How Can This Be?


მგონი წუხელ ძილის წინ ამეკვიატა ეს სიმღერა. ნუ, უფრო ფრაზა How Can This Be? რომელსაც ტვინში ყველაფრის პარალელურად, მათ შორის ძილის პარალელურად ვღიღინებდი. წარმოდგენა არ მაქვს საიდან გამახსენდა, არა, კი ძალიან ხშირად ვუსმენდი ხოლმე Other Lives-ის სხვა სიმღერებთან ერთად, მაგრამ დიდი ხანია აღარ მომისმენია.

დილითაც რომ ვერ მოვიშორე გონებიდან, შევეცადე გამეხსენებინა რომელი სიმღერა იყო, ისიც კი ვერ გავიხსენე ვინ მღეროდა. ძალიან უცნაურია, თუმცა ჩემი ცხოვრება რატომღაც სულ ძალიან უცნაურია. ალბათ თქვენიც, მაგრამ ახლა ჩემსაზე ვსაუბრობ და ამიტომ არ ვამახვილებ ყურადღებას იმაზე რომ არც ამ “უცნაურობით” გამოვირჩევი დიდად.

ხშირად ვამბობ ხოლმე სერიალის პერსონაჟი ვარ მეთქი, ძალიან მდორედ და უინტერესოდ მიმდინარე სიუჟეტით, მოსაწყენი მთავარი გმირით, თუმცა ბევრი ძალიან კომიკური სიტუაციით.

ჰო, რაღაც დაუმთავრებელი, ურეიტინგო სერიალის მთავარი გმირი ვარ, თუმცა ეს ახლა აქ არაფერ შუაშია. ერთადერთი, რისიც მჯერა ისაა რომ მუსიკალური გაფორმება ყოველთვის ძალიან კარგი მაქვს. ეს ხომ ჩემი წარმოსახვითი ცხოვრების Background Music-აა.

ჰოდა, მერე გამახსენდა ვინ მღეროდა და მოვძებნე ჩემს “ფლეილისთში” და დავაყენე დაუსრულებელ გამეორებაზე, დღეს მეტი არაფრის მოსმენა არ მინდა. მესამე დღეა, ყოველ დილით ერთ სიმღერას ვიჩემებ და მთელი დღე დაუსრულებლად ვუსმენ.

How Can This Be?

არ ვიცი.

სიმღერიდან მხოლოდ ეს ფრაზა მახსოვდა, ამიტომ ეგრევე, სანამ ჩავრთავდი, ტექსტი მოვძებნე. აქამდეც მითქვამს სამყარო უცნაურ შეტყობინებებს გვიგზავნის და მთავარია გაშიფვრა ვისწავლოთ მეთქი. მე სამყარო ძირითადად სიმღერებით მელაპარაკება. ჰო, კარგი, ალბათ თქვენც. ვიცი რომ არც მზე ვარ და არც სამყაროს ცენტრი, ვიცი და არც პრეტენზია მაქვს.

Into the night
We sleep to survive

ძილი ერთადერთია რაც გვშველის, ის ძილი რომელშიც სამყარო სიმღერებს “გვილინკავს” და გვაიძულებს ვიღიღინოთ სიზმრების პარალელურად.

შეტყობინება მიღებულია, სამყაროს ალბათ “seen” უკვე დაეწერა.

How can this be?
Our lives will change
It’s all we ever knew
And at the end of our days
We sit and wait
For things to return
ველოდები ახალ შეტყობინებას, მანამდე კი ვუსმენ ძველს.

||


ყველა იმ პატარა აღმოჩენად ღირს ცხოვრება, რომელიც სულ ცოტა ხნით, მაგრამ მაინც გვაბედნიერებს. აი იმ აღმოჩენებად, რომლების გამოც გვგონია რომ დღე “შედგა“, ასე იყო თუ ისე, შედგა, იმიტომ რომ ის სიმღერა მოვისმინეთ, უახლოესი პერიოდი ჩვენს “საყვარელ სიმღერად“ რომ იქცევა. დიდი ხომ არაფერი? მაგრამ საკმარისია.

