Las Palmas de Gran Canaria


შესავალი

არ ვიცი რატომ ჩავაგდე ეს პოსტი დრაფტებში და აქამდე რატომ არ გამოვაქვეყნე, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ ასე:

ჯერ კიდევ მანამ, სანამ თვითმფრინავში ავიდოდი და საბოლოოდ, ოფიციალურად გადავწყვეტდი რომ დამთავრდა, ვფიქრობდი რა უნდა დამეწერა ჩემს მოგზაურობაზე, როგორ უნდა დამეწყო, რა უნდა მომეყოლა და რა არა. ისიც კი ვიფიქრე სახლში ჩასვლამდე ვერ მოვითმენ და აქ და ახლავე შევაჯამებ ყველაფერს მეთქი, მაგრამ ვინაიდან ტექნოლოგიურად კარგად არ ვიყავი აღჭურვილი, მაინც მომიწია სახლამდე „მოთმენა“. ჰოდა, როგორც აღმოჩნდა იმდენ ხანს ვითმინე, რომ სახლში მისულს ყველაფერი დამავიწყდა და ახლა თავიდან ვცდილობ აღვიდგინო რისი თქმა მინდოდა და რატომ.

მაშ ასე, რატომ ლას პალმასი?

ყველაფერი ძალიან მარტივია (პრინციპში არც ისე, მაგრამ მაინც), არ ვიცი რომელი წელი იყო, ან მე რამდენი წლის ვიყავი, თუმცა მას შემდეგ რაც სახლში „აიეტი“ (დღეს მგონი „სუპერ ტივი“ ქვია, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს) დავაყენეთ და ქართულის გარდა სხვა არხების ყურებაც დავიწყეთ (ეს მგონი ის პერიოდია Backstreet Boys – Get Down ახალი გამოსული რომ იყო და მთელი მსოფლიო ნიკ კარტერზე ბოდავდა), ყოველთვის ვუყურებდით Euronews-ის ამინდის პროგნოზს, ნუ ნახევარ საათში ერთხელ იყო მგონი და ამიტომ. მაშინ თბილისის პროგნოზი არ ეწერა ხოლმე, მაგრამ მაინც საინტერესო იყო რა ხდებოდა სხვაგან, სხვა ქვეყნებში. რუკაზე, კუთხეში (უკვე ბოლოსკენ) პატარა კუნძულის ერთ ქალაქსაც აჩვენებდნენ ხოლმე, კერძოდ ლას პალმასს, სადაც ზამთარშიც და ზაფხულშიც ხან 23, ხან 25 და ხანაც 28 გრადუსი იყო. ჰოდა, ამოვიჩემე, ამოვიჩემე ეს ქალაქი, ისე რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი ოდესმე თუ მოვხვდებოდი აქ.

ზაფხულის შვებულებას ჯერ კიდევ დეკემბერში ვგეგმავ ხოლმე, ჰოდა, მას შემდეგ რაც მრავალ მიზეზთა გამო პროტუგალიასა და სარდინიას ხაზი გადავუსვი, გამახსენდა ლას პალმასი, თქვენ წარმოიდგინეთ, პირველად სწორედ დეკემბერში გავიგე რომ ლას პალმასი კანარის ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობდა (კანარის კუნძულებზეც თავისებური ასოციაცია მაქვს ბავშვობიდან გამოყოლილი). რამდენიმეთვიანი გეგმვის, booking.com-ის დაზეპირებისა და Iberia-ს ფრენების გულდასმით შესწავლის შემდეგ, როგორც იქნა გამოჩნდა თვითმფრინავის ბილეთი მისაღებ ფასად, სასტუმრომ კი რომლის საიტზეც დღეში რამდენჯერმე შევდიოდი, სპეციალური შემოთავაზება გამოდო და დიდი გადათვლა-გადმოთვლის შემდეგ, გადავიხადე ფული ოცნების ასრულებაში.

გზა

ამის შემდეგ დაიწყო დაუსრულებელი მოლოდინი, უაზროდ გაიწელა ზაფხულის პირველი ორი თვე, ბოლოსკენ კი უკვე დღეების გადათვლაზე ვიყავი გადასული და ყოველ დილით ვუახლოვდებოდი საოცნებო შვებულების თარიღს.

