11


ხშირად ვამბობ ხოლმე, ადამიანები ზუსტად იმას ვიღებთ რაც გვინდა. ჰო, აი ასე, მოვინდომებთ და გვაქვს. ერთი ეგაა, მერე ვხვდებით რომ კარგად ვერ გავიაზრეთ რას ნიშნავდა სასურველის მიღება, ყველა პირობა ვერ გავითვალისწინეთ, დეტალებზე არ ვიფიქრეთ და voila, სულ სხვა რაღაც შეგვრჩა ხელში.

სანამ აგვისტოში დაწყებული ცვლილებები ნელ-ნელა გამოკვეთილ ფორმას იღებენ, მე არ ვიცი რა მოვუხერხო გაუცხოვებულ საკუთარ თავს. ის ვიღაც, ვინც მე და ფინიკის შემოგვისახლდა, ვისთანაა და რას აკეთებს ვერც ერთი ვიგებთ და ვერც მეორე.

სექტემბერში დაწყებული ოცნება 2015 წლის ამავე პერიოდში დაბრუნებაზეც აგვიხდა. ჰო, ახლა ნუ გაიოცებთ, ხომ ვთქვი, უმეტესად დეტალებს და პირობებს ვერ ვიაზრებთ მეთქი და შედეგად სულ სხვა რეალობა გვრჩება ხელში. ჰოდა, კეთილი იყოს შენი დაბრუნება 2015 წლის ნოემბერში ფინიკი, 2016 წლის აგვისტოს შემდეგ, ეს მარტივი არ იქნება.

ვინ ვარ ვერც მე გამიგია და ვერც ჩემ ირგვლივ მყოფებს. ცვლილებების მიღება მარტივი არასოდესაა, თუმცა ახლა სრულ ქაოსში აღმოვჩნდი.

Yes Man ნანახი გაქვთ? აი, ეგ დამემართა, ოღონდ რა თქმა უნდა ეგეც ცოტა სახეცვლილი ფორმით. ყველაფერზე უპირობო თანხმობას არ ვაცხადებ, მაგრამ იმ ყველაფერს ვაკეთებ, რასაც ადრე მთვრალზეც კი არ გავაკეთებდი. ოღონდ სტოპ! ახლა წარმოიდგინეთ რომ აქამდე ჩემი ნაჭუჭის იქით არასოდეს გავსულვარ. ჩემი მოგონილი წესების ტომები მაქვს და თითოეული მათგანის დარღვევაზე ლამის თავით ვაგებ პასუხს.

ჰოდა, აი, ავდექი და გადავწყვიტე რომ ეს წესები სანაგვეზე იყო მოსასროლი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი მოგონილი იყო, იმისთვის რომ რაც შეიძლება უფერული ცხოვრებით მეცხოვრა, რატომღაც ასეთი ვალდებულება დავუწესე საკუთარ თავს და შემდეგ ამის დასაბალანსებლად შევქმენი ფინიკი. ახლა მე და ფინიკი ისე გადავიხლართეთ ერთმანეთში, სად იწყება ერთი და მთავრდება მეორე, ეშმაკიც ვერ გაიგებს.

2015-ში დაბრუნებაც მხოლოდ იმისთვის მინდოდა, რომ სხვანაირად მეცხოვრა, ის 1 წელი თავიდან მეცხოვრა, რომელმაც აგვისტოში დამდგარ ცვლილებებამდე მიმიყვანა. ჰო, ნუ ცხადია 2015-ში არ დავბრუნებულვარ, მაგრამ ყველაფერი ისე ვითარდება, თამამად შემიძლია ვთქვა ცხოვრება სახეში მაფეთებს ყველაფერ იმას რაც 2015-ს ძალიან გავს და მელოდება როგორ მოვიქცევი.

როგორ მოვიქცევი? როგორ მოვიქცევი და განვაცხადებ – ძვირფასო ფინიკი, სინამდვილეში არავინ მოთრეულა, თინიკო გაფინიკდა და ეს ვერ გაგვიგია.

