იფიქრე ლურჯად


როცა ქვაფენილზე სიარულისას ხაზებს ფეხს არ ვადგამ და გიჟივით მივაბოტებ, ე.ი. კარგად ვარ.

ყველაფერი ერთდროულად ირევა თავში და მაინც მგონია რომ ახლა არაფერზე ფიქრის დროა. ხაზებზე ფეხის არ დადგმის დრო.

შეგიძლია ის იყო რაც გინდა, შეგიძლია ის ისწავლო რაც გინდა, შეგიძლია “სერფერი” იყო ან ზვიგენების ექსპერტი, ან ძილის დარღვევების სპეციალისტი ან რაც გინდა ის.

ჰო, ნუ მომღერალი ვერ იქნები, ხმა არ გაქვს, მაგრამ ვის რად უნდა მომღერლობა?!

ყველაფერი შეგიძლია იყო, შეგიძლია “ლურჯი გონება” გქონდეს და წყალთან ახლოს დაიწყო ცხოვრება.

მზე და წყალი აბედნიერებს, ჰო, ზუსტადაც რომ აბედნიერებს და არა მ-აბედნიერებს. წყალთან ახლოს ყოფნისას ლურჯად ვფიქრობთ და მზისგან შოკოლადივით ვხდებით.

ზოგჯერ ჩვენი საყვარელი ცივი ყავა კატასტროფულად მწარეა, მაგრამ რას დავეძებთ?!

ახალი ქალაქები, შუა ქუჩაში გამოდგმული საზღვრები, მზე, ზღვა, ნავსადგომები, ჩამოსასხმელი ლუდი და აივანი, რომელზეც საღამოობით ვცხოვრობ. მგონი მართლა მოვდუნდი და იმას რაც თბილისშია იმაზე იშვიათად ვიხსენებ ვიდრე მეგონა, იმას კი რაც ერთი წლის წინ იყო, ტვინის ყველაზე მტვრიან თაროებზე ვალაგებ.

რაც არ უნდა იყოს წინ, აუცილებლად იქნება რაღაც კარგი, ისეთი თუ ასეთი, სერფერები გავხდებით თუ ზვიგენების ექსპერტები, ბიოლოგები ვიქნებით თუ ისევ შეთქმულების თეორიებს მივაწვებით, იუპიტერზე წავალთ თუ დედამიწაზე დავრჩებით, ისევ უცხოპლანეტელად ვიგრძნობთ თავს ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების მეგობრებში თუ ადგილობრივებად.. რაღაც იქნება, რაღაც კარგი!

26.08.2017
Advertisements

Happy Cyprus Days


ახალი ადგილები მაბედნიერებს. ხალხმრავალ ადგილებში ვიკარგები და მუსიკის ხმა ფარავს ყველა იმ ფიქრს, რომელიც თბილისში დატოვებული საკითხების მოგვარების გეგმის შედგენისკენ მექაჩება. ახლა ამის დრო არაა!

ზღვა, მზე და აგვისტო, ძალიან მარტივია ბედნიერების ფორმულისთვის, მაგრამ გულწრფელად მეტი არაფერი მჭირდება.

ზუსტად ერთი წლის წინ ყველაზე საშინელი დღე გათენდა, დღე, რომლის გამოც გადავწყვიტე აგვისტოს შეზიზღება და ვერ შევძელი. აგვისტო, აგვისტოა! რა გინდა რომ ქნა?! მე ზაფხულის, მზის, ზღვის და აგვისტოს გოგო ვარ.

რა გვიხდება? “ზაგარი”? გახდომა? ფერადი კაბები? არა, ბედნიერება გვიხდება.

წელს ბედნიერება კვიპროსის ბევრ მზეში, ეგზოტიკურ პლაჟებსა და ზღვის პროდუქტებშია.

In My Life


ახალი პოსტის დასაწერად ახალ ფანჯარას რომ ვხსნი, ვორდპრესი მწერს “share your story”-ო და მელოდება.

დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ, სამყარო ისევ გამოდის კონტაქტზე და შეტყობინებას მიგზავნის. გახსნას არ ვჩქარობ, საღამოს ვწერ: მახსოვს.

