Go Gentle


თუ ცუდი ან მძიმე დღე გქონდათ.

თუ რამეზე ნერვიულობთ ან უბრალოდ დაიღალეთ.

თუ ახლა ცოტა პოზიტივი გჭირდებათ.

ჩართეთ და იფიქრეთ ადამიანებზე, რომლებიც ყოველთვის will be there for you!

მზესავით სიმღერაა.

Advertisements

იფიქრე ლურჯად


როცა ქვაფენილზე სიარულისას ხაზებს ფეხს არ ვადგამ და გიჟივით მივაბოტებ, ე.ი. კარგად ვარ.

ყველაფერი ერთდროულად ირევა თავში და მაინც მგონია რომ ახლა არაფერზე ფიქრის დროა. ხაზებზე ფეხის არ დადგმის დრო.

შეგიძლია ის იყო რაც გინდა, შეგიძლია ის ისწავლო რაც გინდა, შეგიძლია “სერფერი” იყო ან ზვიგენების ექსპერტი, ან ძილის დარღვევების სპეციალისტი ან რაც გინდა ის.

ჰო, ნუ მომღერალი ვერ იქნები, ხმა არ გაქვს, მაგრამ ვის რად უნდა მომღერლობა?!

ყველაფერი შეგიძლია იყო, შეგიძლია “ლურჯი გონება” გქონდეს და წყალთან ახლოს დაიწყო ცხოვრება.

მზე და წყალი აბედნიერებს, ჰო, ზუსტადაც რომ აბედნიერებს და არა მ-აბედნიერებს. წყალთან ახლოს ყოფნისას ლურჯად ვფიქრობთ და მზისგან შოკოლადივით ვხდებით.

ზოგჯერ ჩვენი საყვარელი ცივი ყავა კატასტროფულად მწარეა, მაგრამ რას დავეძებთ?!

ახალი ქალაქები, შუა ქუჩაში გამოდგმული საზღვრები, მზე, ზღვა, ნავსადგომები, ჩამოსასხმელი ლუდი და აივანი, რომელზეც საღამოობით ვცხოვრობ. მგონი მართლა მოვდუნდი და იმას რაც თბილისშია იმაზე იშვიათად ვიხსენებ ვიდრე მეგონა, იმას კი რაც ერთი წლის წინ იყო, ტვინის ყველაზე მტვრიან თაროებზე ვალაგებ.

რაც არ უნდა იყოს წინ, აუცილებლად იქნება რაღაც კარგი, ისეთი თუ ასეთი, სერფერები გავხდებით თუ ზვიგენების ექსპერტები, ბიოლოგები ვიქნებით თუ ისევ შეთქმულების თეორიებს მივაწვებით, იუპიტერზე წავალთ თუ დედამიწაზე დავრჩებით, ისევ უცხოპლანეტელად ვიგრძნობთ თავს ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების მეგობრებში თუ ადგილობრივებად.. რაღაც იქნება, რაღაც კარგი!

26.08.2017

იუპიტერობიდან COROT-7b-მდე


სანამ ცხოვრების იუპიტერზე გაგრძელებას გადაწყვეტთ და შეხვედრისთვის ამ წითელ ლაქიან გიგანტს შეარჩევთ, დაფიქრდით თავი შემთხვევით COROT-7b-ზე არ ამოყოთ.

ისევ საკუთარი თავის დაპატარავებას ვცდილობ და დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებ სამყაროს გრანდიოზულობის აღსაქმელად, საკუთარი არარაობის კარგად გასააზრებლად, იმ არარაობის, ზოგჯერ სამყარო რომ მგონია, რომლის ღმერთიც მე ვარ.

სანამ ნასა კოსმოსში სამოთხეს ეძებს და ჯოჯოხეთებს პოულობს, მე თავი დიდი ვინმე მგონია და ვფიქრობ როგორი მნიშვნელოვანი ვარ ჩემი პრობლემებიანად.

პრობლემები COROT-7b-ს, ცხელ იუპიტერებს და ამ იუპიტერების სისტემაში მოძრავ სხვა პლანეტებს აქვთ, რომლებსაც ჯოჯოხეთად საბოლოოდ ფორმირებამდე მოისვრიან იუპიტერები ორბიტის შეცვლისას, მოისვრიან კოსმოსში და სამუდამო წყვდიადში უკრავენ თავს.

