თაფლის თბილი სუნი


სახლში გვიან მოვედი. კარი გავაღე თუ არა, მაშინვე თაფლის თბილი სუნი მეცა. ე.ი. 2017 სადღაც აქვეა, დედაჩემის გამომცხვარ თაფლის ნამცხვარში, ნაძვის ხეზე ჩემს ყურმოტეხილ გარმონიან დათუნიაში, იმ ბოთლებში ძლივს რომ მოვათრიე სახლამდე, ღვინის ჭიქაში ამაყად რომ წამოვჭიმე წიგნების თაროზე.. მოკლედ აქაა.

დღეს იმდენი დავლიე, ლამისაა დავიფიცო ამდენი არასოდეს დამილევია მეთქი, მაგრამ დამილევია და მოდი ახლა ამაზე ნუ შევჩერდებით!

რაღაცით მოვიწამლე და სასოწარკვეთილმა გადავწყვიტე ალკოჰოლი კარგს არაფერს მომიტანს და მოდი ზრდილობისა და იმიჯისთვის მხოლოდ ერთ ჭიქას დავლევ მეთქი. ჯერ “როზეს” მივეპარე, ჰოდა, აბა მე რა ფინიკი ვიქნებოდი დამატებაზე რომ არ მეფიქრა და ერთ ჭიქაზე გავჩერებულიყავი, თან პარასკევს, 30 დეკემბერს?! “როზე” რომ აღარ დამხვდა, დიდი მსჯელობის შედეგად მივედი დასკვნამდე “ტვიში” ლოგიკური გაგრძელება იქნება მეთქი და ორი ჭიქა წრუპვა-წრუპვით დავამატე. ცოტა დრო რომ გავიდა, სადღესასწაულო განწყობისთვის შუშხუნა ღვინოსაც წავეპოტინე, ბოლოს კი ვისკიანი ჭიქა მედგა და კოკა-კოლაში ვაზავებდი (ცუდი კი არაფერი იფიქროთ, მითხრეს მოწამლულზე კარგიაო და ვმკურნალობდი). ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღის ბოლოს ლუდხანაში ამოვყავი თავი და საღამო გაუფილტრავი პაულანერით დავაგვირგვინე. ჰო, არ გინდათ ახლა ეს თავის ქნევა, ახალი წელი მოდის და მეპატიება, თან ხომ ვთქვი ვმკურნალობდი მეთქი.

ეს პოსტი დალევაზეა? ეშმაკმა უწყის რაზეა, რაზეც მომინდება იმაზე იქნება!

8 საათზე ფილარმონიაში ვიყავი დაბარებული, დიდი ხნის ნანატრ კონცერტზე. ერთი პირობა კი ვიფიქრე ისე მაცვია ასეთ “ვიდზე” ფილარმონიაში კი არა, პურის რიგში დასადგომად არ უნდა მივდიოდე მეთქი, მაგრამ მუსიკის მოსმენა მინდოდა და აი, სულ ფეხებზე მეკიდა რა ვიდზე ვიყავი.

მსოფლიო კინო-მუსიკის შედევრების კონცერტზე (ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესრულებით) ხომ გსმენიათ?! ჰოდა, რამდენიმე წლის შემდეგ, როგორც იქნა მოვახერხე დასწრება. ბევრი რომ არ გავაგრძელო, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმარისზე მეტად ვაღვარღვარე ცრემლები, ბოლოსკენ მრცხვენოდა თვალებიდან ცრემლების ისტერიულად წმენდა და იქამდე დავიკიდე, სანამ ლამის ჭიპამდე არ დავსველდი. არადა, კაცმა რომ თქვას გულჩვილი არ ვარ, არც სახალხოდ ტირილი მჩვევია, აქ კი თავი ვერ შევიკავე. ყველაფერი მაინც ალკოჰოლის ბრალი მგონია მე (არ დაიწყოთ ახლა ეგ რა შუაშია იმასთან შენ რომ ასაკში შეხვედიო!).

გამიმართლა რომ მესამე რიგში ვიჯექი და ორკესტრის ყველა წევრს მაქსიმალური სიზუსტით ვხედავდი (რაღაცას ვბოდავ). ორკესტრის თითოეული წევრის ხელის (ერთი შეხედვით უმნიშვნელო) მოძრაობა რომ მუსიკას ქმნის, ნამდვილი სასწაულია. კიდევ უფრო საინტერესოა იმაზე დაკვირვება ვინ იღებს სიამოვნებას ამ პროცესისგან და ვინ იხდის ვალს. ჩემგან მარცხნივ, ახალგაზრდა ბიჭი უკრავდა ვიოლინოზე, არ ვიცი მუსიკა ყელში ქონდა თუ არა ამოსული, მაგრამ დაკვრა რომ სიამოვნებდა ამაში ეჭვსაც კი არ შევიტან. საშინლად მაგარია იმ ადამიანების ყურება, რომლებიც საკუთარი საქმით “კაიფობენ”! მიყვარს განსხვავებული და მასიდან ამოვარდნილი ადამიანები, აი ისეთები, შავ კლასიკურ შარვალ-კოსტუმზე (ვიცი რომ სწორი არაა) ჭრელი წინდები (თუ გინდათ “ნასკები” რომ აცვიათ). ეს კონცერტი მუსიკად ხომ ღირს, მაგრამ ამ ბიჭის და მისი დაკვრის ნახვად ცალკე ღირს. მართლა! არ ვბოდავ! გადაეცით რომ ვგიჟდები!

