Melissa Explains it All – მიჩიგანიდან


ბავშვობაში ალბათ ყველას გვყავდა ამოჩემებული პერსონაჟი, მსახიობი, მომღერალი ფეხბურთელი… მოკლედ ამოჩემებული პერსონა, თუ გავაზვიადებთ კუმირი. ჩემთვის ასეთი კლარისა (იგივე Melissa Joan Hart) იყო. 90-ან წლებში და ალბათ 2000-ანების დასაწყისში Clarissa explains it all ჩემს ფავორიტ არხზე Nickelodeon-ზე გადიოდა. მგონი დღემდე ზეპირად ვიცი რამდენიმე სერია.

კლარისას ჩაცმის სტილი, პატარ-პატარა ამბები, სემი, რომელიც კლარისას ოთახში ფანჯრიდან შედიოდა, ახალი დილემები და ძალიან სასაცილო სიტუაციები. მოკლედ, ჩემთვის ძალიან ფერადი მოგონებაა და ალბათ დღესაც სიამოვნებით ვუყურებდი.

შემდეგ Sabrina the Teenage Witch-ის ყურება დავიწყე, ესეც Melissa Joan Hart-ს ხათრით. თინეიჯერი ჯადოქრის ყოველდღიური ცხოვრება და მოლაპარაკე შავი კატა სალემი (დიდი უხასიათო ვინმე იყო).

ჩემი პირველი შეხება ინტერნეტთან ბიბლიოთეკაში მოხდა, როცა კომპიუტერის საწყისების შესწავლა დავიწყე. მარტო რომ დავრჩი პირველი რაც დავსერჩე Melissa Joan Hart იყო. აი, ახლა ხომ ძალიან სასაცილოა რომ წლები დასჭირდა იმის გაგებას, ვინ იყო Melissa Joan Hart, რამდენი წლის იყო, კიდევ რომელ ფილმებში და/ან სერიალებში შემეძლო ნახვა და ა.შ. კი, ახლა ამის წარმოდგენა ძალიან სასაცილოა, აიღე ტელეფონი და გაიგე რაც გინდა, მაშინ წლები დამჭირდა ამისთვის.

შემდეგ იყო ძალიან საყვარელი ფილმი Drive me Crazy, ერთხელ, შემთხვევით გადავრთე რომელიღაც არხზე და ფილმის დასაწყისში Melissa Joan Hart რომ დაეწერა, ბევრი არ მიფიქრია მეყურებინა თუ არა. შუა ფილმის მსვლელობისას შუქი ჩაქრა (თუ დენი წავიდა.. თუ როგორც ვამბობ(დი)თ ხოლმე). ჰოდა, მაშინ არც გადახვევის საშუალება იყო და არც ონლაინ ყურების (პრინციპში არც კომპიუტერი მქონდა, ასეთი საშუალება ხელმისაწვდომიც რომ ყოფილიყო). მგონი, დაახლოებით ერთი წელი ვეძებდი ტელევიზორში ამ ფილმს, აი ახალი ფილმი რომ იწყებოდა, სულ იმის მოლოდინი მქონდა რომ Melissa Joan Hart დაიწერებოდა. მაშინ (ახლა არ ვიცი და არ მგონია) ქართული არხების (და შეიძლება რამდენიმე რუსული არხისაც) ტელეპროგრამა გაზეთში იბეჭდებოდა ხოლმე. ჰოდა, მორიგად რომ ვეცნობოდი მომავალი კვირის სატელევიზიო სივრცეს, ერთ-ერთ არხზე ამ ფილმს გადავაწყდი. 17:45 საათზე იწყებოდა (ესეც კი მახსოვს), 17:45-ზე ინგლისურის გაკვეთილზე უნდა ვყოფილიყავი და ვერაფერსაც ვერ ვუყურებდი. ძალიან ვინერვიულე (აი, ხომ ძალიან სასაცილოა), სახლში რომ მოვედი ტელევიზორი ჩავრთე (ფილმი უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო) და ალბათ დაგეგმილზე გვიან დაიწყო და ზუსტად შუიდან ვუყურე. წარმოგიდგენიათ როგორი გრანდიოზული მოვლენა იყო მე-9 კლასელი ფინიკისთვის ეს, ასეთ დეტალებში რომ მახსოვს?!

