Arrivals


ცაში ღრუბლები ატომური აფეთქების იმიტირებას ახდენენ, მე გვერდზე მჯდომს ვუტრიალდები, მხარზე ხელს ვადებ და ვეუბნები: “ნახე, სოკო ამოსულა.”

აფრენისას მაგრად შეგვაჯანჯღარებს და ვარშავაში, წვიმის შემდეგ, სოკოებივით ამოსულ ყველა ფიქრს გამოგვიფერთხავს თავიდან. მოსახარშად შემოდგმულ ფიქრებში ვერცხლის კოვზს ჩავაგდებ, გაშავებას დაველოდები და თუ აღმოჩნდა რომ შხამიანი შემყვა, მთელ პარტიას სანაგვეზე მოვისვრი. სახლში ისევ სახსრების ჭრაჭუნით მივალ, მშობლიურ ლოგინში შევწვები და თითქმის გათენებულ ოთხშაბათზე ფიქრით დამეძინება.

როგორც ამბობენ ყველაზე მეტი ბედნიერი სახის ერთდროულად ნახვა მხოლოდ აეროპორტის arrivals დარბაზშია შესაძლებელი.

ცუდ ხასიათზე ყოფნისას უცხო ადამიანებს უნდა დავხვდე ხოლმე ბუშტებით.

აფრენამდე დარჩა 3 საათი
Advertisements

წარმოსახვითი მწერები კოსმოსიდან


დივანზე წოლისას, როცა თავში ათასობით ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფიქრი ირევა, მე ისევ წარმოსახვითი მწერების გადაფრენას ველოდები თავზე და ვფიქრობ სავახშმოდ აეროპორტში წავიდე.

არ გამოვა, მგონი ერთადერთი საკვები ობიექტი მხოლოდ საზღვრის გადაკვეთის შემდეგაა და ახლა საზღვარზე გადასვლა-გადმოსვლის მინიმუმ თავი არ მაქვს.

ის, ვიზეც წარმოსახვითი მწერების გადაფრენისას ვფიქრობ, მგონი ჩინეთიდან ჯერ ინდოეთში გადაბარგდა, შემდეგ კი საერთოდ გაუჩინარდა დედამიწიდან და ნასას რომელიღაც მისიას გაყვა კოსმოსში. ახლა ალბათ იოზეა წამოსკუპებული და იქიდან აკვირდება იუპიტერს.

იქნებ მაინც ღირდეს აეროპორტში წასვლა და ყველა ავიაკომპანიის სერვის ცენტრის შემოვლა მარტივი კითხვით – “უახლოესი რეისი როდის გაქვთ იუპიტერზე?” თუ პასუხის ღირსად არ ჩამთვლიან, დათმობაზე წავალ და ვეტყვი: “კარგი, ჯანდაბას, იყოს იო ან კალისტო, ევროპა არ მინდა, მაგრამ თუ სხვა გზა არ გვაქვს, რა გაეწყობა. მეჩქარება, ხომ გესმით?!”

თუ არც ამაზე გამცემენ პასუხს, ვკითხავ: “აქ გემრიელად სად ვივახშმებ?”

ვახშმის შემდეგ, აეროპორტის შესასვლელთან რომელიმე ტაქსის მძღოლს მოველაპარაკები ფასზე და ადგილიდან რომ დავიძვრებით ვკითხავ: “იუპიტერთან ვიზალიბელარიზაციაზე როდის ვიწყებთ მოლაპარაკებას? საინფორმაციო გამოშვებებში რას ამბობენ?

რა მაგის პასუხია და იცით რომ პლუტონი 87 წლის წინ აღმოვაჩინეთ? აღმოვაჩინეთ რა, აღმოაჩინეს და ჩვენ სულ ახლახანს ვიხილეთ როგორ გამოიყურება. გული რომ ახატია იცით?

აეროპორტში სავახშმოდ მოსვლა არ ღირს, ზედმეტად ძვირი და არაფრით გამორჩეული საჭმელი აქვთ. ვერც ბილეთი ვიყიდე.

რა მკითხეთ? დიახ, ახალი გზით გავიდეთ.”

შოპენი სიზმარში


უძილობის დროს ვერასოდეს ვიგებ სად ვარ და რას ვაკეთებ. რეალობასა და სიზმარს შორისაც ვერ ვპოულობ ზღვარს და მგონია რომ ყველაფერი რაც მიმდინარე მომენტში ხდება მესზიმრება და მალე გამეღვიძება, რის შემდეგაც თავიდან უნდა დაიწყოს სიზმარი.