ახალი წლის განწყობას სულ სხვადასხვა რამეები გვიქმნის, ძირითადად კი ჩვენთვის უჩვეულო რამეების კეთება.

მთვრალი და გულაჩუყებული ვარ, ღრმად ვისუნთქავ თბილი თაფლის სუნს და მიხარია ახალი წელი.

Smile though your heart is aching!

Advertisements

Just a Normal Day


საკუთარ თავთან tête-à-tête დალევა დეპრესიული აქტია.

ადამიანები როგორც წესი პრობლემების დასავიწყებლად სვამენ.

მეხსირების აღსადგენად დაგილევიათ?

ის რისი გახსენებაც მინდა, ბევრი მიზეზითაა ტვინის ყველაზე ბნელ კუთხეში მიჩქმალული.

საკუთარ თავთან tête-à-tête დალევისას თავდაცვის მექანიზმი სუსტდება. გუშინ, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად შევძელი დეტალების გახსენება.

ამ გზით ამოტივტივებული მოგონებები, ალკოჰოლის აორთქლებასთან ერთად უნდა ბრუნდებოდნენ მეხსიერების იმ ბნელ კუთხეში, სადაც დიდხნიანი მცდელობის შედეგად მოათავსე.

არსადაც არ ბრუნდებიან.

Eat a lot, sleep a lot, passing the time away,
Maybe I’ll find my way,
Who am I kidding? Yes, it’s just myself.

გამარჯობა ამღვრეულო


-ისევ შევხვდით ერთმანეთს! – მინდა ვუთხრა და გაბუტულივით ავარიდო თვალი.

ვერაფერს ვეუბნები. ამღვრეულია და ღელავს. მერე რა რომ ამინდი გამოვიდა?! გუშინ წვიმდა, 2 დღის წინაც, მზის აღქმა ვერ მოასწრო ისე წამოვადექი თავზე. დამპატიჟა? მეტი დარდი არ ჰქონდა! დაუპატიჟებლად ჩამოვჩაქჩაქდი. ჰოდა, როგორც ჩამოვჩაქჩაქდი, ისე წავჩაქაჩაქდები!

-არადა ასახსნელი ბევრი გაქვს! – ოდნავ ნაწყენი ტონით ვეუბნები მე.

მეტი საქმე არ აქვს მიპასუხოს. თავისთვის ბუტბუტებს რაღაცებს და ისე იქცევა, თითქოს პირველად მხედავდეს.

პასუხად, მეც აუღელვებლად ვალაგებ ფეხებს აივნის მოაჯირზე და სიგარეტის ქაჩვისას ვფიქრობ მოსალოდნელ სიმთვრალეზე.

მოსალოდნელი რომ მიმდინარე ხდება ყველაფერს ფეხებზე ვიკიდებ.. არადა, ჯობდა დამეძინა.

ცუდი გოგო ხარ ფინიკო და ზედმეტად ცელქობ! არ ვარგა ეს და ასე არაფერი გამოვა! ეს ფეხებიც რამდენჯერ ახსენე წინა ორ აბზაცში? გვარიანად უნდა გაგტყიპოს კაცმა რა! მაგრამ რას ვიზამთ რომ პატრონი არ გყავს?

ჰაჰ, რას ვიზამთ? რას და ერთ კვირაში ისევ ჩამოვალთ და აგერ ნახავ თუ არ დაველაპარაკებით! თავხედი კია, მაგრამ ყურის აწევა არ გაგვიჭირდება.

მანამდე კი შეუძლია მოეხეთქოს ნაპირებს.

მაინც გეტყვი რომ ნაწყენი ვარ შენზე და არ მგონია მარტივად შევრიგდეთ!

fb_img_1475475227675
სიგარეტი, სასმელი და ფონად Supertramp Live to love you. 02.10.2016

This is the END


ბოლო რამდენიმე დღეა დილით ვიკვიატებ ერთ სიმღერას და მთელი დღე განუწყვეტლივ ვუსმენ. არ მბეზრდება. ყველა დღეს სჭირდება საუნდთრეკი.

დღეს დილით თავში გამიელვა so this is the end, ჰოდა, დღეს ვიმეორებთ this is the end.

Hold your breath and count to ten!