ჰოდა, ძალიან ბევრი წელი გავიდა, მაგრამ დღემდე საშინლად მიყვარს ეს ფილმიც და ბავშვობის ქერა “კუმირიც”. აი, ისე, დღემდე აქტიურად რომ ვეცნობი მის ფბ ფეიჯზე პოსტებს. გრანდიოზული კარიერა არ გაუკეთებია და უფრო უშუალო და კარგ რაღაცებს წერს.

ცოტა ხნის წინ, მელისას ფეიჯზე აღმოვაჩინე რომ ავტობიოგრაფიული წიგნი აქვს დაწერილი Melissa Explains it All. იმ წლებზე წერს მე რომ ბავშვობაში კლარისაზე და საბრინაზე ვგიჟდებოდი. მერე ქმარზე, შვილებზე, ქველმოქმედებაზე და ა.შ. ყველაფერი კლარისას სტილში. წიგნი გამოვიწერე და დღეს ჩამოვიდა.

ჩემი ერთ-ერთი აკვიატებაა რომ ამაზონიდან ყოველთვის ნახმარ წიგნებს ვიწერ (ყველას თავის ისტორია აქვს. ამერიკიდან საქართველოში). Melissa Explains it All-ის (აწ უკვე) ჩემი მყარ ყდიანი წიგნი Muskegon Area District Library-ს მფლობელობაში ყოფილა. იცით სად არის Muskegon Area District Library? არც მე ვიცოდი. თურმე მიჩიგანშია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი ყოფილა მიჩიგანის ტბასთან. როგორც ვიკიპედია ამბობს 170 000 ადამიანი ცხოვრობს და ქალაქის მერი Stephen J. Gawron ყოფილა (აი, ცხოვრებაში ხომ არ დავინტერესდებოდი ამით). Muskegon Area District Library-ს მოვლენათა კალენდარს ჩავხედე, დღეს ჭიქებზე ხატვის დღე აქვთ. აი, ამიტომაა ცხოვრება საინტერესო, თან ძალიან. არასოდეს იცი საღამოს რას “დაგუგლავ”.

მოკლედ ჩემთან დღეს მიჩიგანის ბიბლიოთეკაში ნამყოფი წიგნი ჩამოვიდა, ბევრი ბავშვობის მოგონებაც გააცოცხლა და ბევრი სახალისო ისტორიაც მელოდება წიგნში სადაც Melissa will explain it all.

 

Advertisements

ცუდი გოგო


მაღაზიაში რომ შევბოდიალდი არ ვიცოდი რას ვეძებდი. არც მიფიქრია გზაში რამე წამეკითხა, ჩემი მხედველობის გადამკიდეს თვალები საშინლად მტკივდება ხოლმე. უკვე გამოვდიოდით და თუ რამის ყიდვას ვაპირებდი, უნდა მეყიდა. ცუდ გოგოს წამოვედე, წიგნი გადავატრიალე, საინტერესო ჩანდა და ვინაიდან წინ შაბათ-კვირა იყო, რაც ნიშნავდა რომ შემეძლო ერთი ამოსუნთქვით წამეკითხა და თავი ისტორიის ნაწილ-ნაწილ დაგლეჯვის გამო არ მელანძღა, ვიყიდე და მანქანაში ჩაჯდომისთანავე დავიწყე კითხვა.

