მოგონილი ალერგია


ვზივარ ტელევიზორის შუქით განათებულ ოთახში, წყვეტილად ვფიქრობ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, ვიაზრებ რომ დღეს მთვრალი არ ვარ (სადღაც მგონია რომ ეს კარგია, თუმცა დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი) და ვფიქრობ ეს ყველაფერი მართლა ხდება თუ მესიზმრება.

საკუთარ ოთახზე ალერგია მაქვს, ოღონდ ყოველგვარი გადატანითი მნიშვნელობის გარეშე. საკმარისია გადაბმულად რამდენიმე საათს გავჩერდე ჩემს ოთახში და თვალების წვა, ცრემლდენა და ცემინება მეწყება. იქნებ ნიშანია?!

ისევ სხვა რამეზე უნდა ვიფიქრო! პრინციპში, დიდი წვალება არ მჭირდება, ვუბრუნდები ფიქრებს ჩემი ახალი “მე”-ს აბსოლუტურ მიუღებლობაზე და გადაჭრით ვამბობ “სიმთვრალე ჯობდა!”

მოდი ისევ წრეზე წავიდეთ, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ამ მოვლენებზე ჩვენს საპასუხო რეაქციაზე ვიფიქროთ. ცოტა ხანს გაუნძრევლად შევყურებ კედელს, ბოლოს წყვეტილ ფიქრებს ვალაგებ და ხმამაღლა (ისე რომ ტელევიზორის ხმას ვფარავ) ვამბობ: “მგონი გავგიჟდი!”

Advertisements