არაჩვეულებრივი მეხსიერება მაქვს, თითქმის ყოველთვის, ყველაფერი ზეპირად მახსოვს, საოცარი სიზუსტით შემიძლია ადამიანების ციტირება, რა დროც არ უნდა იყოს გასული. ათასი ხარა-ხურით მაქვს ტვინი გამოჭედილი. დღეს ავირიე, აღარ ვიცი რა მახსოვს და რას ვიგონებ, რა იყო და რა მომეჩვენა, როდის დავდექი სტარტზე და როდის ავკრიფე სიჩქარე ფინიშისკენ, იმ ფინიშისკენ, რომლის გადაკვეთაც გამარჯვებასთან კავშირში არასოდეს ყოფილა. So this is the end!

Let the sky fall, დიდად არ მადარდებს. ახლა დიდად არაფერი მადარდებს, გარდა იმისა რომ საკუთარ თავს და მოგონებებს აღარ ვენდობი. დღეს სიზმარსა და რეალობას შორის ზღვარი მოიშალა, აკვიატებული სიმღერა მოგონილი მოვლენების დასასრულზე მიმღერის და მეც მგონია რომ რაღაც მაინც ვიცი ზუსტად, სულ მცირე ნაწილი მაინც იყო სიმართლე იმ ყველაფერში რაც ახლა წარმოსახვის ნაყოფი მგონია.

მახსოვს რომ შარშანდელი სექტემბერი აღმოჩნდა სტარტი, ეს მაინც ხომ მახსოვს ზუსტად?! საწყისი წერტილი, იქამდე სანამ sky fell. ახლა გარდამავალი პერიოდია, შესვენება, სანამ რაღაც ახალი დაიწყებოდეს ჩემს ცხოვრებაში, თუმცა მანამ სანამ ეს მოხდება, ჯერ ისევ შარშანდელი სექტემბერია, 1 სექტემბერი, როცა სტარტისთვის გაუაზრებლად ვემზადებოდი ან უნდა მოვმზადებულიყავი. წრე შეიკრა და this is the end.

Skyfall is where we start
A thousand miles and poles apart
Where worlds collide and days are dark
You may have my number, you can take my name
But you’ll never have my heart

ჰო, Skyfall is where we start. მომავალ შეხვედრამდე სექტემბერში. მომავალ სტარტამდე და ფინიშამდე.

ყოველთვის ენდეთ საკუთარ თავს როცა მთვრალი ხართ, ცხოვრება ბოდვაა, კი, ნამდვილი ცხოვრება ის ბოდვაა, რომელიც რეალობა გვგონია.

P.S. ადელის სიმღერები არ მიყვარს, შეიძლება ითქვას რომ ვერ ვიტან, თუმცა ეს სიმღერა გამონაკლისია.

You can tell your mom I moved to Arkansas


შაბათს დილით, დიდი ხნის მივიწყებული ანტიდეპრესანტის მიღების შედეგად სახეზე გვაქვს უკიდურესი ძილიანობა და შემაწუხებელი სიმშვიდე. სიარულითაც ისე დავდივარ, მიწას ვერ ვგრძნობ. ადრე თუ 20 ან 25 მგ.-ს ვსვამდი, ახლა ერთჯერადად მიღებულმა 10 მგ.-მა დამარწმუნა რომ გრავიტაცია არ არსებობს და ესეც დიდი შეთქმულების ნაწილია. ე.ი. შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ აშკარა გაუმჯობესებასთან გვაქვს საქმე, ხომ ასეა? პრინციპში გააჩნია რას ვეძახით გაუმჯობესებას.

ანტიდეპრესანტებზე საუბარი არ მინდა (მაგრამ კარგია, რომ ისეთ დროს გადავწყვიტე მათ გარეშე ცხოვრება, როცა რამდენიმე ფირფიტა ჯერ კიდევ მქონდა დარჩენილი, საჭიროების შემთხვევაში (ანუ ისეთ ხასიათზე ყოფნისას, როგორზეც შაბათს ვიყავი) შემიძლია მივადგე „მარაგას“).

ანტიდეპრესანტების მიღებისას, ალკოჰოლის მიღება რეკომედებული არ არის, თუმცა რამდენიმე უცხოურ ფორუმზე წავიკითხე რომ ეგ არაფერი. რეალურად ერთადერთი რაც ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაგემართოთ არის ზღვარგადასული სიმშვიდის გაათმაგება, ძილთან ბრძოლის უუნარობა, სეირნობის სურვილი და ტუჩების დაბუჟება.

ჰოდა, რახან მაინც კარგ ხასიათზე ვართ და ისედაც უაზროდ ვიღიმით, რამე კარგი სიმღერა არ გვაწყენდა.

აბა, დაფიქრდით ვის უმღერებდით ამ სიმღერას? ფანჯრების ქვეშ უნდა ჩაურთოთ „You can tell your dog to bite my leg“.

