მე, ჩარლზი, მერილინი, მაიმუნები და სირაქლემები


დიდი ვერაფერი წელი გამოდგა ეს 2016, თუმცა უცნაურობების ნაკლებობას მაინც არ ვუჩივი. ასტროლოგიაზე სულ რომ არაფერი ვიცოდე და ყურიც არ მქონდეს მოკრული (დაჯერება/არ დაჯერებაზე აღარაფერს ვამბობ) მაინც ვიტყოდი ეს რა მაიმუნობაა მეთქი.

ჰოდა, ვიტყვი! მაიმუნობაა ეს 2016 და მეტი არაფერი.

ჯერ ადრეა ხომ წლის შეჯამება? მაინც 4 ნოემბერია და 2 თვე (ჰო, კაი, ოდნავ ნაკლები) კიდევ წინაა. ისეთი არეულობა მაქვს ცხოვრებაში, ამ 2 თვეში კიდევ რა ჩამომემხობა თავზე კაცმა არ იცის, ამიტომ აჯობებს შეჯამება მომავლისთვის გადავდო.

სირაქლემასავით ვცხოვრობ ამ გაგანია მაიმუნის წელს, მგონი მიწაში თავის ჩარგვის მეტი არაფერი მიქნია, ჰოდა, ღირსი ვარ იმ ყველა მაიმუნობის, რაც მემართება.

აქ თვითგვემისთვის შემოვედი? რა ვიცი, დიდ ხანს რომ არ გამოვჩნდები ხოლმე იმაზე მეტად ვბოდავ, ვიდრე ზოგადად.

წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, უმნიშვნელო მოვლენებს იმხელა მნიშვნელობას ვანიჭებ, ცოტაც და ფსიქიატრიულში ამოვყოფ თავს. ზომა არაფერში ვიცი, ან ყველაფერი სისულელე მგონია და ან პირიქით, გრანდიოზული, ლამის მსოფლიო დონის მოვლენა.

რა არ შეიცვალა, მაგრამ პარანოიას ვერაფერი მოვუხერხე, იმაზე ეჭვიანი გავხდი ვიდრე ვიყავი და მგონი წლებთან ერთად მიმძიმდება მდგომარეობა. შეთქმულების თეორიების ნამდვილი დიდოსტატი ვარ, მოვლენათა განვითარების, ადამიანების ნამდვილი მოტივების ყველაზე არარეალური და გიჟური სცენარები გჭირდებათ? მომმართეთ, მომსახურება უფასოა.

ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ვამბობ ეს აკვიატებული და ჩემს ავადმყოფ წარმოსახვაში დაწერილი სცენარები მართლდება მეთქი. აი, ახლა მომკალით და წარმოდგენა არ მაქვს მართლა ასეა თუ არა. ანუ სავარაუდოდ ყველაფერს იქამდე ვკლავ, ყველა ხიდს იქამდე ვწვავ, სანამ გავიგებ მართალი ვიყავი თუ ვცდებოდი, მერე კი, თავს ვიჯერებ, მიუხედავად ავადმყოფობისა, შეუდარებელი ყნოსვა მაქვს მეთქი. ყნოსვა კი არა, ის ვეღარ გამიგია როდის უფრო რეალური ვარ, როცა მთვრალი ვარ თუ როცა ფხიზელი.

არა, ეს რა მაიმუნობაა მაინც ჰა?

შავ-თეთრი ფოტოებით ვიფერადებ ცხოვრებას და ფეხებზე მკიდია თუ გავგიჟდი.

pixlr_20161104122852847_20161104123120457
ცოცხალი გალერეა ვარ!

მოვედით ჩარლზ!


დღეს ძალიან დატვირთული, მაგრამ ნაყოფიერი დღე იქნება თინიკო, ფინიკი თუ ფინიკო.

უკანასკნელი ბევრი თვის განმავლობაში ჩადებული ძალიან დიდი შრომის შედეგი უნდა მივიღოთ. ძალიან ბევრი იმედგაცრუება, დანებების სურვილი, ყველაფრის დაყრისა და გაქცევის განწყობა გამოვიარეთ, მაგრამ მგონი გავედით ფინიშზე, იმიტომ რომ არსად გავქცეულვართ. ყველაზე რთული სწორედ ყველაფრის ფეხებზე დაკიდებასთან ბრძოლაა მაშინ როცა ერთი, ორი, სამი, ათი მცდელობითაც არაფერი გამოდის.