ისე კი კარგი იქნება თუ არ ენდობით უკანა ყდაზე წარმოდგენილ ქება-დიდებას “ამ წიგნში მარიო ვარგას ლიოსა ბოლომდე არღვევს რომანტიკული სიყვარულის ყველა ნაცად კლიშეს, გამოცდილებას და მკითხველს კიდევ ერთხელ აყენებს სამყაროსავით ძველი და მარადიული კითხვის წინაშე: “როგორია სიყვარულის ნამდვილი სახე?”” – არ შემიძლია გულიანად არ გადავიხარხარო. უკაცრავად, ცუდად კი არ ვამბობ, მაგრამ ეს რა ბოდვაა?! წიგნი აგებულია სასწაულზე, რომელიც რომანის მთავარ გმირებს მთელი ცხოვრების განმავლობაში დასდევთ და ერთმანეთს ახვედრებთ. თან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კარგი ბიჭი, მართლა კარგი ბიჭია და ასეთივე კარგი ბებერი წიგნის ბოლოს, მაგრამ ისეთია მხოლოდ თანაგრძნობის განცდა შეიძლება გაგიჩნდეს მკითხველს, რამდენადაც ამაზრზენია “ცუდი გოგო”, იმდენად საცოდავია “კარგი ბიჭი” და საბოლოოდ, მიუხედავად ყველაფრისა, გგონია რომ ეს აბსოლუტურად უუნარო არსება იმსახურებს ისეთ მოქცევას, როგორც ექცევიან.

არ ვიცი “სიყვარულის ნამდვილ სახეში” რას გულისხმობენ და რატომ გონიათ რომ ამ წიგნით რაღაც ახალი სახე შეიქმნა. სულაც არა. ძალიან სტანდარტული სახე აქვს, მთელი სამყარო კრავს პირს იმისთვის რომ ამ ორმა ერთმანეთი არ დაკარგოს, კარგი ბიჭი გადარეულია სიყვარულით და მიუხედავად ამისა, რატომღაც საერთოდ არ უნდა რაიმე გააკეთოს იმისთვის, რომ ეს სიყვარული საბოლოოდ მოიპოვოს, მეორე მხარე კი მზადაა მიიღოს ეს სიყვარული, სანამ თავადაც არ შეუყვარდება (ამასობაში კი მოიაროს ყველა კაცი ვინც გზაზე გადაეყრება). ჰა, აბა როგორია? არის რამე ახალი? ისეთი რაც არ წაგიკითხავთ. კარგი რა.

საინტერესო აღმოჩენებს კი გააკეთებთ, მაგ. ენებთან დაკავშირებით. მეც ყოველთვის მეგონა რომ ენების შესწავლა რაღაც ცალკეულ ნიჭზე იყო დამოკიდებული, რაც ან გაქვს ან არ გაქვს.

ძალიან საინტერესოა რიკარდიტოს ურთიერთობა მეგობრებთან. აი უნარი არ შესწევს ცხოვრების ერთ ეტაპზე ერთზე მეტი მეგობარი ყავდეს. ამდენად საინტერესო პერსონაჟია, სულ ვიღაცას უნდა მიეკედლოს და თან მუდმივად უბედურია, აი როცა ბედნიერია, მაშინაც.

ცუდი გოგო, ერთი შეხედვით რაღაც მოფერებით მიმართვად იხმარება, თუმცა ვინაიდან ამის უკან კარგი არაფერი დგას, საბოლოოდ შეგძულდებათ ეს მიმართვა.

დასასრული საშინლად ბანალური აქვს, საერთოდაც წიგნის მეორე ნახევარი ძალიან უინტერესოა. დამიჯერეთ, ძალიან გაგიჭირდებათ ჩამოყალიბება იმაზე თუ რომელი უფრო ამაზრზენია “კარგი ბიჭი” თუ “ცუდი გოგო”, თან სულ სხვადასხვა მიზეზით.

ცუდი გოგოსა და კარგი ბიჭის ურთიერთობის გარდა რაცაა ის უფრო საინტერესოა და იქ უფრო შეგიძლიათ გააკეთოთ აღმოჩენები, რომლებიც მოგეწონებათ.