არ ვიცი, რატომღაც მგონია, რომ მე ერთადერთი არ ვარ, ვისაც ეშინია ყველაფერი იმის რაც ძალიან გავს ოცნების ასრულებას, აი მგონია რომ როდესაც რაღაცაზე გადარეული ვარ, აუცილებლად რამე უნდა მოხდეს, ჰოდა, ასეთ ნერვიულობაში გავატარე უკანსკნელი კვირები.

გეგმა ასეთი იყო – ბუდაპეშტიდან მივფრინავდი ბარსელონაში, სადაც ვიქნებოდი 10 საათი, შემდეგ მადრიდში, სადაც შევხვდებოდი იმას ვისთან ერთადაც უნდა დამესვენა და შემდეგ მადრიდიდან ერთად გავფრინდებოდით ლას პალმასში.

მშვენიერი განრიგია, თან თუ გავითვალისწინებთ რომ ბარსელონაში ყოფნის 10 საათს, ბარსელონას ქუჩებში სახეტიალოდაც მშვენივრად გამოვიყენებდი, ბევრი არაფერი მაგრამ საგრადა ფამილიას ვნახავდი და ლა რამბლასაც ავუყვებ-ჩავუყვებოდი. ბარსელონაზე რომ ცალკე ვოცნებობდი, ამაზე პოსტიც მაქვს დაწერილი. ჰოდა, ეს აგვისტო იყო ჩემი ოცნებების ასრულების თვე.

ბუდაპეშტიდან ფრენა დილის 8 საათზე მქონდა, ამიტომ ადრე გამოვედი რომ ჯერ მეტროთი, შემდეგ კი ავტობუსით მიმეღწია აეროპორტამდე, რასაც 1 საათზე ცოტა მეტი დასჭირდებოდა.

გამოვდივარ ბუდაპეშტის ცარიელ ქუჩებში, მივდივარ მეტროს სადგურისკენ, ბნელა (ჯერ გათენებული არ არის), სადაც მეტროს სადგური მეგულება, ცარიელი კედლები, ჩამონგრეული ჩასასვლელი, საშინელი მტვერი და დიდი ღობე მხვდება. დავტრიალებ ამ ღობეს და ვფიქრობ რომ გამორიცხულია სადგური დროებით მაინც გაეუქმებინათ, აქედან უახლოესი მეტროს სადგური déli pályaudvar-ია, რომელიც ფეხით სავალზე ნაკლებადაა და აშკარად აეროპორტში დავაგვიანებ. ინტერნეტი არ მაქვს, რომ ვნახო რომელი ავტობუსი წავა შემდეგ სადგურამდე და ვდგავარ მტვერში ყბაჩამოვარდნილი. ყბაჩამოვარდნილი დიდხანს დგომა კარგს არაფერს მომიტანს, ამიტომ რამდენიმე გამვლელს ვთხოვ დახმარებას, არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ უნგრელებს უცხოელები დიდად არ უყვართ (მსუბუქად რომ ვთქვათ), ამიტომ დილის 5 საათზე თავს დიდად არავინ იწუხებს ჩემთან გამოლაპარაკებით. როგორც იქნა, ერთი ქალის ყურადღება მივიქციე, მეტრო მეთქი რომ ვუხსენე, ხელით მანიშნა გამოვყევიო, ავედევნე და როგორც აღმოჩნდა, მეტროს ჩასასვლელი ამ ნანგრევებს შორის სადღაც დაუტოვებიათ, ჰოდა ჩამიყვანა. ბილეთი უნდა მეყიდა, თუმცა სალაროები დაკეტილი აღმოჩნდა, ამ ქალს ვკითხე ბილეთი მეთქი და ხელით მანიშნა ამ დროს ბილეთი არ გჭირდებაო. რა თქმა უნდა მჭირდებოდა, მაგრამ ამის დრო არ იყო და რომც ყოფილიყო, ბილეთს არავინ ყიდდა.

ჩავჯექი მეტროში, გადავჯექი შემდეგ ხაზზე და დავიწყე ტუჩის კვნეტა ნერვიულობით. მეტროდან გიჟვით ამოვვარდი, ვიპოვნე ავტობუსი და ავედი. აქ ტუჩის კვნეტა თავიდან დავიწყე, დრო საოცრად გაიწელა, თუმცა აეროპორტში რომ მივედი, იმდენი დრო დამრჩა რომ გემრიელი სენდვიჩის ჭამაც კი მოვასწარი.

ვინაიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით მივფრინავდი, „გასასვლელი“ მაინც და მაინც კარგ ადგილას არ იყო და  თვითმფრინავში ასასვლელად გარეთ მომიწია გასვლა, ამასობაში თავსხმა წვიმა დაიწყო და მე ძალიან საზაფხულო გამოწყობილი, აბსოლუტურად სველი, ფეხების ჭყაპუნით ავედი თვითმფრინავში. დიდი ვერაფერი დასაწყისია ხომ? ასეა, მაგრამ წინ ბარსელონა და შემდეგ ნანატრი ლას პალმასი რომ გაქვს, ამაზე დიდად აღარ ფიქრობ.

როგორც იქნა ჩავფრინდი ბარსელონაში, ბედნიერი ღიმილით გამოვედი აეოპორტიდან, ავედი ავტობუსში და გიჟივით დავიწყე პალმების თვალიერება, Plaça de Catalunya აეროპორტთან ახლოსაა, 30 წუთში დანიშნულების ადგილზე ვიყავი, მოვიმარჯვე რუკა და დავიწყე მოედანზე წრეების რტყმა. ვინაიდან საგრადა ფამილიასთან მეტროთი უნდა წავსულიყავი, აეროპორტში კი ავტობუსი ისევ Plaça de Catalunya-დან გადიოდა, გადავწყვიტე ჯერ საგრადა ფამილია მენახა, დავბრუნებულიყავი და შემდეგ მშვიდად მეხეტიალა ლა რამბლაზე.

ამოვედი მეტროდან, ბედნიერი სახით მოვიარე საგრადა ფამილია, სელფიც გადავიღე (ჰო, სელფიც გადავიღე), მოვემზადე დასაბრუნებლად, ამოვიღე ბილეთი და ჩავედი მეტროში.

უნდა აღვნიშნო რომ საშინლად მშიშარა ვარ, ამიტომ ყოველ 30 წუთში ერთხელ ვიმოწმებ ხოლმე ჩანთაში ხომ ყველაფერი ადგილზე მაქვს. ჰოდა, სანამ მეტრო მოვიდოდა, ჩვეულებისამებრ მოვიჩხრიკე ჩანთა, ყველაფერი ადგილზე მაქვს, ერთადერთი პასპორტს ვერ ვგრძნობ ხელით (გახსენებაზეც ცივი ოფლი მასხამს), ამიტომ ვიწყებ ღრმად სუნთქვას და უკვე ხელის ცეცებასთან ერთად თვალებსაც ვაცეცებ ჩანთაში, ჯერ მშვიდად (ყველაფერი ადგილზეა, საფულეც კი), შემდეგ ცოტა ნერვიულად, უფრო ნერვიულად… პანიკა!!!

მეტრო მოდის, მე ფეხებზე მკიდია, გამოვდივარ მოსაცდელი ზონიდან, კიბის ქვეშ ბინძურ ქვაფენილზე ვჯდები, ვეყრდნობი კედელს და ვატრიალებ არც თუ ისე დიდ ჩანთას, ყველაფერი ადგილზეა, ყველაფერი, გარდა პასპორტისა. დავიღუპე! დაახლოებით 5 საათში შემდეგი ფრენა მაქვს, დღეს ღამე ოცნება უნდა ავისრულო და ლას პალმასში ჩავიდე, მადრიდში მელოდებიან, მე კი ბარსელონას მეტროში, ქვაფენილზე ვზივარ და კედელს ვურტყამ თავს.

აი ისიც, რისიც მეშინოდა, რაც ყოველთვის ახლავს ხოლმე ოცნებების ასრულებას.

ვბრუნდები Plaça de Catalunya-ზე, წარმოდგენა არ მაქვს რა გავაკეთო, მაქვს ისტერიკა, ვარ მარტო და ვისთან ერთადაც ვისვენებ რამდენიმე წუთში მადრიდში გაფრინდება, იქ რომ შევხვდეთ ერთმანეთს. როგორ დავურეკო? აი, მითხარით როგორ დავურეკო და ვუთხრა რომ ლას პალმასში მარტო ჩავა ბავშვთან ერთად, მე კიდევ ვრჩები ბარსელონაში, რომ მხოლოდ მე კი არ ამოვიმწარე შვებულება (რასაც კიდევ გადაიტანს კაცი), რომ მე კი არ დავკარგე მთელი გადახდილი ფული (ამასაც გადაიტან), არამედ ამ ფაქტის გამო კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავაყენე ის, ვისთან ერთადაც მივდივარ (ჩემი და).

