აპოკალიფსამდე შორია


პარანოია, ტოტალურ კონტროლზე შეშლილი ადამიანების სენია.

სახელმწიფოც თვითონ ვარ, მმართველიც, უშიშროების გენერალური მდივანიც, დაზვერვის თანამშრომელიც, ანალიტიკოსიც, მოსამართლეც და პროკურორიც. ღმერთი? ღმერთიც ვარ, მაგრამ ამაზე ახლა არ გვინდა. ღმერთობა რწმენასთან გადაჯაჭვული საკითხია, ხოლო ის რაზეც ახლა მინდა საუბარი, ჩემი არსებობის დაჯერება/უარყოფით არ იცვლება.

ჰო, მაინც დავაზუსტებ რომ ვარსებობ და ვისაც არ გჯერათ დიდად არ იდარდოთ, მე იმ სამყაროს ღმერთი ვარ, რომელიც თავად ვარ და სხვა ღმერთებისგან აღიარება, რომ არ დაგიმალოთ, დიდად არ მაღელვებს. თქვენს არეულ და აპოკალიფსის მიჯნაზე მისულ სამყაროებს მიხედეთ თუ შეიძლება!

რა არის აპოკალიფსი? აპოკალიფსი ღმერთის სიკვდილია, როცა სამყარო ქრება, ღმერთის არსებობაც აზრს კარგავს, შესაბამისად არ არსებობს სამყარო ღმერთის გარეშე და არ არსებობს ღმერთი სამყაროს გარეშე. სიკვდილის შემდეგ, ენერგიის სახით ვრჩებით სამყაროში, იმ სამყაროში რომლის ღმერთიც ჯერ ცოცხალია.

სამყაროები განსხვავდებიან ღმერთების აღქმით, იმიტომ რომ თავად ღმერთები განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

-ღმერთი გაგიჟდა.

-ნუ ბოდავ, ყველას ჯოჯოხეთში გვიკრავს თავს.

ჩემი სამყაროს შემადგენელი ნაწილების ჯოჯოხეთი იქ იწყება, სადაც მათი ღმერთი გაჩენილი ეჭვების საფუძველზე მრისხანებს.

ზედმეტად მესაკუთრე, ეჭვიანი და ხასიათებიანი ღმერთი ყავს ჩემს სამყაროს. როგორც ამბობენ, ასეთი ხალხი იმ სამყაროს ღმერთს არ უყვარს, რომელშიც მე ერთ-ერთი მიკრო სამყაროს ღმერთი ვარ.

ჰოდა, რას ვამბობდი? იმას რომ ადამიანების აბსოლუტური და ტოტალური ფლობა მჭირდება. მერე რა თუ ეს ადამიანებიც თავიანთი სამყაროების ღმერთები არიან და შეუძლებელია მხოლოდ მე მეკუთვნოდნენ.

ავიჭერი!

love and death

წარმოსახვითი მწერები კოსმოსიდან


დივანზე წოლისას, როცა თავში ათასობით ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფიქრი ირევა, მე ისევ წარმოსახვითი მწერების გადაფრენას ველოდები თავზე და ვფიქრობ სავახშმოდ აეროპორტში წავიდე.

არ გამოვა, მგონი ერთადერთი საკვები ობიექტი მხოლოდ საზღვრის გადაკვეთის შემდეგაა და ახლა საზღვარზე გადასვლა-გადმოსვლის მინიმუმ თავი არ მაქვს.

ის, ვიზეც წარმოსახვითი მწერების გადაფრენისას ვფიქრობ, მგონი ჩინეთიდან ჯერ ინდოეთში გადაბარგდა, შემდეგ კი საერთოდ გაუჩინარდა დედამიწიდან და ნასას რომელიღაც მისიას გაყვა კოსმოსში. ახლა ალბათ იოზეა წამოსკუპებული და იქიდან აკვირდება იუპიტერს.

იქნებ მაინც ღირდეს აეროპორტში წასვლა და ყველა ავიაკომპანიის სერვის ცენტრის შემოვლა მარტივი კითხვით – “უახლოესი რეისი როდის გაქვთ იუპიტერზე?” თუ პასუხის ღირსად არ ჩამთვლიან, დათმობაზე წავალ და ვეტყვი: “კარგი, ჯანდაბას, იყოს იო ან კალისტო, ევროპა არ მინდა, მაგრამ თუ სხვა გზა არ გვაქვს, რა გაეწყობა. მეჩქარება, ხომ გესმით?!”

თუ არც ამაზე გამცემენ პასუხს, ვკითხავ: “აქ გემრიელად სად ვივახშმებ?”

ვახშმის შემდეგ, აეროპორტის შესასვლელთან რომელიმე ტაქსის მძღოლს მოველაპარაკები ფასზე და ადგილიდან რომ დავიძვრებით ვკითხავ: “იუპიტერთან ვიზალიბელარიზაციაზე როდის ვიწყებთ მოლაპარაკებას? საინფორმაციო გამოშვებებში რას ამბობენ?