დროთა განმავლობაში ყველაფერი მარტივდება. წარსულში დაგეგმილი და წარმოდგენილი მოგონებების სიმძაფრე, აწმყოში მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეს არც კარგია და არც ცუდი, ეს იმ ოპერიდანაა როცა ვფიქრობთ როგორი ცუდია ის რომ “ყველაფერი კარგად იქნება”.

თუ პოზიტიური გარემო გვინდა პირველებმა ჩვენ უნდა გავიღიმოთ, სიარულის დროს საკუთარი ნაბიჯების თვლის ნაცვლად წინ უნდა ვიყუროთ, კი, გვერდებზე გახედვაც შეიძლება, ყუთებიდან უნდა გამოვიდეთ. უმიზეზოდ უნდა ვუყიდოთ ადამიანებს საჩუქრები (რაც უნდათ ის იფიქრონ!), ხშირად უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ გაცემული ემოციები ბუმერანგივით გვიბრუნდება. ჰო, კაი, ყოველთვის არა, მაგრამ როცა ასე არ ხდება, გვგონია რომ ყველა გაგიჟდა და ისევ ნაბიჯების თვლას ვიწყებთ.

შარშან აღმოვაჩინე რომ ჩემი გალაქტიკის მიღმა კიდევ უამრავი გალაქტიკაა, სადაც თქვენ წარმოიდგინეთ სიცოცხლე არსებობს. სიცოცხლის განსხვავებულ ფორმებთან ურთიერთობისას ვერასოდეს ვიგებთ უცხოპლანეტელები ჩვენ ვართ თუ ისინი. მაგრამ სტატუსს რა მნიშვნელობა აქვს?!

ერთი წელი ხდება რაც მონატრებულ დედამიწას დავუბრუნდი და თავი ისევ საკუთარ ნაჭუჭში ვიგრძენი.

კარგია იქ ყოფნა, სადაც ჰაერიც გვემსუბუქება, უნიჭოდ შესრულებული სიმღერებიც, წყალიც და ადამიანებიც, სადაც 70 წლამდე ასაკის წყვილებიც ხელჩაკიდებული დადიან და მხოლოდ იმისთვის ჩერდებიან რომ ერთმანეთს აკოცონ.

ესეც სამყაროსგან მიღებული ახალი შეტყობინება:

Hello Cyprus!


ახლა, როცა ჩემი აივნის ქვეშ ბარში, ვიღაც ქალი “despacito”-ს საშინლად უნიჭოდ მღერის, მე ცივ ყავას ვსვამ, სიგარეტს ნელა და აუღელვებლად ვეწევი, სველი თმა ნელ-ნელა მიხუჭუჭდება, გზის გადაღმა ზღვაა და ცხოვრება შემაშფოთებლად მაგრად ასწორებს.

ვხვდები როგორ მომენატრა ეს ყველაფერი და თურმე როგორ საშინლად მჭირდებოდა დასვენება.

ვხვდები როგორი “გარეკილი” მქონდა ბოლო პერიოდში, აი, თვითმფრინავში ჩაჯდომამდე, სულ, სულ ბოლო წუთამდე ნამდვილი გიჟი ვიყავი და მხოლოდ იმ მომენტში დავიწყე გონზე მოსვლა, აფრენისას ღრმად რომ ჩავისუნთქე.

ასეთ მომენტებში მჯერა რომ ყველაფერი მაგრად იქნება, რომ ცხოვრება ბევრად მეტი რაღაცისგან შედგება ვიდრე ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაა, რომ ამ ყოველდღიურობისთვისაა აუცილებელი ვხვდებოდეთ რა მაგარია ცხოვრება და თუ ყველაფერი მაგრად არ იქნება ხვალ, მზის სისტემის იქით განუსაზღვრელად ბევრი ადგილია სადაც უკეთესად ვიქნებით.

დღეს კარგია და ხვალ რამე იქნება.. და თუ არც იქნება, fuck it all!

Hello Cyprus!