იფიქრე ლურჯად


როცა ქვაფენილზე სიარულისას ხაზებს ფეხს არ ვადგამ და გიჟივით მივაბოტებ, ე.ი. კარგად ვარ.

ყველაფერი ერთდროულად ირევა თავში და მაინც მგონია რომ ახლა არაფერზე ფიქრის დროა. ხაზებზე ფეხის არ დადგმის დრო.

შეგიძლია ის იყო რაც გინდა, შეგიძლია ის ისწავლო რაც გინდა, შეგიძლია “სერფერი” იყო ან ზვიგენების ექსპერტი, ან ძილის დარღვევების სპეციალისტი ან რაც გინდა ის.

ჰო, ნუ მომღერალი ვერ იქნები, ხმა არ გაქვს, მაგრამ ვის რად უნდა მომღერლობა?!

ყველაფერი შეგიძლია იყო, შეგიძლია “ლურჯი გონება” გქონდეს და წყალთან ახლოს დაიწყო ცხოვრება.

მზე და წყალი აბედნიერებს, ჰო, ზუსტადაც რომ აბედნიერებს და არა მ-აბედნიერებს. წყალთან ახლოს ყოფნისას ლურჯად ვფიქრობთ და მზისგან შოკოლადივით ვხდებით.

ზოგჯერ ჩვენი საყვარელი ცივი ყავა კატასტროფულად მწარეა, მაგრამ რას დავეძებთ?!

ახალი ქალაქები, შუა ქუჩაში გამოდგმული საზღვრები, მზე, ზღვა, ნავსადგომები, ჩამოსასხმელი ლუდი და აივანი, რომელზეც საღამოობით ვცხოვრობ. მგონი მართლა მოვდუნდი და იმას რაც თბილისშია იმაზე იშვიათად ვიხსენებ ვიდრე მეგონა, იმას კი რაც ერთი წლის წინ იყო, ტვინის ყველაზე მტვრიან თაროებზე ვალაგებ.

რაც არ უნდა იყოს წინ, აუცილებლად იქნება რაღაც კარგი, ისეთი თუ ასეთი, სერფერები გავხდებით თუ ზვიგენების ექსპერტები, ბიოლოგები ვიქნებით თუ ისევ შეთქმულების თეორიებს მივაწვებით, იუპიტერზე წავალთ თუ დედამიწაზე დავრჩებით, ისევ უცხოპლანეტელად ვიგრძნობთ თავს ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების მეგობრებში თუ ადგილობრივებად.. რაღაც იქნება, რაღაც კარგი!

26.08.2017
Advertisements

Happy Cyprus Days


ახალი ადგილები მაბედნიერებს. ხალხმრავალ ადგილებში ვიკარგები და მუსიკის ხმა ფარავს ყველა იმ ფიქრს, რომელიც თბილისში დატოვებული საკითხების მოგვარების გეგმის შედგენისკენ მექაჩება. ახლა ამის დრო არაა!

ზღვა, მზე და აგვისტო, ძალიან მარტივია ბედნიერების ფორმულისთვის, მაგრამ გულწრფელად მეტი არაფერი მჭირდება.

ზუსტად ერთი წლის წინ ყველაზე საშინელი დღე გათენდა, დღე, რომლის გამოც გადავწყვიტე აგვისტოს შეზიზღება და ვერ შევძელი. აგვისტო, აგვისტოა! რა გინდა რომ ქნა?! მე ზაფხულის, მზის, ზღვის და აგვისტოს გოგო ვარ.

რა გვიხდება? “ზაგარი”? გახდომა? ფერადი კაბები? არა, ბედნიერება გვიხდება.

წელს ბედნიერება კვიპროსის ბევრ მზეში, ეგზოტიკურ პლაჟებსა და ზღვის პროდუქტებშია.

Hello Cyprus!


