7 თვე


როცა რაღაც რეალურ რეალობაში არ გამოდის, გამოვა წარმოსახვითში. ან არ გამოვა, მაგრამ ვინაიდან წარმოსახვითია, ილუზიას შეიქმნი რომ გამოდის და ამ რეალობაში არსებულ შენ თავს მიეკედლები.

ვიღაცების გაზიარებულ წარმოსახვით რეალობებში დავეხეტები და თავი მათი ამბების გმირი მგონია, ან რატომ გმირი? დამკვირვებელი, პრინციპში როგორც ყოველთვის.

ორშაბათიც მივახრჩვეთ, არადა, დილიდან მგონია რომ სამშაბათია, გეგონება რამე იცვლებოდეს ამით.

წუხელ მთელი ღამე მეგონა რომ დამწვარი ხის სუნი იდგა ჩემს ოთახში, იმ დონემდე მივედი, ვიფიქრე სახლი იწვოდა. მერე, ჩავთვალე ვინაიდან თმა 2 დღის წინ შევიღებე, ე.ი. საღებავის სუნი მცემს მეთქი და ნამდვილი მანიაკივით დავიწყე თმების ყნოსვა. საღებავის სუნს, დამწვარი ხის სუნთან საერთო არაფერი აქვს.

დამწვარი ხის სუნი, სინამდვილეში ზამთრის სუნია, ე.ი. გაზაფხულის მოსვლასთან მაქვს პრობლემა, ისევე როგორც ორშაბათთან, რომელიც სამშაბათი მგონია.

ვბოდავ.. “კონსტრუქციული ელემენტები”.. რა დროს კონსტრუქციული ელემენტებია, სამშაბათი, ფუ, სამშაბათი რა იყო და ორშაბათი გავიდა.

არ მიყვარს როცა ფინიკისთან გავლებულ ზღვარს ვშლი და ფინიკის თინიკოსთან ვაიგივებ. ფინიკის და თინიკოს საერთო რომ არაფერი აქვთ, ამაზე დიდი ხნის წინ შევთანხმდით და ფინიკიმ თავისთვის დაიტოვოს ყველა ისტორია, რომელთანაც თინიკოს არავითარი კავშირი არ აქვს.

სადაც მთავარ გმირს ფინიკი წარმოადგენს, იმის ქვეშ ხელი თინიკომ არ უნდა მოაწეროს და დავიშალეთ რა!

ანტიდეპრესანტის აბს ვათამაშებ ხელში და თავი ეგზორცისტი მგონია, აი, წუთი წუთზე ცუდი განწყობის განდევნის რიტუალი რომ უნდა დაიწყოს.

თუ ანტიდეპრესანტის მიღების შემდეგ ეგრევე გეძინება, რა გამოდის? ნეგატივის განდევნის შემდეგ შენგან არაფერი რჩება?

არაფერიც არ გამოდის, ქიმიური შემადგენლობის შედეგია და თუ ბოდვას იმ ადამიანებთან ერთად გაეშვები, რომლებიც მხოლოდ ფინიკის ცხოვრების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ, ფინიკიც მოისვენებს და შენც.

ჰო, საზეიმოდ უნდა დავდო პირობა იმის თაობაზე რომ თინიკოს და ფინიკის ცხოვრებების გადაკვეთას არ დავუშვებ, მერე გიჟივით რომ არ ველაპარაკო ჭერში ფინიკის ძველ ნაცნობებს, მის ახალ ნაცნობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით.

Advertisements

ძვირფასო სუპერმენ!


იმ სტატიებს, რომლებსაც ნახვის მომენტში ვერ ვკითხულობ და რომელთა წაკითხვაც მოგვიანებით მინდა facebook-ზე ვინახავ ხოლმე და შემდეგ თვითონ მახსენებს, რომ წასაკითხად რაღაცები მაქვს გადადებული და არ უნდა დამავიწყდეს. დღეს შეხსენება მივიღე იმის თაობაზე რომ “NASA wants you to work on Mars” უნდა წავიკითხო. ცხადია არც მე ვაპირებ წითელ პლანეტაზე აღმოჩენილი ვაკანსიისთვის შევავსო განაცხადი და არც ნასას ქონია განზრახვა ფინიკის ხე გადაერგო იქ, თუმცა მაინც მაინტერესებს რა შესაძლებლობებია მზის სისტემაში ჩემთვის (შენიშვნა: ადამიანი საკუთარი ცხვირისა და მზის სისტემის იქით რიმ ვერ იხედება იმას რა უნდა ელაპარაკო?!).