ვიღაცასთან ერთად მოგზაურობას, უფრო სწორად კი მგზავრობას მიჩვეული არ ვარ. როგორც წესი მარტო მიწევს ხოლმე ხანგრძლივი მგზავრობა, აეროპორტები, გადაჯდომა, თვითმფრინავები და ის სიზმრები, რომლებიც ამ დროს “მესიზმრება”.

ვინაიდან ძირითადად მარტო ვრ ხოლმე ვერასოდეს ვაფიქსირებ როგორ ეწყობა ჩემი ტვინი და როგორ აზროვნებას იწყებს, შენელებულად ვფიქრობ თუ უბრალოდ მე მგონია ასე. დღეს მივხვდი რომ საერთოდ გაუაზრებლად ვმგზავრობ ხოლმე და შეიძლება ითქვას რომ სასწაულად მიმართლებს, ვინაიდან აქამდე არასოდეს და არსად დავკარგულვარ.

პოსტი აეროპორტიდან და ასეთ მდგომარეობაში არასოდეს დამიწერია, თუმცა არც ახლა ვარ დარწმუნებული რომ რაც ახლა ხდება მართლა ხდება და ამ ყველაფერს, რეალობის დაწყებამდე სიზმრად არ ვხედავ.

ახლა, ვარშავას აეროპორტში ვარ, 1 წლის წინაც ვიყავი აქ, მაშინაც ასეთივე გამოუძინებელი და მაშინაც დიდი ხნით, მარტო ვიყავი და ვინაიდან ახლა უფრო ვიაზრებ რომ ვარაუდით დავბოდიალობ, საოცარია რომ მაშინ ქალაქში გასვლაც მოვახერხე, 2 ავტობუსის გამოცვლაც, დროულად უკან დაბრუნებაც და შემდეგ სახლში გაფრენა.

მოგზაურობა ზოგადად ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად ასე დროსა და სივრცეში დაკარგულად ყოფნას ვერ ვიტან. რომ ვერ გამიგია სად ვარ, რა მინდა აქ, სად მივდივარ და საერთოდ მართლა ხდება ეს ყველაფერი თუ მეჩვენება/ვბოდავ.

ახლა ჩემს საწოლში ძილს არაფერი მირჩევნია. წინ დაძაბული და დატვირთული კვირაა, რომელიც წუხელ დაიწყო, მაშინ ჩემს საწოლს დანანებით რომ ვუყურებდი და მზად ვიყავი ყველაფერი ფეხებზე დამეკიდებინა და დამეძინა.

ყველაფერი შემიძლია გადავდო გვერდზე, შემიძლია გიჟივით, გონების დაკარგვამდე ვიმუშავო და ამაზე არასოდეს ვიწუწუნო, ერთადერთი რაც არ შემიძლია უძილობაა და ჰო, კიდევ ჩემთვის უჩვეულო გარემოში აღმოჩენა. გარემოს ძნელად და დიდი ხნის განმავლობაში ვეგუები, თუმცა თუ დრო შესაგუებლად ცოტაა, სადღაც მოსაცდელ “ზონაში” ვიწყებ ცხოვრებას და შემდეგ ვერაფრით ვიგებ ამ ზონიდან საით უნდა გავიდე.

ავიხლართე, გონზე მოსასვლელად დაძინება და რაღაც რეალობასთან პირისპირ შეხვედრა მჭირდება, ფორსირებულ რეჟიმში რომ გადავიდე ახალ რელსებზე.

არ მიყვარს ჩემი კომფორტის ზონის დატოვება, კიდევ უფრო მეტად ვერ ვიტან, როდესაც მნიშვნელოვან მოვლენებზე კონტროლს ან ვკარგავ და ან დიდი მანძილიდან, რომელიღაც მოსაცდელი ზონიდან მიწევს ვაკონტროლო ის, რასაც საღი გონება სჭირდება, ანუ ის რაც არ მაქვს და ყოველთვის ვრისკავ რომ მოსაცდელ ზონაში ყოფნისას, სიზმარში ვაკეთებ ყველაფერს.

მძიმე კვირა იქნება, 2 მოსაცდელი ზონით და ბევრი სიზმრებით.

გაიღვიძე ფინიკი.

ვარშავა, შოპენის აეროპორტი. მოსაცდელი ზონა.