რა მაგის პასუხია და იცით რომ პლუტონი 87 წლის წინ აღმოვაჩინეთ? აღმოვაჩინეთ რა, აღმოაჩინეს და ჩვენ სულ ახლახანს ვიხილეთ როგორ გამოიყურება. გული რომ ახატია იცით?

აეროპორტში სავახშმოდ მოსვლა არ ღირს, ზედმეტად ძვირი და არაფრით გამორჩეული საჭმელი აქვთ. ვერც ბილეთი ვიყიდე.

რა მკითხეთ? დიახ, ახალი გზით გავიდეთ.”

11


ხშირად ვამბობ ხოლმე, ადამიანები ზუსტად იმას ვიღებთ რაც გვინდა. ჰო, აი ასე, მოვინდომებთ და გვაქვს. ერთი ეგაა, მერე ვხვდებით რომ კარგად ვერ გავიაზრეთ რას ნიშნავდა სასურველის მიღება, ყველა პირობა ვერ გავითვალისწინეთ, დეტალებზე არ ვიფიქრეთ და voila, სულ სხვა რაღაც შეგვრჩა ხელში.

სანამ აგვისტოში დაწყებული ცვლილებები ნელ-ნელა გამოკვეთილ ფორმას იღებენ, მე არ ვიცი რა მოვუხერხო გაუცხოვებულ საკუთარ თავს. ის ვიღაც, ვინც მე და ფინიკის შემოგვისახლდა, ვისთანაა და რას აკეთებს ვერც ერთი ვიგებთ და ვერც მეორე.

სექტემბერში დაწყებული ოცნება 2015 წლის ამავე პერიოდში დაბრუნებაზეც აგვიხდა. ჰო, ახლა ნუ გაიოცებთ, ხომ ვთქვი, უმეტესად დეტალებს და პირობებს ვერ ვიაზრებთ მეთქი და შედეგად სულ სხვა რეალობა გვრჩება ხელში. ჰოდა, კეთილი იყოს შენი დაბრუნება 2015 წლის ნოემბერში ფინიკი, 2016 წლის აგვისტოს შემდეგ, ეს მარტივი არ იქნება.

ვინ ვარ ვერც მე გამიგია და ვერც ჩემ ირგვლივ მყოფებს. ცვლილებების მიღება მარტივი არასოდესაა, თუმცა ახლა სრულ ქაოსში აღმოვჩნდი.

Yes Man ნანახი გაქვთ? აი, ეგ დამემართა, ოღონდ რა თქმა უნდა ეგეც ცოტა სახეცვლილი ფორმით. ყველაფერზე უპირობო თანხმობას არ ვაცხადებ, მაგრამ იმ ყველაფერს ვაკეთებ, რასაც ადრე მთვრალზეც კი არ გავაკეთებდი. ოღონდ სტოპ! ახლა წარმოიდგინეთ რომ აქამდე ჩემი ნაჭუჭის იქით არასოდეს გავსულვარ. ჩემი მოგონილი წესების ტომები მაქვს და თითოეული მათგანის დარღვევაზე ლამის თავით ვაგებ პასუხს.

ჰოდა, აი, ავდექი და გადავწყვიტე რომ ეს წესები სანაგვეზე იყო მოსასროლი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი მოგონილი იყო, იმისთვის რომ რაც შეიძლება უფერული ცხოვრებით მეცხოვრა, რატომღაც ასეთი ვალდებულება დავუწესე საკუთარ თავს და შემდეგ ამის დასაბალანსებლად შევქმენი ფინიკი. ახლა მე და ფინიკი ისე გადავიხლართეთ ერთმანეთში, სად იწყება ერთი და მთავრდება მეორე, ეშმაკიც ვერ გაიგებს.

2015-ში დაბრუნებაც მხოლოდ იმისთვის მინდოდა, რომ სხვანაირად მეცხოვრა, ის 1 წელი თავიდან მეცხოვრა, რომელმაც აგვისტოში დამდგარ ცვლილებებამდე მიმიყვანა. ჰო, ნუ ცხადია 2015-ში არ დავბრუნებულვარ, მაგრამ ყველაფერი ისე ვითარდება, თამამად შემიძლია ვთქვა ცხოვრება სახეში მაფეთებს ყველაფერ იმას რაც 2015-ს ძალიან გავს და მელოდება როგორ მოვიქცევი.

როგორ მოვიქცევი? როგორ მოვიქცევი და განვაცხადებ – ძვირფასო ფინიკი, სინამდვილეში არავინ მოთრეულა, თინიკო გაფინიკდა და ეს ვერ გაგვიგია.

ვნახოთ სადამდე მივა წარმოსახვიდან რეალობაში გადმოსული ფინიკი.

პ.ს. 2015 და 2016 (5+6=11).