საუკუნეა საკუთარი მიზეზით არ მიტირია, ძირითადად ტელეშოუებზე, სერიალებზე, ფილმებზე და რეკლამებზე მეტირება ხოლმე. გუშინ უმიზეზოდ ვიტირე, თან იმდენი რომ მომავალი 1 წლის განმავლობაში მაინც მეყოფა. მიზეზი არ მქონია, ნერვული შეტევა მქონდა, რომელიც უკიდურესი გადაღლისა და სტრესისგან მემართება ხოლმე. აი ისე უმიზეზოდ და არსაიდან დამეწყო ისეთი ისტერიკა რომ თან ვტიროდი და თან გაოცებული ვიყავი. მოკლედ, სერიოზულად ავიჭერი. მაშინვე გამოვიწერე დროებითი, სიმპტომური მკურნალობა – ფეხით გასეირნება, 10 მგ. ანტიდეპრესანტი და 100 გრამი ჯეკი ყინულის გარეშე. ისტერიკა კი ჩამიწყნარდა, მაგრამ დროსა და სივრცეში დაკარგვას ვერაფერი უშველა.

უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში სად აღარ ვიყავი, ჯერ იყო და 4 ღამიდან 2 თვითმფრინავში გავატარე, ორ ფრონტზე ერთდროულად ვიბრძოლე, ისე რომ დასვენებითაც კი არ დამისვენია, შემდეგ დავბრუნდი და უკვე ნაცნობ “ფრონტზე”, ნაცნობ “სანგარში” ამოვყავი თავი. შაბათ-კვირას დასვენების მიზნით, ისევ სადღაც გავეშურე და საბოლოოდ გადავედი რელსებიდან. სად ვარ, ვინ ვარ, რა დღეა, რომელი წელია?

ბევრი რამ ვცადე კიდეც, მთის წვერზე, ტყეში აშენებული სახლის ეზოში ადამიანის ჭაჭანება რომ არ იყო “ტოპლეს” გარუჯვიდან (სხვათაშორის სტანდარტულ გარუჯვასთან შედარებით ბევრად სასიამოვნოა) დაწყებული, გამქრალ სიგარეტის კოლოფებზე ნადირობით დამთავრებული (ვერავინ დამაჯერებს რომ როგორც არ უნდა გამეგიჟებინა თავი 2 დღეში 5 კოლოფ სიგარეტს მოვწევდი. აი, შეუძლებელია).

ბავშვობის მეგობრებთან 2 დღიანი უწყვეტი კომუნიკაცია საერთოდ ცალკე პოსტის თემაა. ყველა სამეგობროს რომელიც 2-ზე მეტი ადამიანისგან შედგება, აუცილებლად აქვს საკუთარი ტრადიციები, უნიკალური მახასიათებლები, რომელთა აღმოჩენაც და რომლებზე დაკვირვებაც სასწაულია.

ჰოდა, სანამ მარსზე გადავრგავდე ფინიკის, დედამიწის დროით დამდგარი ორშაბათისთვის უნდა შევემზადო, რომელთან შეხვედრაც რელსებიდან გადასულსა და დროსა და სივრცეში არეულს მიწევს. მძიმე კვირა იწყება ჩემს მიკრო სამყაროში. ჰოდა, სხვა რომ აღარაფერი დამრჩენია: “I’m not normally a praying man, but if you’re up there, please save me, Superman”. სანამ მარსზე გადავიდოდე, დამეხმარე სუპერმენ!

giphy

You can tell your mom I moved to Arkansas


შაბათს დილით, დიდი ხნის მივიწყებული ანტიდეპრესანტის მიღების შედეგად სახეზე გვაქვს უკიდურესი ძილიანობა და შემაწუხებელი სიმშვიდე. სიარულითაც ისე დავდივარ, მიწას ვერ ვგრძნობ. ადრე თუ 20 ან 25 მგ.-ს ვსვამდი, ახლა ერთჯერადად მიღებულმა 10 მგ.-მა დამარწმუნა რომ გრავიტაცია არ არსებობს და ესეც დიდი შეთქმულების ნაწილია. ე.ი. შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ აშკარა გაუმჯობესებასთან გვაქვს საქმე, ხომ ასეა? პრინციპში გააჩნია რას ვეძახით გაუმჯობესებას.

