რეცეპტი


სინამდვილეში ბედნიერებისთვის ძალიან ცოტა რამ მჭირდება.
ყოველთვის ასე იყო, მიუხედავად სურვილების მრავალფეროვნებისა, უმარტივესი მოვლენები, უმნიშვნელო დეტალებიც კი მიცვლის განწყობას. ეს პირველად მაშინ აღმოვაჩინე, როდესაც საკუთარ თავს აღიარებითი ჩვენების დაწერა მივუსაჯე. რეალურად ყველაზე რთული ამ დეტალების გამოვლენაა, კარგად ყოფნისას ნაკლებად დაკვირვებული ვხდები და წერის ხასიათზე ხომ საერთოდ არასდროს ვარ. შესაბამისად, ზეპირად ვიცი რა დროს და რა მიზეზებით ვარ ცუდად, ბედნიერებისთვის კი რა მჭირდება ყოველთვის ბურუსითაა მოცული და ძირითადად საზოგადოდ აღიარებულ, დაშტამპულ ჭეშმარიტებებს ღაღადებს. კარგად ყოფნაც ზუსტად ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც ცუდად ყოფნა (ტოლსტოი ცდებოდა, ბედნიერების მსგავსებასა და უბედურების განსხვავებულობაში).
ცოტა მზე, ცოტა ცურვა, კარგი მუსიკა და 100 გრამი ვისკი (ყინულის გარეშე). რეცეპტების ჟურნალში უნდა ჩავიწერო.

image

Advertisements

ანტი


უეცრად ვიფეთქებ ხოლმე და გზაზე რაც კი შემხვდება ყველაფერს თავზე დავღრიალებ, ასტროლოგები მეუბნებიან რომ ეს ბუნებრივია, კიდევ იმასაც ამბობენ რომ ამაზე უფრო ბუნებრივი უეცარი დამშვიდება და ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულებაა. მზად ვარ სათითაოდ ჩამოვურეკო ყველას და ბოდიში მოვუხადო, ვუთხრა რომ მიყვარს (მიუხედავად იმისა ასეა თუ არა, ახლა მგონია რომ ყველა მიყვარს. არა, მთვრალი არ ვარ! დიახ, შემიძლია დავიფიცო!) და დავადასტურო რომ სამწუხაროდ “ისტერიჩკა“ და ემოციურად არამდგრადი ვარ.

ჩამორეკვაზე ასტროლოგები ღიმილნარები ტონით მპასუხობენ, რომ ეს არც თუ ისე მარტივი იქნება, ჩემი უსაზღვრო “სიამაყისა“ და “თავმოყვარეობის“ გამო (რომელიც ზუსტად არ ვიცი რაში მარგია).

ჰოდა, ყველაფერზე კვერი რომ არ დავუკრა, ჩემს ვარდისფერ ანტიდეპრესანტის აბს დავციცინებ, მართალია 20 მგ. დამინიშნეს, მაგრამ 25 მგ.-ც რომ მივიღო, მგონი არაფერი მოხდება. დღეს ისეთი დღეა, 50 მგ.-ც ვერაფერს მიზამს.

ისე კი კარგად გავეჩვიე ანტიდეპრესანტებისა და ვისკის შეხამებას, წელი კი წამომტკივდება ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ აბა წელის ტკივილს ამ ნაერთთან რა საერთო შეიძლება ქონდეს. ყველაფერი ასაკის ბრალია, დიახ, ასაკის.

დასარეკად გამზადებულ ტელეფონსა და ვარდისფერ აბს შორის, არჩევანს ვარდისფერ აბზე ვაჩერებ.

შემდეგ იგივე სცენა მეორდება ანუ დასარეკად გამზადებულ ტელეფონსა და ვისკის შორის არჩევანს ვისკიზე ვაჩერებ. ვისკი და ვარდისფერი აბი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ტელეფონი კიდევ გამომადგება. მთავარია ყველა გამავალი ზარი და მიწერილი შეტყობინება წავშალო.