ახლა, როცა ჩემი აივნის ქვეშ ბარში, ვიღაც ქალი “despacito”-ს საშინლად უნიჭოდ მღერის, მე ცივ ყავას ვსვამ, სიგარეტს ნელა და აუღელვებლად ვეწევი, სველი თმა ნელ-ნელა მიხუჭუჭდება, გზის გადაღმა ზღვაა და ცხოვრება შემაშფოთებლად მაგრად ასწორებს.

ვხვდები როგორ მომენატრა ეს ყველაფერი და თურმე როგორ საშინლად მჭირდებოდა დასვენება.

ვხვდები როგორი “გარეკილი” მქონდა ბოლო პერიოდში, აი, თვითმფრინავში ჩაჯდომამდე, სულ, სულ ბოლო წუთამდე ნამდვილი გიჟი ვიყავი და მხოლოდ იმ მომენტში დავიწყე გონზე მოსვლა, აფრენისას ღრმად რომ ჩავისუნთქე.

ასეთ მომენტებში მჯერა რომ ყველაფერი მაგრად იქნება, რომ ცხოვრება ბევრად მეტი რაღაცისგან შედგება ვიდრე ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაა, რომ ამ ყოველდღიურობისთვისაა აუცილებელი ვხვდებოდეთ რა მაგარია ცხოვრება და თუ ყველაფერი მაგრად არ იქნება ხვალ, მზის სისტემის იქით განუსაზღვრელად ბევრი ადგილია სადაც უკეთესად ვიქნებით.

დღეს კარგია და ხვალ რამე იქნება.. და თუ არც იქნება, fuck it all!

Hello Cyprus!

დრელის ხმა ზემოდან


ახლა ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც წიგნების კითხვისას და ფილმების ყურებისას წარმომედგინა რომ იქნებოდა. არა, იმას კი არ ვამბობ რომ ოდესმე ასეთი დროის დადგომა მინატრია ანაც დამიშვია, მაგრამ წარმოდგენით ბევრჯერ წარმომიდგენია.

ახლა ზუსტად არ ვიცი რომელი საათია და შეხედვა მეზარება, მიუხედავად იმისა რომ ეს მზერის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანას მოითხოვს მხოლოდ, არც ის ვიცი რა დღეა და ზუსტად იმასაც ვერ ვიხსენებ რა რიცხვია. დროსა და სივრცეში გაუჩინარებულივით ვგრძნობ თავს და მინდა დამივიწყოს იმ ცხოვრებამ, რომლისგანაც პატარა პაუზა მაქვს აღებული.

ნაცრისფერი ამინდია, მე ემბრიონის პოზაში ვწევარ საწოლში და გარკვეული პერიოდულობით ვახელ თვალებს. გამჭვირვალე ფარდის მიღმა, აივნის კუნჭულიდან ზღვა მოჩანს, ზღვის თვალუწვდენელი ჰორიზონტი. ადგომა არ მინდა, არც ფიქრი მინდა და არც კითხვა, მუსიკის ხმაც კი მაწუხებს როცა ვცდილობ მის მოსმენას. მინდა იმ მდუმარებაში ჩავიძირო, რომელსაც ალაგ-ალაგ ზედა სართულიდან მომავალი დრელის ხმა არღვევს. ეს ხმაც ჰარმონიულად ერწყმის ჩემს განწყობას და როგორც ყოველთვის, ახლაც თავი ფილმის პერსონაჟი მგონია. იცი როგორი ფილმის? როგორიც Lost in Translation-აა.

მიყვარს სასტუმროები, ასეთ დროს ყველაზე მეტად ვიკმაყოფილებ გაქცევისა და გადაკარგვის ჟინს.

ფიქრები ერთმანეთს ისე ენაცვლებიან, საბოლოოდ ვხვდები რომ არაფერზე ვფიქრობ, მხოლოდ ვგრძნობ ფიქრის პროცესს, რომელიც ერთნაირია, ფიქრების შინაარსის მიუხედავად. ვგრძნობ რომ ყველაფერი მიდის ერთ ფიქრამდე, კულმინაციას აღწევს და საწოლში გვერდს მაცვლევინებს.

