სარეცხი კოსმოსიდან


სანამ ჩემი სარეცხის მანქანა კოსმოსში გასაფრენად ემზადება, მეზობლის ბავშვი პიანინოზე დაკვრას სწავლობს და გულს მიწვრილებს. ათასჯერ გადახვეულ სცენას ათასმეერთედ ვახვევ ტვინში და ახლა უკვე შენელებული კადრის ეფექტით ვუყურებ, კარგად ვიცი, ასე იქამდე მოვიქცევი სანამ აბსოლუტურ გულგრილობას არ ვიგრძნობ და საბოლოოდ არ მოვიბეზრებ.

პარალელურად ვკითხულობ რომ შფოთვითი აშლილობისკენ მიდრეკილი ადამიანები თურმე ხშირად იწიწკნიან ტუჩებს და თითებით ქვედა ტუჩს ვექაჩები. სცენა კი უკვე replay-ზე მაქვს დაყენებული და დასრულებისთანავე თავიდან იწყება.

ამასობაში სარეცხის მანქანა ახალ სიმძლავრეებს რთავს და იუპიტერის წითელ შტორმთან შეხვედრის იმედით, სარეცხის წურვას იწყებს.

მე რომ მკითხო სარეცხის მანქანებს “ნასა” უნდა აწარმოებდეს და გასარეცხად შეყრილი ტანსაცმლის ტრიალის ნაცვლად, მრგვალ ფანჯარაზე პლანეტები უნდა ტრიალებდნენ მზის გარშემო. სიჩქარეებიც პლანეტების მიხედვით უნდა იყოს დალაგებული. ხვალ, იუპიტერის ციკლონებში გატარებულ ტანსაცმელს ჩავიცვამდი და წითელ “პომადას” წავისვამდი (აირის გიგანტის, ყველაზე საყვარელი წითელი ლაქის პატივსაცემად).

მერე, ვენერაზე გარეცხილ კაბებში ჩაცმული გოგოები, მარსზე გარეცხილ წითელ, კუბოკრულ პერანგიან ბიჭებს შეხვდებოდნენ და ახალი წიგნი გამოვიდოდა “ქალები ვენერაზე რეცხავენ ტანსაცმელს, კაცები მარსზე”.

ამასობაში ვესტელის სარეცხის მანქანამ რეცხვა დაასრულა და არსადაც არ გაფრენილა.

Advertisements