როცა ვკითხულობ, ემოციებს ხმამაღლა ვაჟღერებ ხოლმე, ამიტომ ყოველთვის მირჩევნია მარტო ვიყო კითხვის დროს. რამდენჯერ წამოვიყვირე “აუ კარგი რა”, “ეს რა სისულელეა”, “აუ, ეს რა სირია” ზუსტად არ ვიცი. თუმცა ეს თავის მხრივ ნიშნავს რომ ისტორია ჩაგითრევთ და აუცილებლად გაერთობით.

ჩემი მოკრძალებული აზრით, წიგნი ცოტა გაწელილია და ჯობდა დროულად დაემთავრებინა ავტორს.

ილოცებთ რომ “ცუდ გოგოს” არასოდეს შეუყვარდეს “კარგი ბიჭი”. სასაცილო ისაა რომ კარგი ბიჭიც გაუცნობიერებლად ამისკენ მიილტვის, იმიტომ რომ შეყვარებული “ცუდი გოგო”, სულაც არაა ის ვინც ამ აბსოლუტურად უუნარო არსებას უნდა. მოკლედ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ იდეაში, ემოციების შადრევანი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ შეინარჩუნოთ, თუ ერთად არასოდეს იქნებით. ეს კარგია? სულაც არა, იმიტომ რომ ეს არავის სჭირდება.

თუ გადაწყვეტთ, წაკითხვად ნამდვილად ღირს.

6a00d8341c627153ef014e87ddf4a8970d

Looking for Alaska


წიგნებზე არასოდეს ვწერ, თუმცა ვინაიდან ამ ჩვეულების დარღვევას ვაპირებ, ალბათ მართებული იქნებოდა მეთქვა „წიგნებზე თითქმის არასოდეს ვწერ“ მეთქი.

„ალასკა“ არც გეგმაში ყოფილა და არც იმ გრძელ სიაში, რომელიც კვირიდან კვირამდე იზრდება და ძალიან იშვიათად კლებულობს.

კვირა დღის მომაბეზრებელ ერთფეროვნებაში და „tumblr”–ს უაზრო ქექვაში აღმოჩენილ წიგნზე უნდა დავწერო, ოღონდ ისე კი არა როგორც ამას ზოგადად აკეთებენ ხოლმე (ვინაიდან ე.წ. „რევიუების“ წერის არც გამოციდლება გამაჩნია და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამას სხვები ჩემზე გაცილებით უკეთესად გააკეთებენ), არამედ ისე როგორც მე მჩვევია, მე ანუ ადამიანს, რომელიც ნებისმიერ თემაზე საუბრისას, ყოველთვის საკუთარ თავზე საუბრობს.

პარასკევი საღამოს ნაადრევი დასრულებისას, იმედგაცრუება კი ვიგრძენი, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ შუაზე გამწყდარი დიალოგის დასასრულს, ყველაზე საინტერესო რამეს მეტყოდა, იმას რაც მაიძულებდა ერთდროულად შვებაც მეგრძნო (ეს რომ ადრე მცოდნოდა ისე მოვიქცეოდი როგორც არ უნდა მოვქცეულიყავი) და გულიც დამწყვეტოდა, იმის გამო, რომ საკუთარი თავისთვის ეს შანსი არასოდეს მიმიცია. პარასკევს რომ დიალოგი დამესრულებინა და კვირას „ალასკას ძიებაში“ წამეკითხა, დღეს აუცილებლად ვიქნებოდი სხვაგან, როგორც ის გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც საკუთარი უპასუხისმგებლობით მაოცებს, რომელიც ძალიან მგავს და ამავდროულად არაფერი აქვს ჩემთან საერთო.

