ეს რა ჭირი გვჭირს ტო?!


საკუთარი თავის საკუთარი თავისგან მიჩქმალვით ვარ დაკავებული. არ აღიარება ბევრს არაფერს ცვლის, ფაქტი ფაქტად რჩება და უძილობით მიწყალებს გულს.

გუშინ გაფართოებულ ოჯახურ ვახშამზე 2016 წლის სიკეთეებზე ვმსჯელობდით, თავი გამოვიდე ერთ-ერთი ყველაზე ცუდი წელი იყო მეთქი. ჰო, ცოტა არ იყოს დაუფიქრებლად წამოვაყრანტალე ეს დასკვნა, როცა მიზეზების დასახელება მთხოვეს, მივხვდი რომ ის რის გამოც ამ წელს ცუდ შეფასებას ვაძლევ, კონფიდენციალურია და პირში წყალი ჩავიგუბე, შევეცადე ზოგადი ფრაზებით შემოვფარგლულიყავი და ვთქვი “კარგი არაფერი მომხდარა და სულმოუთქმელად ველოდები 2017 წლის მოსვლას, ასტროლოგები სასწაულებს მპირდებიან” მეთქი.

უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ეს პირველი ახალი წელი იქნება, რომელსაც საქართველოში შევხვდები. არადა სიამოვნებით ავიღებდი ახლაც ბილეთს 29 დეკემბრისთვის და გავუდგებოდი ბუდაპეშტის გზას, გლინტვეინის დაგემოვნებისა და მოციგურავეების ყურების იმედით.

დილით ხასიათზე მოსვლის იმედით ტუჩებზე შინდისფერი “პომადა” (ახლა არ მთხოვოთ წმინდა ქართულით საუბარი, ისეთ ხასიათზე ვარ ფიქრითაც კი ძლივს ვფიქრობ) წავითხაპნე და დასიებულ თვალებს, თვალი ავარიდე.

გახსოვთ ალბათ ფილმი “უძინართა მზე”, ამ ფილმიდან იმდენი ფრაზა მაქვს აკვიატებული, ახლა ყველას გახსენება გამიჭირდება, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც “ეს რა ჭირი გვჭირს ტო”-ს ვიყენებ ხოლმე. ჰოდა, წუხელ ტკივილმა რომ გამაღვიძა, აბაზანაში რომ გავედი წამლის დასალევად და საწოლში რომ დავბრუნდი, ჩაძინებამდე სიმთვრალესა და სიფხიზლეს შორის არსებული ძალიან წვრილი ზღვარი დავიჭირე, დავფიქრდი მინდოდა თუ არა საკუთარი თავის გამოლანძღვა და მივხვდი რომ მინდოდა, ოღონდ იმ მიზეზით არა, რაც თავიდან მეგონა, მომინდა საკუთარი თავი იმის გამო გამელანძღა რომ ყოველ ჯერზე, წინასწარ ვიმზადებ თავს თავის გასალანძღად.. ანუ მანამ სანამ რამეს გავაკეთებ, ვამბობ რომ ამის გამო შემდეგ გვარიანად მომიწევს თავის ლანძღვა, შემდეგ კი ვაკეთებ და ველოდები როდის დადგება ის დრო “ოჰ, რა იდიოტი ხარ თინიკო”-ს რომ ვიტყვი. აი, ესაა საკუთარ თავთან შეუგუებლობის ჭეშმარიტი მაგალითი. ჰოდა, ეს რა ჭირი გვჭირს ტო!

ადამიანი “აკრძალვა” ვარ, ჰო, ფინიკი კი არა, ნამდვილი სისხლის სამართლის კოდექსი ვარ. რა უნდა გრჯიდეს საკუთარ თავს საკუთარ თავად არ ყოფნა რომ დაუკანონო?

არადა, არ იყო ეს 2016 წელი ასეთი ცუდი, ჩემი ცხოვრება ზოგადად კი თავდაყირა დადგა, მაგრამ ეს ერთ დღეში არ მომხდარა, ეტაპობრივად ამოვტრიალდი და დავეკიდე ფეხებით. ცვლილებები რთული შესაგუებელია, მაგრამ ცუდი არ არის.

მდორე და უინტერესო ცხოვრება ზუსტად ისე მაგიჟებს როგორც მოვლენებით დატვირთული პერიოდები.

ფინიკი, დადგა ეგ შენი ცვლილებების 30 და ახლა კედელზე თავის რტყმას არავითარი აზრი არ აქვს.

პარანოიკი და შეთქმულების თეორიების დიდოსტატი რომ ვარ, ეს ადრეც მითქვამს. ჰოდა, ახალი თეორია მაქვს და რა ხრამში გადავჩეხავ ფინიკის, კაცმა არ იცის!

ეს რა ჭირი გვჭირს ტო?

 

Advertisements

მე, ჩარლზი, მერილინი, მაიმუნები და სირაქლემები


დიდი ვერაფერი წელი გამოდგა ეს 2016, თუმცა უცნაურობების ნაკლებობას მაინც არ ვუჩივი. ასტროლოგიაზე სულ რომ არაფერი ვიცოდე და ყურიც არ მქონდეს მოკრული (დაჯერება/არ დაჯერებაზე აღარაფერს ვამბობ) მაინც ვიტყოდი ეს რა მაიმუნობაა მეთქი.

