დაგვიანებული


ემოციების გზაჯვარედინზე ვარ, ანუ იქ სადაც არც ბედნიერი და არც უბედური ადამიანები ჩერდებიან, სადაც არც სიხარული ჭარბობს და არც დარდი, ყველაფერი ქრება და ცხოვრება არჩევანის გაკეთების საშუალებას გართმევს.

ფიქრებზე ფილტრი დავაყენე და თავი ისე დამიცარიელდა სიზმრებსაც ვეღარ ვხედავ, ერთადერთი რასაც განუწყვეტლივ ვგრძნობ არის დროის გასვლა, ორად ვიხლიჩები, თან სულის ამოხდამდე მინდა რომ თვალის ერთ დახამხამებაში გავიდეს ჩემი განმარტოვების დარჩენილი რამდენიმე საათი, თან გულს მირევს დაბრუნების აუცილებლობა.

იქ სადაც მე ვარ განაჩენის გამოტანა ისეთი მარტივია როგორც არსად, გამვლელების აზუზუნებულ სუნთქვას განაბული უგდებ ყურს და თუ ერთს მაინც წამოახველებს ყველაფერი გადაწყვეტილია, ე.ი. მკურნალობს. შემდეგ საკუთარ სუნთქვაზე იწყებ დაკვირვებას და ნერვების დასამშვიდებლად განუწყვეტლივ ეწევი სიგარეტს.

განმარტოვება კარგს არაფერის უქადით ადამიანებს რომლებსაც მოგონებებისგან გაწმენდა აქვთ გადაწყვეტილი. არც დიდი დოზით მელანი და საწერად გამზადებული ფურცლები გამოდგება დეტოქსიკაციისთვის. ჯერ კედლები იწყებენ მოახლოვებას, შემდეგ ჭერი გაწვება თავზე, საყვარელი სიმღერები მახინჯდება და ტექსტი შეუმჩნევლად იწყებს მასში პირველად აღმოჩენილი აზრის დაკარგვას, უაზრო სიტყვების კორიანტელად იქცევა და „ლა, ლა, ლა, ლა, ლა, ლა….“-დ იწებს გონებაში ტრიალს.

სიჩუმე წყევლად მექცა, ვცდილობ გავექცე, არასოდეს გამოვრთო მუსიკა, ვისაუბრო ტელეფონზე, ვუყურო ტელევიზორს, ოღონდ სიჩუმეში არ ჩავიძირო.

ნანატრი ძილიც არა და არ მეკარება, თვალები მეწვის, ქუთუთოები მიმძიმდება, ბალიშის ქვეშ ხელს ვაცურებ, ვრთავ გონებას და ის ისაა უნდა გავითიშო რომ ფიქრების ფილტრი გამოდის მწყობრიდან, ფუნქციონირებას წყვეტს და განგაშის ზარით მაყრუებს. მარტო ყოფნას ერთდროულად ვეტრფი და ვუფრთხი. ჩამოუყალიბებლობის სენი მახსენებს თავს და ვგრძნობ რომ მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა გადაწყვეტილების მიღებას ვერასოდეს შევძლებ. გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ, იმიტომ რომ გადასაწყვეტი არაფერი მაქვს, ყველაფერი თავის ნებაზე მივუშვი და საკუთარი თავი გადავაწყვეტინე, როგორც ყოველთვის უგულისყურო მაყურებელივით მოვიქეცი, უემოციო სახით ვუყურე წარმოდგენას და ფარდის დაშვებისას ტაშის დასაკრავადაც კი არ გავისარჯე. ალბათ ამას ეძახიან სიზარმაცეს.