კარგია, როდესაც წიგნის კითხვას ისე იწყებ, რომ მასზე არაფერი გსმენია, არავის არაფერი უთქვამს და არც არავის რეკომენდაცია მოგისმენია, სხვანაირი გაურკვევლობის განცდა გეუფლება და იცი რომ ვერასოდეს შეიქმნი მოლოდინს მოვლენათა შესაძლო განვითარების შესახებ, მეტიც, სანამ ალასკას კარებზე დააკაკუნებდე, ის მხოლოდ ამერიკის შტატი გეგონება, რომლისკენაც წიგნის მთავარმა გმირმა უნდა აიღოს გეზი (გიკვირს კიდეც, რატომ აგვიანებს ავტორი სიუჟეტის ამ „ცალსახა“ განვითარებას, ყველაფერი ხომ ისედაც ცხადია).

გაუბედავობა ყოველთვის ჩემი სისუსტე იყო, ალბათ ამიტომაც ვებღაუჭებოდი ზედმეტად გამბედავი და პირდაპირი პერსონაჟის მსგავსებებს ჩემთან. დიდ ხანს ლოდინი არ მომიწია, ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი კითხვა რომ დაუსვეს “Why do you smoke so damn fast?” ისეთი პასუხი გასცა მე რომ ვერასოდეს მოვიფიქრებდი “Y’all smoke to enjoy it. I smoke to die.” აწი მეცოდინება რა პასუხი უნდა გავცე ყველა იმ ადამიანს, რომელიც ნახევრად წუწუნითა და ნახევრად ინტერესით მეკითხება რატომ ვეწევი სიგარეტს ყველაზე სწრაფად.

ყველაფერი უკუღმა ათვლით იწყება, მოვლენამდე რომელსაც ვერასოდეს გამოიცნობ, ან მე ვერასოდეს გამოვიცნობდი, რადგან წიგნზე არც არაფერი ვიცოდი და არც მისი კითხვისას გაჩენილი სიმსუბუქის განცდა მიბიძგებდა წინასწარ გამეთვალა ავტორის ჩანაფიქრი, ყველაზე უარესი რაც წარმოვიდგინე ის იყო, რომ ზედმეტად მორცხვ და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე მთავარ გმირს სკოლიდან გარიცხავდნენ.

პატარა ბავშვივით ვარ, ისევ მჯერა რომ პერსონაჟებს ჩემი შეცვლა შეუძლიათ. ჰო, კიდევ იმისიც მჯერა რომ შემთხვევით არაფერი ხდება და რომ მიუხედავად ჩემი „წასაკითხი წიგნების“ თვალუწვდენელი ნუსხისა, მაინც და მაინც იმ წიგნის წაკითხვა გადავწყვიტე, რომელიც რამდენიმე საათითაც კი არ მიმატებია ამ ნუსხას.

კიდევ უფრო ბავშვურმა იდეებმაც გამიელვა, ვიფიქრე შვილი თუ მეყოლება აუცილებლად ალასკას დავარქმევ მეთქი, სასაცილოა ხომ?! კიდევ უფრო სასაცილო იცი რა არის? როცა დედაშენს ინდიანა ქვია და თან ზუსტად იგივე მიზეზით. ალბათ გენეტიკურია.

წიგნი იმაზე თუ როგორ უნდა იყო „მისაღებად პირდაპირი“, როგორ უნდა დააგემოვნო ღვინო და მოწიო სიგარეტი, როგორ უნდა მოაწყო ბუნტი და როგორ უნდა ისწავლო რელიგია. იმაზე რომ ყველას განსხვავებული ინტერესი აქვს და ვიღაც თუ ცნობილი ადამიანების სიკვდილის წინა სიტყვებს აგროვებს, ვიღაც ქვეყნების დედაქალაქების დაზეპირებითაა დაკავებული, თუმცა არასოდეს უნდა კითხო ამ ადამიანებს, რატომ გააჩნიათ ეს ერთი შეხედვით უცნაური გატაცება, ყველაფერი ახსნადი არაა და უმეტესად მთელი იდეაც ის არის, რომ ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ერთია „არ ვიცი“.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა, თურმე არსებობს ძილის ისეთი სახეობა როგორიცაა That deep, can-still-taste-her-in-my-mouth sleep.

tumblr_ly7t9rZKU81qbg1lho1_500