ამით ცხადია არაფერი მთავრდება და სხვა სირთულეები იწყება, თუმცა ეს ერთი ძალიან დიდი წარმატება უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო. ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ თავდაპირველად ძალიან მარტივი ჩანდა და გარშემომყოფებისთვის ახლაც გაუგებარია, რა სირთულე შეიძლებოდა ქონოდა ამ ყველაფერს.

არ მაინტერესებს არავინ და არაფერი, მე ყველაზე კარგად ვიცი რა ჯდება ასეთი ათასჯერ წარუმატებელი საქმის საბოლოოდ დასრულება. ოღონდ ჯერ არ დასრულებულა, დღეს უნდა დასრულდეს. დღეს აუცილებლად მოხდება კიდევ ბევრი რამ, მაგრამ მთავარია რომ ფინიშთან ძალიან, ძალიან ახლოს ვართ და ახლა სხვა გზა არ გვაქვს გარდა წინ წასვლისა.

დღეს, სპეციალურად ამ დღისთვის შეკვეთილი “მაიკა” მაცვია, რომლის სიმბოლოდაც ძალიან სასაცილოა, მაგრამ ბუკოვსკის ქვემოთ წარმოდგენილი ფოტო იქცა, ჰოდა, მაისურზეც ჩარლზია, მგონი არც თუ ურიგო ხასიათზე.

დამეხმარე ჩარლზ!

ასეთ საქმეებში ყველაზე უცნაური იცი რა არის ხოლმე? ფინიშის შიში, იმიტომ რომ ფინიში მაინც ყველაზე რთულია, როცა შედეგი უნდა დადგეს და ზუსტად არ იცი როგორი იქნება ის. ქვეცნობიერად შენც გინდა რომ გადაიდოს, იმიტომ რომ მუშაობის პროცესში კატასტროფა არასოდეს მოხდება, აი, მაშინ კი როცა შედეგს ოფიციალურად დადებ და სხვებმა უნდა გამოსცადონ, მაშინ ნებისმიერ რამ შეიძლება მოხდეს. თუმცა დღეს სრულიად დარწმუნებული ვარ რომ მზად ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცი კიდევ ბევრი რამ მოხდება, ათასი რამ აირევ-დაირევა, ბევრ ხარვეზსაც ვნახავთ და ბევრ უკმაყოფილებასაც მივიღებთ. არ მაინტერესებს, მაინც მზად ვართ.

გადაღლილობისა და იმედგაცრუებებისგან თავს რომ ვეღარ ვაიძულებდი მოტივაცია შეენარჩუნებინა, მივხვდი რომ მუსიკა იყო ერთადერთი საშველი, ჰოდა, აი ჩემი მოტივაციის წყაროც უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში.

წარმატებებს და ყველაფრის დაყრისა და გაქცევის სურვილთან ბრძოლაში გამარჯვებას გისურვებთ!

636016364877206636732772._SX540_SY540_

118


განწყობის აღწერა რომ დავიწყო მომაბეზრებელი და არაფრის მთქმელი იქნება. თუ მაინც ძალიან გაინტერესებთ პულსი წუთში 118-ჯერ მირტყამს. მოკლედ სპორტული მანქანასავით ძვირფასი და სწრაფი ვარ (რა საშინელი შედარებაა).

ადამიანურ ენაზე გული მაქვს ცუდად, ცოტა უფრო მეცნიერულად ტაქიკარდია მაქვს.

ისე ბუკოვსკის სურათს ვუყურებ და ვფიქრობ ფეხსაცმელი ლურჯად შევღებო (მერე რა რომ არანაირი young man მე არ ვარ და სხვა პუნქტების შესრულება რომც მოვინდომო მინ. ცალფეხა ქალბატონს ვერ მოვიყვან ცოლად. ჰო, კარგი ვიცი, რომ ასე უაპელაციოდ ყველა პუნქტის შესრულება არ მოიაზრება და საერთოდ სულ სხვა რამეზეა ეს ყველაფერი. კბილები რომ ბენზინით გამოვიხეხო? არც ეგ?).

აი, ხომ საგიჟეთია, ერთი შეხედვით ხომ არაფერი გამოდის, გულის მდგომარეობა ხომ უკეთესის სურვილს ტოვებს, ხომ მძიმე პერიოდია, კალიებიც ხომ შემოვიდნენ უკვე, ხომ დაცხა კიდეც, აგვისტოც ხომ მალე მოვა? ახლა, საერთოდ არაფერი მადარდებს.

P.S. ახლა აღმოვაჩინე, 118 ანუ 11/8 ანუ 11 აგვისტო, ანუ რაღაც არსებობს ან მე ვერ ვარ კარგად.

636016364877206636732772._SX540_SY540_