ეს ის სიმშვიდეა, რომლის დადგომაც არა ერთხელ ყოფილა ჩემი წარმოსახვის ნაყოფი. ის სიმშვიდეა, რომელშიც ისე იძირები, სხეულის მასისგან ხელის გაბუჟებასაც ვერ გრძნობ. მძიმედ ვდევარ საწოლზე და ბალიშზე მიკვრისგან ამოწეული ლოყა თვალს მიხუჭავს, ამიტომ ცალი თვალით გავყურებ გარედან შემომავალი დღის ნაცრისფერ სინათლეს.

მარტოობისნაირი შვება არაფერს მოაქვს, ასეთ დროს, ზუსტად ისე ვიკარგები სამყაროში, როგორც წარმომედგინა.

საკუთარი სხეულის საწოლზე ასე მიგდება იმის აღიარებას ნიშნავს, რომ აუცილებელია საკუთარი თავისთვის მწუხარების უფლების მიცემა. მშვიდი და აბსოლუტურად უემოციო მწუხარების.

ახლა ფიქრებზე კონტროლის დამყარების დრო არ არის, ახლა ფინიკის დიქტატორული რეჟიმის ჩამოშლის დროა, დრო როცა ფიქრები თავისას მიერეკებიან და მე ვნებდები.

მონატრების განცდაც სადღაც გაუჩინარდა, ყველაფრის გამორკვევის სურვილი ბალიშის ქვეშ ამოვდე და ემბრიონის პოზაში მწოლიარემ, გვერდზე ის მარტოობა მივიწვინე, რომელსაც დაჟინებით უარვყოფდი.

გამარჯობა ამღვრეულო


-ისევ შევხვდით ერთმანეთს! – მინდა ვუთხრა და გაბუტულივით ავარიდო თვალი.

ვერაფერს ვეუბნები. ამღვრეულია და ღელავს. მერე რა რომ ამინდი გამოვიდა?! გუშინ წვიმდა, 2 დღის წინაც, მზის აღქმა ვერ მოასწრო ისე წამოვადექი თავზე. დამპატიჟა? მეტი დარდი არ ჰქონდა! დაუპატიჟებლად ჩამოვჩაქჩაქდი. ჰოდა, როგორც ჩამოვჩაქჩაქდი, ისე წავჩაქაჩაქდები!

-არადა ასახსნელი ბევრი გაქვს! – ოდნავ ნაწყენი ტონით ვეუბნები მე.

მეტი საქმე არ აქვს მიპასუხოს. თავისთვის ბუტბუტებს რაღაცებს და ისე იქცევა, თითქოს პირველად მხედავდეს.

პასუხად, მეც აუღელვებლად ვალაგებ ფეხებს აივნის მოაჯირზე და სიგარეტის ქაჩვისას ვფიქრობ მოსალოდნელ სიმთვრალეზე.

მოსალოდნელი რომ მიმდინარე ხდება ყველაფერს ფეხებზე ვიკიდებ.. არადა, ჯობდა დამეძინა.

ცუდი გოგო ხარ ფინიკო და ზედმეტად ცელქობ! არ ვარგა ეს და ასე არაფერი გამოვა! ეს ფეხებიც რამდენჯერ ახსენე წინა ორ აბზაცში? გვარიანად უნდა გაგტყიპოს კაცმა რა! მაგრამ რას ვიზამთ რომ პატრონი არ გყავს?

ჰაჰ, რას ვიზამთ? რას და ერთ კვირაში ისევ ჩამოვალთ და აგერ ნახავ თუ არ დაველაპარაკებით! თავხედი კია, მაგრამ ყურის აწევა არ გაგვიჭირდება.

მანამდე კი შეუძლია მოეხეთქოს ნაპირებს.

მაინც გეტყვი რომ ნაწყენი ვარ შენზე და არ მგონია მარტივად შევრიგდეთ!

fb_img_1475475227675
სიგარეტი, სასმელი და ფონად Supertramp Live to love you. 02.10.2016

დიალოგი 365-ე დღეს


– რას ნიშნავს სხვა ადამიანების სიკვდილი?