We're Explosions in Slow Motion

მე, ჩარლზი, მერილინი, მაიმუნები და სირაქლემები


დიდი ვერაფერი წელი გამოდგა ეს 2016, თუმცა უცნაურობების ნაკლებობას მაინც არ ვუჩივი. ასტროლოგიაზე სულ რომ არაფერი ვიცოდე და ყურიც არ მქონდეს მოკრული (დაჯერება/არ დაჯერებაზე აღარაფერს ვამბობ) მაინც ვიტყოდი ეს რა მაიმუნობაა მეთქი.

ჰოდა, ვიტყვი! მაიმუნობაა ეს 2016 და მეტი არაფერი.

ჯერ ადრეა ხომ წლის შეჯამება? მაინც 4 ნოემბერია და 2 თვე (ჰო, კაი, ოდნავ ნაკლები) კიდევ წინაა. ისეთი არეულობა მაქვს ცხოვრებაში, ამ 2 თვეში კიდევ რა ჩამომემხობა თავზე კაცმა არ იცის, ამიტომ აჯობებს შეჯამება მომავლისთვის გადავდო.

სირაქლემასავით ვცხოვრობ ამ გაგანია მაიმუნის წელს, მგონი მიწაში თავის ჩარგვის მეტი არაფერი მიქნია, ჰოდა, ღირსი ვარ იმ ყველა მაიმუნობის, რაც მემართება.

აქ თვითგვემისთვის შემოვედი? რა ვიცი, დიდ ხანს რომ არ გამოვჩნდები ხოლმე იმაზე მეტად ვბოდავ, ვიდრე ზოგადად.

წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, უმნიშვნელო მოვლენებს იმხელა მნიშვნელობას ვანიჭებ, ცოტაც და ფსიქიატრიულში ამოვყოფ თავს. ზომა არაფერში ვიცი, ან ყველაფერი სისულელე მგონია და ან პირიქით, გრანდიოზული, ლამის მსოფლიო დონის მოვლენა.

რა არ შეიცვალა, მაგრამ პარანოიას ვერაფერი მოვუხერხე, იმაზე ეჭვიანი გავხდი ვიდრე ვიყავი და მგონი წლებთან ერთად მიმძიმდება მდგომარეობა. შეთქმულების თეორიების ნამდვილი დიდოსტატი ვარ, მოვლენათა განვითარების, ადამიანების ნამდვილი მოტივების ყველაზე არარეალური და გიჟური სცენარები გჭირდებათ? მომმართეთ, მომსახურება უფასოა.

ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ვამბობ ეს აკვიატებული და ჩემს ავადმყოფ წარმოსახვაში დაწერილი სცენარები მართლდება მეთქი. აი, ახლა მომკალით და წარმოდგენა არ მაქვს მართლა ასეა თუ არა. ანუ სავარაუდოდ ყველაფერს იქამდე ვკლავ, ყველა ხიდს იქამდე ვწვავ, სანამ გავიგებ მართალი ვიყავი თუ ვცდებოდი, მერე კი, თავს ვიჯერებ, მიუხედავად ავადმყოფობისა, შეუდარებელი ყნოსვა მაქვს მეთქი. ყნოსვა კი არა, ის ვეღარ გამიგია როდის უფრო რეალური ვარ, როცა მთვრალი ვარ თუ როცა ფხიზელი.

არა, ეს რა მაიმუნობაა მაინც ჰა?

შავ-თეთრი ფოტოებით ვიფერადებ ცხოვრებას და ფეხებზე მკიდია თუ გავგიჟდი.

pixlr_20161104122852847_20161104123120457
ცოცხალი გალერეა ვარ!

You Win & I Lose


განგსტერის ქვრივივით გამოვეწყვე დილიდან.

არ მიყვარს წაგებულის პოზიციაში ყოფნა. სასაცილო ისაა, ახლა წარმოდგენა არ მაქვს ვისთან წავაგე, რას ვერ გავუმკლავდი, სად ჩავფლავდი.

ჰო, კარგი, ვაღიარებ, მხოლოდ ერთხელ და ერთ საკითხში კი არ დავმარცხდი, აი, საერთოდ ყველაფერში წყალწაღებული აღმოვჩნდი. ჰოდა, ჰა, გაიხარე You win, I lose.

რა ვქნა ახლა ფეხებზე რომ მკიდია?! რა? რა და ყველაფერი, აი, დუნიაზე ყველაფერი ფეხებზე მკიდია. ისიც მკიდია, რომ You get the best, I get the rest, ისიც რომ You pass the test, I’m just a mess და შენ წარმოიდგინე ისიც რომ You got it made, I’m in the shade.

ეგრე გამოვიდა, I’m me and you’re you და აქ არაფრის შეცვლა არ შეიძლება. ჰოდა, რახან ვერაფერს ვცვლი, ჭირსაც წაუღია ყველაფერი. აი, ეგეთ გადასარევ ხასიათზე ვარ. დაილოცონ ანტიდეპრესანტების გამომგონებლები.