მეხსიერების წაშლაზე იმედს ვიტოვებ ეს ნაერთი იზრუნებს.

და თუ აქამდე მეგონა, რომ ასეთი აბებითა და ალკოჰოლით, უფრო გამოვდეპრესიულმწერალდებოდი, ძალიან ვცდებოდი.

საკვანძო სიტყვა აქ “ანტია“.

tumblr_m43dopI0QA1qez206o1_400

ონკანი


ონკანი მოუშვა, მას შემდეგ რაც ხელოსანი მოიყვანა და უწყვეტად მომდინარე ცივი წყლის ნაკადის რამენაირად გადაკეტვა სთხოვა, თბილი წყლით სარგებლობა საერთოდ შეუძლებელი გახდა, ცხელი წყალი წამის მეათასედში ჩანჩქერივით დაიწყებდა ხოლმე დენას, ცივი ნაკადი კი ან საერთოდ არ მოდიოდა ანაც ისე უხვად დაიწყებდა ჩქეფას წყალს სითბოს ნატამალსაც კი ვერავინ შეატყობდა. ნიჟარის თავზე განლაგებულ თაროზე, მტვერშემხმარი ჭიქიდან კბილის ჩოთქი ამოაძვრინა, წყალს შეუშვირა და თითებით რამდენჯერმე სცადა უკვე გადატყავებული ზედაპირის შესწორება, პირში თითქმის გაყინული წყალი ჩაიგუბა და ხეხვა დაიწყო, შუა ღამე იყო და ჩოთქის კბილებზე გასმის ხმა ექოსავით ისმოდა მთელ სააბაზანოში, თავი ფილმის პერსონაჟი ეგონა, წარმოიდგინა როგორ იჯდა მაყურებელი სრულ სიბნელეში ეკრანს მიჩერებული და როგორ უსმენდა წყლის ხმაში არეული ხეხვის ხმას. დიდი ვერაფერი მოსასმენი უნდა ყოფილიყო, სიუჟეტი კი დაუყოვნებლივ ითხოვდა განვითარებას.

3 კვირაზე მეტი იყო ენერგეტიკული სასმელის სუნი აღარ ასდიოდა, საღამოობით კი ლუდის სუნად ყარდა და მოწყვეტით ეშვებოდა ხოლმე საწოლზე. მაღვიძარას როლს თავის აუტანელი ტკივილი ითავსებდა და ინსტინქტურად გეზს პირდაპირ მაცივრისკენ იღებდა, სადაც ტკივილგამაყუჩებლის ულევი რაოდენობა ქონდა მომარაგებული.

ონკანი რომ გადაკეტა, ქაღალდს გადასწვდა, თვალებზე ჩამოყრილი თმა ყურებზე გადაიწია, ქაღალდს სველი ხელი წაუსვა და შუბლის წმენდას შეუდგა, იქამდე იხეხა სანამ ქაღალდის ნაფლეთები არ მიეწება კანზე, შემდეგ უნიტაზში ჩაუძახა, დაიცადა სანამ დარწმუნდებოდა რომ შუბლი საბოლოოდ გამოუშრა, სარკესთან მივიდა და კბილების თვალიერება დაიწყო. შუქი ისე ურტყამდა, ადვილად გაარჩევდი სად მთავრდებოდა მისი კბილები და იწყებოდა „პლომბი“, რომელსაც ის წესისამებრ „ბჟენებს“ ეძახდა, ერთი ეგ ვერ გაერკვია სწორი ფორმა ბჟენი იყო თუ ბჯენი, ან იქნებ სხვადასხვა რამ იყო, მაგრამ ეს დიდად არ ედარდებოდა, თუ საქმე წერას არ ეხებოდა, ასეთ დროს კი საკუთარი თავისგან იდეალურ ნაწერსა და გრამატიკულად სრულიად გამართულ წინადადებებს ითხოვდა. ისევე როგორც ყველაფერში, აქაც დიდ ვერაფერ წარმატებას აღწევდა და გარდა საშინლად ერთნაირი აბზაცებისა, ვერც პუნქტუაციას უხერხებდა რამეს, საშუალოდ წერდა და საშუალოდ ცხოვრობდა, კბილების ხეხვის დროს კი ეგონა რომ ფილმის პერსონაჟი იყო და ონკანიდან მომდინარე წყლის მელოდიურობას აკვირდებოდა ხოლმე.