– რას და პირადი სივრცის მოსპობას. მარტო რომ ვეღარასოდეს დარჩები იმას, ყველა შენი მიჩქმალული საიდუმლოს გამჟღავნებას.

– კიდევ?

– კიდევ იმას რომ თუ მოჩვენებების მთელი ცხოვრება გეშინოდა, ამის შემდეგ ოცნებობ რომ სადმე გადაეყარო.

დიალოგი დავასრულეთ. მე ფიქრები სხვა მიმართულებით გამექცა, გამახსენდა რომ ზღვაზე იმაზე ადრე მომიწევს ჩასვლა ვიდრე ვგეგმავდი, მაგრამ ეს სულაც არ იქნება გაქცევა, შარშან ზუსტად ამ დროს გავიქეცი ორჯერ, შემოჩენილი ბედნიერების მისაჩქმალად, ახლა არ ვიცი რისთვის მივდივარ. არა, ვიცი, იმიტომ რომ სხვა გზა არ მაქვს, საქმე, საქმეა და აქ ვერაფერს გააწყობ.

ისე ამოისუნთქა, მივხვდი რაღაცის თქმას აპირებდა და გადაიფიქრა. მომინდა მცოდნოდა რაზე უნდოდა ლაპარაკი, მაგრამ ხმა არ ამომიღია, იმიტომ რომ ლაპარაკი სხვაგვარადაც შეიძლება, მიღებული სტანდარტების დაცვის გარეშე, ჰო, ნუ ლაპარაკის გარეშეც.

– ხვალ საინტერესო დღე იქნება. – მაინც განაგრძო საუბარი.

– შარშან უფრო საინტერესო იყო, ოღონდ ეს შარშან არ ვიცოდი. ესაა ცხოვრების მთავარი პრობლემა, ვერასოდეს აფასებ მიმდინარე მომენტების მნიშვნელობას.

– ანუ ცხოვრება სინამდვილეში წარსულია და არა აწმყო?

– ჰო, თითქმის ასეა.

ისევ გავჩუმდით. მე ისევ ვბოდავდი, ის ისევ მიძვრებოდა ფიქრებში.

tumblr_llulawuihp1qzjqrio1_r2_500

დამსვენებელი ფინიკი


ორი დღის განმავლობაში კარგი ამინდი უკვე სერიოზული მიღწევაა, ამიტომ არ ვწუწუნებ. დღეს როგორც მოსალოდნელი იყო ზღვაც აირია და ამინდიც გაფუჭდა, თუმცა ვინაიდან ჩემს კანს უკვე გაუჩნდა შოკოლადისფერი ელფერი, გავიმეორებ რომ საწუწუნო არაფერი მაქვს.

დამსვენებლები საინტერესო ხალხია. დღეს ისეთი დილა გათენდა ერთადერთი რაზეც შეიძლება იდარდო ისაა ნეტავ უახლოეს მომავალში როდის ნახავ მზეს. ასეთი შავი ცა მგონი არასოდეს მინახავს. ჰოდა, ამასობაში, აი წამი წამზე ცა რომ უნდა ჩამოვიდეს და ზღვას შეუერთდეს, ძალიან მზიანი ამინდისთვის შესაფერისად გამოწყობილი მზის სათვალიანი მამაკაცი მიდის ბასეინთან, იქვე მდგომ სასტუმროს თანამშრომელს მიანიშნებს შეზლონგზე და ეკითხება “აქ ჩრდილი იქნება დღის განმავლობაში ხომ? მზე ამ ადგილს ხომ არ დააჭერს? ბავშვები იწვებიან.” თან პირსახოცს ფენს. ამასობაში წვიმაც იწყება და სასტუმროს წარმომადგენელი პასუხობს “იცით, დღეს არ მგონია.” რთულია ამ დროს არ იყო ირონიული.

შტორმი რომ დაიწყო ამოვედი, თუმცა ძალიან ვდარდობ მზემ არ დააჭიროს იმ ადგილს და არ დაიწვან.