 

You can tell the world you never was my girl

You can burn my clothes up when I’m gone

You can tell your friends just what a fool I’ve been

And laugh and joke about me on the phone

You can tell your mom I moved to Arkansas

You can tell your dog to bite my leg

Or tell your brother Cliff whose fist can tell my lip

He never really liked me anyway

 

გიჟივით მეცინება, თუმცა სიგიჟისთვის შეუფერებლად მშვიდი ვარ.

Lips That Touch Liquor Shall Never Touch Mine


აქ სულ სხვა ტექსტი და სულ სხვა შინაარსი უნდა ყოფილიყო. თუმცა ვინაიდან და რადგანაც ძალიან ბევრი რამ არ ვიცი და საკმაოდ ხშირად ისეც ხდება რომ სრულიად შემთხვევით ვიგებ ხოლმე რაღაც ახალს, დღეს გეგმები შეიცვალა.

ჰოდა, ნაცვლად იმისა რომ დისნეის მულტფილმების მუსიკალურ გაფორმებაზე ვისაუბრო (რომელზეც აუცილებლად ვისაუბრებ), დღეს “Temperance movement”-ის ერთ-ერთი წარმომადგენლის შემთხვევით თვალში გამოჩხერილ ლექსზე უნდა დავწერო.

ორი სიტყვით (მეტი არც მე ვიცი და იმიტომ) ე.წ. “Temperance movement“-ზე: Temperance movement წარმოადგენდა მოძრაობას ალკოჰოლური სასმელების მოხმარების წინააღმდეგ, ძირითადად ამ მოძრაობის წევრები ეწინააღმდეგებოდნენ ალკოჰოლური სასმელების ნებისმიერი დოზით მოხმარებას და მოითხოვდნენ მოხმარების კანონის ძალით სრულ აკრძალვას ან შეზღუდვას. მოძრაობა მე-19 საუკუნის დასაწყისში დაიწყო.

ყურადღება არასოდეს მიმიქცევია ლექსიკონებში ამ სიტყვის (Temperance) განმარტებაზე, კერძოდ მისი ერთ-ერთი მნიშვნელობა “მაგარი სასმელებისაგან თავის დაჭერა“ ყოფილა.

ახლა ლექსზე, რომელიც ამ მოძრაობის აქტიური წევრის მიერ დაიწერა სწორედ ამ მოძრაობის მხარდასაჭერად.

Lips That Touch Liquor Shall Never Touch Mine

მე ამაზე უბრალოდ გამეღიმა, თუმცა ლექსის შინაარსმა მაინც ძალიან დამაინტერესა.

Alice Lee stood awaiting her lover one night – როგორც სჩანს “თავშეკავება“ და “მოთმინება“ ქ-ნი ალისის შემთხვევაში მხოლოდ ალკოჰოლს ეხებოდა. არა, საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, უბრალოდ აღვნიშნე.

Her cheeks flushed and glowing, her eyes full of light.

She had placed a sweet rose ‘mid her wild flowing hair;

No flower of the forest e’er looked half so fair

As she did that night, as she stood by the door

Of the cot where she dwelt by the side of the moor.

ჰოდა, კარგად გამოპრანჭული ალისი, გვარიანად დაღამებულზე, მორჩილად ელოდა საყვარლის გამოჩენას.

She heard a quick step coming over the moor,

And a merry voice which she had oft heard before;

And ere she could speak a strong arm held her fast,

And a manly voice whispered, – ოჰ, ეს მამაკაცური ხმა, წარმოვიდგინე კიდეც, ჯერ ხმა და შემდეგ ალკოჰოლით გაჯერებული სუნთქვა. ოჰ..

“I’ve come, love, at last.

I’m sorry that I’ve kept you waiting like this,

But I know you’ll forgive me, then give me a kiss.” – ან ძალიან რომანტიული ბუნების იყო ეს ალისის საყვარელი მამაკაცი (რომელსაც ბოხი ხმა ექნებოდა, აი ისეთი რომ ლაპარაკობს და თან ზარების რეკვა რომ გესმის. რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს), ან ცოტა ზედმეტი მოუვიდა და ამჩატდა.

But she shook the bright curls on her beautiful head,

And she drew herself up while quite proudly she said, – აკი ვთქვი მის სუნთქვაში უეჭველად იგრძნობოდა ალკოჰოლი მეთქი, აბა საიდან ასეთი სიამაყე და სიმკაცრე?! თან ასეთი მოუთმენელი ლოდინის შემდეგ.

“Now, William – უი, ვილიამი რქმევია (მაპატიეთ ეს უაზრო ჩართვა).

“Now, William, I’ll prove if you really are true,

For you say that you love me — I don’t think you do;

If really you love me you must give up the wine,

For the lips that touch liquor shall never touch mine.” – ჰოდა, ვუალა, გამოცდა ნამდვილ მამაკაცს, ალკოჰოლი თუ ალისის ტუჩები.

He looked quite amazed – არც მიკვირს.

“Why, Alice, ‘tis clear

You really are getting quite jealous, my dear.” – ეჭვიანობა გამიგია, ჰო, გამიგია, მაგრამ მე ცოტა სხვაგვარად მესმოდა.