არადა, დღეს სულ სხვანაირ ხასიათზე ყოფნა მინდოდა, სულ სხვა რამე უნდა დამეწერა, სხვა რაღაცები მეფიქრა, სხვა ემოციები მქონოდა… ამაშიც კი უნიათო აღმოვჩნდი, გამოვგანსგტერისქვრივდი და უაზრო გამომეტყველებით მივჩერებივარ ეკრანს.

ისე, რა მაგის პასუხია და I can’t wait for the day when:

I win, You lose
You beg and I choose
You’re in the shade, I’m on parade

ყველაფერი კარგად იქნება, ჰო, ყველაფერი კარგად იქნება, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს ეს.

1 თვე და 1 წელი (366 დღე ანუ 1 დღით მეტი სხვა წლებთან შედარებით). გავერთიანდით, დავმრგვალდით, წრე შევკარით და დავხურეთ.

tumblr_m0d487lel11qzwaddo1_500
Someday, not far from now!

შაბათ(შ)ი


განტვირთვა აუცილებელია. ის შეიძლება განსხვავდებოდეს სტანდარტად მიჩნეული განტვირთვის ტიპებისგან.

ადრეც მითქვამს, რომ თუ შეიძლება არსებობდეს სიკვდილის საოცნებო ფორმა, ის აუცილებლად კოცონზე დაწვა იქნებოდა ჯადოქრობის ბრალდებით მეთქი. თუმცა ფორმაზე მეტად, ალბათ იდეა მიზიდავს, თუ ბრბო გაუცნობიერებლად გებრძვის, ე.ი. მისი ნაწილი არ ხარ. თუმცა არ მინდა ახლა ამაზე ღრმა “ფილოსოფიური მსჯელობა”, აქ ამისთვის არ მოვსულვარ.

ჰო, როგორც ყოველთვის, ახლაც ვბოდავ რაღაცებს, თუმცა ამ საკითხზე დიდად არ ვდარდობ.

დღეს უკვე დიდი ხნის წინ დავიწყებულ მაგიის კოლექციას მივადექი. მართალია ჩვენი ეკლესია არ აღიარებს რომ მაგია შესაძლოა თავის თავში მოიცავდეს აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპს (და ყველაფერი უაპელაციოდ “სატანიზმს” (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს) არ გულისხმობს), თუმცა მე არ ვეთანხმები. მაგია “შავად” და “თეთრად” არა იმდენად რიტუალური მახასიათებლებით განსხვავდება, არამედ მთავარ სხვაობას მიზნობრიობა წარმოადგენს, რასაც იდეაში wicca-ც იზიარებს.

კოლექცია დიდი მაქვს და ვინაიდან დიდი ხანია აღარაფრით გამიმდიდრებია, ვფიქრობ დავუბრუნდე მის გამრავალფეროვნებაზე ზრუნვას.

პარასკევი დღის მფარველად რომ ვენერა მიიჩნევა იცით? ალბათ ამიტომ ვარ ხოლმე პარასკევობით საშინლად ამჩატებული. თუმცა ზოგადად თუ სასიყვარულო შელოცვის რიტუალის ჩატარებას აპირებთ, ეს დღე საუკეთესოა.

ცხადია მთვარის ფაზებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული და სხვა ნიუანსებზე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი რიტუალების შექმნაა. მოკლედ, ჩვენ ყველა ჯადოქრები ვართ, რომლებიც მუდმივად ვახდენთ სასწაულებს და სამყაროსგან იმას ვიღებთ რაც ცნობიერად ან გაუცნობიერებლად მოვითხოვეთ. ამიტომ თუ ყველა ვარიანტში რიტუალების ჩატარება გინდათ, თქვენი “ალტარიც” ისე მოაწყვეთ რომ ნამდვილად თქვენი იყოს და რიტუალიც თქვენებურად ჩაატარეთ. სხვა სიტყვებით, მაგრამ ზუსტად ამას გვასწავლიან პოზიტიური განწობის თეორიებზე საუბრისას. დიახ, ჯადოქრობას გვასწავლიან.

მე კი დღეს განტვირთვა მაქვს და მაგიის ბიბლიოთეკიდან გადმოღებულ წიგნებს ვეცნობი საღამოსთვის (კი, კი თეთრი მაგიის).

სასიამოვნო შაბათს გისურვებთ!

დაბადება (ადამის არა)


ჩემთვის და ფინიკისთვის მაისი მნიშვნელოვანი თვეა, ფინიკისთვის იმიტომ რომ დაბადების დღე აქვს, თინიკოსთვის კი ამასთან ერთად ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს.

ფინიკი 6 წლისაა, ნუ აქაური ფინიკია 6 წლის, ისე კი პირველად 9 წლის წინ გა(მო)ჩნდა, თუმცა მისი პირველი დაბადების გახსენება დიდად არ მიყვარს, ისეთ რაღაცებს მახსენებს, რითიც არც თინიკო ამაყობს და არც ფინიკი.