ჰოდა, ვიტყვი! მაიმუნობაა ეს 2016 და მეტი არაფერი.

ჯერ ადრეა ხომ წლის შეჯამება? მაინც 4 ნოემბერია და 2 თვე (ჰო, კაი, ოდნავ ნაკლები) კიდევ წინაა. ისეთი არეულობა მაქვს ცხოვრებაში, ამ 2 თვეში კიდევ რა ჩამომემხობა თავზე კაცმა არ იცის, ამიტომ აჯობებს შეჯამება მომავლისთვის გადავდო.

სირაქლემასავით ვცხოვრობ ამ გაგანია მაიმუნის წელს, მგონი მიწაში თავის ჩარგვის მეტი არაფერი მიქნია, ჰოდა, ღირსი ვარ იმ ყველა მაიმუნობის, რაც მემართება.

აქ თვითგვემისთვის შემოვედი? რა ვიცი, დიდ ხანს რომ არ გამოვჩნდები ხოლმე იმაზე მეტად ვბოდავ, ვიდრე ზოგადად.

წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, უმნიშვნელო მოვლენებს იმხელა მნიშვნელობას ვანიჭებ, ცოტაც და ფსიქიატრიულში ამოვყოფ თავს. ზომა არაფერში ვიცი, ან ყველაფერი სისულელე მგონია და ან პირიქით, გრანდიოზული, ლამის მსოფლიო დონის მოვლენა.

რა არ შეიცვალა, მაგრამ პარანოიას ვერაფერი მოვუხერხე, იმაზე ეჭვიანი გავხდი ვიდრე ვიყავი და მგონი წლებთან ერთად მიმძიმდება მდგომარეობა. შეთქმულების თეორიების ნამდვილი დიდოსტატი ვარ, მოვლენათა განვითარების, ადამიანების ნამდვილი მოტივების ყველაზე არარეალური და გიჟური სცენარები გჭირდებათ? მომმართეთ, მომსახურება უფასოა.

ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ვამბობ ეს აკვიატებული და ჩემს ავადმყოფ წარმოსახვაში დაწერილი სცენარები მართლდება მეთქი. აი, ახლა მომკალით და წარმოდგენა არ მაქვს მართლა ასეა თუ არა. ანუ სავარაუდოდ ყველაფერს იქამდე ვკლავ, ყველა ხიდს იქამდე ვწვავ, სანამ გავიგებ მართალი ვიყავი თუ ვცდებოდი, მერე კი, თავს ვიჯერებ, მიუხედავად ავადმყოფობისა, შეუდარებელი ყნოსვა მაქვს მეთქი. ყნოსვა კი არა, ის ვეღარ გამიგია როდის უფრო რეალური ვარ, როცა მთვრალი ვარ თუ როცა ფხიზელი.

არა, ეს რა მაიმუნობაა მაინც ჰა?

შავ-თეთრი ფოტოებით ვიფერადებ ცხოვრებას და ფეხებზე მკიდია თუ გავგიჟდი.

pixlr_20161104122852847_20161104123120457
ცოცხალი გალერეა ვარ!

შავი ხვრელები და სუპერ ნოვები, ჩილე და ატაკამას უდაბნო


3-იანი და 7-იანი გაიგივდნენ. 3 არ მიყვარდა, 7-ზე სურვილებს ვიფიქრებდი ხოლმე.

სუვრილების ჩაფიქრების ყოველთვის მეშინოდა, საშიშია სურვილებთან თამაში და მათი ჩაფიქრება, სასწორზე დადება, ჯობია შეინახო და უბრალოდ ნახო გამოვა თუ არა.

ცუდია როცა სიზმრები მესიზმრება, კარგია როცა მგონია რომ ეს რაღაცას ნიშნავს. რაც ავად გავხდი მას შემდეგ დავიწყე სიზმრების დამახსოვრება. დიდი ხანია უკვე ავად ვარ და გული მწყდება რომ ყველა ავადმყოფობა ოდესმე მთავრდება, რა მნიშვნელობა აქვს რა შედეგით, ხომ მთავრდება?!

ვარსკვლავებივით დავრჩებით სიკვდილის შემდეგ სუპერნოვად ან შავ ხვრელად.

ჩილეში უნდა წავიდე. წამომყევი ჩილეში. ატაკამას უდაბნოში გავისეირნოთ, Other Lives – Desert-ს ჩავრთავ, ყურსასმენები გავინაწილოთ, გამეორებაზე დავაყენებ რომ უსასრულოდ ვუსმინოთ. მზის ამოსვლას ვუყუროთ.

Desert
reclaims the land,
and we return full in colour.
Dark Sea
don’t bother me,
when water turns into land.

რაზე ვილაპარაკოთ ჩილეში? რაზე და მშვილდოსნებზე და ასტროლოგიაზე, გვარის გადაკეთებაზე, იმაზე რომ კარგია ჩილე და არც ისეთი მიუღწეველი როგორიც მანძილიდან გამომდინარე ჩანს.

Oh our end
has come at last,
and we return full in colour.