ნუ მეტი რა გზაა, ვრეკავ, არ პასუხობს, მალე ფრენა აქვს, სანამ თვითმფრინავში ავა მანამდე მაინც გავაგებინო. თვითონ მირეკავს, მე ვერ ვპასუხობ, კიდევ ვურეკავ და რომ მპასუხობს ისტერიკით ვეუბნები რომ პასპორტი დავკარგე…

პოლიციაში უნდა წავიდე, ერთადერთი გზა პოლიციაში წასვლაა, მეტი გზა არ არსებობს. ჩემი და უკვე ცაშია, ბარგი ჩაბარებული აქვს, ლას პალმასში აუცილებლად უნდა შაფრინდეს.

ქუჩაში პატრულთან მივდივარ და ვეკითხები სად წავიდე, მასწავლის რომ Plaça de Catalunya-ზე, ფანტანებს შორის, ერთ-ერთი ფანტანის ქვეშ არის კიბე, მიწისქვეშ არის პოლიციის განყოფილება (ღმერთო ჩემო).

პოლიცია – თვალები დასიებული, ცრემლები ნიკაპთან ხვდებიან ერთმანეთს
და მერე საერთო ღვარად ჩამოდიან ყელზე, მამშვიდებენ, მთხოვენ დავჯდე და ვუთხრა რა მოხდა. ვბოდავ, ინგლისურად, ზლუქუნით ვყვები რომ დავკარგე პასპორტი. ვიცი რომ ბევრი არალეგალი აცხადებს, რომ პასპორტი დაკარგა, ამიტომ დიდ ნდობას ასეთი განცხადება არ იწვევს, თუმცა ისეთ მდგომარეობაში ვარ, ოსკარი მეკუთვნის თუ ვთამაშობ.

ვიწყებ „ჩვენების მიცემას“, საიდან ვარ, რა მქვია… მახსენდება რომ მაქვს ქართული ID ბარათი, ეს უკვე კარგია, მინიმუმ ჩემი იდენტიფიცირება მაინცაა შესაძლებელი. დგება და გადის, შემოდის ვიღაც, მეუბნება „გამარჯობა“… მე შუშის თვალებით ვუყურებ, წარმომიდგენია რამდენი ქართველი უნდა ყოფილიყო მოსული, გამარჯობა რომ ესწავლებინათ. ვპასუხობ “Hello”, მოდის და რაღაცას მეუბნება გამართული ქართულით, მე ისევ შუშის თვალებით ვუყურებ და მგონია რომ გავგიჟდი, ნამდვილად გავგიჟდი, ინგლისურად მელაპარაკებიან და მე ქართული მგონია. ცოტა დრო დამჭირდა გამეგო რომ ქართული ნამდვილად ქართულია და ის ვიღაც კიდევ ქართველი. ჰო, გამართლება ხომ გინდა ბარსელონაში პოლიციის განყოფილებაში ქართველი შეგხვდეს. ფილმია რა…

ვყვები ყველაფერს ქართულად, ვუხსნი რომ წინ 2 ფრენა მაქვს, რომ დღეს ჩემი შვებულების პირველი დღეა, რომ ლას პალმას დე გრან კანარიაში მივფრინავ, რომ აუცილებლად უნდა გავფრინდე, რომ მოვკდვები თუ არ გავფრინდები. მამშვიდებენ, მაძლევენ ცნობას პასპორტის დაკარგვაზე, ერთადერთი შანსი რაც არსებობს, არის ის რომ ვინაიდან უკვე ესპანეტში ვარ და ესპანეთიდან, ესპანეთში მივფრინავ, შეიძლება გამიშვან.

საკონსულო, საკონსულოში გადაღებული სურათი შენახული მაქვს, ხომ გინახავთ ფილმებში რომ დააპატიმრებენ, რა სურათებს უღებენ ხოლმე, აი ზუსტად ეგეთი სურათი მაქვს. ერთი თვალი ერთ მხარეს გამირბის, მეორე, მეორე მხარეს, თმა გაწეწილი მაქვს, სახეზე სრული სასოწარკვეთა და დაღლილობის ენით აღუწერელი გამოხატულება. სურათი რა თქმა უნდა შავ-თეთრია. მაძლევენ ცნობას, რომლითაც 1 თვის განმავლობაში უნდა დავბრუნდე საქართველოში.