მიყვარს ფინიკიზე განყენებულად საუბარი, ამ დროს მართლა მგონია რომ საერთო თითქმის არაფერი გვაქვს და სანამ თინიკო, თინიკოა, ფინიკი თავისთვის აგრძელებს ცხოვრებას, სადღაც პარალელურ განზომილებაში.

ეს სახელი ისეთი ჩემი გახდა რომ პირვანდელი დატვირთვა დაკარგა და უფრო საზოგადოდ იქცა, ისეთი აღარაა როგორიც მაშინ იყო, როდესაც 1 კონკრეტული პიროვნებისთვის შექმნა. ახლა, ამ პიროვნების გახსენება არც მე მინდა და არც ფინიკის, ვინდაინ ფინიკი მართალია ისევ მოგონილია, მაგრამ ერთი ადამიანის ექსკლუზივს აღარ წარმოადგენს.

შეიძლება ითქვას რომ 2007-სა და 2010 წლებს შორის ფინიკი საერთოდ არ არსებობდა და შემდეგ ისე გაცოცხლდა რომ ვისთვისაც თავდაპირველად შეიქმნა, მას არაფერი გაუგია, რაც კარგია, ვინაიდან სანამ ფინიკის ჯერ კიდევ ქონდა ამ ადამიანზე ბოდვის სურვილი, ამ სურვილს ისე იკმაყოფილებდა, ადრესატი ვერაფერს იგებდა. შემდეგ კი ერთი ადრესატი შეცვალა მეორემ, მესამემ და ასე გადაიქცა ფინიკი დამოუკიდებელ განშტოებად.

ფინიკის და მას, ვის ექსკლუზივსაც ფინიკი წარმოადგენდა, ერთ დროს აქვთ დაბადების დღე, თუმცა ეს სრულიად გაუაზრებლად და დაუგეგმავად მოხდა, ამიტომ როდესაც ერთს ვულოცავ, მინდება მეორესაც მივულოცო, მაგრამ ვინაიდან მეორეს ჩემთან არაფერი აქვს საერთო, ფინიკიმ მიულოცოს თუ ასე ჩათვლის საჭიროდ, მე მაგ ტერიტორიაზე არაფერი მესაქმება.

ძალიან მაგარი შეგრძნებაა პასუხისმგებლობის მთლიანად მოხსნა და მოგონილ, ციფრულ სივრცეში მცხოვრებ არსებაზე გადაბარება. ყველაფერი რაც ფინიკის 2010 წლის ხელახალ დაბადებამდე მოხდა, ყველაფერი რისი გახსენებაც არ მიყვარს, ფინიკის საკუთრება გახდა, ხოლო ფინიკიმ საკუთარ თავს უკვე ყველაფერი „აპატია“ და ყველა მოვლენა თუ პერსონა ისე ჩამოწერა, მათ აღარც მე ვიხსენებ და აღარც ფინიკი (ჰო, დღეს გამონაკლისია).

სიგარეტი მუსიკოსისთვის


თავი აწმყოში ვერავინ დაიმკვიდრა, ყველა ან წარსული იყო და ან მომავალი, არც ერთ ჩემ რეალურ, თუმცა წარმოსახვითი თვისებებით დაჯილდოვებულ პერსონაჟს არ ქონია თავისი ადგილი ცხოვრების მიმდინარე მომენტში, ის ყოველთვის ან წარსული იყო და ან მომავალი, ან ორივე ერთად.

სანამ ნელის სახელობის სიგარეტი ჯერ კიდევ მეგდო მაგიდის უჯრაში, ნელი მომავალში ცხოვრობდა, მომავალში რომელიც არასოდეს გახდებოდა აწმყო და იცი რატომ? იმიტომ რომ ცხოვრება სავსეა პატარ-პატარა მოულოდნელობებით, იმას ხომ თქმაც არ უნდა რომ წინასწარ ზუსტად არავინ იცის რა მოხდება, ჰოდა, არც მე ვიცოდი და რა თქმა უნდა არც ნელიმ.

ყველაფერი კი ისე მოხდა როგორც არ ვგეგმავდი, მაგრამ როგორც ვიციდი რომ მოხდებოდა. ანუ ვიცოდი რომ ერთ დღეს აუცილებლად ავიღებდი მისი სახელობის სიგარეტს და ოფიციალური დასასრულის ნიშნად გავაბოლებდი.