ზღვა ყველა სეზონზე და ყველა ამინდში მიყვარს, განსაკუთრებით მაშინ თუ მაქვს ფუფუნება მუდმივად ვუყურო.

ახლა ყველაფერი ფეხებზე მკიდია და ვფიქრობ ეგრევე დავიძინო, თუ კითხვისას ჩამეძინოს.

ადამიანები არ მიყვარს, ზედმეტი ხალხი რომ ირევა ირგვლივ მღლის, ამიტომ წვიმა და შტორმი (აუ, იყოს რა შტორმი) ნამდვილი მისწრებაა ახლა. ყველაზე მეტად ცარიელი სანაპირო, წვიმა და დიდ ტალღებში ცურვა მიყვარს, როცა ყველა სადღაცაა გაკრეფილი.

რეცეპტი


სინამდვილეში ბედნიერებისთვის ძალიან ცოტა რამ მჭირდება.
ყოველთვის ასე იყო, მიუხედავად სურვილების მრავალფეროვნებისა, უმარტივესი მოვლენები, უმნიშვნელო დეტალებიც კი მიცვლის განწყობას. ეს პირველად მაშინ აღმოვაჩინე, როდესაც საკუთარ თავს აღიარებითი ჩვენების დაწერა მივუსაჯე. რეალურად ყველაზე რთული ამ დეტალების გამოვლენაა, კარგად ყოფნისას ნაკლებად დაკვირვებული ვხდები და წერის ხასიათზე ხომ საერთოდ არასდროს ვარ. შესაბამისად, ზეპირად ვიცი რა დროს და რა მიზეზებით ვარ ცუდად, ბედნიერებისთვის კი რა მჭირდება ყოველთვის ბურუსითაა მოცული და ძირითადად საზოგადოდ აღიარებულ, დაშტამპულ ჭეშმარიტებებს ღაღადებს. კარგად ყოფნაც ზუსტად ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც ცუდად ყოფნა (ტოლსტოი ცდებოდა, ბედნიერების მსგავსებასა და უბედურების განსხვავებულობაში).
ცოტა მზე, ცოტა ცურვა, კარგი მუსიკა და 100 გრამი ვისკი (ყინულის გარეშე). რეცეპტების ჟურნალში უნდა ჩავიწერო.

image

კიკინა და სახელურები


ყველაზე მეტად იცი რა მახარებს ხოლმე? აი, მოსაწევად რომ გავდივარ, 3–4 წუთს რომ ვკანკალებ აივანზე, შემოსასვლელად კარების გაყინულ, რკინის სახელურს რომ ვკიდებ ხელს, სიცივე რომ მივლის მთელ ტანში და მაშინვე რომ მახსენდება, რამდენიმე წამში მეორე მხრიდან მოვკიდებ ამავე სახელურს ხელს, მოვკიდებ და თბილი იქნება. იშვიათად სასიამოვნო გრძნობაა, სითბო მთელ სხეულში გეღვრება. ადრე ვამბობდი, იმ ადამიანების მშურს რომლებსაც ცხოვრების უმნიშვნელო მომენტების გამორჩევა შეუძლიათ, იმის სათქმელად ეს ბედნიერებას მანიჭებსო, ჰოდა, მეც ვიპოვნე ასეთი მომენტი, უმნიშვნელო და თბილი.

ისეთი ზამთარია, ახლად ჩამოზრდილ კიკინაში რომ ჩაგავლებს ხელს და იქამდე რომ გწიწკნის სანამ არ გადაწყვეტ, ბავშვობის ახირება უნდა ავისრულო და ზამთრის, ერთ ძალიან ცივ დღეს ზღვაზე უნდა გავიქცეო. სახლიდან რამდენიმე საათით გასული, ცივ სადგურზე რომ აღმოჩნდები, ქურთუკის საყელოს რომ ამოიწევ, არიქა კისერზე არ დამიბეროს და გახევებული არ დამტოვოსო, ფეხებს მონაცვლეობით რომ მიუკაკუნებ ერთმანეთს, იმის იმედით სისხლი გამოძრავდება და ცოტას შემათბობსო, სიამაყით რომ დახედავ ერთი მიმართულებით აღებულ ბილეთს, ახლად ჩამომდგარი მატარებლის საფეხურთან რომ მიხვალ, რკინის სახელურს მაგრად რომ ჩაებღაუჭები და დანანებით რომ გაიფიქრებ მეორე მხრიდან ხელის მოკიდება აღარ მომიწევს, აფსუს რაღა გამათბობს აწიო.