ცხელ იუპიტერებს ეგოიზმი ღუპავთ, მზისკენ ეგოისტური სწრაფვისას გზიდან ისე იშორებენ სხვებს, დიდად არ აღელვებთ. არადა, მზესთან მიახლოვება ღუპავს და ერთ დროს აირის გიგანტებს, მზეზე მიჯაჭვულ, ქვიან, მომცრო პლანეტებად აქცევს, ფიქსირებულ პლანეტებად, რომლებსაც ერთი მხარე მუდმივად მზისგან ეწვით და მეორე მხარეს მუდმივი წყვდიადია.

ხომ იცი karma is a bitch, ჰოდა, თუ მზისკენ მიმავალ გზაზე სხვებს, სამყაროს ყველაზე ბნელ და უმზეო კუნჭულებში მოისვრი, ბოლოს აუცილებლად დაიწვები და ცხელი იუპიტერის ნაცვლად COROT-7b გახდები, ჯოჯოხეთის მეცნიერული სინონიმი.

Corot-7b

 

 

ისევ ამოვა მზე


როცა საკუთარი მდგომარეობის გამოსახატად სიტყვებს ვერ ვპოულობთ, სიტყვები გვპოულობენ ჩვენ. ჰო, ეს ნამდვილად გავს მთისა და მუჰამედის ამბავს, მაგრამ ახლა არც მუჰამედი მაინტერესებს და არც მთა, არც ის მაინტერესებს ვინ ვისთან მივიდა და ვინ გადადგა პირველი ნაბიჯი.

ახლა არ ვიცი რას ველოდები, ახლა არ ვიცი რა მიხარია.

ერთი შეხედვით ხომ მარტივი სათქმელია, არადა, გუშინ მთელი დღე ვფიქრობდი როგორ უნდა მეთქვა, ვერაფერი მოვიფიქრე, მანამ სანამ შემთხვევით ტაქსიში არ მომესმა. ზოგჯერ, ჩვენ შესახებ, ჩვენზე უკეთ სხვები საუბრობენ.

როგორ ძალიანაც არ უნდა გვინდოდეს ყველა ჩვენი განცდა იყოს უნიკალური, განსხვავებული და მხოლოდ ჩვენი, ასე არასოდეს მოხდება. საბოლოო ჯამში ერთმანეთისგან დიდად არ განვსხვავდებით და ეს ალბათ ცუდი არაა, ცუდი არაა იმიტომ რომ გაზიარების შესაძლებლობას იძლევა, იმიტომ რომ პროგნოზის საშუალებას გვაძლევს, იმიტომ რომ ზოგჯერ მაინც შეგვიძლია სხვისი სიტყვებით ვილაპარაკოთ.

როგორ ძალიანაც არ უნდა გვინდოდეს დავიჯეროთ რომ ჩვენთან ყველაფერი განსხვავებულად იქნება, რომ ჩვენ სხვა დასასრულამდე მივალთ, ჩვენ სხვანაირად გადავიტანთ, სხვანაირად გაგვიხარდება ან სხვანაირად აღარ გაგვიხარდება. ფინიში, ფინიშია.

ყველაზე უცნაურია განცდა, როცა ვერ იგებ რას ან რაღას ელოდები და არ იცი რა გიხარია ან რა უნდა გიხაროდეს.

ისევ ამოვა მზე.

ზოგჯერ ცუდია როცა მზის ამოსვლის გარდაუვალობას იაზრებ.

დღეს ყველაფერი კარგად იქნება.

ყველაზე მეტად მეყალბებოდა ხოლმე ეს ფრაზა, ახლა აღარ, ბევრი რამ შეიცვალა. იცი რატომ აღარ მეყალბება? იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ყველაფერი კარგად იქნება და რაღაცნაირად, სადღაც, გაუაზრებლად არ მინდა. სწორედ ამიტომ მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფრის მჯერა რაც არ მინდა.

ჰო, აი საბოლოოდ აღმოვაჩინეთ რა გვჭირს ფინიკი, ყველაფრის გვჯერა რისიც გვეშინია, რაც არ გვინდა. ჰოდა, სანამ ასე ვიქნებით “ყველაფერი კარგად იქნება” და “ისევ ამოვა მზე”. ამ ზამთარსაც გადავიტანთ ფინიკი.