ანტიდეპრესანტებზე საუბარი არ მინდა (მაგრამ კარგია, რომ ისეთ დროს გადავწყვიტე მათ გარეშე ცხოვრება, როცა რამდენიმე ფირფიტა ჯერ კიდევ მქონდა დარჩენილი, საჭიროების შემთხვევაში (ანუ ისეთ ხასიათზე ყოფნისას, როგორზეც შაბათს ვიყავი) შემიძლია მივადგე „მარაგას“).

ანტიდეპრესანტების მიღებისას, ალკოჰოლის მიღება რეკომედებული არ არის, თუმცა რამდენიმე უცხოურ ფორუმზე წავიკითხე რომ ეგ არაფერი. რეალურად ერთადერთი რაც ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაგემართოთ არის ზღვარგადასული სიმშვიდის გაათმაგება, ძილთან ბრძოლის უუნარობა, სეირნობის სურვილი და ტუჩების დაბუჟება.

ჰოდა, რახან მაინც კარგ ხასიათზე ვართ და ისედაც უაზროდ ვიღიმით, რამე კარგი სიმღერა არ გვაწყენდა.

აბა, დაფიქრდით ვის უმღერებდით ამ სიმღერას? ფანჯრების ქვეშ უნდა ჩაურთოთ „You can tell your dog to bite my leg“.

 

You can tell the world you never was my girl

You can burn my clothes up when I’m gone

You can tell your friends just what a fool I’ve been

And laugh and joke about me on the phone

You can tell your mom I moved to Arkansas

You can tell your dog to bite my leg

Or tell your brother Cliff whose fist can tell my lip

He never really liked me anyway

 

გიჟივით მეცინება, თუმცა სიგიჟისთვის შეუფერებლად მშვიდი ვარ.

ანტი


უეცრად ვიფეთქებ ხოლმე და გზაზე რაც კი შემხვდება ყველაფერს თავზე დავღრიალებ, ასტროლოგები მეუბნებიან რომ ეს ბუნებრივია, კიდევ იმასაც ამბობენ რომ ამაზე უფრო ბუნებრივი უეცარი დამშვიდება და ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულებაა. მზად ვარ სათითაოდ ჩამოვურეკო ყველას და ბოდიში მოვუხადო, ვუთხრა რომ მიყვარს (მიუხედავად იმისა ასეა თუ არა, ახლა მგონია რომ ყველა მიყვარს. არა, მთვრალი არ ვარ! დიახ, შემიძლია დავიფიცო!) და დავადასტურო რომ სამწუხაროდ “ისტერიჩკა“ და ემოციურად არამდგრადი ვარ.

ჩამორეკვაზე ასტროლოგები ღიმილნარები ტონით მპასუხობენ, რომ ეს არც თუ ისე მარტივი იქნება, ჩემი უსაზღვრო “სიამაყისა“ და “თავმოყვარეობის“ გამო (რომელიც ზუსტად არ ვიცი რაში მარგია).

ჰოდა, ყველაფერზე კვერი რომ არ დავუკრა, ჩემს ვარდისფერ ანტიდეპრესანტის აბს დავციცინებ, მართალია 20 მგ. დამინიშნეს, მაგრამ 25 მგ.-ც რომ მივიღო, მგონი არაფერი მოხდება. დღეს ისეთი დღეა, 50 მგ.-ც ვერაფერს მიზამს.

ისე კი კარგად გავეჩვიე ანტიდეპრესანტებისა და ვისკის შეხამებას, წელი კი წამომტკივდება ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ აბა წელის ტკივილს ამ ნაერთთან რა საერთო შეიძლება ქონდეს. ყველაფერი ასაკის ბრალია, დიახ, ასაკის.

დასარეკად გამზადებულ ტელეფონსა და ვარდისფერ აბს შორის, არჩევანს ვარდისფერ აბზე ვაჩერებ.

შემდეგ იგივე სცენა მეორდება ანუ დასარეკად გამზადებულ ტელეფონსა და ვისკის შორის არჩევანს ვისკიზე ვაჩერებ. ვისკი და ვარდისფერი აბი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ტელეფონი კიდევ გამომადგება. მთავარია ყველა გამავალი ზარი და მიწერილი შეტყობინება წავშალო.

მეხსიერების წაშლაზე იმედს ვიტოვებ ეს ნაერთი იზრუნებს.

და თუ აქამდე მეგონა, რომ ასეთი აბებითა და ალკოჰოლით, უფრო გამოვდეპრესიულმწერალდებოდი, ძალიან ვცდებოდი.

საკვანძო სიტყვა აქ “ანტია“.

tumblr_m43dopI0QA1qez206o1_400