Goodnight Moon


არსებობენ ადამიანები რომლების შეცოდებაც მჭირდება. ეს არანაირად არაა დაკავშირებული იმასთან, ეს ადამიანები რეალურად, ობიექტურ სიბრტყეზე იწვევენ თუ არა ასეთ განცდას (ხშირად პირიქითაა ხოლმე).

წუხელ არეულმა დავიძინე. ეს ნაწილობრივ შეიძლება იმის ბრალიც იყოს, რომ უსაზღვროდ დაღლილი და მზისგან დამწვარი დავბრუნდი უკვე გადაჩვეულ სივრცეში. მთელი დღე მწველი მზის გულზე ჯდომასაც თავის როლი უნდა ეთამაშა, თუმცა გარემოებათა ერთობლიობაა ხოლმე სწორედ ის, რაც საბოლოო ჯამში ქმნის კონკრეტულ შედეგს. მოცემულ შემთხვევაში კი უძილო ღამეს.

ღამე რთული იყო, არეული ვფიქრობდი და დამწვრობისგან გავარვარებულ სახეზე ცივ საფენებს ვიდებდი. პარალელურ რეჟიმში კი მეფიქრებოდა „ძვირფასო D12.5, ეს რა მოგსვლია?!“ (როგორ ყალბად ჟღერს ეს „ძვირფასო“).

ჰოდა, რა მოგსვლია?

არაფერ პოზიტიურს აღარ ასხივებ, შენგან რეალურად არაფერი დარჩა. რაღაც ახალ მასად იქეცი, რომელიც ისეთი უფერულია, დაინახავ და მაშინვე დაგავიწყდება.

საერთოდაც უკვე ეჭვი მეპარება იმაში რომ მართლა არსებობდი ისეთი ფორმით, როგორი ფორმითაც მე „გიცნობდი“ და მახსოვხარ. შეიძლება მე მჭირდა რაღაც და შენთან ყველაფერი ძველებურადაა. როგორც ცნობილია, ზოგადად არ მიჭირს ხოლმე რაღაცების და ვიღაცების გამოგონება და შემდეგ მათთვის, რეალურის დარქმევა. ჰოდა, თუ ეს ყველაფერი, ანუ ადრინდელი შენ, ჩემი მოგონილი იყო და გუშინ რეალობა დავინახე, ე.ი. მე მოგკალი, იმ ფორმით, რა ფორმითაც აქამდე ცოცხლობდი და შენს ნამდვილ სახესთან გაგათანაბრე. აქაურ ენაზე რომ ვთქვათ, D12.5-ს ქვეშ არსებული hyperlink, რომელზეც შენი მოგონილი სურათი მქონდა მიბმული, რეალურით ჩავანაცვლე და დამთავრდა.

ყველაფერს აქვს ლოგიკური დასასრული და ეს D12.5-ს დასასრულია, ვინაიდან მის უკან, უკვე ძალიან რეალური და არაფრით გამორჩეული ადამიანი დგას, აქაურობისთვის სრულიად შეუფერებელი, ის ვისაც არ ვიცნობ, გამარჯობასაც არ ვეტყვი და საერთოდ ვინაა ამის თქმაც კი გამიჭირდება.

ერთ დღეს, რამდენიმე საათიანი დაშორებით მოკვდით შენ და ნელი. ძალიან არ მინდოდა, აქ სადმე ნელი მომეხსენიებინა, მაგრამ ვინაიდან განუყოფელი და ერთი მთლიანი მოვლენის ნაწილად იქეცით გუშინ, სხვაგვარად არ გამოვა. წესით ჩემი კოჭლი მაცნე უნდა გამოჩენილიყო მანამდე, წინასწარ რომ შევმზადებულიყავი, მაგრამ იმდენი ხანია აღარსად მინახავს, არც კი ვიცი ცოცხალია თუ არა.

ერთი ასეთი მკვდარი უკვე გვყავს აქ, კოდური დასახელებით ორემათე. ასეა თუ ისე ყველაფერი მთავრდება, მათ შორის მანიაკებისთვისაც.