მერე რა რომ ჯერ კიდევ მაქვს მისი სახელობის კულონი, რომელიც ერთ-ერთი მოგზაურობისას შევიძინე. მას თავისი ადგილი ექნება, ოღონდ მომავალში კი არა, წარსულში, იქ სადაც მისნაირი ბევრია, თუმცა ეს არანაირად არ ნიშნავს რომ ისინი ერთმანეთში არეულ მასას წარმოადგენენ, პირიქით ერთმანეთთან არაფერი აქვთ საერთო, არც მათი სტატუსი კნინდება მტვრიან თაროებზე დებით, ისინი უბრალოდ ასრულებენ იქ სადაც ლოგიკურად უნდა დაესრულებინათ, ჰოდა, ამაში არც სევდიანია რამე და არც დამაკნინებელი. პირიქით გისურვებთ ისე შეგინახოთ ვინმემ, როგორც მე ვინახავ ჩემ ყველა სამუზეუმე ექსპონანტს. ვინახავ და ვკითხულობ კიდეც, ვიხსენებ და მათი სახელობის ნივთებს არასოდეს ვუძახებ სანაგვეზე.

აღმოჩენა გავაკეთე – ერთი სათადარიგო სახელობითი სიგარეტი ყოველთვის უნდა გეგდოს უჯრაში, თუ ასეთი არ გაქვს ე.ი. ან შენი პერსონაჟი ჯერ კიდევ მომავალში ცხოვრობს და იქიდან ვერაფრით აძევებ და ან ისეთი ცარიელი ხარ, ასეთ სიცარიელეს რომ არავის ვუსურვებ.

ახლა ახალი სიგარეტის დრო დადგა, ნელ-ნელა ტრადიციასავით იქცა ადამიანების დავიწყებისთვის მათი სახელის სიგარეტზე მიჯღაბვნა და მათი ჰაერში კვამლის ნაწილაკებად განიავება. მომწონს და ვეწევი.

თუმცა ჯერ მოწევა ადრეა, სულ ახლახანს ვახოხიალე საფერფლეზე ნელი, ახალი პერსონაჟის სახელის მიწერას კი ჯერ ვერ ვბედავ.

არადა რა სასაცილოდ ჟღერს ახალი, ახლის გარდა ყველაფერია. ერთი ეგაა მისი სახელი არასოდეს დამიტანია სიგარეტზე, მეტიც, მისი მუზეუმში წაცუნცულების სურვილი პირველად რომ გამიჩნდა არც მუზეუმი მქონდა, არც საგულდაგულოდ გამოყოფილი ფართი არქივისთვის და სიგარეტსაც კი არ ვეწეოდი.

ადამიანების „მიწიდან ამოთხრა“ (ასე ვეძახი ამ პროცესს) რომ ჩემი საყვარელი საქმიანობაა ეს ადრეც მითქვამს, თუმცა სულ უფრო და უფრო მეტად ვერთობი პროცესით, რომელიც იწყება ადამიანების თავებზე გაჩენილი ფერმკრთალი კითხვის ნიშნებით და ბოლოვდება აურაცხელი რაოდენობის ინფორმაციით. ადრე მეგონა პროცესის ბოლოს, კითხვის ნიშნის გაქრობისთანავე ეკარგებოდა ხიბლი ამ პერსონაჟს, არადა ვცდებოდი, სულაც არა.

ჰოდა, იმ დღეს უკვე ვგრძნობდი რომ ნელის დრო ამოწურული იყო და უაზროდ ვწელავდი დღეებს მის არქივში ჩასაცუნცულებლად, ვხვდებოდი მაგრამ ხომ ვთქვი ისე არ უნდა იცხოვრო ერთი ექსპონანტის სახელობის სიგარეტი არ გეგდოს უჯრაში მეთქი, ჰოდა, ზუსტად ამიტომ ვწელავდი დროს.

აი, ახალი პერსონაჟის შერჩევა კი ჭეშმარიტად რთული საქმეა, იმდენი ობიექტური გარემოება და სუბიექტური დამოკიდებულებაა საჭირო, იშვიათად, რამდენიმე წელში ერთხელ თუ გაგიმართლებს. არადა ნელი სულს ღაფავდა, და ისეთი პირი უჩანდა რომ მეც მიმათრევდა არქივისკენ. წარმოიდგინე, რომ სხვა არაფერი დაგრჩა საკუთარი თავის დაარქივების გარდა, დიდი ვერაფერი წარმოსადგენია ხომ?!

იმ დღეს ტვინი სულ სხვა რამით მქონდა დაკავებული და ის ჩემი „ყმაწვილქალობის“ დროინდელი, თავზე დიდი კითხვის ნიშნიანი პერსონაჟი არც კი მახსოვდა, ან რას მემახსოვრებოდა, მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო, 13 წელი პატარა დრო ხომ არ არის (გასული წლების ზუსტ რაოდენობაში დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ვვარაუდობ რომ დაახლოებით ეს დრო უნდა იყოს გასული).

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნელის ამბავი საბოლოოდ „მუსიკოსმა“ გადაწყვიტა, მოვწიე, ჩავაფერფლე, არქივში მისთვის დიდი ხნის წინ შერჩეულ ადგილზეც მოვათავსე და „მიწიდან ამოთხრის“ პროცესს შევუდექი. ვთხრი მუსიკოსს, ჰო, მუსიკოსს, ისე რომ მეტი არაფერი ვიცი.