არადა, ფილმებში რა მარტივად გამოსდით ხოლმე ყველაფერი, შენ კი ლამისაა დიდი სტრატეგიული დაგეგმვის ჯგუფი მოიწვიო, რამდენიმე საათს შეუსვენებლად ამსჯელო, ბიუჯეტიც დაათვლევინო და ვადებიც, სათითაოდ ხელიც მოაწერინო და შემდეგ განკარგულებაც გამოსცე შემუშავებული გეგმის შესრულებაზე, იმისთვის რომ ერთი, პატარა, არც თუ ისე რთული სურვილი აუსრულო საკუთარ თავს.

ჩემ წინ რომ გოგო ზის, ბურთებად ქცეულ ტუჩებს ერთმანეთს ისე უსვამს უეჭველად ნერვიულობს რაღაცაზე, იქნებ ისიც ბავშვობის ახირებას ისრულებს და ვერაფრით ჩამოყალიბებულა სწორად იქცევა თუ სასწრაფოდ უნდა იკივლოს „გააჩერეთ! ჩავდივარო“. ფილმი რომ იყოს ყველაფერს ჩამოვდივარ იკივლებდა, მაგრამ აბა, ახლა ამ თითქმის სრულიად რეალურ ცხოვრებაში ასე ხომ არ მოიქცევა?! ცოტას გაავარჯიშებს მიმიკას, ახლად წასმული საცხიც შეაშრება ტუჩებს და დამშვიდდება მერე, დამშვიდდება აბა რას იზამს, მე ვიკითხო, მე რა მეშველება თორემ, ამას ალბათ დანიშნულების პუნქტთან ელოდებიან კიდეც, მე სასტუმროზეც კი არ მიფიქრია ჯერ, თუმცა ამ გაქანებულ ზამთარში დიდად არ უნდა გამიჭირდეს სასრტუმროში თავისუფალი ნომრის პოვნა, ბოლოს და ბოლოს განა რამდენი საქმიანი ვიზიტი შეიძლება იყოს დაგეგმილი ამ კვირის მიწურულს ზღვისპირა ქალაქში?!

დაბრუნება რომ მომინდეს? ჰო, აი უცებ რომ გადავიფიქრო? მარტო ყოფნის რომ შემეშინდეს, ცივი, ნესტიანი ჰავაც დიდად რომ არ მესიამოვნოს და უკან მოტოვებულ საქმეებზეც დავფიქრდე მერე? უკან ხომ არ დავბრუნდები? ისედაც, ლამის ფილმის სცენარის დაწერა დამჭირდა სანდო ისტორიის მოსაგონებლად, კითხვები რომ არავის გასჩენოდა. მგონი სიუჟეტის გადახედვა მომიწევს და თავის ნებაზე მიშვებული, დეპრესიული სიუჟეტში დაძაბულობის შეტანაც დამჭირდება. სულ ასე მემართება, დრამად ჩაფიქრებული სცენარი ისე დამისხლტება ხოლმე ფილმის შუაში ხელიდან და ისე იქცევა მძაფრსიუჟეტიან ფილმად, ვერაფრის გაკეთებას ვახერხებ.

სინამდვილეში კი ერთი, საშუალოსტატისტიკური ადამიანი ვარ, რომლის ცხოვრება არც ფილმად გამოდგება და არც წიგნად, პატარა სიმღერის ტექსტსაც კი ვერ დაწერ.

არადა, რა გინდა რომ ქნა, როდესაც ზამთარი ახლად ჩამოზრდილ კიკინაზე დაჟნებით გქაჩავს ზღვაზე გავიქცეთო.

snowing