აქ საკუთარი მაგიდა მაქვს, ფარდებსაც ნაცნობი სუნი ასდით, მომსახურე გოგონას კეხიან ცხვირსაც შევაჩვიე თვალი, არც მისი ზედმეტად გამოწკეპილი ჩაცმულობა მაღიზიანებს და არც ის მიკვირს რომ საღამოობით სალაროს მანამ ხურავს სანამ გადახდას შევძლებ. სოსისსაც ნაცნობი გემო აქვს და თითქმის მზად ვარ გაუსინჯავად დაწუნებული მარნეულის ჯემი გავსინჯო პურის მინიატურულ ნაჭერთან ერთად. აღარც ყავა მახსენებს სადღაც დარჩენილ რეალობას, სიგარეტმაც შეიცვალა დატვირთვა, ბილიკებიც ვისწავლე და სამანქანო გზებიც ზეპირად ვიცი.

თითები გამიზარმაცდა და გაფილტრული ფიქრებისგან გამოფიტული ტვინის ნაკარნახევ სიტყვებს საათობით კრეფენ კლავიატურაზე, დაწუნების ნიჭიც დავკარგე და ლამისაა ყველა უნიჭოდ შესრულებულ აბზაცს კომენტარის სახით მივაწერო „ბრავო“.

ერთი სართულით ზემოთ მცხოვრები ქალბატონის მიმართაც გამინელდა ინტერესი, აღარც მისი გაუმართავი მეტყველება მაოცებს და არც მისი ხელნაწერების წაკითხვის სურვილი მახრჩობს. არადა საკუთარ თავს მახსენებს, მგონია რომ ცოტაც და მეც მის მსგავსად უსახური, არაფრით გამორჩეული ჩრდილი გავხდები, მარტო ჩამოვალ შუაგულ ტყეში და ვივლი უმისამართოდ, დიდ ხანს ვიფიქრებ წიწიბურა ვჭამო სადილად თუ პიურე, ცარიელ სასტუმროში ყოფნა ისე შემაშინებს რომ სართულის გასაღებს მოვითხოვ და მაგრად ჩავრაზავ ჩემამდე მოსასვლელ ყველა კარს, ფანჯრებზე მძიმე ფარდებს ჩამოვაფარებ და გახედვის შემეშინდება, თავზე გადავიფარებ საბანს და სანამ სული არ შემეხუთება მანამდე ვიქნები ემბრიონის პოზაში გაშეშებული. შემომხედავენ და იტყვიან რომ მარტო ყოფნის გამო გავგიჟდი, ან არა, იტყვიან რომ მარტოობისგან „გავრეკე“ და ამაში ბრალს ისევ მე დამდებენ, სანამ ვინმე ჩემნაირი არ გამოჩნდება და არ იტყვის რომ ზოგჯერ მარტოობა არჩევანი არ არის და ის ისე გეხვევა ირგვლივ რომ მისგან თავის დაღწევას ვეღარ ახერხებ. თუმცა ისეთი მშვიდი გამომეტყველებით მიღიმის ხოლმე რომ ზოგჯერ მგონია უბედური არ უნდა იყოს, რომ სხვა თუ არაფერი წერა მაინც შეუძლია, იქნებ არა მხოლოდ შეუძლია არამედ ამაში ბადალი არ ყავს, იქნებ შთაგონებისთვის ჩამოვიდა აქ და მერე რა რომ ღამით საბანში გახვეულს ყოველ გაფაჩუნებაზე შეშინებულს ეღვიძება, მერე რა რომ ამ დროს მზადაა ყველაფერი გასცეს საიმისოდ რომ სიცარიელე ვინმემ შეუვსოს. იქნებ რეალიზებულობის შეგრძნებით გამოწვეული კმაყოფილება ყველაფრად ღირს, იქნებ მარტოობა ზუსტად ისაა რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ეძებდა, ჰოდა ჭირსაც წაუღია ყველა წყვილი ვისაც გონია რომ მარტო ყოფნა სასიკვდილო განაჩენზე უარესია.

გაფილტრულ ფიქრებში გველივით მიძვრება სიმღერის ტექსტი და გამომშრალი ტუჩებით ვიმეორებ „AND I’m not happy and I’m not sad”.

Advertisements