ამოვთხარე? რა თქმა უნდა!

ახლა მთავარია მისი სახელობის სიგარეტმა დიდ ხანს გაძლოს უჯრაში.

და თუ თვითონ ჩამაქრო? რა პრობლემაა, ცინცხალ კოლოფს ვუყიდი.

singer2.tif

Looking for Alaska


წიგნებზე არასოდეს ვწერ, თუმცა ვინაიდან ამ ჩვეულების დარღვევას ვაპირებ, ალბათ მართებული იქნებოდა მეთქვა „წიგნებზე თითქმის არასოდეს ვწერ“ მეთქი.

„ალასკა“ არც გეგმაში ყოფილა და არც იმ გრძელ სიაში, რომელიც კვირიდან კვირამდე იზრდება და ძალიან იშვიათად კლებულობს.

კვირა დღის მომაბეზრებელ ერთფეროვნებაში და „tumblr”–ს უაზრო ქექვაში აღმოჩენილ წიგნზე უნდა დავწერო, ოღონდ ისე კი არა როგორც ამას ზოგადად აკეთებენ ხოლმე (ვინაიდან ე.წ. „რევიუების“ წერის არც გამოციდლება გამაჩნია და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამას სხვები ჩემზე გაცილებით უკეთესად გააკეთებენ), არამედ ისე როგორც მე მჩვევია, მე ანუ ადამიანს, რომელიც ნებისმიერ თემაზე საუბრისას, ყოველთვის საკუთარ თავზე საუბრობს.

პარასკევი საღამოს ნაადრევი დასრულებისას, იმედგაცრუება კი ვიგრძენი, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ შუაზე გამწყდარი დიალოგის დასასრულს, ყველაზე საინტერესო რამეს მეტყოდა, იმას რაც მაიძულებდა ერთდროულად შვებაც მეგრძნო (ეს რომ ადრე მცოდნოდა ისე მოვიქცეოდი როგორც არ უნდა მოვქცეულიყავი) და გულიც დამწყვეტოდა, იმის გამო, რომ საკუთარი თავისთვის ეს შანსი არასოდეს მიმიცია. პარასკევს რომ დიალოგი დამესრულებინა და კვირას „ალასკას ძიებაში“ წამეკითხა, დღეს აუცილებლად ვიქნებოდი სხვაგან, როგორც ის გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც საკუთარი უპასუხისმგებლობით მაოცებს, რომელიც ძალიან მგავს და ამავდროულად არაფერი აქვს ჩემთან საერთო.

კარგია, როდესაც წიგნის კითხვას ისე იწყებ, რომ მასზე არაფერი გსმენია, არავის არაფერი უთქვამს და არც არავის რეკომენდაცია მოგისმენია, სხვანაირი გაურკვევლობის განცდა გეუფლება და იცი რომ ვერასოდეს შეიქმნი მოლოდინს მოვლენათა შესაძლო განვითარების შესახებ, მეტიც, სანამ ალასკას კარებზე დააკაკუნებდე, ის მხოლოდ ამერიკის შტატი გეგონება, რომლისკენაც წიგნის მთავარმა გმირმა უნდა აიღოს გეზი (გიკვირს კიდეც, რატომ აგვიანებს ავტორი სიუჟეტის ამ „ცალსახა“ განვითარებას, ყველაფერი ხომ ისედაც ცხადია).

გაუბედავობა ყოველთვის ჩემი სისუსტე იყო, ალბათ ამიტომაც ვებღაუჭებოდი ზედმეტად გამბედავი და პირდაპირი პერსონაჟის მსგავსებებს ჩემთან. დიდ ხანს ლოდინი არ მომიწია, ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი კითხვა რომ დაუსვეს “Why do you smoke so damn fast?” ისეთი პასუხი გასცა მე რომ ვერასოდეს მოვიფიქრებდი “Y’all smoke to enjoy it. I smoke to die.” აწი მეცოდინება რა პასუხი უნდა გავცე ყველა იმ ადამიანს, რომელიც ნახევრად წუწუნითა და ნახევრად ინტერესით მეკითხება რატომ ვეწევი სიგარეტს ყველაზე სწრაფად.

ყველაფერი უკუღმა ათვლით იწყება, მოვლენამდე რომელსაც ვერასოდეს გამოიცნობ, ან მე ვერასოდეს გამოვიცნობდი, რადგან წიგნზე არც არაფერი ვიცოდი და არც მისი კითხვისას გაჩენილი სიმსუბუქის განცდა მიბიძგებდა წინასწარ გამეთვალა ავტორის ჩანაფიქრი, ყველაზე უარესი რაც წარმოვიდგინე ის იყო, რომ ზედმეტად მორცხვ და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე მთავარ გმირს სკოლიდან გარიცხავდნენ.