“In that you are right,” she replied; “for, you see,

You’ll soon love the liquor far better than me.

I’m jealous, I own, of the poisonous wine,

For the lips that touch liquor shall never touch mine.” – აჰა, ისევ. მაგრამ კაცმა თუ გამოპრანჭულ ალისთან პაემანზე მისვლამდე ცოტა ღვინო დალია, საიდან ასკვნის ალისი რომ მალე მას ღვინო ალისზე მეტად ეყვარება, მომკალით და ვერ გავიგე.

He turned, then, quite angry. – აქ ვიფიქრე, ვცდებოდი, ალბათ უბრალოდ ნასვამი კი არა, ღვინით გვარიანად გამაძღარი მიადგა და ახლა ისეთს დაატრიალებს, მეც კი დავფიქრდები მსმელი კაცების ტუჩებზე მეთქი, მაგრამ არა.

“Confound it!” he said,

“What nonsense you’ve got in your dear little head;

But I’ll see if I cannot remove it from hence.” – არ ვიცი, მაგრამ ეს პატარა თავუკაში გაჩენილი სულელური ფიქრები, ცოტა მესექსისტება, მაგრამ ეტყობა ეს ლექსი არც ფემინისტ ქალებზეა, არც პათოლოგიურ მსმელებზე და არც ქორწილამდე თავშეკავებაზე (ალკოჰოლს რომ არ ვგულისხმობ მიხვდით ალბათ).

She said, “‘Tis not nonsense, ‘tis plain common-sense:

And I mean what I say, and this you will find,

I don’t often change when I’ve made up my mind.” – სისულელეებით გამოტენილი პატარა თავუკა ეძახე და მაგრად კი დადგა. უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები.

He stood all irresolute, angry, perplexed:

She never before saw him look half so vexed; – აი ისევ დავიძაბე.

But she said, “If he talks all his life I won’t flinch”;

And he talked, but he never could move her an inch.

He then bitterly cried, with a look and a groad,

“O Alice, your heart is as hard as a stone.” – ნამდვილად ქვა აქვს ალისს გულის ნაცვლად, აბა როგორი გარიგებაა ალისის ტუჩების გამო დაივიწყო ღვინის გემო.

But though her heart beat in his favour quite loud,

She still firmly kept to the vow she had vowed;

And at last, without even a tear or sigh,

She said, “I am going, so, William, goodbye.” – ფილმადაც რა კარგი იქნებოდა. წარმოვიდგინე, შავ-თეთრი კადრები, ალისის შეწუხებული, თუმცა მაინც მკაცრი გამოხედვა, გზააბნეული (და ოდნავ მთვრალი) ვილიამი (თუ უილიამი), რომელმაც ეს ესაა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და თავის ზანზალაკებიანი ხმით გააჟღეროს.

“Nay stay,” he then said, – ავჩუყდი.

“I’ll choose one of the two —

I’ll give up the liquor in favour of you.” – არ ხარ უილიამ მართალი, არც შენ ალის. ყველაფერს აქვს ზომა.

Now, William had often great cause to rejoice

For the hour he had made sweet Alice his choice;

And he blessed through the whole of a long, useful life,

The fate that had given him his dear little wife.

And she, by her firmness, won to us that night

One who in our cause is an ornament bright. – “ჰეფი ენდმაც” არ დაახანა. მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ავტორი აშკარად დაჟინებით ამტკიცებს ალისის (და თუ განვაზოგადებთ ქალების) ფიზიკურ სისუსტეს და სიკოხტავეს, იმისთვის რომ ამის ფონზე კიდევ უფრო მეტად ვცეთ პატივი მის შეუდრეკელობას.

Oh! that each fair girl in our abstinence band

Would say: “I’ll ne’er give my heart or my hand

Unto one who I ever had reason to think

Would taste one small drop of the vile, cursed drink” – ყველაფერი კარგი, მაგრამ ასეთი უტრირება რა საჭიროა?!

But say, when you are wooed, “I’m a foe to the wine,

And the lips that touch liquor shall never touch mine.” – მაპატიეთ, მაგრამ ამას ვერ გავიმეორებ, უილიამის ზარებიან ხმას, აუცილებლად მოუხდებოდა ცოტაოდენი ალკოჰოლით შემატებული სიმსუბუქე.

მე რომ ამ დღეს გაგებული მოძრაობის “გულშემატკივარი“ არ ვარ ალბათ ისედაც ცხადია, თუმცა მაინც ვიტყვი რომ სასიამოვნო საღამოებს ძალიან უხდება წითელი ღვინო, ვისკი, მარტინი და სხვა ათასი წყეული სითხე.