სხვა გზა არაა, მივდივარ აეროპორტში, ველოდები როდის დაიწყება ჩასხდომა, რომ მივაწოდო ბილეთი და ცნობები, ან გამატარებენ და ან არა. ვფიქრობ თუ უარს მეტყვიან ფეხებში ჩავუვარდე და მიწას თავი ვურტყა.

ყველა ჩემ წინ მდგომის მშურს, რომელსაც ხელში პასპორტი უჭირავს, ჩემი რიგია, ვაძლევ ჩასხდომის ბარათს და ცნობას, მიღიმიან და მატარებენ…

წარმოუდგენელია, მადრიდი, კიდევ ერთი თვითმფრინავი, დაშვება, ღამეა, მაგრამ ლას პალმასში ვარ. მზად ვარ სიხარულისგან მიწაზე ვიფორთხო. ვეღარ დავდივარ, ახალი კედები მეცვა მთელი დღე და ბარსელონაში სირბილ-სირბილისგან, შეიძლება ითქვას რომ დავკოჭლდი.

მაგრამ ლას პალმასში ვარ. მთავარია რომ ლას პალმასში ვარ.

ლას პალმასი

უფრო ლათინო ამერიკული ქვეყნების ქალაქს გავს, ვიდრე ევროპას. პატარა ქუჩები, ფერადი შენობები, დიდი ოქროსფერი სანაპირო, ლურჯი ოკეანე, ირგვლივ ოკეანეში შეჭრილი კლდეები.

საოცრად მწველი მზე… ენით აღუწერელი ადგილები (კლდეებში მომწყვდეული ოკეანე, ზვირთებად წამოსული ტალღები, სერფინგისტები).

რუკაზე ხშირად ვიყურები, რომ კარგად გავაცნობიერო სად ვარ, ოკეანეში გამოჩხერილ პატარა წერტილზე ვარ, მაროკოსთან ახლოს.

ოქროსფერი სილის მთები და წყალში შეჭრილი უდაბნო, შუა უდაბნოში ნუდისტების პლიაჟი (სადაც შემთხვევით აღმოვჩნდი, მართლა). ნუდისტები ძირითადად 50 წელს გადაცილებული ქალები და კაცები არიან.

უზარმაზარი კაკტუსები და კლდეები, საოცარი პარკი დელფინარიუმით, ნაირ-ნაირი თუთიყუშებით (ერთი თუთიყუში ველოსიპედსაც კი ატარებს), ფლამინგოებით, ნიანგებით.

ასეთი გარუჯული არასოდეს ვყოფილვარ მგონი (ძალიან მიყვარს შოკოლადისფერში რომ გადავდივარ ხოლმე).

მოჰიტო ყოველ საღამოს.

უკანა გზა, დაკარგული ბარგი, რომელიც ლონდონის გავლით ძლივს გამოუშვეს რამდენიმე დღეში, თვითმფრინავზე ძლივს მისწრება და როგორც ფილმებშია ხოლმე, სირბილით შევარდნა გასასვლელ დერეფანში.

ასეთ დროს ვხვდები რომ არ არსებობს მოგზაურობაზე დიდი ბედნიერება.

ყველაფერს ახლავს სირთულეები, კატასტროფებიც კი, თუმცა ესეც ცხოვრებაა, გულის გაჩერებებიც ცხოვრებაა.

P.S. ბარსელონაში ჩემი ფეხი აღარ იქნება. ოცნებებს ესეც ახასიათებთ ხოლმე.

მუმბაი – ბარსელონა


მუმბაი

ალბათ არ იქნება გასაკვირი რომ ვთქვა ყველაფერი თბილისში დაიწყო მეთქი, ჰო, თბილისში დაიწყო და თბილისშივე დასრულდა, ან თბილისი-მუმბაის რეისის გამოცხადებისას (მართალია პირდაპირი რეისი თბილისსა და მუმბაის შორის არ არსებობს და ამიტომ ვვარაუდობ რომ თბილისი-სტამბულის რეისზე უნდა იყოს საუბარი, თუმცა მთავარი მაინც საბოლოო დანიშნულების პუნქტია, ამიტომ იყოს მუმბაი), ან მუმბაიში დაშვებისას, ანაც დაშვებიდან რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ დასრულდა, ნუ როგორც მინიმუმ „პირველი სეზონი“ მაინც.