პატარა ბავშვივით ვარ, ისევ მჯერა რომ პერსონაჟებს ჩემი შეცვლა შეუძლიათ. ჰო, კიდევ იმისიც მჯერა რომ შემთხვევით არაფერი ხდება და რომ მიუხედავად ჩემი „წასაკითხი წიგნების“ თვალუწვდენელი ნუსხისა, მაინც და მაინც იმ წიგნის წაკითხვა გადავწყვიტე, რომელიც რამდენიმე საათითაც კი არ მიმატებია ამ ნუსხას.

კიდევ უფრო ბავშვურმა იდეებმაც გამიელვა, ვიფიქრე შვილი თუ მეყოლება აუცილებლად ალასკას დავარქმევ მეთქი, სასაცილოა ხომ?! კიდევ უფრო სასაცილო იცი რა არის? როცა დედაშენს ინდიანა ქვია და თან ზუსტად იგივე მიზეზით. ალბათ გენეტიკურია.

წიგნი იმაზე თუ როგორ უნდა იყო „მისაღებად პირდაპირი“, როგორ უნდა დააგემოვნო ღვინო და მოწიო სიგარეტი, როგორ უნდა მოაწყო ბუნტი და როგორ უნდა ისწავლო რელიგია. იმაზე რომ ყველას განსხვავებული ინტერესი აქვს და ვიღაც თუ ცნობილი ადამიანების სიკვდილის წინა სიტყვებს აგროვებს, ვიღაც ქვეყნების დედაქალაქების დაზეპირებითაა დაკავებული, თუმცა არასოდეს უნდა კითხო ამ ადამიანებს, რატომ გააჩნიათ ეს ერთი შეხედვით უცნაური გატაცება, ყველაფერი ახსნადი არაა და უმეტესად მთელი იდეაც ის არის, რომ ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ერთია „არ ვიცი“.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა, თურმე არსებობს ძილის ისეთი სახეობა როგორიცაა That deep, can-still-taste-her-in-my-mouth sleep.

tumblr_ly7t9rZKU81qbg1lho1_500

ვითამაშოთ


მონეტას ყოველთვის რამდენჯერმე ვაგდებ, მაშინაც კი როცა პირველივე ცდაზე ვიღებ სასურველ შედეგს. პროცესი უფრო მხიბლავს ვიდრე შედეგი, ჭეშმარიტად მნიშვნელოვან საკითხებს არასოდეს ვდებ სასწორზე, მგონია რომ ერთხელ თუ მაინც ითამაშებ საკუთარი ცხოვრებით, ეს ავტომატურად ჩაითვლება ფსონად, შემდეგ კი ყველაფერი ფორტუნაზეა დამოკიდებული. კაზინოდან გამარჯვებული ვერასოდეს გამოხვალ, მთავარია მოგება შეგეძლოს და არასოდეს სთხოვო კრუპიეს კიდევ ერთხელ გაათამაშოს კარტი, იმაში დასარწმუნებლად ნამდვილად მოიგე თუ არა.

ფულზე იმიტომ ვთამაშობ, თამაშის საშუალება რომ მქონდეს, სინამდვილეში კი ყოველი ფსონის უკან ფულზე გაცილებით მეტი დგას.

მკითხავებთან სიარულის ნაცვლად კაზინოში დავდივარ, ფორტუნასთან სასაუბროდ შუამავლები არ მჭირდება.

გუშინ მოგებული ფული, დღეს, თითოეული ფსონის უკან ჩაფიქრებულ სურვილთან ერთად გავანიავე. ჯიბეგაფხეკილი და სურვილებგამოლეული დავბრუნდი სახლში.

სათამაშოდ ფულს კიდევ ვიშოვნი, მთავარია ახალი სურვილების მოფიქრება შევძლო.

***

ყოველი ფსონის ჩამოსვლისას თავი ღმერთი მგონია, ჯიბეში ჩაკუჭული თითოეული ლარი ვიღაცის სულად ვაქციე და დაუნანებლად ვანიავებ.

წერილების წერა უნდა დავიწყო, მოკლე შეტყობინებები ვაგზავნო აღმა–დაღმა „დღეს კარტში წაგაგე“ ან პირიქით.

აი წარმოიდგინე, დღეს შენი სული ფულზე გადავახურდავე, სათამაშო მაგიდას მივუჯექი და შენი დანაწევრებული ცხოვრებით რამდენიმე ხელი ვითამაშე, შენ სამომავლო გეგმებს ხაზი გადავუსვი და ფულთან ერთად, შენთან დაკავშირებული ყველა სურვილი ჩავიბღუჯე ჯიბეში. ერთ მშვენიერ საღამოს, შენი ცხოვრება დაკუჭულ და გაცვეთილ ფულის შეკვრად ვაქციე, დაუნანებლად გაგცვალე სასმელსა და სიგარეტზე, ფორტუნას გავურიგდი და გიყიდე.

ჰო, ფორტუნა სუტენიორია, მე კლიენტი.

brothel