საღამოს ხომ არ დაგველია?

tumblr_nqfk2zhmAg1qevcjfo1_500

ანტი


უეცრად ვიფეთქებ ხოლმე და გზაზე რაც კი შემხვდება ყველაფერს თავზე დავღრიალებ, ასტროლოგები მეუბნებიან რომ ეს ბუნებრივია, კიდევ იმასაც ამბობენ რომ ამაზე უფრო ბუნებრივი უეცარი დამშვიდება და ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულებაა. მზად ვარ სათითაოდ ჩამოვურეკო ყველას და ბოდიში მოვუხადო, ვუთხრა რომ მიყვარს (მიუხედავად იმისა ასეა თუ არა, ახლა მგონია რომ ყველა მიყვარს. არა, მთვრალი არ ვარ! დიახ, შემიძლია დავიფიცო!) და დავადასტურო რომ სამწუხაროდ “ისტერიჩკა“ და ემოციურად არამდგრადი ვარ.

ჩამორეკვაზე ასტროლოგები ღიმილნარები ტონით მპასუხობენ, რომ ეს არც თუ ისე მარტივი იქნება, ჩემი უსაზღვრო “სიამაყისა“ და “თავმოყვარეობის“ გამო (რომელიც ზუსტად არ ვიცი რაში მარგია).

ჰოდა, ყველაფერზე კვერი რომ არ დავუკრა, ჩემს ვარდისფერ ანტიდეპრესანტის აბს დავციცინებ, მართალია 20 მგ. დამინიშნეს, მაგრამ 25 მგ.-ც რომ მივიღო, მგონი არაფერი მოხდება. დღეს ისეთი დღეა, 50 მგ.-ც ვერაფერს მიზამს.

ისე კი კარგად გავეჩვიე ანტიდეპრესანტებისა და ვისკის შეხამებას, წელი კი წამომტკივდება ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ აბა წელის ტკივილს ამ ნაერთთან რა საერთო შეიძლება ქონდეს. ყველაფერი ასაკის ბრალია, დიახ, ასაკის.

დასარეკად გამზადებულ ტელეფონსა და ვარდისფერ აბს შორის, არჩევანს ვარდისფერ აბზე ვაჩერებ.

შემდეგ იგივე სცენა მეორდება ანუ დასარეკად გამზადებულ ტელეფონსა და ვისკის შორის არჩევანს ვისკიზე ვაჩერებ. ვისკი და ვარდისფერი აბი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ტელეფონი კიდევ გამომადგება. მთავარია ყველა გამავალი ზარი და მიწერილი შეტყობინება წავშალო.

მეხსიერების წაშლაზე იმედს ვიტოვებ ეს ნაერთი იზრუნებს.

და თუ აქამდე მეგონა, რომ ასეთი აბებითა და ალკოჰოლით, უფრო გამოვდეპრესიულმწერალდებოდი, ძალიან ვცდებოდი.

საკვანძო სიტყვა აქ “ანტია“.

tumblr_m43dopI0QA1qez206o1_400

ხომ არ დაგველია?


„საღამოს რამე ხომ არ დაგველია“, „bring it on bitch”–სა და „დამინდეთ“–ს შორის ვარ გაჩხერილი.

ამბავი I „საღამოს რამე ხომ არ დაგველია“

–         გუშინ იმ ფილმს ვუყურე, უკვე ზეპირად რომ ვიცი და მაინც რომ არ ვეშვები.

–         მერე?

–         აღმოვაჩინე რომ მთავარ გმირს უზარმაზარი, თეთრი ბოტასი აცვია, ჰოდა, აღარ მომწონს.

–         კიდევ?

–         კიდევ ის რომ შემიძლია დასალევად დაგპატიჟო.

ყველა დიალოგი დალევამდე მიდის, ალბათ დაძაბულობის მოხსნისა და არაპროგნოზირებადი დასასრულის იმედით.

არა, ასე არ გამოვა.

–         გუშინ იმ ფილმს ვუყურე, უკვე ზეპირად რომ ვიცი და მაინც რომ არ ვეშვები.

–         მერე?

–         აღმოვაჩინე რომ მთავარ გმირს უზარმაზარი, თეთრი ბოტასი აცვია, ჰოდა, აღარ მომწონს.

–         კიდევ?

–         კიდევ ის რომ ჩვენთან ამ ფილმს საერთო არაფერი აქვს.

დუმილი.

დალევა გამოვტოვეთ და დიალოგსაც ავტომატურად დავუკარგეთ აზრი.

ეს ჩიხია.

შეცდომების დიდი ნუსხიდან შესაფერისს ვეძებ და საკუთარ ქმედებას შესაბამის კვალიფიკაციას ვანიჭებ.

ჩემ ცხოვრებაში დიდი ხნის წინ დანერგილი „პრეცედენტული სამართლის“ მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქმედებაც და უმოქმედობაც ჩაითვლება დანაშაულად და განსხვავებული სამართლებრივი შედეგი მოყვება.

ფსონს უმოქმედობაზე ვაკეთებ და სასწაულის იმედად ვიჭრელებ თვალებს ეკრანის ყურებით.