ალკოჰოლის დაუოკებებელი სურვილისგან კბილებს მაგრად აჭერდა ერთმანეთზე და ფიქრობდა რომ მთავარი იყო კვირაში 1 დღიანი შესვენება მაინც გაეკეთებინა, 36 საათი მაინც გაეძლო სასმელის გარეშე, საკუთარი თავის ალკოჰოლიზმში დადანაშაულების მომენტებში საწინააღმდეგო არგუმენტის ქონა დასჭირდებოდა და იმიტომ.

ნახევარი კოლოფი სიგარეტი თითქმის ხელუხლებელი იყო, დაღამებას ელოდებოდა გემრიელად რომ ჩაეშვა კვამლი ფილტვებში, თუმცა გემრიელი მანამ იყო სანამ მოქაჩავდა ხოლმე, შემდეგ მხოლოდ მსუბუქ თავრუსხვევას გრძნოდა და ბარბაცით მიუყვებოდა საკუთარი ოთახისკენ მიმავალ დერეფანს.

ყველაფერს ერთდროულად ჩამორჩა, ასეთ დროს კი რაც უფრო ნაკლებად ჩქარობ დაწევას, მით უფრო მეტი საქმე გიგროვდება, საბოლოოდ კი რამის გამოსწორება შეუძლებელი ხდება და შეგუებას იწყებ, საშუალო ხდები, კბილების ხეხვით, ონკანების შეკეთებითა და შუბლის გამოშრობით კავდები. ალკოჰოლის წარმოდგენაზე კბილები გიკაწკაწებს და ერთი ნაფაზისთვის მზად ხარ სული გაყიდო.

ხელი მაშინ ჩაიქნია როცა მიხვდა „უსათვალოდ ნახევარი ადამიანი ვარო“. ვერაფრით გაეგო კარგად იქცეოდა სათვალეს რომ არ იკეთებდა თუ ამით მხოლოდ გარდაუვალ იმედგაცრუებას წელავდა დროში.

თავი ყოველთვის შორს ეჭირა, შორიდან მიესალმებოდა ხოლმე, ესეც იჯდა თავისთვის კუთხეში და ებრძოდა სათვალის გაკეთების დაუოკებელ ჟინს, სახეს კარგად ვერ ხედავდა და მისი გადღაბნილი ნაკვთები მოსწონდა.

რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ მიუახლოვდა, თვალის გასწორება რომ სცადა, გადღაბნილი ნაკვთების ნაცვლად, ხელში კარგად აღქმადი მამაკაცის სახე შერჩა, ჯობდა თავიდანვე კეთებოდა სათვალე.

კვირის უალკოჰოლო დღე იყო, კოლოფში შემორჩენილ სიგარეტის ღერებს ითვლიდა და მთელდღიანი უმაქნისობისგან დამძიმებულ მუცელს აკვირდებოდა სარკეში.

როცა დარწმუნდა რომ შუბლი გამოშმრალი ქონდა, თმა ისევ თვალებზე ჩამოიყარა.

„თუ ფულს ვიშოვი აუცილებლად ვიყიდი მაღალი ხარისხის ვისკის და 1 ბოთლს მთელ კვირაზე გამოვიზოგავო“ ფიქობდა კბილების ყოველ გაკრაჭუნებაზე. 1 ბოთლი ვისკის ფული ვალებს მაინც ვერ დაუფარავდა, მთვრალზე კი პრობლემებისთვის თვალის გასწორება გაცილებით მარტივი უნდა ყოფილიყო.

 tumblr_lnh9kqM8H21qf9vxco1_500