საინტერესოა, პოსტი, რომლის სათაურიც უკიდურესად პოზიტიური და ოპტიმისტურია, ყველაზე პესიმისტური გამომივიდა.

მიყვარს ასე შემთხვევით აღმოჩენილი სიმღერები.

ჩილე და ჩინეთი იუპიტერზე


ახლა როცა დივანზე წოლისას წარმოსახვითი მწერები დამტრიალებენ თავზე, შენ ჩინეთში ხარ.

ასეა, როცა ჩილე არ გამოდის, გამოდის ჩინეთი. ჩინეთში არავინ გყავს, არც მე ვიცნობ მანდ ვინმეს. ალბათ გაუკვირდათ შენი ჩასვლა, უვიზოდ და დაუპატიჟებლად ჩაადგებოდი შენი ამბავი რომ ვიცი.

საინტერესო მუსიკა ექნებათ, ისეთი არა, მე რომ მიგზავნის ხოლმე სამყარო დილაობით. ჰო, მასეთ წყობებს საინტერესო და იდეოლოგიიდან გამომდინარე დატვირთული მუსიკა აქვთ ხოლმე.

ახლა ალბათ ყურსასმენებით დაბოდიალობ ჩინეთის რომელიღაც ქალაქის ქუჩებში და გეუცნაურება რომ არავინ გიცნობს. კარგია ხომ? შენი სახელიც რომ არავინ იცის. ჰო, კარგი უნდა იყოს, არც მოგონილი მწერების გაბმული წუილი შეგაწუხებს სიმღერებს შორის. მწერებს ისინი იგონებენ ვინც ჯერ ვერც ჩინეთში წავიდა და ვერც ჩილეში.

როცა წავალ გეტყვი “შენ ერთ მხარეს, მე მეორე მხარეს.” ადრე ვწერდი მუმბაი უფრო შორსაა ვიდრე ბარსელონა მეთქი, როცა მუმბაის ბილეთებზე ფიქრისას, ბარსელონას ბილეთებს ვეძებდი. ახლა გეტყვი, რომ ჩილე უფრო შორსაა ვიდრე ჩინეთი და ჭირსაც წაუღია ბარსელონა, ვიღაცების მუმბაისთან ერთად.

ჩილეში რომ წავალ წერილს ესპანურად მოგწერ, შენ ჩინურად მიპასუხე, რომ გკითხო “აჰ, თქვენ ჩინურიც იცით ბატონო?“. გეგონება ვიცოდე კიდევ რა ენებზე წერ და საუბრობ. ჰო, არაფერი ვიცი, ისიც კი ვერ გამიგია ახლა თავზე რომ გადამიფრინა ის მწერიც მოგონილი იყო თუ ნამდვილი. ჯანდაბას! როცა ფრენები იაფი იქნება იუპიტერზე შევხვდეთ. ახლა არ მკითხო რატომ იუპიტერზეო, მზეზე ცხელა და იმიტომ!

რეცეპტი


სინამდვილეში ბედნიერებისთვის ძალიან ცოტა რამ მჭირდება.
ყოველთვის ასე იყო, მიუხედავად სურვილების მრავალფეროვნებისა, უმარტივესი მოვლენები, უმნიშვნელო დეტალებიც კი მიცვლის განწყობას. ეს პირველად მაშინ აღმოვაჩინე, როდესაც საკუთარ თავს აღიარებითი ჩვენების დაწერა მივუსაჯე. რეალურად ყველაზე რთული ამ დეტალების გამოვლენაა, კარგად ყოფნისას ნაკლებად დაკვირვებული ვხდები და წერის ხასიათზე ხომ საერთოდ არასდროს ვარ. შესაბამისად, ზეპირად ვიცი რა დროს და რა მიზეზებით ვარ ცუდად, ბედნიერებისთვის კი რა მჭირდება ყოველთვის ბურუსითაა მოცული და ძირითადად საზოგადოდ აღიარებულ, დაშტამპულ ჭეშმარიტებებს ღაღადებს. კარგად ყოფნაც ზუსტად ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც ცუდად ყოფნა (ტოლსტოი ცდებოდა, ბედნიერების მსგავსებასა და უბედურების განსხვავებულობაში).
ცოტა მზე, ცოტა ცურვა, კარგი მუსიკა და 100 გრამი ვისკი (ყინულის გარეშე). რეცეპტების ჟურნალში უნდა ჩავიწერო.

image