პრინციპში, იმას თუ რომელ ქალაქში დაიწყო ან რომელ ქალაქში დასრულდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ამ ისტორიას ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ერქვას მუმბაი, არა იმიტომ თუ სად მოხდა, არამედ იმიტომ თუ სად უნდა გაგრძელდეს.

თვითმფრინავის აფრენისას, აი იმ მომენტში ბოინგმა (არ ვიცი ზუსტად ბოინგი იყო თუ არა, მაგრამ ახლა არც ამას აქვს მნიშვნელობა) ცხვირი რომ ასწია ჰაერში ასაფრენად, კადრი შენელდა და ფერმკრთალი ასოებით, ისე როგორც ჰოლივუდურ ფილმებშია, დაიწერა „to be continued”-ო. ისე კი უნდა ითქვას, გემრიელი დრამის გამოსაცხობად, ჯობდა “The End” დაწერილიყო, თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი ტიტრებით არ სრულდება.

ჰო, ვიცი, ვიცი ეს თვითმფრინავის, აეროპორტებისა და დამშვიდობების სცენები იმდენად ბანალური, გადაღეჭილ-გადმოღეჭილი და გვარიანად მობეზრებულია, რომ ისტორიის ამგვარად დაწყება, ერთის მხრივ ალბათ ყველანაირ ინტერესს დაუკარგავს ადამიანს, თუმცა ვინაიდან ყველაფერი ასე იყო, ახლა დასასრულის შეცვლას ვერ დავიწყებ, ხოლო კითხვაზე „ისტორიის ბოლოდან დაწყება რა მანერაა?“, მოგახსენებთ რომ არ ვიცი, ასე იყო საჭირო და მორჩა.

ახლა ორი სიტყვით ისიც ვთქვათ თუ ვიზეა ეს ისტორია, სულ ორი მთავარი გმირი ყავს – ატმისფერ კაბაში გამოწყობილი მომცრო ზომის, ასაკით არც თუ ისე პატარა ქალბატონი და შოკოლადისფერი, ასოციაციურად წითელ ღვინოსთან დაკავშირებული, წვერმოშვებული და ასაკით კიდევ უფრო დიდი მამაკაცი.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ როდესაც ცდილობ ყველაფერი ფილმის სცენარით წაიყვანო, საბოლოო ჯამში ასეც გამოდის ხოლმე, არა იმიტომ რომ ფილმებს რეალური ცხოვრების მსგავსად იღებენ, არამედ იმიტომ რომ ცხოვრების დამდგმელი რეჟისორები, ხშირად უკვე კარგად ნაცნობი ფილმების სიუჟეტებით გეგმავენ ხოლმე მოვლენებს.

ბარსელონა

ოჰ, ბარსელონა სულ სხვა რამეზეა, სულ სხვა მოქმედი პირები ყავს და სულ სხვაგვარად ვითარდება.

მუმბაი

აი შოკოლადისფერი მამაკაცის მუსიკალური გემოვნება დიდად არ მხიბლავს, მაგრამ ატმისფერს მოსწონდა და აბა მე ვინ რას მეკითხება.

პირველი დღე არყითა და დიდი ემოციებით იყო გაჯერებული, აკი, ვამბობდი ყველაფერი ფილმის სცენარით წარიმართა მეთქი, ჰოდა, ახლა კიდევ უფრო მეტად დარწმუნდებით ამაში და კიდევ უფრო მეტად შეგეპარებათ ეჭვი ამ ისტორიის ნამდვილობაში. იმას ვამბობდი რომ პირველი დღე არყითა და დიდი ემოციებით იყო გაჯერებული, ატმისფერი საკუთარი სახელისთვის შეუფერებლად ბევრს სვამდა, მე კი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ შუამავალის როლი მეკისრებოდა თავი არ მომიკლავს ბევრს ვერ დავლევ მეთქი, შეიძლება ითქვას რომ ამდენი არასოდეს დაგვილევია, ან კი დაგვილევია მაგრამ ასე არასოდეს დავმთვრალვართ (ნუ ატმისფერი მაინც).