ვნახოთ სადამდე მივა წარმოსახვიდან რეალობაში გადმოსული ფინიკი.

პ.ს. 2015 და 2016 (5+6=11).

We're Explosions in Slow Motion

Advertisements

მე, ჩარლზი, მერილინი, მაიმუნები და სირაქლემები


დიდი ვერაფერი წელი გამოდგა ეს 2016, თუმცა უცნაურობების ნაკლებობას მაინც არ ვუჩივი. ასტროლოგიაზე სულ რომ არაფერი ვიცოდე და ყურიც არ მქონდეს მოკრული (დაჯერება/არ დაჯერებაზე აღარაფერს ვამბობ) მაინც ვიტყოდი ეს რა მაიმუნობაა მეთქი.

ჰოდა, ვიტყვი! მაიმუნობაა ეს 2016 და მეტი არაფერი.

ჯერ ადრეა ხომ წლის შეჯამება? მაინც 4 ნოემბერია და 2 თვე (ჰო, კაი, ოდნავ ნაკლები) კიდევ წინაა. ისეთი არეულობა მაქვს ცხოვრებაში, ამ 2 თვეში კიდევ რა ჩამომემხობა თავზე კაცმა არ იცის, ამიტომ აჯობებს შეჯამება მომავლისთვის გადავდო.

სირაქლემასავით ვცხოვრობ ამ გაგანია მაიმუნის წელს, მგონი მიწაში თავის ჩარგვის მეტი არაფერი მიქნია, ჰოდა, ღირსი ვარ იმ ყველა მაიმუნობის, რაც მემართება.

აქ თვითგვემისთვის შემოვედი? რა ვიცი, დიდ ხანს რომ არ გამოვჩნდები ხოლმე იმაზე მეტად ვბოდავ, ვიდრე ზოგადად.

წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, უმნიშვნელო მოვლენებს იმხელა მნიშვნელობას ვანიჭებ, ცოტაც და ფსიქიატრიულში ამოვყოფ თავს. ზომა არაფერში ვიცი, ან ყველაფერი სისულელე მგონია და ან პირიქით, გრანდიოზული, ლამის მსოფლიო დონის მოვლენა.

რა არ შეიცვალა, მაგრამ პარანოიას ვერაფერი მოვუხერხე, იმაზე ეჭვიანი გავხდი ვიდრე ვიყავი და მგონი წლებთან ერთად მიმძიმდება მდგომარეობა. შეთქმულების თეორიების ნამდვილი დიდოსტატი ვარ, მოვლენათა განვითარების, ადამიანების ნამდვილი მოტივების ყველაზე არარეალური და გიჟური სცენარები გჭირდებათ? მომმართეთ, მომსახურება უფასოა.

ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ვამბობ ეს აკვიატებული და ჩემს ავადმყოფ წარმოსახვაში დაწერილი სცენარები მართლდება მეთქი. აი, ახლა მომკალით და წარმოდგენა არ მაქვს მართლა ასეა თუ არა. ანუ სავარაუდოდ ყველაფერს იქამდე ვკლავ, ყველა ხიდს იქამდე ვწვავ, სანამ გავიგებ მართალი ვიყავი თუ ვცდებოდი, მერე კი, თავს ვიჯერებ, მიუხედავად ავადმყოფობისა, შეუდარებელი ყნოსვა მაქვს მეთქი. ყნოსვა კი არა, ის ვეღარ გამიგია როდის უფრო რეალური ვარ, როცა მთვრალი ვარ თუ როცა ფხიზელი.

არა, ეს რა მაიმუნობაა მაინც ჰა?

შავ-თეთრი ფოტოებით ვიფერადებ ცხოვრებას და ფეხებზე მკიდია თუ გავგიჟდი.

pixlr_20161104122852847_20161104123120457
ცოცხალი გალერეა ვარ!