდეგაა და ახლა საზღვარზე გადასვლა-გადმოსვლის მინიმუმ თავი არ მაქვს.

ის, ვიზეც წარმოსახვითი მწერების გადაფრენისას ვფიქრობ, მგონი ჩინეთიდან ჯერ ინდოეთში გადაბარგდა, შემდეგ კი საერთოდ გაუჩინარდა დედამიწიდან და ნასას რომელიღაც მისიას გაყვა კოსმოსში. ახლა ალბათ იოზეა წამოსკუპებული და იქიდან აკვირდება იუპიტერს.

იქნებ მაინც ღირდეს აეროპორტში წასვლა და ყველა ავიაკომპანიის სერვის ცენტრის შემოვლა მარტივი კითხვით – “უახლოესი რეისი როდის გაქვთ იუპიტერზე?” თუ პასუხის ღირსად არ ჩამთვლიან, დათმობაზე წავალ და ვეტყვი: “კარგი, ჯანდაბას, იყოს იო ან კალისტო, ევროპა არ მინდა, მაგრამ თუ სხვა გზა არ გვაქვს, რა გაეწყობა. მეჩქარება, ხომ გესმით?!”

თუ არც ამაზე გამცემენ პასუხს, ვკითხავ: “აქ გემრიელად სად ვივახშმებ?”

ვახშმის შემდეგ, აეროპორტის შესასვლელთან რომელიმე ტაქსის მძღოლს მოველაპარაკები ფასზე და ადგილიდან რომ დავიძვრებით ვკითხავ: “იუპიტერთან ვიზალიბელარიზაციაზე როდის ვიწყებთ მოლაპარაკებას? საინფორმაციო გამოშვებებში რას ამბობენ?

რა მაგის პასუხია და იცით რომ პლუტონი 87 წლის წინ აღმოვაჩინეთ? აღმოვაჩინეთ რა, აღმოაჩინეს და ჩვენ სულ ახლახანს ვიხილეთ როგორ გამოიყურება. გული რომ ახატია იცით?

აეროპორტში სავახშმოდ მოსვლა არ ღირს, ზედმეტად ძვირი და არაფრით გამორჩეული საჭმელი აქვთ. ვერც ბილეთი ვიყიდე.

რა მკითხეთ? დიახ, ახალი გზით გავიდეთ.”