მგონია, რომ ყურებში წყნარად, აუღელვებლად მიმდინარე ახალი სიმღერები ცხოვრებას ცოტა ამარტივებს, ამ დროს ხომ ფილმის პერსონაჟი მგონია თავი.

კედელზე გაკრული “სომბრეროს გალაქტიკის“ სურათიც ამ სერიიდანაა, დავხედე და თავი ისე პატარად ვიგრძენი, მივხვდი რომ ჩემი პრობლემები ამ სამყაროსთან მოსატანიც არ იყო და რაღაცნაირად დავმშვიდდი. შეუძლებელია ამხელა სამყაროში ჩემი პრობლემის გადასაჭრელად ერთი გზა მაინც არ მოიძებნოს და თუ არ მოიძებნება დავჯდები და უბრალოდ ვუყურებ, ვუყურებ მანამ, სანამ თავად არ გადაიჭრება, საბოლოო ჯამში, ჩვენი უმოძრაობით სამყაროც ხომ არ ჩერდება.

Mama someday you’ll be so proud of me
You’ll see me hanging in a New York gallery
Someday I’m gonna draw from the left side of my brain
People are gonna ask, “is it brilliant or plain?”

ასეთი მოშვებული არასოდეს ვყოფილვარ, დედამიწა ჩემი სიმღერების რიტმში ტრიალებს, ტრიალებს და თან ჩემ გარშემო, ზუსტად ისე როგორც კამერა იტრიალებდა ახლა ჩემ ირგვლივ, ჩემი ცხოვრება მართლა ფილმი რომ იყოს. ზუსტად ისეთი ფილმი იქნებოდა, მე რომ მიყვარს, არაფერი რომ ხდება, ბევრი ერთფეროვანი სცენა რომაა, კამერა მთავარი გმირის ირგვლივ რომ აკეთებს წრეებს და სასიამოვნო მუსიკა რომ უკრავს.

ოსკარს ნამდვილად არ მომცემდნენ, საოსკარე არც სცენარი მექნებოდა, არც კოსტიუმების დიზაინი და არც რეჟისურა, მაგრამ ისეთი ფილმი იქნებოდა ჩემნაირებს რომ უყვართ, ეს კი საკმარისია.

დღეს ისეთი მარტივი ვარ, ასე მგონია ყველაფერი გაჩერდა და მარტო მე, სომბრეროს გალაქტიკა და little joy დავრჩით.

ზოგჯერ აუცილებელია გავჩერდეთ, დავიჯეროთ რომ ყველაფერმა სხვამ შეწყვიტა არსებობა, მხოლოდ ჩვენ და ჩვენი ყურსასმენები დავრჩით და უცებ, ერთი ხელის მოსმით ყველაფერი გამარტივდა.

არ არსებობს არანაირი მოლოდინი, რომელიც შეიძლება გაგვიცრუვდეს, იმიტომ რომ არ არსებობს არაფერი ამ მომენტის გარდა, მომენტი კი დროში როგორ გამოისახება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

აღარ არსებობს დღეები, რომლებიც 11 აგვისტომდე დარჩა, აღარ არსებობს ასაკი, არც შვებულება, არც სამსახურის ელ.ფოსტაზე მოსული გაწითლებული დავალებები, აღარც იმათ სტკივათ რამე, ვიზეც გული შეგვტკივა, ყველა კარგადაა, ყველა გაჩერდა ჩვენთან ერთად, “ფლეიერზე“ “ფლეი“-ს სამკუთხედ ღილაკს რომ დავაწექით სამყარო მაშინ გადავიდა “პაუზის“ ორხაზიან რეჟიმში, ჰოდა, რახან დავაპაუზეთ, ე.ი. დაგველოდება.

Astronomy-Picture-Of-The-Day-The-Sombrero-Galaxy-From-Hubble2