რეალობაში შემდგარ დიალოგს წინასწარ მოფიქრებულ ვერსიებთან საერთო არაფერი აქვს, გადამწყვეტ მომენტში ვჩუმდები და დასალევად უკვე ამ საქმეში კარგად გამოცდილ მეგობარს ვპატიჟებ, რა თქმა უნდა ულაპარაკოდ მთანხმდება და მპასუხობს „ჰო, с горя“.

თავის მართლება: არასწორ ადამიანს ვესაუბრე!

რეალობა # 1: სწორი ადამიანი არ არსებობს და ყოველთვის ისაა ვინც კონკრეტულ მომენტში შემრჩება ხელში.

რეალობა # 2: რეალობა # 1–ში მოყვანილი არგუმენტი ნაწილობრივ სწორია, თუმცა საჭიროებს კონკრეტიკას – ასეთი სულ სამია. მეოთხე „პრეცედენტული სამართლის“ გამოყენებისას, განაჩენის გამოსატანად გამომადგება.

ამბავი II “Bring it on bitch!”

–         დაგირეკავ და საჩუქარსაც გაჩუქებ. – მიღიმის.

ვემშვიდობები.

ნელ–ნელა ვიწყებ გაანალიზებას, კონტროლის ხელიდან დასხლტომის მომენტიდან ანალიზის უნარი დავკარგე. არაფერი მემჩნევა, მდგომარეობის რეანიმირებას ვცდილობ და ხელოვნურ სუნთქვას ვუტარებ, წინ კედელია, უმოძრაო სხეული და უმეტყველო თვალები, დავკარგე! კონტროლის „გადაცვალების“ დრო არ ჩამინიშნავს და შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ ეს სადღაც შუა დღისკენ მოხდა. ვიღაც მიკივის „განტვირთვა!“, მე ხელით ვანიშნებ „აზრი აღარ აქვს, დავკარგეთ.“

ჰოდა, ვზივარ და ვაანალიზებ, გამარჯობიდან ვიწყებ და დამშვიდობების ჩათვლით თოთოეულ ფრაზას ვატარებ რენტგენის სხივებში, ვცდილობ ის დავინახო რაც ერთი შეხედვით არ ჩანს და ის გავიგო რაც პირდაპირ არ უთქვამს.

ყველაზე დიდი ემოცია დამშვიდობებაში ჩააქსოვა, ბოლოს ნათქვამ ფრაზას დაუსრულებლად ვატრიალებ ტვინში და ვცდილობ თითოეული სიტყვა მივაკერო მის გამომეტყველებას, სინქრონი რომ არ დაირღვეს და მთავარი რომ არ დამრჩეს ყურადღების მიღმა.

პარალელურად ვეგუები ყველაზე უარესს და ვცდილობ გეგმის მონახაზი გავაკეთო, ეს დასასრულია და მალე ტიტრები უნდა დაიწყოს, ჰო, დასასრულია ამერიკული „Happy end”-ისა და საპნის ოპერებში გადაღეჭილი საქორწინო მარშის გარეშე (ქორწინება უადგილო იქნებოდა, ამიტომ უფრო ამერიკული “happy end”–ის იმედად ვიყავი).

მგონი გავშიფრე, რამდენიმე ვარიანტი დამრჩა, თუმცა მთავარი გავშიფრე, თავს ისე ვგრძნობ როგორც საქანელაზე ჯდომისას, ემოცია ამიტაცებს, რამდენიმე წამში კი ისევ უკან ვეშვები, შემდეგ ისევ მაღლა და ასე დაუსრულებლად, სანამ გულის რევას არ ვიგრძნობ.

გადაწყვეტილება: „Bring it on bitch!”

მალე ამ სერიალის ახალი სეზონი გამოვა.

ამბავი III „დამინდეთ“

სათაური არასწორად შევარჩიე, თუმცა მდგომარეობის გამოსახატად უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე.

მდგომარეობა: საკუთარი თავის ზიზღსა და დაღლილობაში არეული ორი ამბავი მშობიარობს მესამეზე.

დავიღალე.

დასკვნა: საღამოს რამე ხომ არ დაგველია?

so it goes

ვითამაშოთ


მონეტას ყოველთვის რამდენჯერმე ვაგდებ, მაშინაც კი როცა პირველივე ცდაზე ვიღებ სასურველ შედეგს. პროცესი უფრო მხიბლავს ვიდრე შედეგი, ჭეშმარიტად მნიშვნელოვან საკითხებს არასოდეს ვდებ სასწორზე, მგონია რომ ერთხელ თუ მაინც ითამაშებ საკუთარი ცხოვრებით, ეს ავტომატურად ჩაითვლება ფსონად, შემდეგ კი ყველაფერი ფორტუნაზეა დამოკიდებული. კაზინოდან გამარჯვებული ვერასოდეს გამოხვალ, მთავარია მოგება შეგეძლოს და არასოდეს სთხოვო კრუპიეს კიდევ ერთხელ გაათამაშოს კარტი, იმაში დასარწმუნებლად ნამდვილად მოიგე თუ არა.