პ.ს. ეს პირველი პოსტია სადაც თეგებში ერთდროულად არიან D12.5, ნელი, კოჭლი და ორემათე. ყველაფერი ხდება.

ბრუნი


ზაფხული კვამლივით დაიკლაკნება ჩემ ირგვლივ, მხურვალე ტუჩები მოაქვს ყურთან და მეუბნება რომ „მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა“.

ნაბიჯებში დღეებს გულისხმობს, უკუღმა ათვლა დაიწყო, სულ ცოტაც და „სტარტ“–ზე ვიქნებით.

რამდენიმე დღეა იღბალი არსად შემხვედრია. ალბათ ავცდით ერთმანეთს, ან მე გამოვედი ზედმეტად გვიან, ან ის გავიდა ზედმეტად ადრე. პირველად ჩემ დაბადების დღეზე გამოჩნდა, მოტეხილი ფეხით, მთვრალ მდგომარეობაში გადავეყარეთ ერთმანეთს, მაშინ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მხოლოდ გავიფიქრე მეცნობა მეთქი. იმ დღეს ბედნიერი ვიყავი, თუმცა დამავიწყდა რომ ჩემი ბედნიერების მაცნე კოჭლია, რომ სიმთვრალეში მეორე სართულიდან გადავარდა, თუმცა იღბლიანი იყო და გადარჩა, შემდეგ ჩემი ბედნიერების მაცნე გახდა და ჯოხი გადააგდო.

ნაბიჯები ვახსენე, მას შემდეგ რაც 00:00 საათი ოფიციალურად შესრულდა და 3 ივლისი დადგა, ყოველი ახალი წამი დანიშნულების პუნქტთან მაახლოვებს, სულ ცოტაც და მყარად დავდგები, წინსვლას შევწყვეტ და გავიყინები.

თავი უკან მაქვს გადახრილი და გაშლილი ხელებით ვტრიალებ, ბრუნებს ვაკეთებ და ყოველ წერტილს თავიდან ვუბრუნდები, ემოციებიც ისე ცოცხლდება თითქოს არასდროს გამნელებია. წარმოიდგინე მთელ ცხოვრებას ერთ ადგილზე რომ ატარებდე, ბრუნავდე დაუსურლებლად და ამასობაში კედლები იცვლებოდეს, ახალი ფერები, ნახატები, სურათები, დეტალები ჩნდებოდეს, ცვლილებებს ეძახდე მაგრამ მაინც იმავე ადგილზე ტრიალებდე სადაც პირველად დადექი და ნელა აიღე „სტარტი“, ნიადაგი მოსინჯე და შემდეგ სისწრაფეს მოუმატე. ერთხელ თუ დაიწყე ვეღარ გაჩერდები, რომც გაჩერდე ყველაფერი მაინც განაგრძობს ტრიალს და გულის რევის სპაზმს გაგძნობინებს.

დღეს მე და იღბალი ვერ შევხვდით ერთმანეთს, მე მისი სახლის კარები ვიცი და საღამოს უნდა ვესტუმრო, თუ სხვა გამიღებს უნდა ვთხოვო დაუძახონ, სახელს თუ მკითხავენ ოდნავ გავწითლდები და ვეტყვი რომ არ ვიცი, იმედი მაქვს პასუხად გამიღიმებენ და ცხვირწინ არ მომიხურავენ კარებს, დღეს ყველაზე მეტად მჭირდება ბედნიერების მაცნე, დანიშნულების პუნქტთან პირისპირ აღმოჩენამდე აუცილებლად უნდა ვნახო. ხელოვნურად, წინასწარი განზრახვით არასოდეს შევხვედრივართ ერთმანეთს, ალბათ ამით გაუფასურების განაჩენი გამომაქვს, ვაუფასურებ და თავად არ იცის.

მორიგ ბრუნამდე რჩება საათები.