მერე, ეს ისტორია რა ისტორია იქნებოდა, პატარა სანაძლეოც რომ არ გარეულიყო სიუჟეტში… შოკოლადისფერი არც დაბნეული ჩანდა და არც მარტოსული, თუმცა მაინც ვერ ვიჯერებდი რომ შეიძლებოდა ასეთ საღამოს და ასეთ ადგილას სულ მარტო ყოფილიყო, ჰოდა ვინაიდან ატმისფერი თვალს არ აშორებდა, ავუხირდი მარტო არ იქნება, ალბათ ვინმეს ელოდება მეთქი, ეს კიდევ თავს იკლავდა ნამდვილად მარტოაო, ჰოდა, მთელ საღამოს ასეთ კამათში ხომ არ გავატარებდით, სანაძლეოს პირობებზე შევთანხმდით და მე დაუფიქრებლად გავეშურე გამარჯვებულის გამოსავლენად.

დიდ ხანს ხვეწნა არ დამჭირვებია ჩვენ მაგიდასთან რომ აღმოჩენილიყო, მე შევეცადე მაქსიმალურად შორს დავმჯდარიყავი, სათვალე გავიკეთე და ტელევიზორში საკმაოდ მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩის ყურება დავიწყე. ჰო, სულ დამავიწყდა მეთქვა რომ სანაძლეო წავაგე.

ატმისფერი იფიცება იმ საღამოს რა მოხდა არაფერი მახსოვსო, აი მე კი ყველაფერი მახსოვს, ცოტა ჩავარდნები კი მაქვს, მაგრამ ჯამში ყველაფერი მახსოვს.

ხოლო ვინაიდან ატმისფერს არაფერი ახსოვს, შოკოლადისფერის მოგონებებს ბევრი არაფერი წონა აქვთ.

ე.ი. ყველაფერ მესამე დღეს და მეორე შეხვედრისას დაიწყო.

მაშინ დაერქვა ატმისფერს ატმისფერი (შოკოლადისფერი ყოველთვის შოკოლადისფერი იყო), დიდ ხანს რომ იკოხტავა სარკის წინ ატმისფერ კაბაში გამოწყობილმა და შოკოლადისფერმაც ეს სახელი რომ შეარქვა.

დაუვიწყარი 1 კვირა, აფეთქებული ემოციები და დამშვიდობების წარმოდგენაზე ყელში გაჩხერილი ბურთი, მოკლედ, ყველაფერი ისე როგორც ფილმებშია.

აეროპორტი, ემოციები, აეროპორტი და სიჩუმე.

***

ყველაზე იაფი ფრენები მუმბაიში, როგორც ვნახე qatarairways-ს აქვს, თუმცა სხვა ვარიანტების მოფიქრებაც შეიძლება, იქამდე 5 წელია. რატომ 5 წელი? ატმისფერმა გადაწყვიტა ასე და იმიტომ.

ცხოვრებაში აუცილებელია გქონდეს ერთი დაუვიწყარი, ყველა ცუდ დეტალ ჩამოშორებული მოგონება და მისი გაგრძელების სავარაუდო თარიღი – თან იმედი რომ გაქვს იქამდე გადამივლისო და თან პირიქით, რომ იმედოვნებ ისევ ისე მენდომებაო.

ბარსელონა

აქ 5 წელზე მეტიც კი გავიდა, ვადა არცერთს დაგვითქვამს, განსხვავებით მუმბაისგან, ბარსელონამ საკუთარი თავი დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, ბევრ ქალაქს მიედ-მოედო და ბევრი წლის მერე დაირქვა ბარსელონა.

ბარსელონაზე სასაუბროდ არც არასოდეს მცხელა და არც დიდი სურვილით ვიწვი ხოლმე, თუმცა როცა მუმბაიზე ვსაუბრობ, ჯერ ბარსელონას ბილეთებს ვათვალიერებ, გეგონება ვინმე მელოდებოდეს. მუმბაი? მუმბაი უფროა მოლოდინის რეჟიმში ვიდრე ბარსელონა, ბარსელონამ არც იცის რომ თარიღებს ვარჩევ.

არადა, ამ ორ ისტორიას არაფერი აქვს საერთო, არც გეოგრაფიულად, არც ხანგრძლივობით, არც სიმძაფრით და არც პერსონაჟებით.

ბარსელონაში არც ატმისფერი კაბებია, არც შოკოლადისფერი და წითელი ღვინოსავით მამაკაცი, არც სიმთვრალე და არც სანაძლეო. ბარსელონა უფრო ძველია და თბილისთან მუმბაიზე ახლოსაა.

მუმბაის აუცილებლად გაუხარდება. ბარსელონა უბრალო აკვიატებაა, თუმცა დასასრულისთვის არც თუ ისე ურიგო.

 angel & devil