ფულზე იმიტომ ვთამაშობ, თამაშის საშუალება რომ მქონდეს, სინამდვილეში კი ყოველი ფსონის უკან ფულზე გაცილებით მეტი დგას.

მკითხავებთან სიარულის ნაცვლად კაზინოში დავდივარ, ფორტუნასთან სასაუბროდ შუამავლები არ მჭირდება.

გუშინ მოგებული ფული, დღეს, თითოეული ფსონის უკან ჩაფიქრებულ სურვილთან ერთად გავანიავე. ჯიბეგაფხეკილი და სურვილებგამოლეული დავბრუნდი სახლში.

სათამაშოდ ფულს კიდევ ვიშოვნი, მთავარია ახალი სურვილების მოფიქრება შევძლო.

***

ყოველი ფსონის ჩამოსვლისას თავი ღმერთი მგონია, ჯიბეში ჩაკუჭული თითოეული ლარი ვიღაცის სულად ვაქციე და დაუნანებლად ვანიავებ.

წერილების წერა უნდა დავიწყო, მოკლე შეტყობინებები ვაგზავნო აღმა–დაღმა „დღეს კარტში წაგაგე“ ან პირიქით.

აი წარმოიდგინე, დღეს შენი სული ფულზე გადავახურდავე, სათამაშო მაგიდას მივუჯექი და შენი დანაწევრებული ცხოვრებით რამდენიმე ხელი ვითამაშე, შენ სამომავლო გეგმებს ხაზი გადავუსვი და ფულთან ერთად, შენთან დაკავშირებული ყველა სურვილი ჩავიბღუჯე ჯიბეში. ერთ მშვენიერ საღამოს, შენი ცხოვრება დაკუჭულ და გაცვეთილ ფულის შეკვრად ვაქციე, დაუნანებლად გაგცვალე სასმელსა და სიგარეტზე, ფორტუნას გავურიგდი და გიყიდე.

ჰო, ფორტუნა სუტენიორია, მე კლიენტი.

brothel

დიაგრამა


ტუჩები დავიმარილე, ყელზე უხეშად ამოტვიფრული გამარჯვების სიმბოლო შევისწორე, მალბოროს წითელი ქურთუკი მოვიგდე და პირში სიგარეტი გავიჩარი.

ჩემმა ფიქრებმა სათითაოდ გადაიპარსეს თავი, მძიმე ჯაჭვები დაიკიდეს ყელზე, ტუჩი გაიხვირტეს, სხეული მოიხატეს, ჰარლი დევიდსონს შემოაჯდნენ და უახლოესი ბარისკენ გააქროლეს.

ვეღარ ვთვრები და ადრინდელზე უფრო ხშირად მიღიტინებს ცხვირში რკინის სუნი, გაჭრილი თითის წყალში შეშვერისას რომ დგება ხოლმე ის, მიღიტინებს და ტუჩები უსიამოვნოდ მეკუმშება, სხეულში ჟრუანტელი მივლის და კბილებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს. ჰაერში არეული ყველა ემოციის ადრესატი მე ვარ და თითოეულ მათგანს რკნით გაჯერებული სისხლის სუნი აქვს.

სპირტი მომენატრა.

საკუთარი განწყობის დიაგრამებზე აგება დავიწყე, სიხარულს სტატისტიკური ალბათობით ვვარაუდობ და ყოველ ჯერზე ვითვლი სტანდარტულ გადახრას. დეფექტური ფიქრების რაოდენობას აღვრიცხავ, სტატისტიკური კონტროლის  ლიმიტებიდან გამოსვლის ტენდენციას ვხედავ და ვფიქრობ რომ სუსტი მმართველობითი უნარები მაქვს. მალე კონტროლის ჩარჩოებს საბოლოოდ გამოანგრევს დიაგრამაზე დატანილი დეფექტური ფიქრების ხაზი და უკონტროლო პროცესად ვიქცევი.

დიაგრამებზე ხაზებად დაქასქსული მე, უფრო და უფრო ვემსგავსები კარდიოგრამას, კარდიოლოგი ამბობს რომ არითმია მაქვს, სტატისტიკური ანალიზის სპეციალისტი რომ უხარისხოდ დაგეგმილი პროცესი ვარ.

კარდიოლოგი მეუბნება რომ მთავარია შუალედურ ხაზს არ გაუთანაბრდეს მონაცემი და ბოლომდე არ გასწორდეს, სტატისტიკური ანალიზის სპეციალისტი მარწმუნებს რომ ეს კონტროლის დამყარების ნიშანი იქნება.

როდესაც კონტროლს საბოლოოდ ჩავიგდებ ხელში და სტატისტიკურად პროგნოზირებადი გავხდები, კარდიოლოგი გარდაცვალების დროს დააფიქსირებს.

Basic RGB